არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ისწავლეთ ჩემგან“

„ისწავლეთ ჩემგან“

„ისწავლეთ ჩემგან“

„დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან — რადგან რბილი ხასიათის და გულით თავმდაბალი ვარ — და გამოცოცხლდება თქვენი სულები“ (მათე 11:29, აქ).

1. რატომ არის იესოსგან სწავლა სასიამოვნო და ცხოვრების გამაუმჯობესებელი?

 იესო ქრისტე ყოველთვის მართებულად ფიქრობდა, ასწავლიდა და იქცეოდა. მისი მიწიერი ცხოვრება ხანგრძლივი არ ყოფილა, მაგრამ, სამაგიეროდ, იესო დიდი სიხარულისა და კმაყოფილების მომნიჭებელი საქმით იყო დაკავებული და ბედნიერებას ინარჩუნებდა. ის თავს უყრიდა ხოლმე მოწაფეებს და ღვთისადმი თაყვანისცემას, ადამიანების სიყვარულსა და წუთისოფლის დაძლევას ასწავლიდა (იოანე 16:33). ის ადამიანებს გულებში იმედს უსახავდა და ‘სახარებით ანათლებდა [„სასიხარულო ცნობით ანათებდა“, აქ] სიცოცხლესა და უკვდავებას’ (2 ტიმოთე 1:10). თუ თქვენ მის მოწაფეთა შორის ხართ, მაშინ, თქვენი აზრით, რას ნიშნავს მოწაფეობა? განვიხილოთ, რას ამბობს იესო მოწაფეებზე და გავიგებთ, როგორ გავიუმჯობესოთ ცხოვრება. ეს იმას მოიცავს, რომ გავიზიაროთ მისი შეხედულებები და მივყვეთ მის ძირითად პრინციპებს (მათე 10:24, 25; ლუკა 14:26, 27; იოანე 8:31, 32; 13:35; 15:8).

2, 3. ა) რას ნიშნავს იყო იესოს მოწაფე? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი, ვკითხოთ საკუთარ თავს: ვის მოწაფედ ვიქეცი?

2 ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში „მოწაფე“, ძირითადად, ნიშნავს მას, ვინც რაღაცისკენ მიმართავს თავის გონებას, ან მას, ვინც სწავლობს. მონათესავე სიტყვა ამ სტატიის მთავარ ტექსტშიც გვხვდება, მათეს 11:29: „დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან — რადგან რბილი ხასიათის და გულით თავმდაბალი ვარ — და გამოცოცხლდება თქვენი სულები“ (მათე 11:29, აქ). დიახ, მოწაფე ის არის, ვინც სწავლობს. ჩვეულებრივ, სახარებებში მოწაფეებად იწოდებიან იესოს გულითადი მიმდევრები, რომლებიც მას დაჰყვებოდნენ, როცა ის ქადაგებდა, და რომლებსაც მოძღვრავდა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ ეთანხმებოდნენ იესოს სწავლებებს, ზოგჯერ კი ამასაც მალავდნენ (ლუკა 6:17; იოანე 19:38). სახარებებში აგრეთვე ნახსენებია „იოანესა [ნათლისმცემლის] და ფარისევლების მოწაფეები“ (მარკოზი 2:18, სსგ). იმის გამო, რომ იესომ თავის მიმდევრებს უთხრა, ‘მორიდებოდნენ ფარისეველთა სწავლებებს’, შეგვეძლო საკუთარი თავისთვის გვეკითხა: ვის მოწაფედ ვიქეცი? (მათე 16:12).

3 თუ იესოს მოწაფეები ვართ, თუ მისგან ვისწავლეთ, მაშინ სხვებმა ჩვენს გვერდით სულიერი გამოცოცხლება უნდა იგრძნონ. ისინი უნდა ხედავდნენ, რომ უფრო რბილი ხასიათის და გულით თავმდაბალი გავხდით. თუ სამსახურში ხელმძღვანელი თანამდებობა გვიკავია, თუ შვილები გვყავს ან სამწყემსო მოვალეობებს ვასრულებთ ქრისტიანულ კრებაში, გრძნობენ თუ არა ისინი, ვისზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ იესოსავით ვექცევით?

როგორ ექცეოდა იესო ადამიანებს

4, 5. ა) რატომ არ არის ძნელი იმის გაგება, თუ როგორ ექცეოდა იესო იმ ადამიანებს, რომლებიც სიძნელეებს განიცდიდნენ? ბ) რა მოხდა, როცა იესო პურის საჭმელად იყო ფარისევლის სახლში?

4 ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ ექცეოდა იესო ადამიანებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც სერიოზულ სიძნელეებს განიცდიდა. ამის გაგება ძნელი არაა: ბიბლიაში მოთხრობილია იმის მაჩვენებელი უამრავი შემთხვევა, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იესოს ადამიანებისადმი, მათ შორის მათდამი, ვისაც უჭირდა. ყურადღება მივაქციოთ იმასაც, თუ რელიგიური წინამძღოლები, კერძოდ ფარისევლები, როგორ ექცეოდნენ მათ, ვინც სირთულეებს აწყდებოდა. დაპირისპირება მეტად შემეცნებითი იქნება.

5 ახ. წ. 33 წელს, როცა იესო გალილეაში ქადაგებდა, „ვინმე ფარისეველთაგანი სთხოვდა მას [იესოს], მასთან ეჭამა პური“ (ლუკა 7:36—38). იესოს უარი არ უთქვამს. „შევიდა იმ ფარისევლის სახლში და მიუჯდა სუფრას. იმ ქალაქში იყო ცოდვილი დედაკაცი. როგორც კი გაიგო, იგი ფარისევლის სახლში ზისო, მოიტანა ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით. და დადგა უკან, მის ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა.“ (ლუკა 7:36—38).

6. რატომ შეეძლო „ცოდვილ“ ქალს, ფარისევლის სახლში აღმოჩენილიყო?

6 წარმოგიდგენიათ ასეთი სურათი? ერთ ცნობარში ნათქვამია: „ქალმა (მუხლი 37) ისარგებლა ჩვეულებით, რომელიც საშუალებას აძლევდა გაჭირვებულ ადამიანებს, ნარჩენების ასაკრეფად მისულიყვნენ ასეთ ნადიმებზე“. ალბათ, ამით აიხსნება, თუ მას დაუპატიჟებლად როგორ შეეძლო სახლში შესვლა. გამორიცხული არ არის, რომ იქ სხვებიც იქნებოდნენ, რომლებსაც ნარჩენების შეგროვება სურდათ ნადიმის დამთავრებისთანავე. მაგრამ ამ ქალის საქციელი უჩვეულო იყო. მას შორიდან არ დაუწყია თვალთვალი და არც იმას დალოდებია, თუ როდის დასრულდებოდა პურობა. ის მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო, „ცოდვილად“ ითვლებოდა: იესომაც აღნიშნა, რომ „მას მრავალი... ცოდვა“ ჰქონდა (ლუკა 7:47).

7, 8. ა) როგორი რეაგირება გვექნებოდა ასეთ ვითარებაში, რომელიც ლუკას 7:36—38-შია მოხსენიებული? ბ) როგორი რეაგირება ჰქონდა სიმონს?

7 წარმოიდგინეთ, რომ იმ დროს ცხოვრობთ და იესოს ადგილზე ხართ. რა რეაგირებას მოახდენდით იმაზე, რაც მოხდა? შესაძლოა, უხერხულად გეგრძნოთ თავი, ის ქალი რომ მოგიახლოვდებოდათ? რას იგრძნობდით? (ლუკა 7:45). იქნებ — ზიზღს? შეძრწუნებას?

8 თქვენ რომ ერთ-ერთი სტუმარი ყოფილიყავით ფარისეველი სიმონივით ხომ არ იფიქრებდით? „ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე თავისთვის თქვა: „ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი“ (ლუკა 7:39). ფარისევლებისგან განსხვავებით, იესოსთვის დამახასიათებელი იყო დიდი თანაგრძნობა. ის ამ ქალის მდგომარეობის მთელ სიმძიმეს ხედავდა და ესმოდა, რაოდენ სასოწარკვეთილი იყო. ბიბლიაში არ არის მოთხრობილი, თუ როგორ გახდა ეს ქალი ცოდვილი. თუ ის მართლაც მეძავი იყო, მაშინ იმ ქალაქის მცხოვრები მამაკაცები, თავის თავში დარწმუნებული იუდეველები, ჩანს, არ დაეხმარებოდნენ.

9. რა თქვა პასუხად იესომ და ამან, შესაძლოა, რა შედეგი გამოიღო?

9 მაგრამ იესოს მისთვის დახმარების გაწევა სურდა. მან უთხრა: „მიგეტევა შენი ცოდვანი“, და კიდევ: „შენმა რწმენამ გიხსნა შენ. წადი მშვიდობით“ (ლუკა 7:48—50). აქ თხრობა მთავრდება. ვიღაცამ შესაძლოა თქვას, რომ იესომ მისთვის არც ისე ბევრი გააკეთა. არსებითად, მან აკურთხა იგი და ისე გაუშვა. თქვენი აზრით, ეს ქალი თავის ცუდ ცხოვრებას დაუბრუნდებოდა? ეს ნამდვილად არ არის ცნობილი, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რას ამბობს შემდეგ ლუკა. იგი მოგვითხრობს, რომ იესო დადიოდა „ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში, ქადაგებდა და ახარებდა ღვთის სასუფეველს“. ლუკა იმასაც გვამცნობს, რომ იესოს და მის მოწაფეებს „ზოგი დედაკაციც“ ახლდა, „რომელნიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით“. გამორიცხული არ არის, რომ ეს მომნანიებელი და მადლიერი ქალი ახლა მათთან ერთად დადიოდა, უმწიკვლოდ ცხოვრობდა და სუფთა სინდისი ჰქონდა; სიცოცხლის აზრი ჰპოვა და ბევრად უფრო ღრმა სიყვარული განივითარა ღვთისადმი (ლუკა 8:1—3).

სხვაობა იესოსა და ფარისევლებს შორის

10. რატომ არის სასარგებლო დაფიქრება იესოსა და ამ ქალის ამბავზე, რაც სიმონის სახლში მოხდა?

10 რას ვსწავლობთ ამ შთამბეჭდავი მონათხრობიდან? ეს ამბავი, უდავოდ, გულთან ახლოს მიგვაქვს. წარმოიდგინე შენი თავი სიმონის სახლში. თავს როგორ იგრძნობდი? იესოსავით მოიქცეოდით თუ ოდნავ — მისი ფარისეველი მასპინძელივით? იესო ღვთის ძეა და ამიტომ ვერ გვექნება ისეთივე გრძნობები და ქცევები, მას რომ ჰქონდა. მაგრამ, მეორე მხრივ, არც იმის სურვილი გვექნებოდა, ფარისეველ სიმონს დავმსგავსებოდით. ძალიან ცოტა ვინმე თუ იამაყებდა იმით, რომ ფარისეველს ჰგავს.

11. რატომ არ გვინდა, ფარისევლებივით რომ ვიყოთ?

11 ბიბლიური და არაბიბლიური მონაცემების განხილვისას ისეთი დასკვნა გამოგვაქვს, რომ ფარისევლებს დიდი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ თავზე და თვლიდნენ, რომ ხელს უწყობდნენ ხალხის საყოველთაო კეთილდღეობას. მათ ხელს არ აძლევდა ის, რომ ღვთის რჯული რაც შეიძლება გასაგები და ხელმისაწვდომი ყოფილიყო. როცა ფიქრობდნენ, რომ რჯულში ესა თუ ის საკითხი საკმაოდ არ იყო დაკონკრეტებული, მოჩვენებითი ხარვეზების შევსებას ცდილობდნენ, რასაც მკაცრი წესების დადგენით ახერხებდნენ, რათა ადამიანებისთვის სინდისით ხელმძღვანელობის ყოველგვარი საშუალება მოესპოთ. ეს რელიგიური წინამძღოლები ცდილობდნენ, ლამის ყოველი ცხოვრებისეული შემთხვევისა და წვრილმანი საკითხების შესახებაც კი შეექმნათ კანონები a.

12. როგორი წარმოდგენა ჰქონდათ საკუთარ თავზე ფარისევლებს?

12 ახ. წ. I საუკუნის ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, შრომებიდან ჩანს, რომ ფარისევლები თავს გულკეთილ, სათნო, სამართლიან ადამიანებად მიიჩნევდნენ და, საერთოდ, თვლიდნენ, რომ სავსებით შეესაბამებოდნენ ხალხის მოძღვართა როლს. უეჭველად, ზოგი მათგანი საკმაოდ ახლოს იყო ასეთ იდეალთან. გავიხსენოთ ნიკოდემოსი (იოანე 3:1, 2; 7:50, 51). მომავალში ზოგი მათგანი ქრისტიანულ გზაზე დადგა (საქმეები 15:5). პავლე მოციქული წერდა ზოგიერთ იუდეველზე, რომლებიც ფარისევლებს ჰგავდნენ: «აქვთ გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად [„არა ზუსტი შემეცნების თანახმად“, აქ]» (რომაელთა 10:2). მაგრამ სახარებებში ისინი ისეთები არიან, როგორებსაც მათ უბრალო ხალხი ხედავდა — ამაყები, გულზვიადები, მართლები საკუთარ თვალში, შარიანები, კრიტიკულები. მათ არც ხალხის დამცირება ეთაკილებოდათ.

იესოს თვალსაზრისი

13. რას ფიქრობდა იესო ფარისევლებზე?

13 იესო დაუნდობლად კიცხავდა მწიგნობრებსა და ფარისევლებს თვალთმაქცობის გამო. „კრავენ მძიმე ტვირთს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს; თავად კი თითითაც არ სურთ დაძვრა“. დიახ, ტვირთი მძიმე იყო და ხალხზე დადგმულ უღელს ტანჯვის მეტი არაფერი მოჰქონდა. იესომ არც აცია, არც აცხელა და მწიგნობრებსა და ფარისევლებს ‘უგუნურები’ უწოდა. უგუნური საფრთხეს უქმნის გარშემომყოფთ. იესომ მწიგნობრებსა და ფარისევლებს ‘ბრმა წინამძღოლნიც’ უწოდა და უთხრა: «დაგიტევებიათ ის, რაც უმთავრესია რჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა [„ერთგულება“, აქ]». განა ვინმეს ექნებოდა იმის სურვილი, რომ იესოს თვალში ფარისეველივით ყოფილიყო?! (მათე 23:1—4, 16, 17, 23, სსგ).

14, 15. ა) რას ვიგებთ ფარისევლების შესახებ, მას შემდეგ რაც განვიხილეთ, თუ როგორ ექცეოდა იესო მათე-ლევის? ბ) მნიშვნელოვანს რას ვსწავლობთ ამ მონათხრობიდან?

14 თითქმის ყველასთვის, ვინც სახარებებს კითხულობს, ნათელია, რომ ფარისეველთა უმეტესობა კრიტიკის სულით იყო განმსჭვალული. მას შემდეგ, რაც იესომ გადასახადების ამკრებ მათე-ლევის თავის მოწაფეობისკენ მოუწოდა, ლევიმ დიდი ნადიმი გაუმართა. სახარებაში ნათქვამია: „მწიგნობარნი და ფარისეველნი დრტვინავდნენ და ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: „რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“. იესომ უპასუხა მათ: „მე მოვედი, რომ ცოდვილებს მოვუწოდო მოსანანიებლად, და არა მართალთ“ (ლუკა 5:27—32).

15 ლევი კიდევ ერთ ჭეშმარიტებას ჩასწვდა, რომელიც იესომ წარმოთქვა იმ საღამოს: „წადით დაისწავლეთ, რას ნიშნავს: ‘წყალობა მსურს და არა მსხვერპლი’“ (მათე 9:13). თუმცა ფარისევლები აცხადებდნენ, რომ სწამდათ ებრაელ წინასწარმეტყველთა წერილები, ისინი არაფრად აგდებდნენ იმას, რაც ოსიას 6:6-შია ჩაწერილი. თუ შეცდებოდნენ, თავს იმით იმშვიდებდნენ, რომ ტრადიციისადმი ერთგულები რჩებოდნენ. თითოეულ ჩვენგანს შეეძლო ეკითხა საკუთარი თავისთვის: ხომ არ დავიმკვიდრე ისეთი წესების ქომაგის სახელი, რომლებიც ჩემს პირად აზრს ან ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას საყოველთაოდ მიღებულ მიდგომას ირეკლავს? ან, პირველ რიგში, მიცნობენ თუ არა გულმოწყალე და კეთილ ადამიანად?

16. რა იყო ფარისეველთა მთავარი წესი და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მათ არ დავემსგავსოთ?

16 შარიანობა, შარიანობა და კვლავაც შარიანობა იყო ფარისეველთა მთავარი წესი. ისინი ჩხრეკდნენ ერთი ბეწო შეცდომებს — ნამდვილად დაშვებულსა თუ შეთხზულს. ხალხი ეკლებზე ისხდა და ყოველთვის მოელოდა მათი მხრიდან რაიმე შარსა და შეხსენებებს ამა თუ იმ ჩადენილ ცოდვაზე. ფარისევლები იმით ამაყობდნენ, რომ ისეთი ბალახეულის მეათედსაც კი იხდიდნენ, როგორიცაა პიტნა, კამა და კვლიავი. თავიანთი ჩაცმულობით თავი მოჰქონდათ მოჩვენებითი ღვთისმოსაობით და ცდილობდნენ, ხალხს გასძღოლოდნენ. თუ გვინდა, რომ ჩვენი საქმეები იესოს მაგალითს შევუსაბამოთ, რასაკვირველია, უნდა ვერიდოთ სხვებში ყოველთვის ნაკლის გამოჩხრეკისა და გამოაშკარავებისადმი მიდრეკილებას.

როგორ გაართვა იესომ თავი პრობლემებს?

17—19. ა) როგორ მიუდგა იესო მდგომარეობას, რომელიც შეიძლებოდა ძალზე სერიოზული შედეგებით დამთავრებულიყო? ბ) რის გამო იძაბებოდა და არასასიამოვნო ხდებოდა მდგომარეობა? გ) თქვენ რომ მაშინ იქვე ყოფილიყავით, როცა ქალი იესოს მიუახლოვდა, რა რეაგირებას მოახდენდით?

17 იესოს დამოკიდებულება პრობლემებისადმი სრულიად განსხვავდებოდა ფარისეველთა დამოკიდებულებისაგან. აი როგორ მოიქცა იესო, როცა ისეთ პრობლემას წააწყდა, რომელსაც შეიძლებოდა მეტად სერიოზული სახე მიეღო. საქმე ეხებოდა ქალს, რომელიც 12 წელი იტანჯებოდა სისხლდენით. ეს შემთხვევა მოთხრობილია ლუკას 8:42—48-ში.

18 მარკოზის სახარებაში ნათქვამია, რომ ამ ქალს ‘ეშინოდა და თრთოდა’ (მარკოზი 5:33). რატომ? უდავოდ, იმიტომ რომ ღვთის რჯული დაარღვია და იცოდა ეს. ლევიანნის 15:25—28-ის თანახმად, ქალი, რომელიც არაბუნებრივი სისხლდენით იტანჯებოდა, ავადმყოფობის განმავლობაში და მას შემდეგაც კიდევ ერთი კვირა უწმინდური რჩებოდა. ყველაფერი და ყველა, რასაც და ვისაც შეეხებოდა, უწმინდურდებოდა. იესოს რომ მიახლოებოდა, ქალს ხალხში უნდა შეეღწია. ამ 2000 წლის წინანდელი ამბის წაკითხვისას თანაგრძნობა გვიჩნდება ამ ქალის უხერხული მდგომარეობის გამო.

19 თქვენ რომ იქვე ყოფილიყავით, როგორ შეაფასებდით იმას, რაც მოხდა? რას იტყოდით? ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ იესო ამ ქალს ყურადღებითა და გულისხმიერებით მოეპყრო; მისთვის არც კი უგრძნობინებია, რომ შეიძლებოდა რაიმე უსიამოვნების მიზეზი გამხდარიყო (მარკოზი 5:34).

20. რა სირთულის წინაშე აღმოვჩნდებოდით, ლევიანნის 15:25—27-ში მოცემული მოთხოვნა დღესაც ძალაში რომ ყოფილიყო?

20 რას გვასწავლის ეს შემთხვევა? დავუშვათ, უხუცესად მსახურობთ ქრისტიანულ კრებაში. ისიც დავუშვათ, რომ ლევიანნის 15:25—27-ში მოცემული მოთხოვნა დღესაც ძალაშია თანამედროვე ქრისტიანებისთვის. ჰოდა, ერთხელაც, ქრისტიანმა ქალმა ეს კანონი დაარღვია, ჩავარდა სასოწარკვეთილებაში და თავი ყველასგან მიტოვებულად იგრძნო. როგორ მოექცეოდით? დაამცირებდით ყველას წინაშე და გაკიცხავდით ასეთი საქციელის გამო? „რას ამბობთ, არავითარ შემთხვევაში! — იტყოდით თქვენ. — მე იესოს მივბაძავდი, ძალიან შევეცდებოდი გამომევლინა სიკეთე, სიყვარული, გულისხმიერება და დავხმარებოდი როგორმე“. შესანიშნავია! მაგრამ მთავარი სირთულე მაინც ისაა, რომ ასე მოვიქცეთ, ანუ იესოს მივბაძოთ.

21. რას ასწავლიდა იესო ხალხს რჯულის შესახებ?

21 იესოს გვერდით ხალხი თავს გამოცოცხლებულად, სულიერად ძლიერად და მხნედ გრძნობდა. თუ ღვთის რჯულის მცნებები ცალსახა იყო, ცალსახადვე უნდა გაგებულიყო. თუ ეს მცნებები ზოგადი ხასიათის იყო, საჭირო ხდებოდა სინდისით ხელმძღვანელობა, და იმის შესაძლებლობა იქმნებოდა, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებზე ღვთისადმი სიყვარული არეკლილიყო. რჯული არ იყო მეტისმეტად შემზღუდველი (მარკოზი 2:27, 28). ღმერთს უყვარდა თავისი ხალხი, ყოველთვის ხელს უწყობდა მის კეთილდღეობას და მზად იყო, გულმოწყალება გამოევლინა თავისი სულიერად წაბორძიკებული მსახურებისადმი. იესოც ასეთი იყო (იოანე 14:9).

იესოს სწავლებათა ნაყოფები

22. როგორი გონება-განწყობა ჩამოუყალიბდათ იესოს მოწაფეებს?

22 მათ, ვინც ყურს უგდებდა იესოს და მისი მოწაფე გახდა, დააფასეს მისი სიტყვების ჭეშმარიტება: «ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი» (მათ. 11:30). ისინი თავს არასოდეს გრძნობდნენ დამძიმებულად, არც ისეთი შეგრძნება უჩნდებოდათ, რომ მოსვენებას არ აძლევდნენ ან ტუქსავდნენ. ისინი უფრო თავისუფლები და ბედნიერები იყვნენ, მათი ურთიერთობა ღმერთთან და ერთმანეთთან უფრო მტკიცდებოდა (მათე 7:1—5; ლუკა 9:49, 50). მათ იესოსგან ის ისწავლეს, რომ სულიერმა წინამძღოლმა უნდა გამოაცოცხლოს სხვები, რბილი ხასიათი იქონიოს და გულით თავმდაბალი იყოს (1 კორინთელთა 16:17, 18; ფილიპელთა 2:3).

23. რომელი მნიშვნელოვანი გაკვეთილი აითვისეს მოწაფეებმა, როცა იესოსთან ერთად იყვნენ, და რა დასკვნებამდე მივიდნენ?

23 უფრო მეტიც, ბევრს გაცნობიერებული ჰქონდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო, დარჩენილიყვნენ ქრისტესთან და მის მიერ გამოვლენილი სული აერეკლათ. მან უთხრა მოწაფეებს: „როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში! თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებები და დავრჩი მის სიყვარულში“ (იოანე 15:9, 10). ღვთისთვის რომ წარმატებით ემსახურათ, ბეჯითად უნდა მიჰყოლოდნენ იმას, რაც იესოსგან ისწავლეს, როგორც ღვთისგან ბოძებული შესანიშნავი სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და ადამიანებისთვის სწავლებაში, ისე ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში. იმისდა მიხედვით, თუ ქრისტიანული საძმო როგორ ყალიბდებოდა კრებებად, მოწაფეებს კვლავაც უნდა შეეხსენებინათ საკუთარი თავისთვის იმ აუცილებლობის შესახებ, რომ ყველაფერში იესოსავით მოქცეულიყვნენ. იესომ მათ ჭეშმარიტება ასწავლა, და მისი ცხოვრების წესი, მართლაც რომ, მიბაძვის ღირსი იყო მათთვის (იოანე 14:6; ეფესელთა 4:20, 21).

24. როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე იესოს მაგალითმა?

24 ახლა, როცა ვფიქრობთ იმაზე, რასაც განვიხილავთ, ხედავთ თუ არა, რა მხრივ არის საჭირო გაუმჯობესება? ხომ ხართ თანახმა, რომ იესო ყოველთვის მართებულად ფიქრობდა, ასწავლიდა და იქცეოდა? მაშ, იმოქმედეთ. აი იესომ როგორი გამამხნევებელი სიტყვებით მოგვმართა: „თუ ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუკი ასრულებთ ამას“ (იოან. 13:17, სსგ).

[სქოლიოები]

a „სხვაობის არსი [იესოსა და ფარისევლებს შორის] გასაგები გახდება მხოლოდ მაშინ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათ ღვთის შესახებ ორი ურთიერთსაპირისპირო წარმოდგენა ჰქონდათ. ფარისევლებისთვის ღმერთი, პირველ რიგში, მოთხოვნების დამწესებელია, იესოსთვის კი ღმერთი მოწყალე და თანამგრძნობია. ფარისეველი, რა თქმა უნდა, არ უარყოფდა ღვთის სიკეთესა და სიყვარულს, მაგრამ მისი გაგებით ეს სიკეთეცა და სიყვარულიც მხოლოდ იმით შემოიფარგლებოდა, რომ ღმერთმა ხალხს უძღვნა თორა [რჯული] და მისი მოთხოვნების შესრულების შესაძლებლობა მისცა. [...] ფარისევლის აზრით, თორის შესრულება შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ მიჰყვებოდნენ ზეპირ ტრადიციას და მისი წესებით ახსნიდნენ რჯულს. [...] იმის გამო, რომ იესომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულის მცნება (მათე 22:34—40) იმავე ავტორიტეტულობამდე აამაღლა, სადამდეც ფარისევლები ამაღლებდნენ რჯულს, და იმის გამოც, რომ უარყოფდა ზეპირ ტრადიციას... იგი ვერ ეგუებოდა ფარისევლებს, რომლებიც თავიანთი შეხედულებისამებრ განმარტავდნენ რჯულს“ („ახალი აღთქმის ახალი საერთაშორისო თეოლოგიური ლექსიკონი“).

როგორ უპასუხებდით?

• რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ იესოს მოწაფე?

• როგორ ექცეოდა იესო ადამიანებს?

• რის სწავლა შეგვიძლია იქიდან, თუ როგორ ასწავლიდა იესო?

• რით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ფარისევლები და იესო?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 18, 19 გვერდებზე]

მართლაც რა სხვადასხვანაირად ექცეოდნენ ხალხს იესო და ფარისევლები!