არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვასგან მოწვევათა მიღებას მრავალი ჯილდო მოჰყვება

იეჰოვასგან მოწვევათა მიღებას მრავალი ჯილდო მოჰყვება

ბიოგრაფია

იეჰოვასგან მოწვევათა მიღებას მრავალი ჯილდო მოჰყვება

მოგვითხრო მარია დე საუ ზანარდიმ

„იეჰოვამ იცის რასაც აკეთებს. თუ მოწვევა გამოგიგზავნა, თავმდაბლად უნდა მიიღო ის“. 45 წლის წინათ მამაჩემის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები იეჰოვას ორგანიზაციისგან იმ პირველი მოწვევის მიღებაში დამეხმარა, რომლითაც სრული დროით მსახურების დაწყებას მთავაზობდნენ. დღესაც მადლიერი ვარ მამაჩემის რჩევისთვის, რადგან ასეთი მოწვევების მიღებამ მრავალი ჯილდო მარგუნა წილად.

მამაჩემმა 1928 წელს ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ გამოიწერა და ბიბლიით დაინტერესდა. ის ცენტრალურ პორტუგალიაში ცხოვრობდა და ღვთის კრებასთან მისი ურთიერთობა მხოლოდ ფოსტით მიღებული პუბლიკაციებითა და ჩემი პაპა-ბებიასეული ბიბლიით შემოიფარგლებოდა. 1949 წელს, როდესაც 13 წლის ვიყავი, ბრაზილიაში, დედაჩემის სამშობლოში, გადავედით საცხოვრებლად და რიო-დე-ჟანეიროს გარეუბანში დავსახლდით.

ჩვენმა ახალმა მეზობლებმა თავიანთ ეკლესიაში დაგვპატიჟეს და ჩვენც რამდენჯერმე გავყევით. მამაჩემს უყვარდა მათთვის ჯოჯოხეთის ცეცხლზე, სულზე და დედამიწის მომავალზე შეკითხვების დასმა, მაგრამ ისინი ვერ პასუხობდნენ. „ისღა დაგვრჩენია, რომ ბიბლიის ნამდვილ მკვლევარებს დაველოდოთ“, — იტყოდა ხოლმე მამა.

ერთ დღეს ჩვენთან, სახლში უსინათლო მამაკაცი მოვიდა და „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ შემოგვთავაზა. მამამ ამ კაცს რამდენიმე მსგავსი კითხვა დაუსვა და ბიბლიაზე დაფუძნებული, გონივრული პასუხებიც მიიღო. შემდეგ კვირას კი იეჰოვას სხვა მოწმემ მოგვინახულა. რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ, ამ მანდილოსანმა მოიბოდიშა და გვითხრა, რომ სამქადაგებლო მსახურებაში უნდა წასულიყო და მათეს 13:38 მუხლის გამოყენებით დაანახვა მამაჩემს, რომ მთელ მსოფლიოში უნდა ექადაგათ ეს ცნობა. „შეიძლება მეც წამოვიდე?“ — ჰკითხა მამამ. „რა თქმა უნდა“, — იყო პასუხი. ძალიან გვიხაროდა, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება კვლავ ვიპოვეთ! მამაჩემი მომავალ კონგრესზე მოინათლა, მე კი — მალევე, 1955 წლის ნოემბერში.

პირველი მოწვევის მიღება

წელიწად ნახევრის შემდეგ იეჰოვას მოწმეთა ფილიალიდან, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში მდებარეობს, დიდი ყავისფერი კონვერტი მივიღე. კონვერტში სრული დროით სამქადაგებლო მსახურების დაწყების მოსაწვევი იდო. დედაჩემი იმ დროს ავადმყოფობდა და ამიტომ მამას ვკითხე, როგორ მოვქცეულიყავი. „იეჰოვამ იცის რასაც აკეთებს, — მტკიცედ მითხრა მან, — თუ მოწვევა გამოგიგზავნა, თავმდაბლად უნდა მიიღო ის“. ამ სიტყვებით გამხნევებულმა შევავსე განცხადების ბლანკი და 1957 წლის 1 ივლისიდან სრული დროით მსახურებას შევუდექი. პირველად პატარა ქალაქ ტრას-რიოსში (რიო-დე-ჟანეიროს შტატი) დამნიშნეს პიონერად.

თავდაპირველად ამ ქალაქის მცხოვრებნი უხალისოდ ისმენდნენ ჩვენს ცნობას, რადგან კათოლიკური ეკლესიის მიერ გამოცემულ ბიბლიას არ ვიყენებდით. პრობლემა მაშინ გადაიჭრა, როდესაც ერთ-ერთ კათოლიკესთან, ჟერალდო რამალიუსთან დავიწყე ბიბლიის სწავლა. მისი დახმარებით ვიშოვე ბიბლია, რომელზეც ადგილობრივი მღვდლის ხელმოწერა იყო. იმ დროიდან მოყოლებული, როგორც კი ვინმე შემეწინააღმდეგებოდა, გადავუშლიდი ხოლმე ბიბლიას, ამ ხელმოწერაზე მივუთითებდი და ხმას ვეღარ იღებდნენ. მალე ჟერალდო მოინათლა.

ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც 1959 წელს სწორედ აქ, ტრას-რუესის ცენტრში ჩატარდა სარაიონო კონგრესი. პოლიციის უფროსმა, რომელიც იმ დროს ბიბლიას სწავლობდა, მთელ ქალაქში კონგრესის აფიშების გაკვრაზე იზრუნა. ტრას-რუესში სამი წლის მსახურების შემდეგ, იტუში მიმიწვიეს, რომელიც სან-პაულუს დასავლეთით დაახლოებით 110 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

წითელი, ლურჯი და ყვითელი წიგნები

მე და ჩემმა თანამსახურმა გარკვეული ხნის მანძილზე საცხოვრებლის ძებნის შემდეგ, ქალაქის ცენტრში ვიშოვეთ მყუდრო სახლი, რომლის პატრონიც, გულკეთილი ქვრივი ქალი, მარია იყო. იგი ისე გვეპყრობოდა, როგორც საკუთარ შვილებს. მალე მასთან იტუს კათოლიკე ეპისკოპოსი მივიდა და უთხრა, რომ სახლიდან გავეყარეთ. მარიამ მტკიცედ უპასუხა: „ქმარი რომ გარდამეცვალა, ჩემს სანუგეშებლად თავი არ შეგიწუხებიათ. იეჰოვას მოწმეები კი გვერდში მიდგანან, მიუხედავად იმისა, რომ მე მათ რელიგიას არ ვეკუთვნი“.

მალე ჩვენმა დიასახლისმა შეგვატყობინა, რომ კათოლიკე მღვდლებს მრევლი გაეფრთხილებინათ, რომ არ აეღოთ „წითელი წიგნი ეშმაკის შესახებ“. ისინი გულისხმობდნენ წიგნს „დაე მართალი იყოს ღმერთი“, ბიბლიურ პუბლიკაციას, რომელსაც კვირის განმავლობაში ვთავაზობდით ხალხს. რადგან წითელი წიგნი მღვდლებმა „აკრძალეს“, ახლა ლურჯი წიგნის („ახალი ცა და ახალი მიწა“) გავრცელება დავიწყეთ. მოგვიანებით კი, როდესაც სამღვდელოებამ ამ ცვლილების შესახებ შეიტყო, ყვითელი წიგნის („რა მოუტანა რელიგიამ კაცობრიობას“) გავრცელებაზე გადავედით, და ასე შემდეგ. ეს სულაც არ იყო ძნელი, რადგან სხვადასხვა ფერის ყდიანი წიგნები გვქონდა.

თითქმის ერთი წელი იტუში მსახურების შემდეგ ბეთელში— იეჰოვას მოწმეთა რიო-დე-ჟენეიროს ფილიალში— დროებით მიმიწვიეს, რათა კონგრესის მომზადებაში მივხმარებოდი; სიამოვნებით დავთანხმდი.

შემდგომი დანიშვნები და სიძნელეები

ბეთელში ბევრი სამუშაო იყო და მიხაროდა, რომ შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდი. რაოდენ გამამხნევებელი იყო ჩემთვის დილაობით ყოველდღიური მუხლისა და ორშაბათ საღამოობით „საგუშაგო კოშკის“ განხილვაზე დასწრება! ჩემზე დიდად მოქმედებდა ოტო ესტელმანისა და ბეთელის სხვა გამოცდილი ძმების ლოცვები.

კონგრესის შემდეგ ჩემი ბარგი-ბარხანა ჩანთებში ჩავალაგე, რომ იტუში დავბრუნებულიყავი, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ფილიალის მსახურმა, გრანტ მილერმა, გადმომცა წერილი, რომლითაც ბეთელის ოჯახის წევრად ჩემი დანიშვნა შემატყობინეს. ოთახში ჰოზა იაზეძიანთან ერთად ვცხოვრობდი, რომელიც დღესაც ბრაზილიის ბეთელში მსახურობს. მაშინ ბეთელის ოჯახი პატარა იყო — სულ რაღაც 28 კაცისგან შედგებოდა და ყველანი ახლო მეგობრები ვიყავით.

1964 წელს ერთი ახალგაზრდა სრული დროით მსახური, ჟოაო ზანარდი, მოვიდა ბეთელში გარკვეული სასწავლო კურსის გასავლელად. ის მაშინ ფილიალიდან არცთუ ისე შორს, სარაიონო მსახურად ანუ მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა. ერთმანეთს მაშინ ვხვდებოდით, როდესაც მას ბეთელში ანგარიშები მოჰქონდა. ფილიალის მსახურმა ჟოაოს ნება მისცა ორშაბათობით საღამოს ბეთელის ოჯახურ შესწავლას დასწრებოდა. ასე რომ, უფრო მეტი დროის გატარება შეგვეძლო ერთად. მე და ჟოაო 1965 წლის აგვისტოში დავქორწინდით და სიხარულით შევუერთდი ჩემს მეუღლეს სარაიონო მსახურებაში.

იმ დროს ბრაზილიაში მიმოსვლითი მსახურება თავგადასავლებით სავსე იყო. არასდროს დამავიწყდება პატარა ქალაქ არანიაში (მინას-ჟერაის შტატი) მაუწყებელთა ერთი ჯგუფის მონახულება. იქ ჯერ მატარებლით მივდიოდით, შემდეგ კი გზას ფეხით განვაგრძობდით; თან მიგვქონდა ჩანთები, საბეჭდი მანქანა, სლაიდები, წიგნების ჩანთები და ლიტერატურა. ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ლურივალ ჩანთალი, ერთი ხანდაზმული ძმა, რკინიგზის სადგურში გვხვდებოდა, რომ ბარგის წაღებაში მოგვხმარებოდა.

არანიაში კრების შეხვედრები დაქირავებულ სახლში ტარდებოდა; იქვე, ამ სახლის უკანა პატარა ოთახში, ვათენებდით ღამეს. ამ ოთახის ერთ მხარეს შეშის ღუმელი იდგა, რომელზეც საჭმელს ვამზადებდით და წყალს ვაცხელებდით. წყალი კი ვედროებით მოჰქონდათ ძმებს. ბამბუკის პლანტაციის შუაში ამოთხრილი ორმო კი საპირფარეშოს მაგივრობას გვიწევდა. ღამღამობით ლამპას ანთებულს ვტოვებდით, რათა არ მოგვკარებოდნენ ტროპანოსომური ბაღლინჯოები — მწერები, რომლებსაც შაგასის დაავადებები გადააქვთ. დილაობით ცხვირის ნესტოები ღუმლის მილებივით გამჭვარტლული გვქონდა. ერთი სიტყვით საკმაოდ საინტერესოდ გადიოდა დღეები მსახურებაში!

ჯერ კიდევ პარანას შტატში ვმსახურობდით, როცა ფილიალიდან კვლავ დიდი ყავისფერი კონვერტები მივიღეთ. ეს კიდევ ერთი დანიშვნა იყო იეჰოვას ორგანიზაციიდან მიღებული. ამჯერად პორტუგალიაში უნდა გვემსახურა! ამ წერილში ძმები გვირჩევდნენ, რომ დათანხმებამდე ლუკას 14:28-ში მოცემული პრინციპის მხედველობაში მიღებით, კარგად აგვეწონ-დაგვეწონა, შევძლებდით თუ არა პორტუგალიაში მსახურებას. საქმე ის გახლდათ, რომ ჩვენი ქრისტიანული საქმიანობა ამ ქვეყანაში აკრძალული იყო და პორტუგალიის მთავრობას ბევრი ჩვენი ძმა უკვე დაპატიმრებულიც ჰყავდა.

წავიდოდით თუ არა ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება დევნილები ვყოფილიყავით? „თუკი ჩვენს პორტუგალიელ ძმებს შეუძლიათ იქ ცხოვრება და იეჰოვასთვის ერთგულად მსახურება, ჩვენ რა შეგვიშლის ხელს?“ — თქვა ჟოაომ. მეც გამახსენდა მამაჩემის გამამხნევებელი სიტყვები და დავეთანხმე: „იეჰოვამ თუკი გამოგვიგზავნა მოწვევა, ჩვენ უნდა მივიღოთ ის და მივენდოთ მას“. მალე სან-პაულუს ბეთელში ჩავედით, რათა დავეკვალიანებინეთ; იმავდროულად მზადდებოდა ჩვენ გასამგზავრებლად საჭირო საბუთებიც.

ჟოაო მარია და მარია ჟოაო

ჩვენმა გემმა „სა ეუჟენიომ“ 1969 წლის 6 სექტემბერს გასცურა სანტუსის პორტიდან (სან-პაულუს შტატი). ცხრა დღის შემდეგ პორტუგალიაში შევედით. თავიდან რამდენიმე თვე ლისაბონის ძველ უბანში ალფემასა და მორარეს ვიწრო ქუჩებში ვქადაგებდით გამოცდილ ძმებთან ერთად. ისინი გვასწავლიდნენ, ფრთხილად ვყოფილიყავით, რათა მილიციელებს თვალში რა მოვხვედროდით.

კრების შეხვედრები მოწმეთა სახლებში ტარდებოდა. როდესაც ვამჩნევდით, რომ მეზობლები ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, სწრაფად ვიცვლიდით შეხვედრის ადგილს, რათა სახლი არ გაეჩხრიკათ ან ძმები არ დაეპატიმრებინათ. „პიკნიკები“ (ასე ვეძახდით ჩვენს კონგრესებს) ლისაბონის გარეუბანში მდებარე მონსანტუს პარკში და ზღვის სანაპიროსთან მდებარე კოსტა დე კაპარიკოს ტყიან ტერიტორიაზე ტარდებოდა. ტანსაცმელსაც შესაფერისს ვიცვამდით; სტრატეგიულ წერტილებში კი დამსწრეთა გარკვეული ჯგუფი იდგა სადარაჯოზე. თუ ვიღაც საეჭვო გამოჩნდებოდა თამაშს ვიწყებდით, სუფრას ვშლიდით ან ხალხურ სიმღერებს ვმღეროდით.

პოლიციის თვალის ასახვევად ნამდვილი სახელების გამოყენებას ვერიდებოდით. ძმები ჩვენ ჟოაო მარიას და მარია ჟოაოს გვეძახდნენ. ჩვენს სახელებს არავითარ წერილებსა და ჩანაწერებში არ იყენებდნენ, ყოველთვის ნომრებით გვიხსენიებდნენ. გადაწყვეტილი მქონდა არ დამემახსოვრებინა ძმების მისამართები; თუ დამაპატიმრებდნენ ვერც ერთი ძმის მისამართს ვერ ვიტყოდი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო, მე და ჟოაოს გადაწყვეტილი გვქონდა, ქადაგების არც ერთი შესაძლებლობა არ გაგვეშვა ხელიდან, რადგან ვიცოდით, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა თავისუფლება დაგვეკარგა. ამან ჩვენს ზეციერ მამაზე, იეჰოვაზე, მინდობა გვასწავლა. ის იყო ჩვენი მფარველი და თავის ანგელოზებს იმგვარად იყენებდა, რომ „თითქოს უხილავს ვხედავდით“ (ებრაელთა 11:27).

ერთხელ, პორტუში კარდაკარ ქადაგებისას ერთმა მამაკაცმა დაჟინებით გვთხოვა შინ შევსულიყავით. ის და, ვისთან ერთადაც ვქადაგებდი, უყოყმანოდ შევიდა, მეც სხვა გზა აღარ მქონდა და შევყევი. თავზარი დამეცა, როდესაც დავინახე, რომ ოთახში სამხედრო ტანსაცმელში გამოწყობილი კაცის სურათი ეკიდა. რა უნდა გვექნა? მასპინძელმა შემოგვთავაზა დავმჯდარიყავით. შემდეგ მე მომიბრუნდა და მკითხა: „გაუშვებდი შენს შვილს ჯარში?“ ძალიან რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. გულში ლოცვის შემდეგ წყნარად ვუთხარი: „მე არ მყავს შვილები, და დარწმუნებული ვარ, ასეთ სავარაუდო კითხვაზე თქვენც ანალოგიურად მიპასუხებდით“. ის გაჩუმდა. მე კი განვაგრძე: „ახლა კი თუ მკითხავთ, როგორი გრძნობა დამეუფლებოდა ძმა და მამა რომ დამეკარგა, შემიძლია გიპასუხოთ, რადგან ორივენი დამეღუპა“. ამ სიტყვებს რომ ვამბობდი, თვალები ცრემლით ამევსო და დავინახე, რომ მასაც გული აუჩუყდა; შემდეგ გვითხრა, რომ ახლახან ცოლი გარდაცვლოდა. დიდი ინტერესით მისმენდა, როდესაც აღდგომის იმედზე ვესაუბრებოდი. შემდეგ თავაზიანად გამოვემშვიდობეთ და მშვიდობიანად გამოვედით; დანარჩენი კი იეჰოვას მივანდეთ.

აკრძალვის მიუხედავად, გულწრფელ ადამიანებს ჭეშმარიტების შესახებ შემეცნების მიღებაში ვეხმარებოდით. პორტუში ჩემმა მეუღლემ ერთ-ერთ ბიზნესმენთან, ჰორსიოსთან, ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მან მალე გაითავისა ბიბლიური ჭეშმარიტება. მოგვიანებით მისმა ვაჟმა ემილიომაც, რომელიც ექიმი იყო, იეჰოვასთვის მსახურება აირჩია და მოინათლა. მართლაცდა ვერაფერი შეაჩერებს იეჰოვას სულიწმიდის მოქმედებას.

„არასდროს იცი, რას დაუშვებს იეჰოვა“

1973 წელს მე და ჟოაო საერთაშორისო კონგრესზე, სახელწოდებით „ღვთიური გამარჯვება“, ბრიუსელში (ბელგია) მიგვიწვიეს. ამ კონგრესს მოზამბიკიდან, ანგოლიდან, კაბო-ვერდიდან, მალეირიდან და აზორის კუნძულებიდან ჩამოსულ სხვა დელეგატებთან ერთად ათასობით ესპანელი და ბელგიელი ძმა ესწრებოდა. დასკვნით სიტყვაში ნიუ-იორკში მდებარე მთავარი სამმართველოდან ჩამოსულმა ძმა ნორმა მოგვიწოდა: „განაგრძეთ იეჰოვასთვის ერთგულად მსახურება. არასდროს იცით, რას დაუშვებს იეჰოვა. ვინ იცის, იქნებ მომდევნო საერთაშორისო კონგრესს პორტუგალიაში დაესწროთ!“.

მომდევნო წელს პორტუგალიაში სამქადაგებლო საქმიანობა კანონით აღიარეს და ძმა ნორის სიტყვები გამართლდა, როდესაც 1978 წელს, ლისაბონში ჩვენი პირველი საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა. რა შესანიშნავი იყო ის, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, ჩაგვევლო ლისაბონის ქუჩებში პლაკატებით, გაგვევრცელებინა ჟურნალები და საჯარო მოხსენებაზე მოსაწვევი ბარათები! ეს ოცნების ახდენას ჰგავდა.

განსაკუთრებით შეგვიყვარდა ჩვენი პორტუგალიელი ძმები, რომელთაგან ბევრს ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვის გამო ციხეში სვამდნენ და სცემდნენ. ძალიან გვსურდა, აქ გაგვეგრძელებინა მსახურება. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. 1982 წელს ჟოაო გულმა სერიოზულად შეაწუხა და ფილიალიდან ძმებმა გვირჩიეს, რომ ბრაზილიაში დავბრუნებულიყავით.

ძნელი დრო

ბრაზილიის ფილიალში ძმებმა ჩვენი მდგომარეობა გაითვალისწინეს და ტაუბატეში (სან-პაულუს შტატი) კერერინგის კრებაში დაგვნიშნეს. ჟოაოს ჯანმრთელობა გაუუარესდა და მალე სახლიდან გარეთ ვეღარ გამოდიოდა. ბიბლიის შესწავლით დაინტერესებული ადამიანები თვითონ მოდიოდნენ ჩვენთან სახლში. ჩვენთანვე ტარდებოდა სამქადაგებლო მსახურებისთვის ყოველდღიური შეხვედრები და წიგნის შესწავლა. ეს ღონისძიებები სულიერობის შენარჩუნებაში ენით აუწერელ დახმარებას გვიწევდა.

ჟოაო სიკვდილამდე, 1985 წლის 1 ოქტომბრამდე, ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. მწუხარე ვიყავი და გულგატეხილობაც შემომეპარა, მაგრამ მსახურებას მაინც არ ვღალატობდი. მეორე უბედური შემთხვევა 1986 წელს დამატყდა თავს, როდესაც ქურდებმა სახლი გამიტეხეს და თითქმის ყველაფერი მომპარეს. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ მაშინ ვიგრძენი სიმარტოვე და შიში. ერთმა ცოლ-ქმარმა სიყვარულით დამპატიჟა თავისთან, რომ რამდენიმე ხანი მათთან გავჩერებულიყავი, რისთვისაც დიდად მადლიერი ვარ.

ჟოაოს სიკვდილმა და სახლის გაქურდვამ იეჰოვასადმი მსახურებაზეც იმოქმედა. თავისუფლად ვეღარ ვმსახურობდი. როდესაც ფილიალში მივწერე ამ სირთულის შესახებ, ბეთელში მიმიწვიეს, რომ რამდენიმე ხნით იქ მემსახურა და ემოციური წონასწორობა აღმედგინა. ო, რა გამამხნევებელი იყო ეს ჩემთვის!

როგორც კი უკეთესად ვიგრძენი თავი, სან-პაულუს ერთ-ერთ პატარა ქალაქში, იპუაში, დამნიშნეს. ვცდილობდი, ყოველთვის მექადაგა, მაგრამ დროდადრო მაინც მიცრუვდებოდა გული. ამ დროს კერერინგის კრების ძმებს ვურეკავდი და რომელიმე ოჯახი რამდენიმე დღით მეწვეოდა ხოლმე. მათი სტუმრობები ნამდვილად მამხნევებდა! იპუაში ცხოვრების პირველ წლებში 38 და-ძმა ჩამოვიდა იმ სიშორედან ჩემს მოსანახულებლად.

1992 წელს, ჟუანის სიკვდილიდან 6 წლის შემდეგ, იეჰოვას ორგანიზაციისგან კვლავ მივიღე ახალი მოწვევა. ამჯერად სან-პაულუს ქალაქ ფრანკაში გადასვლას მთავაზობდნენ, სადაც დღემდე ვმსახურობ. აქ ძალიან კარგად ისმენენ სასიხარულო ცნობას. 1994 წელს ქალაქის მერთან დავიწყე ბიბლიის შესწავლა. იმ დროს ის ბრაზილიის კონგრესში ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდა, მაგრამ მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, ორშაბათობით, შუადღისას მაინც ვსწავლობდით ბიბლიას. სწავლაში ხელი რომ არ შეეშალათ, ტელეფონს გამორთავდა ხოლმე. როგორ გამახარა იმან, რომ ჭეშმარიტების დახმარებით თანდათანობით პოლიტიკური ასპარეზი დატოვა და ოჯახს დაუბრუნდა! ის და მისი მეუღლე 1998 წელს მოინათლნენ.

როდესაც წარსულს ვიხსენებ, შემიძლია ვთქვა, რომ, როგორც სრული დროით მსახურს, უდიდესი კურთხევებით აღსავსე ცხოვრება მქონდა. იმ მოწვევების მიღებით, რომლებსაც დღესაც მიგზავნის იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით, ნამდვილად უხვად დავჯილდოვდი. და სადაც უნდა მიმიწვიოს იეჰოვამ მომავალში, ისეთი მზადყოფნით მივიღებ მოწვევას, როგორც ყოველთვის.

[სურათები 25 გვერდზე]

1957 წელს, როდესაც სრული დროით მსახურება დავიწყე, და დღეს.

[სურათი 26 გვერდზე]

ბრაზილიის ბეთელის ოჯახთან ერთად 1963 წელს.

[სურათი 27 გვერდზე]

ჩვენი ქორწილის დღეს, 1965 წლის აგვისტოში.

[სურათი 27 გვერდზე]

ჩვენი საქმიანობის აკრძალვის დროს ჩატარებული კონგრესი პორტუგალიაში.

[სურათი 28 გვერდზე]

საერთაშორისო კონგრესის, სახელწოდებით „გამარჯვების მომტანი რწმენა“, დღეებში ლისაბონის ქუჩებში ქადაგება, 1978 წელი.