არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი მახარობელია

ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი მახარობელია

ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი მახარობელია

„უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, იმახარობლეთ დღითიდღე ხსნა მისმიერი“ (ფსალმუნი 95:2).

1. რა სასიხარულო ცნობას უნდა დაუგდოს ყური ხალხმა და მის გავრცელებაში რა მხრივ არიან იეჰოვას მოწმეები სამაგალითონი?

ჩვენ ისეთ მსოფლიოში ვცხოვრობთ, სადაც ყოველდღე მრავალი უბედურება ხდება. ამიტომაც მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ, ბიბლიის თანახმად, ომები, დამნაშავეობა, შიმშილი და ჩაგვრა მალე წარსულს ჩაჰბარდება (ფსალმუნი 45:10; 71:3, 7, 8, 12, 16). ნუთუ ეს არ არის სასიხარულო ცნობა, რომელსაც თითოეულმა ადამიანმა უნდა დაუგდოს ყური? იეჰოვას მოწმეები თვლიან, რომ ეს ასეც არის. მათ ყველგან გაითქვეს სახელი, როგორც ‘სიკეთის მახარობლებმა’ (ესაია 52:7). რაც მართალია — მართალია, იმის გამო, რომ გაბედულად ქადაგებენ სასიხარულო ცნობას, მრავალი მოწმე დევნას განიცდის. მაგრამ ისინი სხვების სასიკეთოდ ფიქრობენ, და მართლაც, რამდენი რამ გააკეთეს მოწმეებმა, რაც მათ გულმოდგინებასა და სიმტკიცეზე მეტყველებს!

2. რა არის იეჰოვას მოწმეების გულმოდგინების პირველი მიზეზი?

2 იეჰოვას დღევანდელი მოწმეების გულმოდგინება პირველი საუკუნის ქრისტიანების გულმოდგინებას გვაგონებს. აი რა იყო მათ შესახებ სამართლიანად შენიშნული ერთ კათოლიკურ გაზეთ „ლ’ოსსერვატორე რომანოში“: „პირველი ქრისტიანები მონათვლისთანავე თავს მოვალედ გრძნობდნენ სახარების გასავრცელებლად. მონები ერთიმეორეს უზიარებდნენ სახარებას“. იეჰოვას მოწმეები, რომლებიც პირველი საუკუნის ქრისტიანებს ბაძავენ, რატომ ავლენენ ასეთ გულმოდგინებას? პირველ რიგში იმიტომ, რომ სასიხარულო ცნობა, რომელსაც ქადაგებენ, თავად იეჰოვა ღმერთისგან მომდინარეობს. განა ამაზე მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს გულმოდგინებისათვის? იეჰოვას მოწმეები ქადაგებით ეხმაურებიან ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „უგალობეთ უფალს, ადიდეთ მისი სახელი, იმახარობლეთ დღითიდღე ხსნა მისმიერი“ (ფსალმუნი 95:2).

3. ა) რა არის იეჰოვას მოწმეთა გულმოდგინების ამხსნელი მეორე მიზეზი? ბ) რას ნიშნავს ‘ღვთისმიერი ხსნა’?

3 ფსალმუნმომღერლის სიტყვები იეჰოვას მოწმეთა გულმოდგინების ამხსნელ მეორე მიზეზსაც გვახსენებს. ისინი ქადაგებენ ხსნის შესახებ. ხალხს რომ შეუმსუბუქონ დუხჭირი ცხოვრება, ზოგი ადამინი მუშაობს სოციალურ სფეროში, მედიცინისა თუ ეკონომიკის სხვადასხვა დარგში და ასე შემდეგ. მათი შრომა მართლაც შექების ღირსია, მაგრამ მათ მიერ გაწეული დახმარება ძალიან შეზღუდულია ‘ღვთისმიერ ხსნასთან’ შედარებით. იეჰოვა იესო ქრისტეს მეშვეობით თვინიერთ ცოდვისგან, დაავადებისგან და სიკვდილისგან იხსნის. დახსნილები კი მარადიულად იცოცხლებენ! (იოანე 3:16, 36; გამოცხადება 21:3, 4). ხსნა ის ერთ-ერთი ‘სასწაული’ ანუ სასწაულებრივი საქმეა, რის შესახებაც ქრისტიანები ქადაგებენ. ისინი შემდეგ სიტყვებს ეხმაურებიან: „მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს მისი სასწაულები. რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთებზე საშიშია ის“ (ფსალმუნი 95:3, 4).

უფლის მაგალითი

4—6. ა) რომელია მესამე მიზეზი, რის გამოც იეჰოვას მოწმეები გულმოდგინებას ავლენენ? ბ) რამდენად გულმოდგინე იყო იესო სასიხარულო ცნობის ქადაგებისადმი?

4 არსებობს მესამე მიზეზიც, რის გამოც იეჰოვას მოწმეები გულმოდგინებას ავლენენ. ისინი იესო ქრისტეს კვალს მიჰყვებიან (1 პეტრე 2:21). ამ სრულყოფილმა ადამიანმა მთელი გულით მიიღო დავალება «გლახაკთათვის [„თვინიერთათვის“, აქ] სახარებლად» (ესაია 61:1; ლუკა 4:17—21). ის გახდა მახარობელი, სასიხარულო ცნობის მქადაგებელი. მან გალილეისა და იუდეის ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა და „ქადაგებდა სასუფევლის სახარებას“ (მათე 4:23). და რაკი წინასწარვე იცოდა, რომ მრავალი გამოეხმაურებოდა სასიხარულო ცნობას, თავის მოწაფეებს უთხრა: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს, რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ (მათე 9:37, 38).

5 თავისი ლოცვის თანახმად, იესო სხვებს მახარობლობას ასწავლიდა. მოგვიანებით მან მოციქულები გაგზავნა, დამოუკიდებლად რომ ექადაგათ, და ასე დაარიგა: «მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი [„ზეციერი სამეფო“, აქ]». იქნებ უფრო პრაქტიკული ყოფილიყო გარკვეული პროგრამების შემუშავება იმ დროის საჭირბოროტო სოციალური საკითხების გადასაწყვეტად? ან იქნებ ღირდა პოლიტიკაში ჩარევა, რათა ფართოდ გავრცელებული მექრთამეობის აღმოსაფხვრელად ებრძოლათ? არამც და არამც. იესომ ყველა ქრისტიან მახარობელს ერთი რამ დაავალა, როცა თავის მიმდევრებს უთხრა: „მიაკითხეთ და უქადაგეთ“ (მათე 10:5—7, სსგ).

6 მოგვიანებით იესომ მოწაფეების მეორე ჯგუფი გაგზავნა, რათა ასეთი ცნობა ეუწყებინათ: «მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი [„ღვთის სამეფო“, აქ]». როცა დაბრუნდნენ და თავიანთი სამქადაგებლო საქმიანობის წარმატების შესახებ მოუთხრეს, იესომ ძალზე გაიხარა. იგი ლოცულობდა: „გადიდებ, შენ, მამაო, უფალო ცისა და ქვეყნისაო, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და ჩვილებს განუცხადე. ჰეი, მამაო, ვინაიდან ასე იყო მოსაწონი შენს წინაშე“ (ლუკა 10:1, 8, 9, სსგ, 21). იესოს მოწაფეები — წარსულში თავდაუზოგავი მეთევზეები, მიწათმოქმედები და ასე შემდეგ — ჩვილებს ჰგავდნენ ხალხის დიდად განათლებულ რელიგიურ თავკაცებთან შედარებით. მაგრამ მოწაფეები განისწავლნენ იმისათვის, რომ სასიხარულო ცნობათაგან საუკეთესო ეუწყებინათ.

7. იესოს ცად ამაღლების შემდეგ მისი მიმდევრები, პირველ რიგში, ვისთან ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას?

7 იესოს ცად ამაღლების შემდეგ მისი მიმდევრები კვლავაც აუწყებდნენ ხსნის შესახებ სასიხარულო ცნობას (საქმეები 2:21, 38—40). ვისთან ქადაგებდნენ პირველ რიგში? იმ ხალხებს ხომ არ მიაკითხეს, ღმერთს რომ არ იცნობდნენ? არა, ისინი უწინარეს ყოვლისა ისრაელში მოღვაწეობდნენ — იქ, სადაც ხალხი იეჰოვას 1500 წელზე მეტხანს იცნობდა. ჰქონდათ თუ არა იმ ქვეყანაში ქადაგების უფლება, სადაც ხალხი უკვე თაყვანს სცემდა იეჰოვას? დიახ. იესომ მათ უთხრა: „იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:8). ისრაელისთვის სხვა ნებისმიერ ხალხზე არანაკლებ აუცილებელი იყო სასიხარულო ცნობის გაგება.

8. როგორ ბაძავენ დღეს იეჰოვას მოწმეები იესოს მიმდევრებს, რომლებიც პირველ საუკუნეში ცხოვრობდნენ?

8 დღესდღეობით იეჰოვას მოწმეებიც ქადაგებენ მთელ დედამიწაზე. ისინი თანამშრომლობენ ანგელოზთან, რომელიც იოანემ იხილა. ამ ანგელოზს «ჰქონდა მარადიული სახარება [„სასიხარულო ცნობა“, აქ] დედამიწის მკვიდრთათვის — ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად» (გამოცხადება 14:6). ისინი 2001 წელს 235 ქვეყანასა და ტერიტორიაზე მოღვაწეობდნენ, მათ შორის იმ ქვეყნებშიც, რომელთაც ქრისტიანული სამყაროს შემადგენელ ნაწილად თვლიან. არასწორი ხომ არ არის იეჰოვას მოწმეების მხრიდან იმ ტერიტორიებზე ქადაგება, სადაც ქრისტიანულმა სამყარომ უკვე დააფუძნა თავისი ეკლესიები? ზოგის აზრით — კი. ისინი შესაძლოა იეჰოვას მოწმეებს „ცხვრების მოპარვაშიც“ კი ადანაშაულებენ. მაგრამ მოწმეებს ახსოვთ, თუ როგორ ეპყრობოდა იესო თავისი დროის თავმდაბალ იუდეველებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰყავდათ სამღვდელოება, ეს იესოს სულაც არ უშლიდა ხელს მათთვის სასიხარულო ცნობის ქადაგებაში. მას „შეებრალა ისინი, ვინაიდან ისინი დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი“ (მათე 9:36). ნუთუ იეჰოვას მოწმეებმა, როცა იმ თავმდაბალ ადამიანებს ხვდებიან, რომლებიც არც იეჰოვას იცნობენ და არც მისი სამეფოს შესახებ სმენიათ რამე, საერთოდ არ უნდა ახსენონ სასიხარულო ცნობა მხოლოდ იმის გამო, რომ რომელიღაც რელიგია ამ ხალხს თავის მრევლად მიიჩნევს? იესოს მოციქულთა მაგალითის თანახმად, უნდა ახსენონ — ეს არის ჩვენი პასუხი. აუცილებლად უნდა ექადაგოს სასიხარულო ცნობა „ყველა ერს“, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე (მარკოზი 13:10).

ყველა ადრინდელი ქრისტიანი მახარობლობდა

9. ვინ მონაწილეობდა ქადაგების საქმეში პირველი საუკუნის ქრისტიანთა კრებიდან?

9 ვინ ქადაგებდა პირველ საუკუნეში? ფაქტები იმაზე მოწმობენ, რომ ყველა ქრისტიანი მახარობლობდა. მწერალი უ. ს. უილიამსი შენიშნავს: „საერთო ჯამში, ისტორიული მონაცემები იმაზე მოწმობენ, რომ, ადრინდელი ეკლესიის ყველა ქრისტიანი... სახარებას ქადაგებდა“. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ბიბლია მოგვითხრობს: „ყველანი [მამაკაცებიცა და ქალებიც] აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ“. მახარობლები მამაკაცებიც ხდებოდნენ და ქალებიც, ახალგაზრდებიც და ხანდაზმულებიც, მონებიც და თავისუფლებიც (საქმეები 1:14; 2:1, 4, 17, 18; იოველი 2:28, 29; გალატელთა 3:28). როცა დევნების გამო მრავალ ქრისტიანს ძალით დაატოვებინეს იერუსალიმი, „გაფანტულები მიმოდიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას“ (საქმეები 8:4). ახარებდა ყველა ‘გაფანტული’ და არა საამისოდ დანიშნული რამდენიმე ადამიანი.

10. რომელი ორგვარი დავალება შესრულდა ჯერ კიდევ იუდეველთა სისტემის განადგურებამდე?

10 დიახ, პირველი საუკუნის ქრისტიანები გულმოდგინედ ქადაგებდნენ მთელი იმ დროის განმავლობაში. იესო წინასწარმეტყველებდა: «ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე [„სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“, აქ] მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული» (მათე 24:14). როცა ეს წინასწარმეტყველება პირველ საუკუნეში შესრულდა, სასიხარულო ცნობა ფართოდ იყო გავრცელებული ჯერ კიდევ მანამ, სანამ რომაელთა არმია გაანადგურებდა იუდეველთა რელიგიურ და პოლიტიკურ სისტემას (კოლასელთა 1:23). შემდგომში იესოს ყველა მიმდევარი ასრულებდა მის ბრძანებას: „ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). ადრინდელი ქრისტიანები არ მოქცეულან იმ ზოგი ამჟამინდელი მქადაგებელივით, რომლებიც ჯერ გამუდმებით მოუწოდებენ თვინიერ ადამიანებს, ირწმუნონ იესო, მერე კი თითსაც არ ატოკებენ მათ დასახმარებლად. არა, პირველი ქრისტიანები ასწავლიდნენ ახლებს, ეხმარებოდნენ იმაში, რომ იესოს მოწაფეები გამხდარიყვნენ, მათგან კრება ჩამოეყალიბებინათ და იმასაც ასწავლიდნენ, თუ როგორ ექადაგათ სასიხარულო ცნობა და რანაირად მოემზადებინათ მოწაფეები (საქმეები 14:21—23). დღეს იეჰოვას მოწმეები ამ ნიმუშის მიხედვით მოქმედებენ.

11. ვინ აუწყებს დღეს სასიხარულოთაგან საუკეთესო ცნობას მთელ კაცობრიობას?

11 იეჰოვას მოწმეთა შორის არიან ისინიც, რომლებიც პირველი საუკუნის იმ ქრისტიანების მსგავსად, როგორებიც იყვნენ პავლე, ბარნაბა და სხვები, მისიონერებად გაემგზავრნენ საზღვარგარეთ. მათმა შრომამ ნამდვილად გამოიღო ნაყოფი, ვინაიდან ისინი არ ჩაერივნენ არც პოლიტიკაში და არც რაიმე სხვა ისეთ სფეროში, რაც ნელ - ნელა ხელს ააღებინებდა თავიანთ დავალებაზე — სასიხარულო ცნობის ქადაგებაზე. ისინი ზუსტად ასრულებენ იესოს ბრძანებას: „მიაკითხეთ და უქადაგეთ“. იეჰოვას მოწმეთა უმეტესობა კი მისიონერად არ მსახურობს საზღვარგარეთ. მრავალი მათგანი მუშაობს საკუთარი თავის უზრუნველსაყოფად, სხვები ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობენ. ზოგიც შვილებს ზრდის. მაგრამ ყველა მოწმე უზიარებს ხალხს იმ სასიხარულო ცნობას, რომელიც გაიგეს. ახალგაზრდები და ხანდაზმულები — ყველა სიხარულით ეხმაურება ბიბლიის მოწოდებას: „იქადაგე სიტყვა, დაჟინებით, დროულად და უდროოდ“ (2 ტიმოთე 4:2). ისევე როგორც მათი წინამორბედნი პირველ საუკუნეში, იეჰოვას მოწმეები ‘დაუცხრომლად ასწავლიან და ახარებენ ქრისტე იესოს შესახებ’ (საქმეები 5:42). ისინი აუწყებენ მთელ კაცობრიობას სასიხარულოთაგან საუკეთესო ცნობას.

პროზელიტიზმი თუ მახარობლობა?

12. რა არის პროზელიტიზმი და როგორი დამოკიდებულება განავითარეს მის მიმართ?

12 ბერძნულ ენაში არის სიტყვა „პროსილიტოს“, რომელიც „მოქცეულს“ ნიშნავს. ამ სიტყვიდან დამკვიდრდა ქართულ ენაში სიტყვა „პროზელიტიზმი“, რომელიც „თავის სარწმუნოებაზე სხვების მოქცევისაკენ მისწრაფებას“ ნიშნავს. ზოგის აზრით, პროზელიტიზმი საზიანოა. მსოფლიო საეკლესიო საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში „პროზელიტიზმი ცოდვადაც“ კი არის შერაცხული. რატომ? ერთ კათოლიკურ გამოცემაში ასეთი განმარტებაა: „მართლმადიდებელი ეკლესიის გაუთავებელი ჩივილის გამო „პროზელიტიზმმა“ სარწმუნოებაზე ძალდატანებით მოქცევის გაგება შეიძინა (Catholic World Report).

13. მოიყვანეთ საზიანო პროზელიტიზმის მაგალითები.

13 მართლაც საზიანოა პროზელიტიზმი? ზოგ შემთხვევაში, დიახ. იესოს სიტყვებისამებრ, მწიგნობართა და ფარისეველთა პროზელიტიზმი საზიანო იყო მათთვის, ვისაც თავიანთ სარწმუნოებაზე აქცევდნენ (მათე 23:15). „სარწმუნოებაზე ძალდატანებით მოქცევა“, უდავოდ, მიუღებელია. ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი წერს, რომ, როცა მაკაბელმა იოანე ჰირკანმა ედომელები დაამარცხა, „ნება დართო, დარჩენილიყვნენ ქვეყანაში, ოღონდ იმ პირობით, თუ წინადაიცვეთდნენ და იუდეველთა კანონების მიხედვით იცხოვრებდნენ“. თუ ედომელებს სურდათ, დამორჩილებოდნენ იუდეველთა მმართველობას, მათი რელიგიის აღმსარებლები უნდა გამხდარიყვნენ. გარდა ამისა, როგორც ისტორია მოწმობს, ახ. წ. VIII საუკუნეში კარლოს დიდმა ევროპის ჩრდილოეთში მცხოვრები წარმართი საქსონები დაამარცხა და წარმოუდგენელი სისასტიკით მოაქცია ქრისტიანობაზე *. მაგრამ რამდენად გულწრფელად მიიღეს ახალი სარწმუნოება მოქცეულმა საქსონებმა და ედომელებმა? რამდენად მხურვალედ სურდა ედომელ მეფე ჰეროდეს, რომელიც პატარა იესოს მოკვლას ცდილობდა, ღვთისგან შთაგონებული რჯულის დაცვა? (მათე 2:1—18).

14. როგორ ზემოქმედებს ხალხზე ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთი მისიონერი თავიანთ სარწმუნოებაზე მოსაქცევად?

14 დღესაც ხომ არ ხდება იძულებითი მოქცევა? დიახ, გარკვეული გაგებით. როგორც იტყობინებიან, ქრისტიანული სამყაროს მისიონერები ზოგს, რომლებიც შესაძლოა მათს სარწმუნოებაზე მოექცნენ, საზღვარგარეთ განათლების მიღებას სთავაზობენ. ან რომელიმე მშიერ ლტოლვილს დაისვამენ და დიდხანს ასმენინებენ თავიანთ ქადაგებას; ლტოლვილიც რჩება და ისმენს, იმ იმედით, რომ საკვებს მისცემენ... 1992 წელს, მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა ყრილობის მიერ გამოცემულ დოკუმენტში გაცხადებული იყო, რომ „ზოგჯერ პროზელიტიზმი მატერიალური კეთილდღეობის შეთავაზების გზით ხორციელდება, ზოგჯერ კი — სხვადასხვა ფორმის ძალადობის გამოყენებით“.

15. ეწევიან თუ არა იეჰოვას მოწმეები პროზელიტიზმს, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით? ახსენით.

15 არ შეიძლება იძულებით შეაცვლევინო ვინმეს რელიგია. იეჰოვას მოწმეები ასე არ იქცევიან *. მაშასადამე, ისინი არ ეწევიან პროზელიტიზმს, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით. პირიქით, ისევე როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანები, ყველას უზიარებენ სასიხარულო ცნობას. ყველას, ვინც ნებაყოფლობით ეხმაურება ამ ცნობას, ბიბლიის შესწავლის საშუალებით უფრო მეტის გასაგებად იწვევენ. ეს დაინტერესებული ადამიანები იგებენ, თუ როგორ არის შესაძლებელი ღვთისა და მისი განზრახვებისადმი ბიბლიის ზუსტ ცოდნაზე მტკიცედ დაფუძნებული რწმენის შეძენა. ეს მათ შესაძლებლობას აძლევს, მოუხმონ ღვთის სახელს, იეჰოვას, რათა გადარჩნენ (რომაელთა 10:13, 14, 17). მიიღებენ თუ არ მიიღებენ სასიხარულო ცნობას — ეს ყოველი მათგანის პირადი საქმეა. მათ არავინ არაფერს აიძულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოქცევას არავითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა, ვინაიდან ღმერთს მხოლოდ გულით თაყვანისცემა მოსწონს (მეორე რჯული 6:4, 5; 10:12).

მახარობლობა ჩვენს დროში

16. როგორ იძენს ფართო მასშტაბებს იეჰოვას მოწმეთა მიერ შესრულებული სამახარობლო საქმე ჩვენს დროში?

16 ჩვენს დროში იეჰოვას მოწმეები სასიხარულო ცნობას ქადაგებენ სამეფოს შესახებ, და ეს საქმიანობა მათეს 24:14-ის უფრო დიდ შესრულებას წარმოადგენს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება, რომელსაც სამახარობლო საქმეში იყენებენ, ჟურნალი „საგუშაგო კოშკია“ *. 1879 წელს, როცა „საგუშაგო კოშკის“ პირველმა ნომრებმა დღის სინათლე იხილეს, ჟურნალების ტირაჟი დაახლოებით 6000 ეგზემპლარი იყო ერთ ენაზე. 2001 წელს, 122 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ტირაჟმა 23042000 ეგზემპლარს მიაღწია 141 ენაზე. უდავოა, რომ იეჰოვას მოწმეების სამახარობლო საქმიანობაში უდიდესი ძვრები მოხდა. მე-19 საუკუნეში სამახარობლო საქმეს წელიწადში მხოლოდ რამდენიმე ათასი საათი ეთმობოდა, 2001 წელს კი მას 1169082225 საათი მიეძღვნა. ხოლო იმავე წელს უსასყიდლოდ ჩატარდა ბიბლიის 4921702 საშინაო შესწავლა. მართლაც, რამდენი შესანიშნავი საქმე გაკეთდა სამეფოს 6117666 აქტიური მქადაგებლის მონაწილეობით.

17. ა) რომელ ცრუ ღმერთებს ეთაყვანება დღეს ხალხი? ბ) რა უნდა იცოდეს თითოეულმა ადამიანმა, მიუხედავად ენისა, ეროვნებისა და სოციალური მდგომარეობისა?

17 ფსალმუნმომღერალი ამბობს: „ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა შეჰქმნა ცანი“ (ფსალმუნი 95:5). დღეს ხალხი აღმერთებს ნაციონალიზმს, ეროვნულ სიმბოლოებს, გამოჩენილ ადამიანებს, გარკვეულ ნივთებს და სიმდიდრესაც კი (მათე 6:24; ეფესელთა 5:5; კოლასელთა 3:5). მოჰანდას განდიმ ერთხელ თქვა: „დარწმუნებული ვარ, რომ... თანამედროვე ევროპა მხოლოდ სახელწოდებითაა ქრისტიანული. სინამდვილეში კი მამონას [სიმდიდრეს] ეთაყვანება“. ამიტომაც ყველგან არის საჭირო სასიხარულო ცნობის ქადაგება. ყოველმა ადამიანმა, მიუხედავად ენისა, ეროვნებისა და სოციალური მდგომარეობისა, უნდა იცოდეს, თუ ვინ არის იეჰოვა და რა განზრახვები აქვს. სურვილი გვაქვს, რომ ყველა გამოეხმაუროს ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „შესწირეთ უფალს ქება და დიდება. შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა“ (ფსალმუნი 95:7, 8). იეჰოვას მოწმეები იეჰოვას შესახებ ცოდნის შეძენაში ეხმარებიან ხალხს, რათა ხალხმაც ისე ადიდოს იგი, როგორც მას შეშვენის. ხოლო ისინი, ვინც ეხმაურება სასიხარულო ცნობას, დიდ სარგებლობას იღებენ. რა სარგებლობას? ამაზე შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 13 „კათოლიკური ენციკლოპედიის“ თანახმად, რეფორმაციის დროს ადამიანთა ძალდატანებით მოქცევას სხვა სარწმუნოებაზე ასეთი დევიზი ჰქონდა: „ის, ვინც ქვეყანას განაგებს, რელიგიასაც აწესებს“ (Cuius regio, illius et religio).

^ აბზ. 15 აშშ-ის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის შეხვედრაზე, რომელიც 2000 წლის 16 ნოემბერს შედგა, ერთ-ერთმა მონაწილემ ცალსახად განასხვავა იეჰოვას მოწმეები და ისინი, ვინც ძალდატანებით ცდილობს სარწმუნოებაზე მოქცევას. შეინიშნებოდა, რომ მას, ვისაც იეჰოვას მოწმეები ესაუბრებიან, ყოველთვის შეუძლია თქვას: „მე ეს არ მაინტერესებს“; და კარი მიიხუროს.

^ აბზ. 16 ჟურნალის სრული სახელწოდებაა „საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ“.

შეგიძლიათ განმარტოთ?

• რატომ არიან იეჰოვას მოწმეები გულმოდგინე მახარობლები?

• რატომ ქადაგებენ იეჰოვას მოწმეები იქაც კი, სადაც ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებია დაფუძნებული?

• რატომ ვერ ვიტყოდით, რომ იეჰოვას მოწმეები პროზელიტიზმს ეწევიან, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით?

• როგორ შეიძინა იეჰოვას მოწმეთა სამახარობლო საქმემ დიდი მასშტაბები თანამედროვე დროში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 9 გვერდზე]

იესო გულმოდგინედ ასრულებდა სამახარობლო საქმეს და ამას სხვებსაც ასწავლიდა.

[სურათი 10 გვერდზე]

პირველ საუკუნეში კრების ყველა წევრი მახარობლობდა.

[სურათი 11 გვერდზე]

არ შეიძლება ადამიანებს რელიგიის შეცვლა აიძულო.