არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა იწვევს საზოგადოების ფენებად დაყოფას?

რა იწვევს საზოგადოების ფენებად დაყოფას?

რა იწვევს საზოგადოების ფენებად დაყოფას?

„შესაძლოა ყველას ჰქონდეს თანასწორობის უფლება, მაგრამ დედამიწაზე არსებული ვერც ერთი მთავრობა ვერასოდეს გადაჭრის უთანასწორობის პრობლემას“.

ეს სიტყვები XIX საუკუნის ფრანგ მწერალს, ონორე დე ბალზაკს, ეკუთვნის. ეთანხმებით მას? ბევრი ქვეცნობიერად გრძნობს, რომ საზოგადოების ფენებად დაყოფა ყოველგვარ ზნეობრივ ნორმებს სცილდება. და მაინც, XXI საუკუნეშიც კი ადამიანთა საზოგადოება ჯერაც მრავალ სოციალურ ფენადაა დაყოფილი.

კალვინ კულიჯი, 1923—1929 წლებში შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დიდად წუხდა საზოგადოების ფენებად დაყოფის გამო და „ყველა მაღალი სოციალური ფენის ერთხელ და სამუდამოდ მოსპობაზე“ ლაპარაკობდა. მიუხედავად ამისა, მისი პრეზიდენტობიდან დაახლოებით 40 წლის შემდეგ ქერნერის კომისიამ, რომელსაც დაევალა რასებს შორის ურთიერთობების შესწავლა, შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატების საზოგადოება ორად — „შავკანიან და თეთრკანიანებად“ — გაიხლიჩებოდა, რომლებიც ერთმანეთისგან იზოლირებული და არათანასწორუფლებიანი იქნებოდნენ“. ზოგი აცხადებს, რომ ეს ერთგვარი წინასწარმეტყველება გამართლდა და ამ ქვეყანაში დღემდე „იზრდება ეკონომიკური და რასობრივი დაყოფა“.

რატომ წარმოადგენს სირთულეს, ადამიანთა თანასწორობის იდეის რეალობად ქცევა? ამას ძირითადად ადამიანის ბუნება განაპირობებს. შეერთებული შტატების ყოფილმა კონგრესმენმა უილიამ რანდოლფ ჰერსტმა ერთხელ თქვა: „ყველა ადამიანი, სულ მცირე, ერთ რამეში მაინც არის თანასწორი, და ეს სხვა არაფერია თუ არა სურვილი იმისა, რომ უთანსწორონი იყვნენ“. რას გულისხმობდა? ალბათ იმას, რაც XIX საუკუნის ფრანგმა დრამატურგმა ანრი ბეკმა უფრო გარკვევით თქვა: „თანასწორობის მიღწევა იმიტომ არის ასე რთული, რომ თავად ვისწრაფვით მაღალი მდგომარეობისკენ“. სხვა სიტყვებით, ადამიანებს სურთ, მათი თანასწორი იყვნენ, ვისაც საზოგადოებაში მათზე მაღალი მდგომარეობა უკავია; მაგრამ ბევრი არ ისურვებდა, შეეზღუდა საკუთარი უფლებები, უპირატესობები და თავისზე დაბლა მდგომს გატოლებოდა.

წარსულში უბრალო ადამიანებად, არისტოკრატებად თუ სამეფო ოჯახიშვილებად იბადებოდნენ. ზოგ ქვეყანაში ეს ჯერაც ასეა. თუმცა, დღეისათვის უმრავლეს ქვეყანაში ფულით განისაზღვრება, საზოგადოების რომელ ფენას — დაბალს, საშუალოს თუ მაღალს — მიეკუთვნება ადამიანი. თუმცა არსებობს სოციალური ფენის განმსაზღვრელი სხვა ფაქტორებიც. მაგალითად: წარმომავლობა, განათლების დონე და წერა-კითხვის ცოდნა. ზოგან დისკრიმინაციის მთავარ მიზეზს სქესი წარმოადგენს, სადაც ქალებს დაბალ ფენას მიაკუთვნებენ.

არსებობს იმედის ნაპერწკალი?

ადამიანის უფლებების შესახებ კანონის მიღებამ მოხსნა ზოგიერთ სოციალურ ფენას შორის არსებული ბარიერები. შეერთებულ შტატებში ანტისეგრეგაციული კანონები მიიღეს. სამხრეთ აფრიკაში აპართეიდი (რასობრივი დისკრიმინაცია) აიკრძალა. მიუხედავად ამისა, მონობა დღესაც არალეგალურად არსებობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მიწის საკუთრების შესახებ კანონის შემოღების თაობაზე, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ამ კანონით სარგებლობის უფლება მიანიჭა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული ამ ღონისძიებით საზოგადოების ზოგმა უღარიბესმა ფენამ შვებით ამოისუნთქა.

ნიშნავს ეს იმას, რომ აღმოიფხვრა საზოგადოების ფენებად დაყოფის პრობლემა? ცხადია არა! მიუხედავად იმისა, რომ დღეს შესაძლოა ზოგიერთ სოციალურ ფენას შორის დისკრიმინაცია შესუსტებულია, საზოგადოების დაყოფის ახალმა სახემ იჩინა თავი. წიგნში „საზოგადოების კლასებს შორის კონფლიქტი საინფორმაციო ეპოქაში“ ნათქვამია: „დღეს კაპიტალისტებად და მუშებად დაყოფა მიუღებლად გვეჩვენება, მაგრამ სწორედ მათმა რიცხობრივმა სიმრავლემ წარმოშვა გულისწყრომით სავსე ადამიანთა უფრო მცირე დაჯგუფებები“.

მუდმივად იარსებებს ადამიანების სოციალურ ფენებად დაყოფის პრობლემა? როგორც მომდევნო სტატიიდან შევიტყობთ, მდგომარეობა უიმედო არ არის.