იწამეთ იეჰოვა ღმერთი, რომელიც ნამდვილად არსებობს
იწამეთ იეჰოვა ღმერთი, რომელიც ნამდვილად არსებობს
გიცქერიათ ღამის მოწმენდილ ცაზე მიმობნეული ვარსკვლავებისათვის? რით ახსნით მათ არსებობას?
ღამის მდუმარებაში განაბულმა ვარსკვლავებმა ძველი ისრაელის მეფე დავითს კალამი ააღებინა ხელში და დააწერინა: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო“ (ფსალმუნი 18:2). დიახ, ქმნილება კი არა, შემოქმედია ღირსი, ‘რომ მიიღოს დიდება, პატივი და ძალა’ (გამოცხადება 4:11; რომაელთა 1:25).
„ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია“, — ამბობს ბიბლია (ებრაელთა 3:4). დიახ, ჭეშმარიტი ღმერთი, „რომლის სახელიც იეჰოვაა, უზენაესია მთელ ქვეყნიერებაზე“ (ფსალმუნი 83:18, აქ [82:19]). იგი არ არის ჩვენი წარმოსახვის ნაყოფი — უბრალო მირაჟი. იესო ქრისტემ თავისი ზეციერი მამის, იეჰოვას, შესახებ თქვა: „ჩემი გამომგზავნელი ნამდვილად არსებობს“ (იოანე 7:28, აქ).
იეჰოვა — თავისი განზრახვების შემსრულებელი ღმერთი
ღვთის უნიკალური სახელი — იეჰოვა — მხოლოდ ებრაულ წერილებში თითქმის 7 000-ჯერ გვხვდება. თავად ეს სახელი მეტყველებს იმაზე, რომ იგი ნამდვილად არსებობს. ღვთის სახელი სიტყვასიტყვით ნიშნავს: „აქცევინებს“. ასეთი სახით, იეჰოვა თავისი განზრახვების შემსრულებელ ღმერთად წარმოგვიდგენს თავს. როდესაც მოსემ ღმერთს სახელი ჰკითხა, იეჰოვამ შემდეგნაირად დაუზუსტა მისი მნიშვნელობა: „მე ვიქნები ის, რაც ვიქნები“ (გამოსვლა 3:14, აქ). როდერემის თარგმანი ამ სიტყვებს ასე გადმოსცემს: „ვიქცევი იმად, რადაც მე მსურს“. იეჰოვა იღებს გადაწყვეტილებას, გახდეს ანუ იქცეს იმად, რადაც საჭიროა თავისი სამართლიანი განზრახვებისა და დანაპირებების შესასრულებლად. ამიტომაც მას მრავალი წოდება აქვს: შემოქმედი, მამა, უზენაესი უფალი, მწყემსი, ლაშქართა იეჰოვა, მომსმენი ლოცვისა, მსაჯული, დიდებული მოძღვარი, გამომსყიდველი (მსაჯულნი 11:27; ფსალმუნი 22:1; 64:3; 72:28; 88:27; ესაია 8:13; 30:20; 40:28; 41:14, აქ).
მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი შეიძლება იწოდებოდეს იეჰოვად და არა ადამიანები, რომლებიც დანამდვილებით ვერასდროს იტყვიან, განხორციელდება თუ არა მათი გეგმები (იაკობი 4:13, 14). მხოლოდ იეჰოვას შეუძლია თქვას: „როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან არ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს, ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. ფუჭად არ დაბრუნდება ჩემთან, თუ არ აღასრულა ჩემი ნება და არ მიაღწია იმას, რისთვისაც მივავლინე“ (ესაია 55:10, 11).
იეჰოვა უდიდესი სიზუსტითა და დამაჯერებლობით ახორციელებს თავის განზრახვებს; სწორედ ამიტომ ის, რაც ადამიანთა თვალსაზრისით შეიძლება არარეალური ჩანდეს, ღვთის თვალში სავსებით რეალურია. აბრაამის, ისააკისა და იაკობის სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ იესომ ეს ღვთისმოშიში მამაკაცები მოიხსენია და თქვა: „ღმერთი მკვდრებისა კი არა არის, არამედ ცოცხლებისა, ლუკა 20:37, 38). სამი ერთგული პატრიარქი ცოცხალი აღარ იყო, მაგრამ ღმერთს იმდენად მტკიცედ ჰქონდა განზრახული მათი მკვდრეთით აღდგენა, რომ მის თვალში ისინი ცოცხლები იყვნენ. ძველად მცხოვრები ამ ერთგული მსახურების გაცოცხლება იეჰოვასთვის სირთულეს არ წარმოადგენს; ისევე როგორც მისთვის რთული არ ყოფილა მიწის მტვრისგან პირველი ადამიანის შექმნა (დაბადება 2:7).
ვინაიდან მისთვის ყველა ცოცხალია“ (პავლე მოციქულს კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს იმის საჩვენებლად, რომ თუკი ღმერთი რაიმეს განიზრახავს, ის ზრუნავს კიდეც მის განხორციელებაზე. საღვთო წერილში აბრაამს ‘მრავალი ერის მამა’ ეწოდება (რომაელთა 4:16, 17). აბრამი ჯერ კიდევ უშვილო იყო, როცა იეჰოვამ მას სახელი შეუცვალა და აბრაამი უწოდა, რაც „უამრავი ხალხის მამას“ ნიშნავს. იეჰოვამ რეალობად აქცია ამ სახელის მნიშვნელობა — მან სასწაულებრივად აღუდგინა გამრავლების უნარი ხანში შესულ აბრაამსა და მის ცოლ სარას (ებრაელთა 11:11, 12).
დიდი ძალაუფლებითა და ავტორიტეტით აღჭურვილი იესო ქრისტე რეალურ მოვლენებს ადამიანთა თვალსაწიერზე გაცილებით აღმატებული გადასახედიდან განიხილავდა. თუმცა მისი ახლო მეგობარი ლაზარე მოკვდა, თავის მოწაფეებს იესომ უთხრა: „ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა. მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“ (იოანე 11:11). რატომ თქვა იესომ, რომ მიცვალებულს უბრალოდ ეძინა?
როდესაც იესო ლაზარეს მშობლიურ ქალაქ ბეთანიაში ჩავიდა, იგი მაშინვე სამარხისაკენ გაეშურა და ბრძანა, რომ შესასვლელში დადებული ლოდი გადაეგორებინათ. მან ხმამაღლა ილოცა და შემდეგ დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“. იქ მყოფთა მზერა სამარხზე იყო მიპყრობილი და აი, „გამოვიდა მიცვალებული, ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა შეხვეული“. იესომ მათ უთხრა: „გახსენით, გაუშვით, იაროს“ (იოანე 11:43, 44). მან მკვდრეთით აღადგინა ლაზარე — ადამიანი, რომელიც ოთხი დღის მკვდარი იყო! იესოს არ დაუმახინჯებია სინამდვილე, როდესაც თქვა, რომ ეძინა მის მეგობარს. განსვენებულ ლაზარეს იეჰოვასა და იესოს თვალში უბრალოდ ეძინა. დიახ, იესოსა და მის ზეციერ მამას რეალურ მოვლენებთან აქვთ კავშირი.
იეჰოვას შეუძლია ჩვენი იმედების რეალობად ქცევა
რაოდენ დიდია სხვაობა მაცდუნებელ კერპებსა და ჭეშმარიტ ღმერთს შორის! კერპების თაყვანისმცემლები ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ თავიანთი თაყვანისცემის ობიექტები ზებუნებრივ ძალებს ფლობენ. რაც უნდა დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით მიმართონ მათ, ეს კერპები მაინც ვერ გახდებიან სასწაულმოქმედნი. მეორე მხრივ, იეჰოვა ღმერთს შეუძლია, თავისი დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი მსახურები ცოცხლებად მიიჩნიოს, იმიტომ რომ, ძალუძს მათი გაცოცხლება. «უფალი [„იეჰოვა“, აქ]. . . ჭეშმარიტი ღმერთია», და იგი არასოდეს ატყუებს თავის ხალხს (იერემია 10:10).
რაოდენ მანუგეშებელია, რომ იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს ის მკვდრები, რომლებიც მის მეხსიერებაში არიან, მკვდრეთით აღდგებიან — გაცოცხლდებიან! (საქმეები 24:15). დიახ, მკვდრეთით აღდგენა ადამიანის პიროვნების, საკუთარი „მეს“ ხელახლა შექმნას, გაცოცხლებას გულისხმობს. მიცვალებულის პიროვნების გახსენება და მკვდრეთით აღდგენა რთული არ არის შემოქმედისთვის, რომელიც უსაზღვრო სიბრძნესა და ძალას ფლობს (იობი 12:13; ესაია 40:26). რადგან იეჰოვას ძალიან უყვარს ადამიანები, იგი თავის სრულყოფილ მეხსიერებას გამოიყენებს, რათა მკვდრები ისეთივე ინდივიდუალური თვისებებით აღადგინოს სამოთხედქცეულ დედამიწაზე, როგორი თვისებებიც მათ სიკვდილამდე ჰქონდათ (1 იოანე 4:8).
სატანის წუთისოფლის აღსასრული სულ უფრო და უფრო ახლოვდება, ჭეშმარიტი ღვთის მორწმუნეებს კი ბრწყინვალე მომავალი ელით (იგავნი 2:21, 22; დანიელი 2:44; 1 იოანე 5:19). ფსალმუნმომღერალი გვარწმუნებს: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი. . . ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:10, 11). დამნაშავეობა და ძალადობა წარსულს ჩაჰბარდება. ყველგან სამართალი იზეიმებს და სიღარიბეც დავიწყებას მიეცემა (ფსალმუნი 36:6; 71:12, 13; ესაია 65:21—23). სოციალური, რასობრივი, ტომობრივი თუ ეთნიკური ჩაგვრის ყოველგვარი ნიშანწყალი გაქრება (საქმეები 10:34, 35). აღარ იქნება ომები და საომარი იარაღები (ფსალმუნი 45:10). იმ დროს „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“ (ესაია 33:24). ყველა ადამიანი დატკბება სრულყოფილი ჯანმრთელობით (გამოცხადება 21:3, 4). სამოთხედქცეული დედამიწა მალე რეალურად იარსებებს. ეს იეჰოვას განზრახვაა!
დიახ, ყველაფერი, რასაც ბიბლია აღგვითქვამს, მალე შესრულდება. მაშ, განა ღირს იმით თავის მოტყუება, რასაც ამ წუთისოფელში კერპებად იხდიან ადამიანები, მაშინ როცა, იეჰოვასადმი მთელი გულით მინდობა შეგვიძლია? მას ნებავს, რომ „ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:3, 4). ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი დრო და სახსრები ამ სისტემაში მრავლად არსებულ ილუზიებსა და მირაჟებს, ანდა ამ წუთისოფლის ღვთაებებს შევალიოთ, მოდი გავიზარდოთ იმ ღვთის შესახებ შემეცნებაში, რომელიც ნამდვილად არსებობს და მთელი გულით ვიწამოთ იგი (იგავნი 3:1—6; იოანე 17:3).
[სურათი 6 გვერდზე]
იეჰოვასა და იესოს თვალში ლაზარეს, უბრალოდ, ეძინა.
[სურათები 7 გვერდზე]
სამოთხედქცეული დედამიწა მალე რეალურად იარსებებს.