კარგი საქმეები ღმერთს განადიდებს
კარგი საქმეები ღმერთს განადიდებს
ჭეშმარიტი ქრისტიანები თავიანთი კარგი საქციელითა და სამაგალითო საქმეებით ღმერთს განადიდებენ (1 პეტრე 2:12). ამას ბოლო წლებში იტალიაში მომხდარი შემთხვევებიც ადასტურებს.
1997 წლის სექტემბერში, მარკესა და უმბრიას სხვადასხვა რეგიონებში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც დაახლოებით 90000 სახლი დააზიანა. იეჰოვას მოწმეებმა დაუყოვნებლივ გაუწოდეს დახმარების ხელი თანამორწმუნეებსა თუ სხვებს. ისინი დროებითი საცხოვრებელი ვაგონებით, საძილე ტომრებით, ელექტროღუმლებით, გენერატორებითა და სხვა საჭირო ნივთებით ამარაგებდნენ დაზარალებულებს. მათ მიერ გაწეული დახმარება შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
გაზეთი „ჩენტრო“ წერდა: „პირველები, ვინც შემთხვევის ადგილზე დასახმარებლად ჩამოვიდნენ, როზეტოში [პროვინცია ტერამოში] მცხოვრები იეჰოვას მოწმეები იყვნენ... გარდა იმისა, რომ იეჰოვას მოწმეები პერიოდულად თაყვანისცემისთვის იკრიბებიან, იეჰოვას ეს ერთგული მსახურები პრაქტიკულ საქმიანობასაც ეწევიან; ისინი დაზარალებულებს, მათი რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, დახმარებას სთავაზობენ“.
ყველაზე მეტად დაზიანებულ ქალაქებს შორის ერთ-ერთი ნოჩერა-უმბრა იყო, რომლის მერმა მოწმეების შესახებ დაწერა: „ყველა მოქალაქის სახელით, პირადად გიხდით გულითად მადლობას იმ დახმარებისთვის, რაც ნოჩერას მოსახლეობისთვის გასწიეთ“. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპატიო სიგელითა და მედლით დააჯილდოვა Congregazione Cristiana dei Testimoni di Geova (იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული კრება) „უმბრიასა და მარკეს რეგიონში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გაწეული სამსახურისა და გულმოდგინე დახმარებისთვის“.
2000 წლის ოქტომბერში ჩრდილოეთ იტალიის პიემონტის ოლქში დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა. იეჰოვას მოწმეებმა ამჯერადაც მყისვე დაიწყეს მოქმედება დახმარების გასაწევად. არც ეს კეთილი საქმე დარჩენილა შეუმჩნეველი. პიემონტის ოლქმა საპატიო სიგელით დააჯილდოვა მოწმეები „წყალდიდობისგან დაზარალებული პიემონტის მოსახლეობის დასახმარებლად გაწეული შესანიშნავი, ნებაყოფლობითი სამუშაოსთვის“.
იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები დაარიგა: „ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათე 5:16). იეჰოვას მოწმეები „კეთილი საქმეებით“ მოყვასს დახმარების ხელს უწვდიან, როგორც სულიერად, ისე სხვა მრავალი სახით, რითაც ღმერთს განადიდებენ და არა საკუთარ თავს.