იეჰოვა „აღმატებულ ძლიერებას“ გვაძლევს
ბიოგრაფია
იეჰოვა „აღმატებულ ძლიერებას“ გვაძლევს
მოგვითხრო ჰელენ მარკსმა
1986 წლის ზაფხულის თაკარა დღე იყო. ერთადერთი მგზავრი ვიყავი, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წყნარი აეროპორტის საბაჟოზე ვიცდიდი. ეს ტირანაში, ალბანეთის დედაქალაქში, ხდებოდა, რომელმაც თავი „მსოფლიოში პირველ ათეისტ ქვეყნად“ გამოაცხადა.
რა გრძნობა აღარ დამეუფლა, შიშმაც შემიპყრო, როდესაც შეიარაღებულმა ოფიცერმა ჩემი ბარგის ჩხრეკვა დაიწყო. თუ რაიმე საეჭვოს ვიტყოდი ან გავაკეთებდი, ქვეყნიდან გაძევება მელოდა და მათ კი, რომლებიც საბაჟოს გარეთ მიცდიდნენ, დაპატიმრება ან შრომა-გასწორების კოლონია. საბედნიეროდ, საღეჭი რეზინებისა და ტკბილეულის შეთავაზებით, მოვახერხე მისი გულის მოგება. მაგრამ, როგორ აღმოვჩნდი ამ სიტუაციაში 65 წელს გადაცილებული მანდილოსანი? რატომ ვთქვი უარი მშვიდ ცხოვრებაზე და რატომ გავრისკე მარქსიზმ-ლენინიზმის ერთ-ერთ უკანასკნელ ციხე-სიმაგრეში ხელი შემეწყო ღვთის სამეფოს ინტერესებისთვის?
სუსტი ჯანმრთელობის მქონე ცნობისმოყვარე გოგონა
ჩემი დაბადებიდან ორი წლის შემდეგ, 1920 წელს, მამა ფილტვების ანთებით გარდამეცვალა. ჩვენ კუნძულ კრეტაზე, ქალაქ იერაპეტრაში ვცხოვრობდით. დედა ღარიბი და წერა-კითხვის უცოდინარი ქალი იყო. მე ყველაზე უმცროსი ვიყავი ოთხ და-ძმაში და რადგან ბოტკინით ვყოფილვარ დაავადებული, ფერმკრთალი და ავადმყოფური სახე მქონია. მეზობლებს დედისთვის ურჩევიათ, მთელი ყურადღება სამ ჯანმრთელ შვილზე გადაეტანა, ხოლო მე ბედის ანაბარა მივეგდე, რომ მოვმკვდარიყავი. მიხარია, რომ დედამ მათ რჩევას არ მოუსმინა.
მამაჩემის სული ზეცაში რომ მოხვედრილიყო, დედა ხშირად დადიოდა სასაფლაოზე და, ჩვეულებრივ, მართლმადიდებელი მღვდელიც მიჰყავდა იქ. მღვდლის მომსახურება არც ისე იაფი უჯდებოდა. დღესაც მახსოვს ქრისტესშობის საშინლად ცივი დღე, როდესაც სასაფლაოდან გათოშილები დავბრუნდით. უკანასკნელი გროშები მღვდელს მივეცით. დედამ წასახემსებლად რაღაც მწვანილეული მოგვიმზადა, თვითონ კი სხვა ოთახში გავიდა. შიმშილით კუჭი ეწვოდა, ლოყებზე კი უიმედობის გამო, ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები. მოგვიანებით გამბედაობა მოვიკრიბე და მღვდელთან წავედი, რომ მეკითხა, თუ რატომ მოკვდა მამაჩემი და რისთვის უნდა ეხადა საწყალ დედაჩემს მისთვის ფული. მან სიცილნარევი ხმით ჩამჩურჩულა: „ღმერთმა წაიყვანა. ასეთია ცხოვრება. დრო გავა და დარდიც გაგიქარვდება“.
გამიჭირდა მისი პასუხი სკოლაში ნასწავლ „მამაო ჩვენოს“ ლოცვასთან შემეთავსებინა. დღესაც მახსოვს მისი ლამაზი და მრავლისმთქმელი შესავალი სიტყვები: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:9, 10). თუ ღმერთს დედამიწაზე თავისი ნების შესრულება უნდა, ასე რატომღა უნდა ვიტანჯებოდეთ?
ამ კითხვაზე ნაწილობრივ თითქმის მაშინ მივიღე პასუხი, როდესაც 1929 წელს სახლში იეჰოვას მოწმეთა სრული დროით მქადაგებელი, სახელად ემანუილ ლიონუდაკისი, გვეწვია *. როდესაც დედამ მოსვლის მიზეზი ჰკითხა, ემანუილმა ხმის ამოუღებლად გაუწოდა სამქადაგებლო ბარათი. დედამ ბარათი წასაკითხად მე მომაწოდა. რადგან მხოლოდ ცხრა წლის ვიყავი, ბევრი ვერაფერი გავიგე. დედას მქადაგებელი სტუმარი მუნჯი ეგონა და უპასუხა: „საბრალო! შენ ლაპარაკი არ შეგიძლია, მე კიდევ კითხვა არ ვიცი“. შემდეგ კი თავაზიანად კარისკენ მიუნიშნა.
ჩემს შეკითხვებზე სრული პასუხი რამდენიმე წლის შემდეგ ვიპოვე. ჩემმა ძმამ, ემანუილ პატერაკისმა, იმავე სრული დროით მქადაგებლისგან ბროშურა „სად იმყოფებიან მკვდრები?“ მიიღო, რომელიც იეჰოვას მოწმეების მიერაა გამოშვებული *. მისი წაკითხვის შემდეგ გულს მომეშვა, როცა გავიგე, რომ ღმერთს მამაჩემი ზეცაში არ წაუყვანია. ისიც გავიგე, რომ სიკვდილი ადამიანის არასრულყოფილების შედეგია და მამა აღდგენილი იქნება სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე საცხოვრებლად.
„ამ წიგნმა დაგღუპათ!“
ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ თვალები აგვიხილა. სახლში მამაჩვენისეული ძველი ბიბლია ვიპოვეთ და მისი შესწავლა დავიწყეთ. ხშირად ბუხრის გარშემო სანთლის შუქზე ვკითხულობდით მას. რადგან მხოლოდ მე ვიყავი ერთადერთი მოზარდი გოგონა, რომელიც იმ ტერიტორიაზე ბიბლიით დაინტერესდა, იეჰოვას მოწმეების ჯგუფის საქმიანობაში არ მაღებინებდნენ მონაწილეობას. კარგა ხანს გულწრფელად მჯეროდა, თუმცა მართალი არ ვიყავი, რომ ეს რელიგია მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო.
ჩემი ძმის მიერ სამქადაგებლო საქმეში გამოვლენილმა ენთუზიაზმმა დიდად იმოქმედა ჩემზე. მალე პოლიცია ჩვენი ოჯახის საქმიანობით დაინტერესდა და ნებისმიერ დროს მოდიოდა ემანუილისა და ლიტერატურის მოსაძებნად. ცხადად მახსოვს მღვდლის სტუმრობა, რომელიც გვარწმუნებდა, კვლავ ეკლესიაში დავბრუნებულიყავით. როდესაც ემანუილმა ბიბლიაში ღმერთის სახელი იეჰოვა აჩვენა, მან ხელი სტაცა ბიბლიას, ჩემს ძმას ცხვირწინ დაუტრიალა და მუქარით უთხრა: „ამ წიგნმა დაგღუპათ!“
ემანუილმა 1940 წელს უარი განაცხადა სამხედრო სამსახურზე, რის გამოც დააპატიმრეს და ალბანეთის ფრონტზე გააგზავნეს. მის შესახებ არაფერი ვიცოდით და გვეგონა, რომ მკვდარი იყო. მაგრამ, ორი წლის შემდეგ, მოულოდნელად მისგან წერილი მივიღეთ, რომელსაც ციხიდან გვწერდა. ის ცოცხალი და უვნებელი იყო! ერთი ბიბლიური მუხლი, რომელსაც ის წერილში ციტირებდა სამუდამოდ ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში: „უფლის თვალი დაჰყურებს მთელ ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი“ (2 ნეშტთა 16:9). რა ძლიერ ვსაჭიროებდით ასეთ გამხნევებას!
ციხიდან ემანუილმა რამდენიმე ძმას სთხოვა, ჩემთან მოსულიყვნენ. მალევე ქალაქგარეთ მდებარე ფერმაში მალულად ქრისტიანულ შეხვედრებს
ვმართავდით. თურმე გვითვალთვალებდნენ, ჩვენ კი არაფერი ვიცოდით. ერთ კვირა დღეს შეიარაღებულმა პოლიციელებმა ალყა შემოგვარტყეს. სატვირთო მანქანაში ჩაგვყარეს და ქალაქი შემოგვატარეს. დღესაც ყურში ჩამესმის ხალხის დამცინავი და ზიზღნარევი ხმა, მაგრამ იეჰოვამ სულიწმიდის მეშვეობით შინაგანი სიმშვიდე შეგვინარჩუნა.სხვა ქალაქში გაგვაგზავნეს, სადაც ციხის ძალიან ბნელ და ჭუჭყიან საკნებში შეგვყარეს. საკანში ტუალეტის მაგივრობას თავდაუხურავი ვედრო ასრულებდა, რომელსაც დღეში ერთხელ ცლიდნენ. რვა თვით მომისაჯეს პატიმრობა, რადგან ჯგუფის „მასწავლებლად“ მთვლიდნენ. მაგრამ ერთი ძმა, რომელიც ამავე ციხეში იხდიდა სასჯელს, თავის ადვოკატს მოელაპარაკა, რომ ჩვენი საქმე აეღო და მან როგორღაც მოახერხა ჩვენი გათავისუფლება.
ახალი ცხოვრება
ემანუილმა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ათენში დაიწყო მსახურება მიმომსვლელ ზედამხედველად. 1947 წელს მეც გადავედი ათენში. როგორც იქნა მოწმეების დიდ ჯგუფს შევხვდი და არა მხოლოდ მამაკაცებს, არამედ ქალებსა და ბავშვებსაც კი. და ბოლოს და ბოლოს, 1947 წლის ივლისში იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოვინათლე. ხშირად ვოცნებობდი მისიონერობაზე, ამიტომ ღამის სკოლაში დავიწყე სიარული ინგლისური ენის შესასწავლად. 1950 წელს პიონერულ მსახურებას შევუდექი. დედა საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა და მანაც მიიღო ბიბლიური ჭეშმარიტება. ამის შემდეგ 34 წლის განმავლობაში, სიკვდილამდე, იეჰოვას მსახური იყო.
იმავე წელს შესანიშნავ სულიერ პიროვნებას, ჯონ მარკს (მარკოპულოსს) შევხვდი, რომელიც შეერთებული შტატებიდან იყო ჩამოსული. ჯონი სამხრეთ ალბანეთში დაიბადა და შეერთებულ შტატებში გადასახლების შემდეგ იეჰოვას მოწმე გახდა. 1950 წელს ის ცდილობდა, საბერძნეთში აეღო ალბანეთში გასამგზავრებელი ვიზა. ამ ქვეყანაში იმ დროს უმკაცრესი კომუნისტური რეჟიმი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯონს თავისი ოჯახი 1936 წლის შემდეგ აღარ უნახავს, ალბანეთში შესვლის უფლება მაინც არ მისცეს. იეჰოვასადმი მსახურებაში გამოვლენილმა მისმა მგზნებარე სულისკვეთებამ და საძმოსადმი დიდმა სიყვარულმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა და 1953 წლის 3 აპრილს დავქორწინდით. შემდეგ საცხოვრებლად ნიუ-ჯერსიში, ჩვენს ახალ ბინაში, გადავედით.
სრული დროით მსახურებისას თავი რომ გვერჩინა, მე და ჯონმა მცირე ბიზნესი წამოვიწყეთ. ნიუ-ჯერსის სანაპიროზე მეთევზეებისთვის
სადილს ვამზადებდით. მხოლოდ ზაფხულობით ვმუშაობდით განთიადიდან დილის 9 საათამდე. უბრალოდ ვცხოვრობდით და მთელი ყურადღება სულიერ საქმეებზე გადაგვქონდა, რაც გვეხმარებოდა, დროის უმეტესი ნაწილი სამქადაგებლო საქმიანობისთვის დაგვეთმო. წლების განმავლობაში სხვადასხვა ქალაქებში გვაგზავნიდნენ, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. იქ იეჰოვას ძალით ვეხმარებოდით დაინტერესებულებს, ვაარსებდით კრებებს და ჩვენი წვლილი შეგვქონდა სამეფო დარბაზების მშენებლობაში.გასაჭირში ძმებისთვის დახმარების გაწევა
მაგრამ მალე კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება გველოდა. პასუხისმგებელ ძმებს სურდათ, ურთიერთობა დაემყარებინათ ბალკანეთის ქვეყნებში მცხოვრებ თანაქრისტიანებთან, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო. ამ ქვეყნებში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები წლების განმავლობაში მსოფლიო საძმოსგან იზოლირებულები იყვნენ. ისინი სულიერ საკვებს ძალიან იშვიათად ან საერთოდ ვერ ღებულობდნენ და სასტიკ წინააღმდეგობებს აწყდებოდნენ. მათი უმრავლესობა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო და ბევრი მათგანი შრომა-გასწორების კოლონიებში ან ციხეებში იხდიდა სასჯელს. ისინი სასწრაფოდ საჭიროებდნენ დახმარებას ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების, ხელმძღვანელობისა და გამხნევების სახით. მაგალითად, ერთხელ ალბანეთიდან კოდირებული შეტყობინება მივიღეთ: „ილოცეთ ჩვენთვის. ლიტერატურა ჩამოგვართვეს. სწავლის უფლებას არ გვაძლევენ. სამი დააპატიმრეს“.
ამგვარად, 1960 წლის ნოემბრიდან ექვსი თვის მანძილზე ბალკანეთის ზოგი ქვეყანა მოვინახულეთ. აშკარა იყო, რომ ჩვენი მისიის შესასრულებლად „აღმატებული ძლიერება“, სიმამაცე, გაბედულება და მოხერხებულობა გვესაჭიროებოდა (2 კორინთელთა ). პირველი ქვეყანა ალბანეთი იყო. პარიზში ავტომობილი შევიძინეთ და გზას გავუდექით. რომში ჩასვლისას მხოლოდ ჯონმა შეძლო ვიზის მიღება ალბანეთში გასამგზავრებლად. მე საბერძნეთში, ათენში, მომიწია გადასვლა, რომ იქ დავლოდებოდი ქმარს. 4:7
ჯონი 1961 წლის თებერვლის ბოლოს შევიდა ალბანეთში და მარტის ბოლომდე იქ დარჩა. ტირანაში ჯონი ოცდაათ ძმას შეხვდა. როგორი გახარებულები იყვნენ ძმები ასე საჭირო ლიტერატურის მიღებისა და გამხნევებისთვის! 24 წლის განმავლობაში მათ სხვა ქვეყნიდან არავინ სწვევიათ.
ჯონი გაამხნევა ამ ძმების უმწიკვლობამ და ამტანობამ. მან გაიგო, რომ ბევრმა მათგანმა სამუშაო დაკარგა და დაპატიმრებულ იქნა, რადგან უარს აცხადებდნენ კომუნისტური სახელმწიფოს საქმიანობებში მონაწილეობის მიღებაზე. ჯონზე განსაკუთრებით იმ ფაქტმა იმოქმედა, რომ ორმა, ოთხმოცს გადაცილებულმა ძმამ, 100 ამერიკული დოლარი მისცა სამქადაგებლო საქმის მხარდასაჭერად. ეს ფული მათ წლების განმავლობაში მცირე პენსიიდან დაუზოგავთ.
ჯონი ალბანეთში 30 მარტამდე დარჩა. ამ დღეს იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს ზეიმობდნენ. მოხსენება ჯონმა წარმოთქვა; შეხვედრას სულ 37 პიროვნება ესწრებოდა. მოხსენების დასრულებისთანავე ძმებმა სასწრაფოდ გაიყვანეს ჯონი უკანა კარიდან და მანქანით დურესის პორტში წაიყვანეს, საიდანაც თურქეთის სავაჭრო გემზე მოხვდა, რომელსაც კურსი პირეოსისკენ (საბერძნეთი) ჰქონდა აღებული.
ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ის ცოცხალი და უვნებელი დავინახე. ახლა უკვე შეგვეძლო, გაგვეგრძელებინა ჩვენი სარისკო მოგზაურობა. ბალკანეთის კიდევ სამ ქვეყანას ვეწვიეთ, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო. ეს მართლაც სახიფათო საქმე იყო, რადგან თან ბიბლიური ლიტერატურა, საბეჭდი მანქანები და სხვა საჭირო მასალა მიგვქონდა. შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა, გაგვეცნო ზოგი ძალზედ ერთგული და-ძმა, რომლებიც მზად იყვნენ, იეჰოვასთვის გაეწირათ სამუშაო, თავისუფლება და თვით სიცოცხლეც კი. მათი გულმოდგინება და ნამდვილი სიყვარული სტიმულს გვაძლევდა. რწმენას ისიც გვიმტკიცებდა, რომ იეჰოვასგან „აღმატებულ ძლიერებას“ ვგრძნობდით.
ჩვენი მოგზაურობის წარმატებით დასრულების შემდეგ შეერთებულ შტატებში დავბრუნდით. მის მერე წლების განმავლობაში სხვადასხვა გზებს ვეძებდით, რომ ალბანეთში ლიტერატურა გაგვეგზავნა და იქ მომსახურე ძმების საქმიანობის შესახებ ანგარიშები მიგვეღო.
მრავალ მოგზაურობასა და განსაცდელში
გავიდა წლები. 1981 წელს, 76 წლის ასაკში, ჯონი გარდაიცვალა. ჩემმა დისწულმა ევანგელიამ და მისმა ქმარმა ჯორჯ ორფანიდისმა საცხოვრებლად თავისთან მიმიწვიეს და მის შემდეგ დიდ ემოციურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას მიწევდნენ. მათ თავადაც საკუთარ თავზე გამოსცადეს იეჰოვას მხარდაჭერა, როდესაც სუდანში მსახურობდნენ, სადაც აკრძალული იყო ჩვენი რელიგია *.
გარკვეული დროის შემდეგ, ალბანეთში ძმებთან დასაკავშირებელად სხვა გზა უნდა გამონახულიყო. რადგან ჩემი ქმრის ნათესავები იქ ცხოვრობდნენ, ძმებმა მკითხეს, თუ მსურდა მათთან სტუმრობა. რასაკვირველია, სიხარულით მივიღე ეს წინადადება!
ერთთვიანი შეუპოვარი ძალისხმევის შემდეგ, 1986 წლის მაისში, ათენში ალბანეთის ვიზა მივიღე. დიპლომატიურმა წარმომადგენლებმა მკაცრად გამაფრთხილეს, თუ რაიმე გართულებას ექნებოდა ადგილი, სხვა ქვეყნების დახმარების იმედი ტყუილად მექნებოდა. როდესაც ავიაკომპანიაში ალბანეთში გასამგზავრებელი ბილეთის საყიდლად მივედი, მოლარე გაოცებული დარჩა. მალე, ყოველგვარი შიშის მიუხედავად, ათენიდან ტირანაში მიმავალ თვითმფრინავში ვიჯექი, რომელიც კვირაში მხოლოდ ერთხელ დაფრინავდა. ჩემს გარდა თვითმფრინავში მხოლოდ სამი ხანდაზმული ალბანელი მამაკაცი იმყოფებოდა, რომლებიც საბერძნეთში სამკურნალოდ იყვნენ.
თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე ცარიელ ფარდულში შემიყვანეს, რომელიც საბაჟო განყოფილებას წარმოადგენდა. ჩემი მეუღლის უმცროსი და-ძმა იეჰოვას მოწმეები არ იყვნენ, მაგრამ დიდი სურვილი ჰქონდათ დამხმარებოდნენ, რომ რამდენიმე ადგილობრივ ძმას დავკავშირებოდი. ჩემს ნათესავებს მოუწიათ, ხელმძღვანელი პირებისთვის ეცნობებინათ ჩემი ჩამოსვლის ამბავი, რადგან ამას
კანონი მოითხოვდა. რის შემდეგაც, პოლიცია ჩემს თითოეულ ნაბიჯს უთვალთვალებდა. ამიტომ ნათესავებმა მირჩიეს, მათთან დავრჩენილიყავი, სანამ ტირანაში მცხოვრებ ორ ძმას იპოვიდნენ და ჩემთან მოიყვანდნენ.იმ დროისათვის მთელს ალბანეთში ოფიციალურად ცხრა მონათლული ძმა იყო. აკრძალვას, დევნებსა და პოლიციის გამუდმებულ მეთვალყურეობას, რაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა, ძმები ძალზედ ფრთხილ ადამიანებად ექცია. სახეზე ღრმა ნაოჭები გასჩენოდათ. როდესაც ძმებმა სანდო პიროვნებად ჩამთვალეს, პირველი რაც მკითხეს, ეს იყო: «სად არის „საგუშაგო კოშკები“?» წლების განმავლობაში ისინი მხოლოდ ორი ძველი წიგნის ანაბარა იყვნენ და ბიბლიაც კი არ ჰქონდათ.
ისინი დეტალურად მომიყვნენ, თუ რა მკაცრი ზომები მიიღო სახელმწიფომ მათ წინააღმდეგ. გაიხსენეს ერთი ძვირფასი ძმის შემთხვევა, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი შეენარჩუნებინა და არჩევნებში არ მიეღო მონაწილეობა. რადგან სახელმწიფო ყველაფერს აკონტროლებდა, ამის გამო მის ოჯახს ეკრძალებოდა ყოველგვარი საკვების მიღება. მის დაოჯახებულ შვილებს ცოლ-შვილთან ერთად დააპატიმრებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ მის რწმენასთან საერთო არაფერი ჰქონდათ. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ეს ძმა არჩევნების წინა ღამეს ოჯახის წევრებს შიშის გამო მოუკლავთ, გვამი კი სადღაც გადაუმალავთ. მერე კი განუცხადებიათ, რომ თითქოს მან შიშის გამო მოიკლა თავი.
ამ ქრისტიანების სიღარიბე შემაძრწუნებელი იყო. მიუხედავად ამისა, როდესაც გადავწყვიტე თითოეულისთვის 20 ამერიკული დოლარის მიცემა, მათ იუარეს და მითხრეს: „ჩვენ მხოლოდ სულიერი საკვები გვსურს“. ალბანეთი ტოტალიტარული რეჟიმის მქონე სახელმწიფო იყო, სადაც ათეისტურ იდეებს ავრცელებდნენ და მოახერხეს კიდეც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ათეისტებად გადაქცევა. ეს ძვირფასი ძმები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ასეთ ქვეყანაში, მაგრამ მათი რწმენა და სიმტკიცე ისეთივე ძლიერი იყო, როგორც მთელ მსოფლიოში მცხოვრები სხვა მოწმეებისა. ალბანეთში გატარებულმა ორმა კვირამ ჩემზე დიდად იმოქმედა და დამანახვა, რომ იეჰოვა ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი „აღმატებულ სიძლიერეს“ გვაძლევს.
ალბანეთში სტუმრობის შესაძლებლობა კვლავ მომეცა 1989 და 1991 წლებში. როდესაც ამ ქვეყანაში თანდათანობით დამკვიდრდა სიტყვისა და რელიგიის თავისუფლება, იეჰოვას თაყვანისმცემელთა რიცხვიც სწრაფად გაიზარდა. 1986 წელს თუ რამდენიმე მიძღვნილი ქრისტიანი იყო, დღეს იქ 2200-ზე მეტი აქტიური მაუწყებელია. მათ შორისაა ჩემი მეუღლის და, მელპო. ნუთუ ვინმეს ეეჭვება, რომ იეჰოვამ აკურთხა ეს ერთგული ძმები?
მთელი სიცოცხლე იეჰოვას ძალით
როდესაც წარსულს ვიხსენებ, ვრწმუნდები, რომ ჩემი და ჯონის ცხოვრებას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ჩვენი ახალგაზრდული ძალები ყველაზე სასარგებლო საქმეს მოვახმარეთ. ჩვენთვის სრული დროით მსახურება ყველაზე მეტად ძვირფასი საქმიანობა იყო, იმასთან შედარებით, რისთვისაც კი შეიძლებოდა ცხოვრებაში მიგვეღწია. მიხარია, რომ ბევრს დავეხმარეთ ბიბლიური ჭეშმარიტების შესწავლაში. ახლა უკვე მოვხუცდი და შემიძლია მთელი გულით მოვუწოდო ახალგაზრდებს, ‘ახსოვდეთ თავიანთი გამჩენი მათს სიჭაბუკეში’ (ელესიასტე 12:1).
მიუხედავად იმისა, რომ 81 წლის ვარ, დღესაც სრული დროით ვქადაგებ სასიხარულო ცნობას. დილით ადრიანად ვდგები და ვქადაგებ ავტობუსის გაჩერებებზე, ავტოსადგომებზე, ქუჩებში, მაღაზიებსა თუ პარკებში. ასაკის მომატებასთან ერთად პრობლემებიც მემატება, მაგრამ მოსიყვარულე სულიერი და-ძმები, — ჩემი დიდი სულიერი ოჯახი, — და ჩემი დისწულის ოჯახი, ნამდვილ დახმარებას მიწევენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვისწავლე, რომ ‘აღმატებული ძლიერება ღვთისგანაა და არა ჩვენგან’ (2 კორინთელთა 4:7).
[სქოლიოები]
^ აბზ. 10 ემანუილ ლიონუდაკის ბიოგრაფია მოთხრობილია 1999 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 25—29.
^ აბზ. 11 ემანუილ პატერაკისის ისტორია მოთხრობილია 1996 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 22—27, ინგლ.
^ აბზ. 31 იხილეთ 1992 წლის „იეჰოვას მოწმეების წელიწდეული“, გვერდები 91, 92, ინგლ. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათი 25 გვერდზე]
ზემოთ: რამდენიმე ბეთელელთან ერთად ჯონი (მარცხენა ნაპირზე) მე (შუაში), ჩემს მარცხნივ ჩემი ძმა ემანუილი, მის მარცხნივ დედა. ათენი 1950 წელი.
[სურათი 25 გვერდზე]
მარცხნივ: მე და ჯონი 1956 წელს ნიუ-ჯერსის სანაპიროზე მუშაობისას.
[სურათი 26 გვერდზე]
საოლქო კონგრესი ტირანაში, ალბანეთი, 1995 წელი.
[სურათი 26 გვერდზე]
ბეთელი ტირანაში, ალბანეთი. აშენდა 1996 წელს.
[სურათი 26 გვერდზე]
ზემოთ: 1940 წელს „საგუშაგო კოშკიდან“ ალბანურ ენაზე იატაკქვეშეთში თარგმნილი სტატია.
[სურათი 26 გვერდზე]
ჩემს დისწულ ევანგელია ორფანდისთან და მის მეუღლე ჯორჯთან ერთად.