არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“

„რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“

„რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“

კვლავ ქრისტესშობაა. მთელ მსოფლიოში ხალხი დაბადების დღეს ზეიმობს. ვის დაბადების დღეს? ღვთის ძისა თუ უბრალოდ ღვთისმოსავი ებრაელისა, რომელიც პირველ საუკუნეში მის გარშემო გავრცელებული რელიგიის რეფორმისთვის იღვწოდა? ღარიბთა ქომაგისა თუ მეამბოხისა, რომელიც იმდენად დიდ საშიშროებას წარმოადგენდა რომის იმპერიისთვის, რომ სიკვდილით დასაჯეს? ან იქნებ ბრძენკაცისა, რომელიც განსაკუთრებულ მნიშნვნელობას ანიჭებდა თვითშემეცნებასა და შინაგანი სიბრძნის სამყაროს? თქვენ ნამდვილად გაქვთ მიზეზი, გაინტერესებდეთ, თუ ‘ვინ იყო სინამდვილეში იესო ქრისტე?’

იესოს თავად აინტერესებდა ხალხის პასუხი ამ კითხვაზე. „რას ამბობს ხალხი, ვინ ვარ მე?“ — ჰკითხა მან ერთხელ თავის მოწაფეებს (მარკოზი 8:27). რატომ? ბევრმა უკვე მიატოვა ის; სხვები, როგორც ჩანს, დაიბნენ და გული გაუტყდათ, როდესაც იესომ უარყო მათი მცდელობა, გაემეფებინათ. უფრო მეტიც, როდესაც მოწინააღმდეგეები ეკამათებოდნენ, თავისი ვინაობის დასამტკიცებლად იესოს ზეციდან ნიშნები არ უჩვენებია. მაშ, როგორ უპასუხეს მოციქულებმა მის შეკითხვას მისი ვინაობის შესახებ? მათ მოიხსენიეს ხალხში გავრცელებული ზოგი შეხედულება: „ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი — ელიაო და ზოგი — იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიო“ (მათე 16:13, 14). მათ არაფერი უთქვამთ იმ შეურაცხმყოფელ ეპითეტებზე, რომლებიც იმ დროისთვის პალესტინაში იესოს შესახებ იყო გავრცელებული, კერძოდ: ბელზებელი, თაღლითი, ცრუ წინასწარმეტყველი და შეშლილიც კი.

შეხედულებები იესოს შესახებ

დღეს იგივე შეკითხვას იესო ასე დასვამდა: „რას ამბობენ სწავლულები ჩემზე, ვინა ვარ?“ და კვლავ, პასუხები შეიძლება ასე შეჯამდეს: არსებობს ბევრი განსხვავებული შეხედულება. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერის დევიდ ტრესის განმარტებით სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა შეხედულებები აქვთ იესოს შესახებ და იმას, რასაც იესო აკეთებდა ან ამბობდა, თავისებურ ინტერპრეტაციებს უკეთებენ. გასულ საუკუნეში სწავლულები ცდილობდნენ, გაეგოთ, თუ სინამდვილეში ვინ იყო იესო და ამ საკითხის გასარკვევად მათ სოციოლოგიის, ანთროპოლოგიისა და ლიტერატურის მრავალ დარგს მიმართეს. რა დასკვნამდე მივიდნენ ისინი?

ზოგი სწავლული კვლავ განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ ისტორიული იესო — ესქატოლოგი, ებრაელი წინასწარმეტყველი იყო, რომელიც ხალხს მონანიებისკენ მოუწოდებდა. მაგრამ ისინი თავს იკავებენ იმისგან, რომ მას ღვთის ძე, მესია და მხსნელი უწოდონ. უმრავლესობა ეჭვის თვალით უყურებს იესოს ზეციურ წარმოშობასა და აღდგომასთან დაკავშირებულ ბიბლიურ ცნობებს. სხვებისთვის იესო ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომლის სამაგალითო ცხოვრებამ და სწავლებამ ხელი შეუწყო რამდენიმე მოძღვრების ჩამოყალიბებას, რომლებიც საბოლოოდ ქრისტიანობაში გაერთიანდა. და როგორც ჟურნალი, „თეოლოგია დღეს“, ამბობს: სხვებს კი იესო მიაჩნიათ „ცინიკოსად, მოხეტიალე ბრძენკაცად ან მისტიკოს გლეხად; ხალხის ორგანიზატორად, თვითნება პოეტად, რომელიც აკრიტიკებს საზოგადოებრივ წყობას, ან გაქნილ პროვოკატორად, რომელიც ავრცელებს თავის აზრებს პალესტინის მშფოთვარე, გაღატაკებულ და მიყრუებულ სოფლებში და ადვილად აქცევს მოსახლეობას თავისი გავლენის ქვეშ“.

არსებობს სხვა უფრო უცნაური შეხედულებებიც. შავკანიანი იესოს სახე სწრაფად გავრცელდა რეპ მუსიკაში, ხელოვნებასა და ცეკვებშიც კი a. სხვები ფიქრობენ, რომ იესო სინამდვილეში ქალი იყო. 1993 წლის ზაფხულში ტურისტებმა, რომლებიც ეწვივნენ კალიფორნიაში „ორინჯ ქაუნთის“ გამოფენას, ნახეს შიშველი ქალის სტატუეტი, სახელწოდებით „ქრისტი“, რომელიც ვითომდა ჯვარზე გაკრული „ქრისტე“ იყო. დაახლოებით იმავე დროს ნიუ-იორკში გამოფენაზე გამოტანილი იყო „ქრისტა“, ჯვარცმული ქალი „იესო“. ორივე სტატუეტმა ცხარე კამათი გამოიწვია. 1999 წლის დასაწყისში შეხვდებოდით წიგნს სათაურით „ყმაწვილ იესოსა და მისი ძაღლის, ანგელოზის, სიყვარულის შესახებ“. მათი ურთიერთობა „ამაღელვებლად“ არის აღწერილი და „გვიჩვენებს, რომ ორივენი მზად არიან თავი გასწირონ ერთმანეთისთვის“.

ნამდვილად მნიშვნელოვანია?

რატომ უნდა გაინტერესებდეთ ვინ იყო იესო და ვინ არის ის დღეს? პირველ რიგში იმიტომ რომ, ნაპოლეონის სიტყვებს თუ გავიმეორებთ, „იესო ქრისტე თავის ქვეშევრდომებზე გავლენას ახდენს და ხელმძღვანელობს ხილული თანდასწრების გარეშე“. თითქმის 2000 წელია, რაც თავისი ძლიერი სწავლებებითა და ცხოვრების წესით ის ძლიერ გავლენას ახდენს მილიონების ცხოვრებაზე. ერთმა მწერალმა მართებულად შენიშნა, რომ „ყველა ჯარს, რომელიც ოდესმე არსებობდა, ყველა სამხედრო-საზღვაო ფლოტს, რომელიც ოდესმე დაარსებულა, ყველა პარლამენტს, რომელიც ოდესმე შეკრებილა, ყველა მეფეს, რომელსაც ოდესმე უმეფია, — ამ ყველაფერს ერთად არ ჰქონია ადამიანთა ცხოვრებაზე ასეთი მძლავრი გავლენა“.

იმის ცოდნა, თუ ვინ იყო იესო და ვინ არის ის დღეს, უფრო იმიტომაც არის საჭირო, რომ ეს უშუალოდ თქვენს მომავალთან არის დაკავშირებული. თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ, გახდეთ უკვე დაარსებული ზეციერი მთავრობის —ღვთის სამეფოს — ქვეშევრდომი, რომლის მეფეც იესოა. იესოს ხელმძღვანელობით ჩვენი გაპარტახებული დედამიწა აღდგენილი იქნება მშვენიერი მრავალფეროვანი ბუნებითა და ეკოლოგიური ბალანსით. ბიბლიური წინასწარმეტველება გვარწმუნებს, რომ იესოს სამეფო დააპურებს მშიერს, იზრუნებს ღარიბზე, განკურნავს ავადმყოფს და მკვდრებსაც კი აღადგენს.

ცხადია, გაინტერესებთ, თუ როგორი პიროვნება მართავს ასეთ უაღრესად საჭირო მთავრობას. მომდევნო სტატია დაგეხმარებათ იმის დანახვაში, თუ ვინ არის იესო სინამდვილეში.

[სქოლიოები]

a იესოს გარეგნობასთან დაკავშირებით იხილეთ 1998 წლის 8 დეკემბრის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, სტატია „როგორ გამოიყურებოდა იესო?“