„შენი შუქით ვხედავთ სინათლეს“
„შენი შუქით ვხედავთ სინათლეს“
ხშირად სინათლეს უმნიშვნელოდ მივიჩნევთ, სანამ ელექტროენერგიის მოწოდება არ შეგვიწყდება და მთელი უბანი არ ჩაბნელდება. საბედნიეროდ, ჩვენი ციური „ელექტროსადგური“ — მზე — სრულიად საიმედოა. მზის სინათლის წყალობით ჩვენ ვხედავთ, ვჭამთ, ვსუნთქავთ და ვარსებობთ.
რადგან სინათლე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ უნდა გვიკვირდეს ბიბლიის წიგნ „დაბადებაში“ იმის წაკითხვა, რომ სინათლე შემოქმედების პირველ დღეს გამოჩნდა. „თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი“ (დაბადება 1:3). ღვთისმოსავი მამაკაცები, მეფე დავითის მსგავსად, ყოველთვის აღიარებდნენ, რომ იეჰოვაა სიცოცხლისა და სინათლის წყარო. „შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს“, — წერდა დავითი (ფსალმუნი 35:10).
დავითის სიტყვების გაგება შეიძლება როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ შენიშნავს: „ცხადია, სინათლის საშუალებით ვხედავთ; ადამიანის ტვინს თვალებით უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდება, ვიდრე გრძნობის სხვა ორგანოების საშუალებით“. რადგან თითქმის ყველაფერს თვალით აღვიქვამთ, რასაც რომ არა სინათლე ვერ შევძლებდით, სინათლე გადატანითი მნიშვნელობითაც გამოიყენება ბიბლიაში.
იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მე ნათელი ვარ წუთისოფლისა, ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას“ (იოან. 8:12). სიმბოლური სინათლე, რომელიც იესომ მოიხსენია, იყო ჭეშმარიტების შესახებ ცნობა, რომელსაც თვითონ ქადაგებდა და რომელსაც მსმენელთა გულებისა და გონების განათება შეეძლო. მრავალწლიანი სულიერი სიბნელის შემდეგ იესოს მოწაფეებმა როგორც იქნა გაიგეს, თუ რა აქვს ღმერთს კაცობრიობისთვის განზრახული და რა არის სამეფოს იმედი. ეს ჭეშმარიტად „სიცოცხლის ნათელია“, რადგან მიღებული შემეცნება მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანია. „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“, — თქვა იესომ თავისი ზეციერი მამისადმი ლოცვაში (იოანე 17:3). დაე ნურასოდეს მივიჩნევთ უმნიშვნელოდ ამ სულიერ სინათლეს!