ოქროს წესი — საყოველთაო სწავლება
ოქროს წესი — საყოველთაო სწავლება
„ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12).
ყველასთვის კარგად ცნობილი ეს სიტყვები იესო ქრისტემ თითქმის ორი ათასი წლის წინათ წარმოთქვა მთაზე ქადაგებისას. საუკუნეების განმავლობაში ბევრი ითქვა და დაიწერა ამ უბრალო გამონათქვამის შესახებ. მაგალითად, ის აღიარეს, როგორც „საღვთო წერილის დედაარსი“, „მოყვასისადმი ქრისტიანის მოვალეობის ეტალონი“ და „ძირითადი ეთიკური პრინციპი“. იესოს სიტყვები ისეთი ცნობილი გახდა, რომ ხშირად ოქროს წესს უწოდებენ.
ოქროს წესის იდეას, მხოლოდ ქრისტიანული სამყარო არ იზიარებს. იუდაიზმი, ბუდიზმი და ბერძნული ფილოსოფია ამ ძირითად პრინციპს სხვადასხვაგვარად გადმოსცემენ. კონფუცმა — რომელსაც ღრმა პატივისცემით იხსენიებენ აღმოსავლეთის ქვეყნებში, როგორც დიდებულ მოაზროვნესა და მასწავლებელს — ოდნავ სხვაგვარად ჩამოაყალიბა ეს იდეა, რომელიც განსაკუთრებით კარგად არის ცნობილი შორეულ აღმოსავლეთში. კონფუციანური „ოთხი წიგნის“ მესამე წიგნში „ანალექტებში“ სამჯერ გვხვდება მსგავსი გამოთქმა. მოსწავლეთა კითხვებზე, კონფუცმა ორჯერ ასე უპასუხა: „რაც არ გინდა შენ გაგიკეთონ, შენც არ გაუკეთო ის სხვებს“. ერთხელ მისმა მოწაფე დზიგონმა დაიკვეხნა, „რაც მე არ მინდა რომ სხვებმა გამიკეთონ, ის მეც არ მინდა, გავუკეთო მათ“, მასწავლებელმა უთხრა: „მართალია, მაგრამ ჯერჯერობით ამის გაკეთება შენს ძალებს აღემატება“.
ამ სიტყვებიდან იმის დანახვა შეიძლება, რომ კონფუცის გამონათქვამი, იესოს ნათქვამის შებრუნებული ფორმაა. აშკარა განსხვავება კი ის არის, რომ იესო ქრისტეს მიერ წარმოთქმული ოქროს წესი დადებით მოქმედებას, სხვებისთვის სიკეთის კეთებას მოითხოვს. ადამიანებს იესოს სიტყვების თანახმად რომ ემოქმედათ, ეზრუნათ ერთმანეთზე, დახმარებოდნენ ერთიმეორეს და ყოველდღე ამ პრინციპის თანახმად ეცხოვრათ, იქნებოდა დღევანდელი წუთისოფელი უკეთესი? თავისთავად ცხადია.
წესი, როგორადაც უნდა ყოფილიყო ფორმულირებული, მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა დროსა და ადგილას ოქროს წესის იდეას ენდობოდნენ და ენდობიან. ეს უბრალოდ იმის მაჩვენებელია, რომ იესოს მიერ მთაზე ქადაგებისას წარმოთქმული ეს ფრაზა, საყოველთაო სწავლებაა, რომელიც ყველა ასაკისა და
მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრთა ცხოვრებას ეხება.შეეკითხეთ საკუთარ თავს: „ვისურვებდი, მომქცეოდნენ მოკრძალებულად, სამართლიანად და პატიოსნად; მეცხოვრა ისეთ სამყაროში, სადაც არ იქნებოდა რასობრივი შეუწყნარებლობა, დამნაშავეობა და ომები; მქონოდა ისეთი ოჯახი, რომლის თითოეული წევრიც ერთმანეთის გრძნობებს გაუფრთხილდებოდა და ერთმანეთის კეთილდღეობაზე იზრუნებდა? განა ვინმე იტყოდა ამაზე უარს? მწარე სინამდვილე კი გვიჩვენებს, რომ ძალიან ცოტას თუ აქვს ასეთი პირობები. უმეტესობას ასეთი ცხოვრების იმედიც კი არ გააჩნია.
ოქროს წესი ძალას ჰკარგავს
კაცობრიობის ისტორიაში ადამიანთა მოდგმის წინაშე უამრავი ბოროტმოქმედება იქნა ჩადენილი; რამაც ადამიანთა უფლებები ხელყო. ეს იყო აფრიკელი მონებით ვაჭრობა, ნაცისტური სასიკვდილო ბანაკები, ბავშვების ექსპლუატაცია და გენოციდის გლობალური პრობლემა. ჩამოთვლა კიდევ შეიძლებოდა.
დღეს ჩვენს მაღალგანვითარებულ სამყაროში ეგოიზმი ჩვეულებრივი რამ არის. ძალიან ცოტანი თუ ფიქრობენ სხვებზე, როდესაც მათ კეთილდღეობას და, შესაძლოა, უფლებებს საფრთხე ემუქრება (2 ტიმოთე 3:1—5). რატომ ხდება ამდენი ადამიანი ეგოისტი, გულქვა და უგრძნობი? განა იმიტომ არა, რომ საყოველთაოდ ცნობილი ოქროს წესი დავიწყებას ეძლევა, როგორც ზნეობის განუხორციელებელი პრინციპი? სამწუხაროდ, ეს ტენდენცია მათშიც შეიმჩნევა, ვინც აცხადებს, რომ ღმერთი სწამს. ამ თემაზე მსჯელობისას, მხოლოდ ის შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანები უფრო გაეგოისტდებიან.
მაშასადამე, უმნიშვნელოვანეს კითხვებად, რომლებიც ღრმად დაფიქრებას მოითხოვს, რჩება: რას ნიშნავს ოქროს წესის თანახმად ცხოვრება? ცხოვრობს ვინმე კვლავ მის თანახმად? დადგება ოდესმე ის დრო, როდესაც მთელი კაცობრიობა ოქროს წესის შესაბამისად იცხოვრებს? შემოგვიერთდით შემდგომ განხილვაში და დასმულ კითხვებზე საფუძვლიან პასუხებს მიიღებთ.
[სურათი 3 გვერდზე]
კონფუცი და სხვები ოქროს წესის თავიანთ ვერსიებს ასწავლიდნენ.