არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გალაადისკენ — მზადყოფნის სულისკვეთებით

გალაადისკენ — მზადყოფნის სულისკვეთებით

გალაადისკენ — მზადყოფნის სულისკვეთებით

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მიზანია, ღვთისადმი მიძღვნილი მამაკაცები და ქალები მისიონერული მსახურებისთვის მოამზადოს. ვინ შეიძლება ისწავლოს „გალაადში“? მათ, ვინც ავლენს მზადყოფნის სულისკვეთებას (ფსალმუნი 109:3). ეს, უდავოდ, ცხადი გახდა 2001 წლის 8 სექტემბერს 111-ე კლასის გამოსაშვებ საღამოზე.

ზოგიერთმა კურსდამთავრებულმა ჯერ კიდევ სკოლაში მიწვევამდე დაადასტურა, რომ მზადყოფნის სულისკვეთებით იყვნენ განმსჭვალული. მათ ნებაყოფლობით დატოვეს ოჯახი, მეგობრები და სახლი, რათა ემსახურათ იქ, სადაც მაუწყებლების მეტი საჭიროებაა. ამით გამოსცადეს საკუთარი თავი, შეძლებდნენ თუ არა ახალ, მათთვის უჩვეულო, გარემო პირობებთან შეგუებას. მაგალითად, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად რიშარი და ნატალი — ბოლივიაში, თოდი და მიშელი — დომინიკელთა რესპუბლიკაში, დეივიდი და მონიკა კი აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში გადავიდნენ. სხვა სტუდენტები უკვე მსახურობდნენ ნიკარაგუაში, ეკვადორსა და ალბანეთში.

საშუალო სკოლაში ესპანური ენის შესწავლა დაეხმარა ქრისტის, გათხოვებამდე ორი წელი ეკვადორში ემსახურა. სხვებმა უცხო ენა თავიანთ ქვეყნებში, უცხოენოვან კრებებში, ისწავლეს. საულმა და პრისკილამაც გამოავლინეს მზადყოფნის სულისკვეთება. მათ, სკოლაში მიწვევამდე, ძალ-ღონე არ დაუშურებიათ ინგლისური ენის გასაუმჯობესებლად.

მისიონერების მოსამზადებლად განკუთვნილმა ოცმა კვირამ თვალის დახამხამებაში განვლო; გამოსაშვები დღეც დადგა და კურსდამთავრებულებმა, რომლებიც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად იყვნენ, ბრძნული რჩევები მიიღეს და გამოსამშვიდობებელი, გამამხნევებელი სიტყვები მოისმინეს.

პროგრამას უძღვებოდა სკოლა „გალაადის“ მე-7 კლასის კურსდამთავრებული, ძმა თეოდორ იარაჩი, რომელიც ახლა იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობს. შესავალ სიტყვაში მან ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ როგორც ორგანიზაციას, არასოდეს გადაგვიხვევია „გალაადში“ სტუდენტების მომზადების მთავარი მიზნისთვის — ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის, დედამიწის მთელ დასახლებულ ტერიტორიაზე, ქადაგებისთვის (მარკოზი 13:10). „გალაადი“ კვალიფიცირებულ სტუდენტებს აღჭურავს სამქადაგებლო საქმიანობის უწინდელთან შედარებით უფრო ფართო მასშტაბით შესასრულებლად, განსაკუთრებით მსოფლიოს იმ მხარეებში, სადაც დახელოვნებული მისიონერების მეტი საჭიროებაა. ძმა იარაჩმა კურსდამთავრებულებს ურჩია, რომ საუკეთესოდ გამოიყენონ „გალაადში“ მიღებული ცოდნა და მსახურებაში მხარი აუბან მისიონერებს, რომლებიც იმ 19 ქვეყანაში მსახურობენ, სადაც თვითონაც მიიღეს დანიშვნა.

დროული რჩევა სტუდენტებისთვის

ამას მოჰყვა მოხსენებათა სერია. შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრმა, უილიამ ვან დე უოლმა, ისაუბრა თემაზე „მისიონერული სულისკვეთება — ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანი“. მან სტუდენტების ყურადღება გაამახვილა მათეს 28:19, 20-ში ჩაწერილ „მოწაფეების მომზადების“ დავალებაზე და მოუწოდა: „მიბაძეთ იესოს. ის თავგამოდებითა და ენთუზიაზმით ასრულებდა თავის მისიონერულ დავალებას“. იმისათვის, რომ დახმარებოდა ასეთივე სულისკვეთების შენარჩუნებაში, მან მომავალ მისიონერებს ურჩია: „მტკიცედ მიჰყევით დაგეგმილ გრაფიკს; შეინარჩუნეთ პირადი შესწავლის კარგი ჩვევა, არ ჩამორჩეთ თეოკრატიულ სიახლეებს და ყოველთვის გახსოვდეთ, თუ რატომ მიიღეთ ეს დანიშვნა“.

პროგრამა განაგრძო ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა გაი პიერსმა. მან განიხილა თემა «განაგრძეთ „გონიერების“ შეძენა» (რომაელთა 12:1, სსგ). მან გამოსაშვებ კლასს მისცა პრაქტიკული რჩევა და მოუწოდა, სრულად გამოეყენებინათ ღვთისგან ბოძებული ფიქრისა და განსჯის უნარი. „ჩაუფიქრდით, რისი თქმა სურს თქვენთვის იეჰოვას თავისი სიტყვით, ბიბლიით. ეს დაგიცავთ თქვენ“, — თქვა მან (იგავნი 2:11). ძმა პიერსმა ასევე ურჩია კლასს, არ ყოფილიყვნენ დოგმატურები, ვინაიდან ეს ხელს შეუშლიდა მათ „გონივრულ მსახურებას“. უდავოდ, ასეთი დროული შეხსენებები დაეხმარება სტუდენტებს მათ მისიონერულ მსახურებაში.

შემდეგ თავმჯდომარემ წარადგინა სკოლა „გალაადის“ ერთ-ერთი მასწავლებელი ლოურენს ბოუენი. მის თემას ერქვა — „გადაწყვიტეთ, არაფერი იცოდეთ“. ძმა ბოუენმა მიუთითა, რომ კორინთში მისიონერული მსახურებისას მოციქულმა პავლემ ‘გადაწყვიტა, არაფერი სცოდნოდა... გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა’ (1 კორინთელთა 2:2). პავლემ იცოდა, რომ უდიდესი ძალა სამყაროში, სულიწმიდა, მხარს უჭერდა ბიბლიის ძირითად თემას: იეჰოვას ხელისუფლების გამართლებას მის მიერ აღთქმული თესლის მეშვეობით (დაბადება 3:15). 48 კურსდამთავრებულს მოუწოდეს პავლეს, ტიმოთესა და სხვა მისიონერების მსგავსად ჩასჭიდებოდნენ „საღი სიტყვების ნიმუშს“ (2 ტიმოთე 1:13).

მოხსენებათა სერიის ბოლო თემით „დააფასეთ თქვენი უნიკალური შესაძლებლობა, როგორც ღვთისგან ბოძებული ძღვენი“ გამოვიდა სკოლა „გალაადის“ მდივანი, უოლას ლივერანსი. ის დაეხმარა სტუდენტებს, რომ მადლიერებით გამოხმაურებოდნენ მსახურების შესაძლებლობას, როგორც ღვთის მიერ გამოვლენილ დაუმსახურებელ სიკეთეს და არა იმას, რასაც ისედაც ვიმსახურებთ. ძმა ლივერანსმა მოიყვანა მოციქულ პავლეს მაგალითი და თქვა: „იეჰოვამ პავლე წარმართების მოციქულად მისი საქმეების გამო კი არ ამოირჩია, თითქოს მას ჰქონდა ან იმსახურებდა ამ დავალების შესრულების უფლებას. ეს არ იყო დამოკიდებული სტაჟზე ან გამოცდილებაზე. ადამიანური თვალსაზრისით, ბარნაბას არჩევა უფრო გონივრული და ლოგიკური იქნებოდა. ეს არც პიროვნების უნარიანობაზე იყო დამოკიდებული; აპოლო, როგორც ჩანს, პავლეზე მჭევრმეტყველი იყო. ეს არჩევანი ღვთის დაუმსახურებელი სიკეთის გამოვლენა იყო“ (ეფესელთა 3:7, 8). ძმა ლივერანსმა მოუწოდა სტუდენტებს, ესარგებლათ ამ ძღვნით, ანუ მსახურების უნიკალური შესაძლებლობით, რათა დახმარებოდნენ სხვებს ღმერთთან დამეგობრებაში და მიეღოთ „ღვთის მადლი — მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში“ (რომაელთა 6:23).

სკოლა „გალაადის“ მასწავლებელმა მარკ ნუმარმა რამოდენიმე სტუდენტთან საინტერესოდ განიხილა თემა: „მომზადებას კარგი ნაყოფი მოაქვს“ (იგავნი 21:5). გამოცდილებამ აჩვენა, რომ, როდესაც მქადაგებელი კარგად მოემზადება მსახურებისთვის, განსაკუთრებით კი გულს განაწყობს ამისთვის, მას ადამიანებისადმი გულწრფელი ინტერესი გაუჩნდება. მას არასოდეს დაებმება ენა. პირიქით, მისი სიტყვები და საქმეები მოსაუბრეს სულიერ დახმარებას აღმოუჩენს. „მხოლოდ ასეა შესაძლებელი წარმატებული მისიონერული მსახურება“, — აღნიშნა ძმა ნუმარმა და გაიხსენა შემთხვევა, რომელიც მას აფრიკაში მისიონერული მსახურებისას გადახდა.

მისიონერული მსახურება — სიამოვნების მომგვრელი საქმიანობა

რალფ უოლსმა და ჩარლზ ვუდიმ ინტერვიუ აიღეს რამდენიმე გამოცდილი მისიონერისგან, რომლებიც ასევე პატერსონის საგანმანათლებლო ცენტრში იმყოფებოდნენ სპეციალური სასწავლო კურსის გასავლელად. მათ აღნიშნეს, რომ მისიონერულ მსახურებაში სიხარული ხალხისადმი სიყვარულს მოაქვს. ეს გამამხნევებელი იყო როგორც სტუდენტებისთვის, ისე მათი ოჯახის წევრებისა და ნათესავებისთვის. მათ უშუალოდ გამოცდილი მისიონერებისგან მოისმინეს, თუ რატომ არის სიხარულის მომტანი მისიონერული მსახურება.

ჯონ ბარმა, რომელიც ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობს, წარმოთქვა დღის მთავარი თემა სათაურით: „უმღერეთ იეჰოვას ახალი სიმღერა“ (ესაია 42:10, აქ). ძმა ბარმა აღნიშნა, რომ გამოთქმა „ახალი სიმღერა“ ბიბლიაში ცხრაჯერ გვხვდება. მან იკითხა: „რაზეა ეს ახალი სიმღერა?“, შემდეგ კი თავად უპასუხა: „კონტექსტიდან ჩანს, რომ ახალი სიმღერა გაისმის, როდესაც იეჰოვას უზენაესი ხელისუფლება ახლებურად ვლინდება“. მან მოუწოდა სტუდენტებს, არ შეეწყვიტათ ღვთის ძლევამოსილი სამეფოს განსადიდებელი საგალობლების მღერა, იმ სამეფოსი, რომლის სათავეშიც მესიანური მეფე, იესო ქრისტეა. ძმა ბარმა აღნიშნა, რომ სასწავლო კურსი, რომელიც სკოლა „გალაადში“ გაიარეს, სტუდენტებს „ახალი სიმღერის“ სხვადასხვა ასპექტების უფრო ღრმად გაგებაში დაეხმარა. „სკოლამ დაგანახათ, თუ რამდენად აუცილებელია, რომ იეჰოვას განსადიდებელი სიმღერა იმ და-ძმებთან ხმაშეწყობილად ‘იმღეროთ’, ვისთანაც ითანამშრომლებთ; ყოველთვის შეუწყვეთ ხელი სხვებთან ერთობას“.

დიპლომების გადაცემის შემდეგ, ერთ-ერთმა სტუდენტმა წაიკითხა სამადლობელი წერილი „გალაადში“ მიღებული ცოდნისთვის.

შეგიძლიათ ღვთისთვის თქვენი მსახურება უფრო აქტიური და ნაყოფიერი გახადოთ? თუ დიახ, მაშინ გულმოდგინედ იღვაწეთ ახალი მისიონერების მსგავსად. სწორედ ეს დაეხმარა მათ მომზადებულიყვნენ მისიონერული მსახურებისთვის. თუ ღვთის მოწოდებებს მზადყოფნის სულისკვეთებით და ხალისით გამოეხმაურებით, უდიდეს სიხარულს ჰპოვებთ (ესაია 6:8).

[ჩარჩო 25 გვერდზე]

კლასის სტატისტიკური მონაცემები

წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 10

ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნენ: 19

სტუდენტების რაოდენობა: 48

საშუალო ასაკი: 33,2

ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 16,8

სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 12,6

[სურათი 26 გვერდზე]

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 111-ე გამოსაშვები კლასი

რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.

(1) ქ. იომანსი, ა. ტოკარი, ს. ნუნიესი, ჯ. ფილიპსი, მ. დოუკენი, პ. სელვესტრე; (2) ნ. მორენი, ჯ. ბინი, მ. ლოპესი, მ. ვან ჰაუტი, ა. კანტუ, ფ. სილვაში; (3) მ. უილიამსი, მ. იტო, ს. ვან კოილი, დ. ლევრენგი, ფ. ფიუზელი, ს. გისლერი; (4) ჯ. იომანსი, მ. მოსი, მ. ჰაჯინსი, ს. დადინგი, ჯ. ბრისენიო, მ. ფილიპსი; (5) ხ. ლოპესი, ტ. იტო, ს. სომერუდი, ქ. კოზა, ჟ. ფიუზელი, დ. მოსი; (6) დ. უილიამსი, რ. დადინგი, მ. გისლერი, რ. მორინი, ს. ბინი, ლ. კანტუ; (7) მ. დოუკენი, ტ. ჰაჯინსი, მ. ლევრენგი, ს. სელვესტრე, დ. ვან ჰაუტი, ა. ბრისენიო; (8) მ. ვან კოილი, ა. ნუნიესი, ბ. კოზა, ჯ. სომერუდი, ს. ტოკარი, პ. სილვაში.