არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

როგორ შეინარჩუნოს ქრისტიანმა ცოლმა ღვთისადმი ერთგულება და, ამავე დროს, მორჩილება გამოავლინოს ურწმუნო ქმრისადმი, როდესაც მეუღლე რელიგიურ დღესასწაულებში იღებს მონაწილეობას?

ამ ორ ვალდებულებას შორის წონასწორობის შესანარჩუნებლად ქრისტიან ცოლს მართებს სიბრძნისა და ტაქტიანობის გამოვლენა. მსგავსი სიტუაციის განხილვისას იესომ გვირჩია: „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა — ღმერთსა!“ (მათე 22:21). დიახ, იესო საუბრობდა ვალდებულებებზე იმ ხელისუფლებათა წინაშე, რომელთა მიმართ მორჩილებაზეც ქრისტიანებმა მოგვიანებით მიიღეს მითითებები (რომაელთა 13:1). იესოს ეს რჩევა მისაღებია ცოლებისთვისაც, რომლებსაც სურთ დაემორჩილონ ღმერთს და, ამავე დროს, არ დაარღვიონ ქმრისადმი მორჩილების ბიბლიური მოთხოვნა, თუნდაც იგი არ იზიარებდეს მეუღლის რწმენას.

ვერავინ, ვინც ერკვევა ბიბლიაში, ვერ უარყოფს, რომ ქრისტიანების უპირველესი ვალდებულება ყოვლისშემძლე ღვთის მიმართ მუდამ ერთგულად ყოფნაა (საქმეები 5:29). მაგრამ, ბევრ შემთხვევაში, ჭეშმარიტ მორწმუნეს შეუძლია მოიქცეს მასზე უფლებამოსილი პირების მოთხოვნებისა თუ ბრძანებების თანახმად ისე, რომ ღვთის აღმატებული კანონები არ დაარღვიოს.

განვიხილოთ წიგნ „დანიელის“ მე-3 თავში მოცემული ჩვენთვის სასარგებლო შემთხვევა, რომელიც სამ ებრაელს შეემთხვა. მათმა მმართველმა, ნაბუქოდონოსორმა, ბრძანა, სხვებთან ერთად ისინიც გამოცხადებულიყვნენ დურას ველზე. ეს სამი ებრაელი, ალბათ, ამჯობინებდა, როგორმე თავი აერიდებინათ იქ მისვლისგან, ვინაიდან იცოდნენ, რომ ხალხი ცრუ თაყვანისცემაში მონაწილეობის მისაღებად იყო დაბარებული. ამ სამეულისგან განსხვავებით დანიელმა, შესაძლოა, საპატიო მიზეზი მოძებნა, რათა დანიშნულ ადგილზე არ მისულიყო a. თუმცა კი მათ მოუწიათ იქ მისვლა, მაგრამ მონაწილეობას არ მიიღებდნენ არასწორ მოქმედებაში და არც მიუღიათ (დანიელი 3:1—18).

მსგავსადვე, ქმარი, რომელიც არ იზიარებს ცოლის ქრისტიანულ რწმენას, ზოგიერთი დღესასწაულის დროს მისგან მოითხოვს ისეთ რამეს, რის კეთებასაც ცოლი თავს აარიდებდა. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი: ქმარი ცოლს გარკვეული კერძის მომზადებას სთხოვს იმ დღესასწაულისთვის, რომლის აღნიშვნასაც სხვებთან ერთად ოჯახის თავიც აპირებს. ან ის მოითხოვს, რომ ამ დღეს ოჯახი (ცოლის ჩათვლით) ესტუმროს ნათესავებს ან უბრალოდ დაესწრონ ოფიციალურ ვახშამს. შესაძლებელია ისიც, რომ ქმარმა დაავალოს ცოლს ამ დღესასწაულთან დაკავშირებით გარკვეული საკვების, საჩუქრებისა თუ ღია ბარათების ყიდვა.

მართალია, ქრისტიან ცოლს მტკიცე უარის თქმა მართებს ცრუ რელიგიურ საქმიანობაში მონაწილეობაზე, მაგრამ რა შეიძლება ითქვას მსგავს მოთხოვნებზე? ქმარი არის ოჯახის თავი და ღვთის სიტყვა ამბობს: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი“ (კოლასელთა 3:18). ასეთ შემთხვევაში, დაემორჩილება თუ არა ღვთისადმი ერთგული ცოლი თავის ქმარს მოვალეობისამებრ? მან თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ შეინარჩუნოს წონასწორობა ქმრისადმი მორჩილებასა და, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, იეჰოვასადმი მორჩილებას შორის.

სხვა ნებისმიერ დროს ქმარმა შეიძლება სთხოვოს ცოლს გარკვეული კერძის მომზადება, მხოლოდ იმიტომ რომ ეს მისი უსაყვარლესი კერძია ან მას წლის განსაზღვრულ დროს ამზადებენ ხოლმე. ცოლს, რა თქმა უნდა, ქმრისადმი სიყვარულის გამოვლენისა და მისი ხელმძღვანელობის აღიარების სურვილი ექნება. შეასრულებდა ის ქმრის მოთხოვნას, თუ დღესასწაულთან იქნებოდა დაკავშირებული? ზოგი ქრისტიანი ცოლი შეიძლება სუფთა სინდისით აკეთებდეს ამას, რადგან ისეთივე ჩვეულ დავალებად თვლიდეს, როგორც ყოველდღიური სადილის მომზადებას. რა თქმა უნდა, სამზადისს არცერთი ერთგული ქრისტიანი არ მიანიჭებდა სადღესასწაულო მნიშვნელობას, თუნდაც მის ქმარს ასე ეფიქრა. ასევე, ქმარმა შეიძლება მოსთხოვოს ქრისტიან ცოლს, მასთან ერთად ესტუმროს ნათესავებს წლის განმავლობაში სხვადასხვა დროს. მაგრამ თუ ეს დღე რომელიმე დღესასწაულს ემთხვევა, მართებული იქნებოდა, რომ ცოლი ქმარს სტუმრად გაჰყოლოდა? ან სიამოვნებით იყიდდა თუ არა იმას, რაც მეუღლემ დაავალა ისე, რომ არ ჩაეძიებოდა, თუ რისთვის გამოიყენებდა ქმარი ყოველივე ამას?

რა თქმა უნდა, ქრისტიანმა ცოლმა სხვებზეც უნდა იფიქროს, თუ რა გავლენას მოახდენს ეს მათზე (ფილიპელთა 2:4). ის შეეცდება, რომ არავის შეექმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს რაიმე კავშირი აქვს დღესასწაულთან, ისევე როგორც, ალბათ, სამმა ებრაელმა ამჯობინა, რომ არავის დაენახა, თუ როგორ მიდიოდნენ დურას ველისკენ. ასე რომ, ცოლი შეიძლება ტაქტიანად გაესაუბროს მეუღლეს და ქმარმა შესაძლოა გაითვალისწინოს მისი თვალსაზრისი, თავად მოამზადოს ყველაფერი დღესასწაულისთვის და ამგვარად, გულისყურით მოეკიდოს ცოლის მდგომარეობას, რომელსაც უყვარს და პატივს სცემს თავის ქმარს. შეიძლება ის მიხვდეს, რომ გონივრული იქნებოდა თუ თავს აარიდებდნენ უხერხულ მდგომარეობას, იმ შემთხვევაში, თუ ცოლი უარს იტყოდა ცრუ რელიგიურ დღესასწაულებში მონაწილეობაზე. დიახ, წინასწარ ასეთი გულთბილი საუბარი მშვიდობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს (იგავნი 22:3).

დაბოლოს, ერთგულმა ქრისტიანმა გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა აწონ-დაწონოს ყველაფერი. ღვთისადმი მორჩილება პირველ ადგილზე უნდა იდგეს, როგორც ეს სამი ებრაელის შემთხვევაში იყო (1 კორინთელთა 10:31). ამიტომ, ამის მხედველობაში მიღებით თითოეული ქრისტიანი თავად წყვეტს, თუ რა უნდა გააკეთოს, რომ დათმობაზე არ წავიდეს, როდესაც ოჯახის ან საზოგადოების უფლებამოსილი წევრები ამა თუ იმ მოთხოვნის შესრულებას სთხოვენ.

[სქოლიოები]

a იხილე „მკითხველთა შეკითხვები“ 2001 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“.