არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

ერემიას 7:16-ში ჩაწერილი მითითება ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქრისტიანებმა არ უნდა ილოცონ ქრისტიანული კრებიდან გარიცხულ მოუნანიებელ შემცოდველზე?

ურწმუნო იუდაელებისთვის მსჯავრის გამოტანის შემდეგ იეჰოვამ იერემიას უთხრა: „შენ კი, ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის, ნუ აღავლენ ლოცვა-ვედრებას, ნუ შემეხვეწები, რადგან არ მოგისმენ“ (იერემია 7:16).

რატომ აუკრძალა იეჰოვამ იერემიას ისრაელებისთვის ლოცვა? ცხადია, რჯულის აშკარა დარღვევის გამო. ისინი დაუფარავად და უსირცხვილოდ ‘ქურდობდნენ, კლავდნენ, მრუშობდნენ, ცრუდ იფიცავდნენ, ბაალს უკმევდნენ, მისდევდნენ უცხო ღმერთებს’. ამიტომაც იეჰოვამ ურწმუნო ებრაელებს უთხრა: „მოგისვრით ჩემს თვალთაგან, როგორც ყველა შენი ძმა, ეფრემის მთელი მოდგმა მოვისროლე“. უეჭველია, სათანადო არ იქნებოდა, რომ იერემიას, ან ნებისმიერ სხვას, იეჰოვასთვის მიემართა ლოცვით და მისი განაჩენის შეცვლა ეთხოვა (იერემია 7:9, 15).

ამის შესაბამისად, მოციქულმა იოანემ დაწერა ღვთისადმი სათანადო ლოცვის თაობაზე. თავდაპირველად მან დაარწმუნა ქრისტიანები: „როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს“ (1 იოანე 5:14). შემდეგ, სხვებისთვის ლოცვის თაობაზე მან თქვა: „თუ ვინმე ხედავს, რომ მისი ძმა სცოდავს არა მომაკვდინებელი ცოდვით, ილოცოს და იგი მისცემს სიცოცხლეს არამომაკვდინებელი ცოდვით შემცოდეს. არის მომაკვდინებელი ცოდვა, მასზე არ ვამბობ ილოცოს-მეთქი“ (1 იოანე 5:16). იესომაც თქვა, რომ არსებობს ცოდვა, რომელიც „არ მიეტევებათ“ ადამიანებს. ეს არის ცოდვა სულიწმიდის წინააღმდეგ (მათე 12:31, 32).

ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ყველამ, ვინც ქრისტიანული კრებიდან გაირიცხა და ცოდვას არ ინანიებს, „მომაკვდინებელი“ ცოდვები ჩაიდინა და ამიტომ არ უნდა ვილოცოთ მათთვის? ეს შესაძლოა ასე არც ყოფილიყო, რადგან ზოგ შემთხვევაში ჩადენილი ცოდვები არ ითვლება მომაკვდინებელ ცოდვად. ფაქტობრივად, ძნელია ამის განსაზღვრა. ამის ტიპობრივი მაგალითია იუდას მეფე მენაშე. ის სამსხვერპლოებს უგებდა ცრუ ღმერთებს, საკუთარ ვაჟებს მსხვერპლად სწირავდა, სპირიტიზმს მიმართავდა და იეჰოვას ტაძარში კერპებს დგამდა. ბიბლია ამბობს, რომ მენაშე და მისი ხალხი „იმ ხალხებზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ, რომლებიც ამოწყვიტა უფალმა ისრაელიანთა გულისთვის“. ამგვარი უკუღმართობის გამო, იეჰოვამ დასაჯა მენაშე, როდესაც ბორკილდადებული ბაბილონელებმა ტყვედ წაიყვანეს (მეორე მეფეთა 21:1—9; მეორე ნეშტთა 33:1—11).

მიუხედავად იმისა, რომ მენაშემ მძიმედ შესცოდა, იყო მისი ცოდვები მომაკვდინებელი? როგორც ჩანს, არა. რადგან ბიბლია გვეუბნება: „შეევედრა თავის გასაჭირში უფალს, თავის ღმერთს, და მოდრკა ძლიერ თავისი მამა-პაპის წინაშე. ილოცა მის მიმართ და მანაც შეივედრა იგი, შეიწყნარა მისი ვედრება და იერუსალიმში, მის სამეფოში დააბრუნა. მიხვდა მენაშე, რომ ღმერთია უფალი“ (მეორე ნეშტთა 33:12, 13).

აქედან გამომდინარე, ნაადრევი დასკვნებისგან თავი უნდა შევიკავოთ და ადამიანის მიერ ჩადენილი ცოდვა მომაკვდინებლად არ უნდა მივიჩნიოთ, მხოლოდ იმის გამო, რომ ის კრებიდან გაირიცხა. დროა საჭირო იმისთვის, რომ გამოჩნდეს, რა აქვს ადამიანს გულში. ფაქტობრივად, გარიცხვის ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ შემცოდველი გონს მოეგოს, მოინანიოს და შემობრუნდეს.

რადგან შემცოდველი აღარ არის კრების წევრი, პირველ რიგში, შეიძლება ახლობლებმა, მეუღლემ ან ოჯახის სხვა წევრებმა, შეამჩნიონ, როგორ იცვლება ის უკეთესობისკენ. მათ, ვინც ცვლილებებს ამჩნევენ, შეიძლება დაასკვნან, რომ შემცოდველს მომაკვდინებელი ცოდვა არ ჩაუდენია. ისინი შეიძლება აღიძრან ილოცონ, რომ გარიცხული ღვთის შთაგონებული სიტყვიდან გაძლიერდეს და იეჰოვა თავისი ნებისამებრ მოეპყროს შემცოდველს (ფსალმუნი 43:22; ეკლესიასტე 12:14).

მაშინ როდესაც ზოგს შეიძლება საკმაო მტკიცება ჰქონდეს იმისათვის, რომ შემცოდველმა მოინანია, მთელი კრებისთვის შეიძლება ეს ნათელი არ იყოს. ისინი საგონებელში ჩავარდებოდნენ და შეცბუნდებოდნენ კიდეც, თუ ვინმე შემცოდველისთვის სახალხოდ ილოცებდა. ამიტომ, თუ ვინმე აღძრულია შემცოდველისთვის ილოცოს, ეს მხოლოდ პირადად უნდა გააკეთოს და მოვლენების შემდგომი განვითარება კრების პასუხისმგებელ უხუცესებს მიანდოს.

[სურათი 31 გვერდზე]

მენაშეს უმძიმესი ცოდვები მიეტევა, როდესაც იეჰოვას წინაშე თავი დაიმდაბლა.

[საავტორო უფლება 30 გვერდზე]

Reproduced from Illustrierte Pracht-Bibel/Heilige Schrift des Alten und Neuen Testaments, nach der deutschen Uebersetzung D. Martin Luther’s