არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასიხარულო ცნობას კურთხევები მოაქვს

სასიხარულო ცნობას კურთხევები მოაქვს

სასიხარულო ცნობას კურთხევები მოაქვს

«მცხო მე უფალმა გლახაკთათვის [„თვინიერთათვის“, აქ] სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად... სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა» (ესაია 61:1, 2).

1, 2. ა) რა და როგორ გაამჟღავნა იესომ საკუთარი თავის შესახებ? ბ) რა კურთხევები მოჰქონდა სასიხარულო ცნობას, რომელსაც იესო აუწყებდა?

შაბათი იყო. იესო, რომელიც მაშინ ის-ის იყო თავის მსახურებას იწყებდა, ნაზარეთის სინაგოგაში იმყოფებოდა. როგორც ბიბლიაშია ჩაწერილი, «მიაწოდეს მას ესაია წინასწარმეტყველის წიგნი. გაშალა წიგნი და იპოვა ადგილი, სადაც ჩაწერილი იყო: „უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო... სახარებლად“». იესომ კიდევ ცოტა წაიკითხა ამ წინასწარმეტყველებიდან. შემდეგ დაჯდა და თქვა: „დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ“ (ლუკა 4:16—21).

2 ასე ცხადყო იესომ, რომ სწორედ თვითონ იყო ის მახარობელი, სასიხარულო ცნობის მქადაგებელი, და მანუგეშებელი, რომლის შესახებაც წინასწარმეტყველებაშია ნათქვამი (მათე 4:23). მერედა რა სასიხარულო ცნობას ახარებდა იესო! აი რა უთხრა თავის მსმენელებს: „მე ნათელი ვარ წუთისოფლისა, ვინც წამომყვება, ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას“ (იოანე 8:12). შემდეგ კი დასძინა: „თუ ჩემ სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8:31, 32). დიახ, იესოს ჰქონდა „საუკუნო სიცოცხლის სიტყვები“ (იოანე 6:68, 69). ნათელი, სიცოცხლე, თავისუფლება — ეს ყველაფერი საგოგმანები კურთხევებია!

3. რა სასიხარულო ცნობას ქადაგებდნენ იესოს მოწაფეები?

3 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ იესოს მოწაფეებმა განაგრძეს მის მიერ წამოწყებული სამახარობლო საქმე. ისინი აუწყებდნენ ‘ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ’ როგორც ისრაელებს, ისე სხვა ხალხებს (მათე 24:14, აქ; საქმეები 15:7; რომაელთა 1:16). ვინც ეხმაურებოდა, იეჰოვა ღმერთს ეცნობოდა. ისინი თავისუფლდებოდნენ რელიგიური მონობისგან და ახალ სულიერ ერს, ‘ღვთის ისრაელს’, ერწყმოდნენ, რომლის წევრებიც მარადიული მმართველები უნდა იყვნენ ზეცაში უფალ იესო ქრისტესთან ერთად (გალატელთა 5:1; 6:16; ეფესელთა 3:5—7; კოლასელთა 1:4, 5; გამოცხადება 22:5). მართლაც რა დიდებული კურთხევებია!

თანამედროვე მახარობლობა

4. როგორ სრულდება დღეს სასიხარულო ცნობის ქადაგების დავალება?

4 თანამედროვე ცხებული ქრისტიანები, რომელთაც მხარს უჭერს ‘სხვა ცხვრების უამრავი ხალხი’, განაგრძობენ იმ წინასწარმეტყველური დავალების შესრულებას, თავდაპირველად იესოს რომ მიეცა (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16). ამის წყალობით სასიხარულო ცნობის ქადაგებამ, ადრინდელთან შედარებით, უდიდესი მასშტაბები შეიძინა. 235 ქვეყანასა და ტერიტორიაზე იეჰოვას მოწმეები ‘გლახაკთათვის [„თვინიერთათვის“, აქ] ახარებენ... გულშემუსვრილთ კურნავენ, ტყვეთათვის თავისუფლებას აცხადებენ და შებორკილთ ბორკილებს ხსნიან. აცხადებენ უფლის წყალობის წელიწადს და ჩვენი ღვთის შურისგების დღეს ყოველი მგლოვიარის სანუგეშებლად’ (ესაია 61:1, 2). ესე იგი, სამახარობლო საქმეს, რომელსაც ქრისტიანები ასრულებენ, ბევრისთვის კვლავაც მოაქვს კურთხევები, „ყოველგვარ გასაჭირში მყოფთათვის“ კი — ნამდვილი ნუგეში (2 კორინთელთა 1:3, 4).

5. როდესაც საქმე სასიხარულო ცნობის ქადაგებას ეხება, რით განსხვავდებიან იეჰოვას მოწმეები ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებისგან?

5 ეს მართალია, რომ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებს სახსრები აქვთ გამოყოფილი სხვადასხვაგვარი სამახარობლო მეთოდების დასაფინანსებლად. მრავალი მათგანი გზავნის სხვა ქვეყნებში მისიონერებს თავიანთ სარწმუნოებაზე ხალხის მოსაქცევად. მაგალითად, ერთი მართლმადიდებლური გამოცემა გვატყობინებს მართლმადიდებელი მისიონერების საქმიანობის შესახებ მადაგასკარზე, აფრიკის სამხრეთში, ტანზანიასა და ზიმბაბვეში („მართლმადილებლურ-ქრისტიანული მისიის მთავარი ჟურნალი“). მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქრისტიანული სამყაროს სხვა ეკლესიების წევრთა დიდი უმრავლესობა არ მონაწილეობს ასეთ საქმიანობაში. მათგან განსხვავებით, ყველა, ვინც თავი მიუძღვნა იეჰოვა ღმერთს, სამახარობლო საქმის შესრულებას დიდ ძალ-ღონეს ახმარს. მათ ესმით, რომ, თუ სასიხარულო ცნობას აუწყებენ, ამით იმას ადასტურებენ, რომ ნამდვილი რწმენა აქვთ. პავლემ თქვა: „გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად“. რწმენა, რომელიც ადამიანს მოქმედებისკენ არ აღძრავს, ფაქტობრივად, მკვდარია (რომაელთა 10:10; იაკობი 2:17).

მარადიული კურთხევების მომტანი სასიხარულო ცნობა

6. რა სასიხარულო ცნობა ვრცელდება დღეს?

6 იეჰოვას მოწმეები სასიხარულო ცნობათაგან საუკეთესოს ქადაგებენ. ისინი გულისხმიერ ადამიანებს ბიბლიიდან უჩვენებენ, რომ იესომ მსხვერპლად გაიღო საკუთარი სიცოცხლე, რათა კაცობრიობას ღმერთთან დაახლოების, ცოდვების მიტევებისა და მარადიული სიცოცხლის იმედის შესაძლებლობა ჰქონოდა (იოანე 3:16; 2 კორინთელთა 5:18, 19). ისინი იუწყებიან, რომ ღვთის სამეფო, რომელსაც ცხებული მეფე იესო ქრისტე განაგებს, ზეცაშია დამყარებული, რომ მალე იგი ბოლოს მოუღებს ბოროტებას დედამიწაზე და მისი თაოსნობით სამოთხე იქნება აღდგენილი (გამოცხადება 11:15; 21:3, 4). ისინი ესაიას წინასწარმეტყველებას ასრულებენ, რადგან თავიანთ მოყვასთ ამცნობენ, რომ ახლაა ‘უფლის წყალობის წელიწადი’, როცა ადამიანებს ჯერ კიდევ აქვთ სასიხარულო ცნობის ყურად ღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, ისინი ყველას აფრთხილებენ, რომ მალე დადგება ‘ჩვენი ღვთის შურისგების დღე’, როცა იეჰოვა აღგვის პირისაგან მიწისა მოუნანიებელ ბოროტებს (ფსალმუნი 36:9—11).

7. რომელი შემთხვევა მეტყველებს იეჰოვას მოწმეთა ერთობაზე და რით აიხსნება ასეთი ერთობა?

7 მთელ მსოფლიოში, ტრაგედიებითა და უბედურებებით გათანგული ხალხისთვის, ეს ერთადერთი სასიხარულო ცნობაა, რომელსაც მარადიული კურთხევები ახლავს. ისინი, ვინც მას იზიარებს, უერთდებიან იმ ქრისტიანთა ერთიან მსოფლიო საძმოს, რომლებიც ეროვნულ, სოციალურ თუ ეკონომიკურ სხვაობას გასაქანს არ აძლევენ საიმისოდ, რომ მათ შორის კედლად აღიმართოს. ისინი ‘იმოსებიან სიყვარულით, რადგან ის ერთობის სრულყოფილი კავშირია’ (კოლასელთა 3:14, აქ; იოანე 15:12). ამაზე მოწმობს ის, რაც შარშან მოხდა ერთ აფრიკულ ქვეყანაში. ერთ დილას დედაქალაქის მცხოვრებთ სროლის ხმებმა ძილი გაუფრთხეს. ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო მოხდა. როცა ბრძოლამ ეთნიკური ხასიათი მიიღო, მოწმეთა ერთი ოჯახი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს იმის გამო, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფის მოწმეებს იფარებდა. ოჯახმა ასეთი პასუხი გასცა: „ჩვენთან მხოლოდ იეჰოვას მოწმეები ცხოვრობენ“. ამ ოჯახისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა ეთნიკურ სხვაობას; მთავარი მათთვის ქრისტიანული სიყვარული იყო, რომელიც გამოიხატება მათ სანუგეშოდ, ვისაც ეს ესაჭიროება. ამ ოჯახის ერთმა ნათესავმა, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე, შენიშნა: „ყველა რელიგიის წევრები ღალატობდნენ თანამორწმუნეებს. ასე მხოლოდ იეჰოვას მოწმეები არ იქცეოდნენ“. სამოქალაქო ომით გაპარტახებულ ქვეყნებში მომხდარი მრავალი ასეთი შემთხვევა იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვას მოწმეებს ნამდვილად ‘უყვართ საძმო’ (1 პეტრე 2:17).

სასიხარულო ცნობა ადამიანებს აკეთილშობილებს

8, 9. ა) როგორ კეთილშობილდებიან ისინი, ვინც იზიარებს სასიხარულო ცნობას? ბ) რომელი შემთხვევები მეტყველებს სასიხარულო ცნობის ძალაზე?

8 სასიხარულო ცნობა გავლენას ახდენს იმაზე, რასაც პავლემ ‘აწმყო და სამომავლო სიცოცხლე’ უწოდა (1 ტიმოთე 4:8). ეს ცნობა არა მარტო დიდებულ და მტკიცე იმედს უსახავს ხალხს სამომავლოდ, არამედ ‘ამჟამინდელი ცხოვრების’ გაუმჯობესების შესაძლებლობასაც აძლევს. იეჰოვას ყოველი მოწმე ღვთის სიტყვით, ბიბლიით, ხელმძღვანელობს, რათა თავიანთი ცხოვრება ღვთის ნებას შეუსაბამონ (ფსალმუნი 118:101). ისინი ივითარებენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა უმწიკვლობა და ერთგულება, ამის წყალობით კი მათი პიროვნების გარდაქმნა ხდება (ეფესელთა 4:24).

9 აი, მაგალითად, ფრანკო. ის თავს ვერ იკავებდა მრისხანებისას. ყოველთვის, როცა რაღაც არ ხდებოდა საჭიროებისამებრ, ცოფდებოდა და რაც კი ხელში მოხვდებოდა, ანადგურებდა. მის ცოლს იეჰოვას მოწმეები ასწავლიდნენ ბიბლიას, და ფრანკომ, მათს ქრისტიანულ ყოფაქცევას რომ აკვირდებოდა, დროთა განმავლობაში შეიგნო, რომ უნდა გამოსწორებულიყო. ისიც შეუერთდა მათ ბიბლიის შესწავლაში და შედეგად სულის ნაყოფის შემადგენელ თვისებებს — მშვიდობასა და თავშეკავებას — ავლენდა (გალატელთა 5:22, 23). ის ბელგიაში 2001 სამსახურებრივ წელს ერთ-ერთი იყო 492 მონათლულიდან. ახლა კი ალეხანდროზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. ეს ახალგაზრდა ნარკოტიკებს მიეჩვია და იქამდე დაეცა, რომ მისი საცხოვრებელი ნაგავსაყრელი იყო, სადაც, ნარკოტიკების შეძენის მიზნით, გასაყიდად ვარგის სხვადასხვა ხარახურას ეძებდა. 22 წლის ალეხანდროს იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის შესწავლა შესთავაზეს, მასაც უარი არ უთქვამს. ის ყოველდღე კითხულობდა ბიბლიას და ქრისტიანულ შეხვედრებს ესწრებოდა. ალეხანდრო ისე სწრაფად გამოსწორდა, რომ ნახევარ წელზე ნაკლები ხნის შემდეგ სამახარობლო საქმეში მონაწილეობა შეეძლო. ის ერთ-ერთი იყო იმ 10 115 ადამიანიდან, რომლებიც შარშან პანამაში მახარობლობდნენ.

სასიხარულო ცნობა — კურთხევა თვინიერთათვის

10. ვინ ეხმაურება სასიხარულო ცნობას და როგორ იცვლება მათი თვალსაზრისი ცხოვრების მიმართ?

10 ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად, სასიხარულო ცნობა თვინიერთ ექადაგება. ვინ იგულისხმება ამაში? ისინი, ვისაც „მოციქულთა საქმეების“ წიგნში ‘საუკუნო სიცოცხლისათვის განწესებული’ ეწოდება (საქმეები 13:48). ისინი არიან საზოგადოების ყველა ფენის თავმდაბალი ადამიანები, რომლებიც გულის კარს უხსნიან ჭეშმარიტების სიტყვებს. ისინი იგებენ, რომ ღვთის ნებისამებრ ცხოვრება იმისთანა კურთხევების მომტანია, რომლებიც ბევრად აღემატება იმას, რასაც ეს წუთისოფელი გვთავაზობს (1 იოანე 2:15—17). მაგრამ როგორ ახერხებენ იეჰოვას მოწმეები ადამიანთა გულების აჩქროლებას მახარობლობისას?

11. პავლე მოციქულის სიტყვებისამებრ, როგორ უნდა ვქადაგებდეთ სასიხარულო ცნობას?

11 აი პავლე მოციქულის მაგალითი, რომელმაც კორინთელებს მისწერა: „და მეც მოვედი თქვენთან, ძმებო, მოვედი ღვთის მოწმობის საუწყებლად, არა ამაღლებული სიტყვით ან სიბრძნით, რადგან გადავწყვიტე არაფერი მცოდნოდა თქვენს შორის, გარდა იესო ქრისტესი და ისიც ჯვარცმულისა“ (1 კორინთელთა 2:1, 2). პავლეს არც კი უცდია, თავისი განათლებულობით შთაბეჭდილება მოეხდინა მსმენელებზე. ის ასწავლიდა მხოლოდ იმას, რაც ღვთისმიერი და უტყუარი იყო და რაც დღეს ბიბლიაშია ჩაწერილი. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, თუ პავლე თავის თანამახარობელ ტიმოთეს რისკენ მოუწოდებდა: „იქადაგე სიტყვა, დაჟინებით“ (2 ტიმოთე 4:2). ტიმოთეს უნდა ექადაგა „სიტყვა“, ღვთის სიტყვა. პავლე ტიმოთეს ამასაც სწერდა: „ეცადე შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“ (2 ტიმოთე 2:15).

12. როგორ ითვალისწინებენ დღეს იეჰოვას მოწმეები პავლე მოციქულის სიტყვებსა და მაგალითს?

12 იეჰოვას მოწმეები ითვალისწინებენ პავლეს მაგალითს და იმ სიტყვებსაც, ტიმოთეს რომ უთხრა. მათ შეგნებული აქვთ, თუ რაოდენ ძლიერია ღვთის სიტყვა,რომელსაც საუკეთესოდ იყენებენ, როცა თავიანთ მოყვასთ ყურადღებას ამახვილებინებენ დამაიმედებელ და მანუგეშებელ სიტყვებზე (ფსალმუნი 118:52; 2 ტიმოთე 3:16, 17; ებრაელთა 4:12). დიახ, ისინი იყენებენ ბიბლიურ ლიტერატურას, რათა დაინტერესებულ ადამიანებს, როცა მათ თავისუფალი დრო ექნებათ, დაეხმარონ ბიბლიის შესახებ მეტი ცოდნის შეძენაში. მაგრამ მოწმეები ყოველთვის იმის ჩვენებას ცდილობენ, თუ რა არის ნათქვამი თვითონ წმინდა წერილებში. მათ იციან, რომ ღვთის სიტყვა გულს აუჩქროლებს თავმდაბლებს. თანაც, როცა მას მიმართავენ, მოწმეები თვითონაც იძლიერებენ საკუთარ რწმენას.

„სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა“

13. 2001 წლის რომელი მოვლენის გამო გახდა სულ უფრო აუცილებელი მრავალი მგლოვიარის ნუგეშისცემა?

13 არაერთი უბედურება დატრიალებულა 2001 წელს; გასაკვირი არ არის, რომ ბევრს ნუგეში ესაჭიროებოდა. ამის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს გასული წლის სექტემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი შემზარავი ტრაგედია — ტერორისტული თავდასხმა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრზე ნიუ-იორკში და პენტაგონზე ვაშინგტონის მახლობლად. რა გამაოგნებელი იყო ეს მთელი ქვეყნისთვის! როცა ასეთი მოვლენები ხდება, იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, შეასრულონ ის, რაც დავალებული აქვთ — ‘ანუგეშონ ყოველი მგლოვიარე’. აი ამის მაჩვენებელი რამდენიმე შემთხვევა.

14, 15. რამდენად ეფექტურად გამოიყენეს მოწმეებმა ორივე შემთხვევაში ბიბლიური მუხლები დამწუხრებულთა სანუგეშებლად?

14 მახარობელმა, რომელიც პიონერად მსახურობს, ტროტუარზე მიმავალ ქალს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ამასწინანდელ ტერაქტებზე? ქალი ატირდა. მან თქვა, რომ დამწუხრებულია იმის გამო, რაც მოხდა და რაღაცნაირად დახმარების გაწევასაც ისურვებდა. მოწმემ უთხრა, რომ ღმერთი ძალიან არის დაინტერესებული ყოველი ჩვენგანით, და ესაიას 61:1, 2-დან ამოუკითხა სიტყვები. ეს ღვთივსულიერი სიტყვები ამ ქალმა გულთან მიიტანა: მან თქვა, რომ დღეს გარშემო ყველა მგლოვიარეა. მან ტრაქტატი გამოართვა მოწმეს და სთხოვა, შინ სტუმრებოდა.

15 სასიხარულო ცნობის ქადაგებისას ორი მოწმე ფარდულში მომუშავე მამაკაცს შეხვდა. მათ უთხრეს, რომ მისთვის ბიბლიიდან იმ სანუგეშო სიტყვების გაზიარება სურდათ, რომლებიც ბევრს ესაჭიროება საერთაშორისო სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებული ამასწინანდელი ტრაგედიის შემდეგ. მამაკაცი მოსასმენად განეწყო და მოწმეებმა მე-2 კორინთელთა 1:3—7 ამოუკითხეს, სადაც ასეთი სიტყვებია: „მრავლდება ჩვენი ნუგეშისცემა ქრისტეს მიერ“. მამაკაცმა დააფასა ის, რომ მისი მეზობელი მოწმეები სანუგეშო სიტყვებს უზიარებდნენ ხალხს და უთხრა: „ღმერთმა ხელი მოგიმართოთ თქვენს სასიკეთო საქმეში“.

16, 17. რომელი ორი შემთხვევა მეტყველებს იმაზე, რომ ბიბლიის წყალობით შესაძლებელია ნამდვილი დახმარების გაწევა მათთვის, ვინც ამ ტრაგედიამ დაამწუხრა?

16 დაინტერესებულთა განმეორებითი მონახულებისას ერთი მოწმე ერთ-ერთი დაინტერესებული ქალის ვაჟიშვილს შეხვდა და აუხსნა, რომ გულისხმიერებით ეკიდება იმას, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი ახლახან მომხდარი ტრაგედიის შემდეგ. ეს კაცი გაკვირვებული იყო, რომ მოწმემ სპეციალურად გამოყო დრო ადამიანთა მოსანახულებლად და იმის გასაგებად, თუ როგორ გრძნობდა ხალხი თავს. მამაკაცმა უთხრა, რომ ამ თავდასხმის დროს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მახლობლად მუშაობდა და ყველაფერს, თავიდან ბოლომდე, საკუთარი თვალით უყურებდა. როცა იკითხა, თუ რატომ უშვებს ამას ღმერთი, მოწმემ რამდენიმე მუხლი ამოუკითხა ბიბლიიდან, მათ შორის 36-ე ფსალმუნის 39-ე მუხლიც, სადაც ნათქვამია: „წმიდათა შველა უფლისაგან არის, ის არის მათი მფარველი გაჭირვების ჟამს“. მამაკაცი კეთილმოსურნედ დაინტერესდა მოწმისა და მისი ოჯახის კეთილდღეობით, სთხოვა, კვლავაც სტუმრებოდა, და გულითადი მადლობა გადაუხადა მონახულებისათვის.

17 ათასობით დამწუხრებულთა შორის, რომელთაც იეჰოვას მოწმეები ანუგეშებდნენ ტერაქტების შემდეგ, იყო ერთი ქალიც, რომელსაც მოწმეები სხვა მეზობლების მონახულებისას შეხვდნენ. ის მეტად დაუდარდიანებია იმას, რაც მოხდა და გაფაციცებით ისმენდა, როცა მოწმეები 71-ე ფსალმუნის 12—14-ს უკითხავდნენ: „იხსნის ღარიბს, მღაღადებელს და ღატაკს, ვისაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს, ძვირფასია მათი სისხლი მის თვალში“. მართლაც რა დროული აღმოჩნდა ეს სიტყვები! ქალმა მოწმეებს სთხოვა, ერთხელაც წაეკითხათ ეს მუხლები და შინ შეიპატიჟა საუბრის გასაგრძელებლად. საუბრის დასასრულს ბიბლიის შესწავლა მოჰყვა.

18. როგორ დაეხმარა ერთი მოწმე თავის მოყვასთ, როცა ყველასთვის ლოცვა სთხოვეს?

18 ერთი მოწმე მდიდარი რაიონის რესტორანში მუშაობს, სადაც ადრე ხალხი მაინცდამაინც არ იყო დაინტერესებული სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობით. ტერაქტების შემდეგ შეინიშნებოდა, რომ ამ რაიონის მცხოვრებლები გაოგნებულები იყვნენ. იმ კვირას, როცა ტერაქტები მოხდა, პარასკევს რესტორნის მენეჯერმა ყველას სთხოვა, ქუჩაში გასულიყვნენ და სანთლები დაეჭირათ, რათა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ დაღუპულთა ხსოვნისადმი. მოწმე, რომელიც პატივისცემით მოეკიდა თანამშრომელთა გრძნობებს, გავიდა და მდუმარედ დადგა ტროტუარზე. მენეჯერმა იცოდა, რომ იგი იეჰოვას მოწმე იყო, და წუთიერი დუმილის შემდეგ სთხოვა, ელოცა. მოწმე დაეთანხმა. ლოცვაში მან მოიხსენია საერთო წუხილი, მაგრამ თქვა, რომ დამწუხრებულები სასოწარკვეთილებას არ უნდა მისცემოდნენ. ის ლაპარაკობდა იმ დროზე, როცა ასეთი შემაძრწუნებელი მოვლენები წარსულს ჩაჰბარდებოდა, და თქვა, რომ ბიბლიიდან შეძენილი ზუსტი ცოდნა ყველას დაეხმარება ნუგეშის ღმერთთან დაახლოებაში. მას შემდეგ, რაც მოწმემ თქვა „ამინ“, მენეჯერი — მასთან ერთად კი რესტორნიდან გამოსული 60-ზე მეტი კაცი — მიუახლოვდა ამ მოწმეს, მადლობა გადაუხადა, გადაეხვია და უთხრა, რომ ასეთი ლოცვა თავის დღეში არ გაეგონა.

კურთხევა გარშემო მყოფთათვის

19. რომელი შემთხვევა გვიჩვენებს, რომ ზოგი აღიარებს იეჰოვას მოწმეებს, როგორც მაღალზნეობრივ ხალხს?

19 განსაკუთრებით ამ დღეებში იეჰოვას მოწმეებს სარგებლობა მოაქვთ გარშემო მყოფთათვის, რაც ბევრმა უკვე აღნიშნა კიდეც. გარდა ამისა, განა შეიძლება, რომ ხალხს, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, პატიოსნებასა და მაღალზნეობრიობას, კაცობრიობისთვის სიკეთე არ მოჰქონდეს? შუა აზიის ერთ ქვეყანაში მოწმეები შეხვდნენ ყოფილ სახელმწიფო უშიშროების ორგანოთა გადამდგარ ოფიცერს. მან თქვა, რომ თავის დროზე მას დავალებული ჰქონდა სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის შესწავლა. როცა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას იკვლევდა, მასზე შთაბეჭდილება მოახდინა მათმა პატიოსნებამ და წესიერებამ. აღფრთოვანებული იყო მათი მტკიცე რწმენით და იმითაც, რომ მათი სწავლებები ბიბლიას ეფუძნებოდა. ყოფილმა ოფიცერმა თანხმობა განაცხადა ბიბლიის შესწავლაზე.

20. ა) რაზე მეტყველებს იეჰოვას მოწმეთა მიერ შარშან გაწეული შრომა? ბ) საიდან ჩანს, რომ კიდევ დიდი შრომაა გასაწევი და როგორ ვეკიდებით სამახარობლო საქმეს?

20 ამ სტატიაში მოყვანილი რამდენიმე შემთხვევიდან (ასეთი შემთხვევები კი ათასობით იყო) აშკარაა, რომ 2001 სამსახურებრივ წელს იეჰოვას მოწმეებმა დიდძალი შრომა გასწიეს *. ისინი ესაუბრებოდნენ მილიონობით ადამიანს, ანუგეშებდნენ მრავალ დამწუხრებულს და მათმა სამახარობლო საქმემ კარგი ნაყოფი გამოიღო. 263431 ადამიანი ღვთისადმი თავის მიძღვნის ნიშნად წყალში მოინათლა. მთელ მსოფლიოში მახარობელთა რიცხვმა 1,7 პროცენტით იმატა. ხოლო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 15374986 ადამიანი დაესწრო, ცხადია, რომ კიდევ დიდი შრომაა გასაწევი (1 კორინთელთა 11:23—26). მაშ, ისევ და ისევ ვეძებოთ თვინიერი ადამიანები, რომლებიც მზად არიან, გამოეხმაურონ სასიხარულო ცნობას. სანამ ჯერ კიდევ გრძელდება ‘უფლის წყალობის წელიწადი’, მოდი კვლავინდებურად ვანუგეშოთ ‘გულშემუსვრილნი’. ეს რა შესანიშნავი საქმე გვაქვს მობარებული! უდავოდ, ყოველი ჩვენგანი სულითა და გულით უერთდება ესაიას სიტყვებს: „ლხენით ვილხენ უფალში და ხარობს ჩემი სული ჩემს ღმერთში“ (ესაია 61:10). დაე მომავალშიც სასარგებლონი ვიყოთ ღვთისათვის, რომელიც ასრულებს წინასწარმეტყველურ სიტყვებს: „უფალი ღმერთი ამოზრდის სიმართლეს და სადიდებელს ყოველი ხალხის წინაშე“ (ესაია 61:11).

[სქოლიოები]

^ აბზ. 20 2001 სამსახურებრივ წელს იეჰოვას მოწმეთა მოღვაწეობის ანგარიში ცხრილშია მოცემული; გვერდები 19—22.

გახსოვთ თუ არა?

• რა კურთხევები მოჰქონდა თვინიერთათვის სასიხარულო ცნობას, რომელსაც იესო ქადაგებდა?

• რა კურთხევებით ხარობდნენ ისინი, ვინც პირველ საუკუნეში ეხმაურებოდა იესოს მოწაფეთა მახარობლობას?

• როგორი კურთხევებით აჯილდოებს სასიხარულო ცნობა მათ, ვინც დღეს ეხმაურება?

• როგორ ვეკიდებით იმ საპასუხისმგებლო დავალებას, რომ უნდა ვიმახარობლოთ?

[სასწავლო კითხვები]

[ცხრილი 19—22 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეების 2001 წლის მსოფლიო ანგარიში

[ტექსტი სრულად მოცემულია პუბლიკაციაში]

[სურათები 15 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეებს ყოველთვის ახსოვთ, რომ მახარობლობა ევალებათ.

[სურათები 17 გვერდზე]

ისინი, ვინც ეხმაურება სასიხარულო ცნობას, ერთ მუშტად შეკრულ მსოფლიო საძმოს უერთდებიან.