არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილად არსებობს ღმერთი, რომელიც თქვენ გწამთ?

ნამდვილად არსებობს ღმერთი, რომელიც თქვენ გწამთ?

ნამდვილად არსებობს ღმერთი, რომელიც თქვენ გწამთ?

ამერიკის საბუნებისმეტყველო მუზეუმის დავალებით სპეციალური ექსპედიცია გაემგზავრა არქტიკის ერთ-ერთი რეგიონის გამოსაკვლევად. როგორც მკვლევარი რობერტ პიერი იტყობინებოდა, მან ეს მხარე შვიდიოდე წლის წინათ, 1906 წელს, იხილა.

ჩრდილოეთ ამერიკის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი წერტილიდან, ქოლგეითის კონცხიდან, პიერმა დათოვლილი მწვერვალები შენიშნა, რომლებიც თითქოსდა შორეული მიწის ჰორიზონტზე ილანდებოდა. თავისი ერთ-ერთი სპონსორის პატივსაცემად პიერმა ამ ადგილს კროკერის მიწა უწოდა. მომდევნო ექსპედიციის წევრებს სიხარულისგან ალბათ გულები აუთრთოლდათ, როდესაც ბორცვები, ველ-მინდვრები და თოვლით დაფარული მწვერვალები გადაეშალათ თვალწინ! მაგრამ ისინი მალევე მიხვდნენ, რომ ეს უჩვეულო პეიზაჟი სხვა არაფერი იყო, თუ არა არქტიკული მირაჟი. ატმოსფეროს ამ თავისებურმა ოპტიკურმა ეფექტმა შეცდომაში შეიყვანა პიერი და ექსპედიციის წევრებმაც ტყუილუბრალოდ შეალიეს დრო, ძალ-ღონე და სახსრები იმის კვლევა-ძიებას, რაც სინამდვილეში არ არსებობდა.

დღეს მრავალი ადამიანი უძღვნის თავსა და დროს იმ ღმერთებს, რომლებიც, მათი აზრით, სინამდვილეში არსებობენ. იესოს მოციქულების თანამედროვენი ისეთ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს, როგორებიც იყვნენ ზევსი და ჰერმესი (საქმეები 14:11, 12). იმ ღმერთების რიცხვი, რომლებსაც დღესდღეობით სინტოიზმის, ინდუიზმისა და სხვა რელიგიის მიმდევრები სცემენ თაყვანს, მილიონებს აღწევს. დიახ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, „არის მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი“ (1 კორინთელთა 8:5, 6). შეიძლება, რომ ყველა ეს ღმერთი ნამდვილად არსებობდეს?

ღმერთები, რომლებსაც არ ძალუძთ გადარჩენა

დავფიქრდეთ, მაგალითად, თაყვანისცემაში გამოსახულებებისა და სიმბოლოების გამოყენებაზე. იმ ადამიანებს, რომლებიც მათზე ამყარებენ იმედს ანდა მათი მეშვეობით ლოცულობენ, სჯერათ, რომ კერპები მხსნელებად ევლინებიან და ზებუნებრივ ძალებს ფლობენ. მათი აზრით კერპებს ადამიანების დაჯილდოება და დაცვა შეუძლიათ. მაგრამ, განა მართლა შესწევთ მათ ვინმეს გადარჩენის ძალა? ასეთი კერპების შესახებ ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „ხალხთა კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანის ნახელავი. პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ. ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, არც აქვთ სუნთქვა მათ პირებს“. დიახ, ისინი არიან ღმერთები, ‘რომლებსაც არ ძალუძთ გადარჩენა’ (ფსალმუნი 134:15—17; ესაია 45:20).

ისინი, ვინც კერპებს ამზადებენ, ალბათ, დარწმუნებული არიან, რომ მათი ხელთქმნილი ცოცხალია და დიდ ძალაუფლებას ფლობს. კერპების თაყვანისმცემელნი კი დიდად არიან დაიმედებული მათზე. „მხარზე შეიდგამენ [კერპს] და ატარებენ, — ამბობს ესაია წინასწარმეტყველი, — მერე ჩამოდგამენ თავის ადგილზე“. შემდეგ დასძენს: „დგას და ადგილიდან არ იძვრის, შესძახიან და პასუხს არა სცემს, გასაჭირში ვერ ეშველება“ (ესაია 46:7). კერპების თაყვანისმცემელთა რწმენის სიმტკიცის მიუხედავად, ფაქტია, რომ ამ ნაკეთობებს სიცოცხლის არავითარი ნიშან-წყალი არ ამჩნევიათ. გამოკვეთილი და ნაქანდაკები კერპები „უსარგებლო ღმერთები“ (აქ) არიან (აბაკუმი 2:18).

შოუ-სამყაროს ვარსკვლავებისა თუ გამოჩენილი სპორტსმენების, პოლიტიკური სისტემებისა თუ ზოგიერთი რელიგიური წინამძღოლის კულტად ქცევა, თაყვანისცემა და გაღმერთება დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ბევრისთვის ფულიც ღმერთად არის ქცეული. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ კერპებს იმ თვისებებსა და ღირსებებს მიაწერენ, რაც მათ საერთოდ არ გააჩნიათ. ისინი არ და ვერ აძლევენ თავიანთ თაყვანისმცემლებს იმას, რის მიღებასაც მათგან მოელიან. მაგალითად, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ სიმდიდრის დაგროვებით მრავალ პრობლემას გადაჭრის, მაგრამ სიმდიდრეს მაცდუნებელი ძალა აქვს (მარკოზი 4:19). ერთმა მკვლევარმა ასეთი რამ თქვა: „საინტერესოა, რით უნდა ავხსნათ დღეს არსებული ტენდენცია — ის, რაც მრავალ ადამიანს მთელი გულით სწადია და პანაცეად მიაჩნია, შეძენის შემდეგ იმედგაცრუებასა და ზოგჯერ სულიერ ტრავმასაც კი იწვევს“. დიახ, სიმდიდრეს დახარბებული ადამიანი შეიძლება იძულებული გახდეს, თავის კარიერას რაღაც ჭეშმარიტად ღირებული შესწიროს — მაგალითად, ჯანმრთელობა, სასიამოვნო ოჯახური ცხოვრება, თბილი მეგობრული ურთიერთობები ანდა ძვირფასი ურთიერთობა შემოქმედთან. ღმერთი, რომელსაც ის ემსახურება, ‘სიცრუის კერპი’ (აქ) აღმოჩნდება (იონა 2:8).

არავინ იყო მოპასუხე

არარსებულის სინამდვილედ მიჩნევა უგუნურებაა. ღვთაება ბაალის თაყვანისმცემლები, რომლებიც წინასწარმეტყველ ელიას დროს ცხოვრობდნენ, მწარე გაკვეთილის ფასად დარწმუნდნენ ამაში. მათ მტკიცედ სწამდათ, რომ ბაალს ზეციდან ცეცხლის ჩამოგდებისა და მსხვერპლად შეწირული საქონლის შთანთქმის ძალა შესწევდა. ისინი „დილიდან შუადღემდე ახსენებდნენ ბაალის სახელს და უხმობდნენ: ხმა გაგვეც, ბაალ!“. ჰქონდა კი ბაალს ყურები, რომ მოესმინა და პირი, რომ რაიმე ეთქვა? ბიბლია დასძენს: „არც ხმა იყო და არც პასუხი“. დიახ, „ჩქამიც“ კი არ ისმოდა (მესამე მეფეთა 18:26, 29). ბაალი არ არსებობდა, ის არ იყო ცოცხალი და არც არაფრის გაკეთება შეეძლო.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ვიცნობდეთ და თაყვანს ვცემდეთ ღმერთს, რომელიც ნამდვილად არსებობს! მაგრამ ვინ არის ეს ღმერთი? და რა სარგებლობას მივიღებთ, თუ მას ვიწამებთ?

[სურათები 3 გვერდზე]

პიერის ამხანაგი, იგინია, ჰორიზონტზე შორეულ მიწას ეძებს.

რობერტ პიერი

[საავტორო უფლება]

Egingwah: From the book The North Pole: Its Discovery in 1909 Under the Auspices of the Peary Arctic Club, 1910; Robert E. Peary: NOAA

[სურათები 4 გვერდზე]

მრავალი ადამიანი ტყუვდება იმით, რაც წუთისოფელში კულტად არის ქცეული.