არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის სიტყვის მასწავლებლები აღძრულნი არიან თავიანთი დავალების შესასრულებლად

ღვთის სიტყვის მასწავლებლები აღძრულნი არიან თავიანთი დავალების შესასრულებლად

ღვთის სიტყვის მასწავლებლები აღძრულნი არიან თავიანთი დავალების შესასრულებლად

ამ რამდენიმე თვის წინ ათასობით მასწავლებელი შეიკრიბა მითითებების მისაღებად. გასული წლის მაისიდან მოყოლებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩატარდა იეჰოვას მოწმეების ასობით საოლქო კონგრესი, სახელწოდებით „ღვთის სიტყვის მასწავლებლები“. დელეგატებს მოუწოდეს თავად ესწავლათ, რომ გამხდარიყვნენ უფრო უკეთესი მასწავლებლები და შეესრულებინათ ეს დავალება.

დაესწარით თუ არა ამ კონგრესებიდან ერთ-ერთს? თუ დიახ, მაშინ, უდავოდ, გრძნობთ მადლიერებას ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ ამ შეხვედრებზე მიღებული ბრწყინვალე სულიერი საზრდოსთვის. მოდი განვიხილოთ ჩვენთვის სასარგებლო ამ კონგრესის პროგრამა.

პირველი დღე — ბიბლია ღვთის შთაგონებული და სასწავლებლად სასარგებლოა

პროგრამის თავმჯდომარე გულთბილად მიესალმა დელეგატებს მოხსენებით „ღვთის სიტყვის მასწავლებლებო, ისწავლეთ“. იესო სწავლობდა იეჰოვასგან, „დიდებული მოძღვრისგან“, და ამიტომ თავადაც გახდა დიდებული მასწავლებელი (ესაია 30:20, აქ; მათე 19:16). თუ გვსურს, ღვთის სიტყვის უკეთესი მასწავლებლები გავხდეთ, თავად გვმართებს, მივიღოთ იეჰოვასგან დასწავლება.

მომდევნო მოხსენების სათაური იყო: „სამეფოს შესახებ სწავლებას მშვენიერი ნაყოფი მოაქვს“. ღვთის სიტყვის გამოცდილ მასწავლებლებთან აღებულ ინტერვიუებში აღინიშნა ის სიხარული და კურთხევები, რომლებიც მოწაფეების მომზადებას მოჰყვება.

შემდეგ წარმოითქვა გამამხნევებელი მოხსენება: «‘ღვთის დიადი საქმეებით’ აღფრთოვანებულნი». პირველ საუკუნეში ღვთის სამეფოს შესახებ ცნობამ ადამიანები მოქმედებისკენ აღძრა, რაც „დიად საქმეებში“ შედიოდა (საქმეები 2:11). ჩვენც შეგვიძლია აღვძრათ სხვები მოქმედებისკენ, თუ განვუცხადებთ იმ „დიად საქმეებს“, რომლებიც წმინდა წერილებშია ჩაწერილი: გამოსასყიდი, მკვდრეთით აღდგომა და ახალი შეთანხმება.

შემდეგი მოხსენება ყველას მოუწოდებდა: „გაიხარეთ იეჰოვას სიმართლით“ (ფსალმუნი 34:27). სიმართლის მსახურებაში დაგვეხმარება ის, თუ ვისწავლით სიკეთის სიყვარულს და ბოროტების სიძულვილს, თუ შევისწავლით ბიბლიას და აქტიურად შევეწინააღმდეგებით ზიანის მომტან გავლენას ჩვენს სულიერობაზე და თუ გამოვიმუშავებთ თავმდაბლობას. ეს ნაბიჯები დაგვიცავს მავნე ურთიერთობების, სიმდიდრეზე წუთისოფლისეული შეხედულებისა და აღვირახსნილი და უმართავი გართობისგან.

წამყვანმა მოხსენებამ, „ღვთის სიტყვის მასწავლებლებად ყოველმხრივ მომზადებულნი“, შეგვახსენა, რომ იეჰოვა თავისი სიტყვის, სულიწმიდისა და მიწიერი ორგანიზაციის მეშვეობით გვამზადებს თავის მსახურებად. ღვთის სიტყვის გამოყენებასთან დაკავშირებით, მომხსენებელმა გვირჩია: „ჩვენი მიზანია... სული ჩავუდგათ ქაღალდზე დაბეჭდილ ბიბლიურ ცნობას და მსმენელთა გულებში ჩავბეჭდოთ“.

კონგრესზე წარმოთქმულ მოხსენებათა პირველ სერიას ერქვა: „საკუთარ თავსაც ვასწავლოთ, როდესაც სხვებს ვასწავლით“. შესავალ ნაწილში ხაზგასმით აღინიშნა, რომ თავად გვმართებს იმ მაღალი ქრისტიანული ზნეობრივი ნორმების დაცვა, რომლებსაც სხვებს ვასწავლით. შემდეგმა მომხსენებელმა გვირჩია ‘სწორად გადაგვეცა ჭეშმარიტების სიტყვა’ (2 ტიმოთე 2:15). მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ საკუთარ თავს, ანუ გვქონდეს ბიბლიის რეგულარული და გულმოდგინე პირადი შესწავლა, იმისდა მიუხედავად, თუ რამდენი წელია, რაც ღმერთს ვემსახურებით. მოხსენებათა სერიის ბოლო ნაწილმა დაგვანახა, რომ სიამაყე, დამოუკიდებლობის სული, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, ეჭვიანობა, შური, გაცხარება, გულისწყრომა და შარიანობა ის თვისებებია, რომლებსაც ეშმაკი ეძებს ჩვენში. მიუხედავად ამისა, თუ მთელი ძალით შევეწინააღმდეგებით, ეშმაკი გაიქცევა ჩვენგან. ხოლო ეშმაკს რომ შევეწინააღმდეგოთ, ღმერთს უნდა მივუახლოვდეთ (იაკობი 4:7, 8).

„შეიძულეთ ქვეყნიური სენი — პორნოგრაფია“, ეს იყო აქტუალური მოხსენება, რომელმაც გვიჩვენა, თუ როგორ შეგვიძლია ავირიდოთ საშიშროება, რომელიც ჩვენს სულიერობას ემუქრება. წინასწარმეტყველმა აბაკუმმა იეჰოვას შესახებ თქვა: „სუფთაა სახედველნი ბოროტების საყურებლად და არ ძალგიძს სიავის ჭვრეტა“ (აბაკუმი 1:13). ჩვენ გვმართებს ‘განვერიდოთ ბოროტებას, [„შევიძულოთ ბოროტება“, აქ]’ (რომაელთა 12:9). მშობლებმა თვალყური უნდა ადევნონ, როდესაც შვილები ინტერნეტით სარგებლობენ და ტელევიზორს უყურებენ. მომხსენებელმა მათ, ვისაც პორნოგრაფია იზიდავს, ურჩია, დახმარებისთვის სულიერად მოწიფული მეგობრებისთვის მიემართათ. კარგი იქნებოდა, თუ დაიმახსოვრებდნენ და იფიქრებდნენ ისეთ მუხლებზე, როგორებიცაა: ფსალმუნი 96:10; მათე 5:28; 1 კორინთელთა 9:27; ეფესელთა 5:3, 12; კოლასელთა 3:5; 1 თესალონიკელთა 4:4, 5.

შემდეგმა მოხსენებამ „გფარავდეთ ღვთის მშვიდობა“, გვანუგეშა, რომ, როდესაც რაღაც გვაწუხებს, შეგვიძლია ჩვენი საზრუნავი იეჰოვას მივანდოთ (ფსალმუნი 54:23). თუ ლოცვაში გულისნადებს გადმოვუღვრით იეჰოვას, ის „ღვთის მშვიდობას“, სიმშვიდესა და შინაგან სიწყნარეს მოგვცემს, რაც მასთან ჩვენი ძვირფასი ურთიერთობის შედეგი იქნება (ფილიპელთა 4:6, 7).

პირველი დღე დაასრულა განსაკუთრებით სასიხარულო მოხსენებამ, „იეჰოვა თავის ხალხს სინათლით ამშვენებს“, რომელმაც განმარტა, თუ როგორ სრულდება დღეს ესაიას მე-60 თავი. ახლანდელ, ბნელით მოცულ მსოფლიოში „უცხოები“ — ცხვრისმაგვარი უამრავი ხალხი — ხარობენ იეჰოვას სინათლით ცხებულ ქრისტიანებთან ერთად. მე-19 და მე-20 მუხლებზე საუბრისას მომხსენებელმა აღნიშნა: «იეჰოვა მზესავით არ „ჩაესვენება“ ან მთვარესავით არ „დაცხრება“. ის კვლავაც დაამშვენებს თავის ხალხს მათზე სინათლის მოფენით. რა დამაჯერებელი მტკიცებაა ეს ჩვენთვის — ამ ბნელით მოცული წუთისოფლის უკანასკნელ დღეებში მცხოვრებთათვის!» მოხსენების ბოლოს ძმამ გამოაცხადა, რომ გამოვიდა ახალი წიგნი, „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის“, მეორე ტომი. უკვე წაიკითხე ეს ახალი პუბლიკაცია?

მეორე დღე — იყავით სათანადოდ მომზადებული სხვებისთვის სასწავლებლად

მეორე დღის დღიური მუხლის განხილვის შემდეგ, ჩვენი ყურადღება მიიპყრო მეორე მოხსენებათა სერიამ „მსახურები, რომელთა მეშვეობითაც სხვები ხდებიან მორწმუნენი“. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ სამ ნაბიჯზე, რომლებიც ეხმარება სხვებს მორწმუნეებად გახდომაში — სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელება, გამოვლენილი ინტერესის გაღვივება და დაინტერესებულებისთვის ქრისტეს მცნებების დაცვის სწავლება. ინტერვიუები და რეალური შემთხვევების ინსცენირებები დაგვეხმარა, თვალნათლივ დაგვენახა, თუ როგორ ვასწავლოთ სხვებს, რომ ისინიც გახდნენ მოწაფეები.

შემდეგი მოხსენების სათაური იყო: „თქვენს მოთმინებას ღვთისადმი ერთგულება დაურთეთ“. მომხსენებელმა ნათლად დაგვანახვა, რაოდენ მნიშვნელოვანია „ბოლომდე მოთმენა“ (მათე 24:13). ღვთისადმი ერთგულების განსამტკიცებლად გვმართებს, გამოვიყენოთ ყველაფერი, რითაც ღმერთმა უზრუნველგვყო — ლოცვა, პირადი შესწავლა, ქრისტიანული შეხვედრები და მსახურება. არ უნდა დავუშვათ, რომ წუთისოფლისეულმა სურვილებმა და საქმიანობამ ღვთისადმი ერთგულება დაგვაკარგვინოს და მისი ადგილი დაიკავოს.

როგორ შეუძლიათ შვება იგრძნონ დღეს ტვირთმძიმე და მაშვრალმა ადამიანებმა? მოხსენებამ „მოისვენეთ ქრისტეს უღელში“ პასუხი გასცა ამ კითხვას. იესომ გულთბილად მოუწოდა თავის მიმდევრებს, ეტვირთათ მისი უღელი და ესწავლათ მისგან (მათე 11:28—30). ჩვენ შეგვიძლია ვიტვირთოთ მისი უღელი, თუ ზუსტად მივყვებით მის მაგალითს და ვეწევით უბრალო და გაწონასწორებულ ცხოვრებას. მოხსენების მთავარ აზრებს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ინტერვიუებში მათთან, ვინც უბრალოდ ცხოვრობს.

იეჰოვას მოწმეების დიდი შეკრებების ერთ-ერთი ყველაზე ღირშესანიშნავი ნაწილი ღვთისადმი ახლად მიძღვნილების ნათლობაა. ძმა, რომელმაც წარმოთქვა მოხსენება: „მონათვლას სხვებისთვის სწავლების დიდებულ უპირატესობამდე მივყავართ“, გულთბილად მიესალმა ნათლობის კანდიდატებს და მოუწოდა, ესწრაფათ მსახურებაში უფრო მეტი პასუხისმგებლობებისკენ. ღვთის სიტყვის ახლად მონათლულ მასწავლებლებს, რომლებმაც უკვე გაიარეს ბიბლიის შესწავლის კურსი, კრებაში უამრავი მოვალეობებისკენ გაეხსნათ გზა.

ნაშუადღევის პროგრამა გახსნა მოხსენებამ „მიბაძეთ დიდებულ მასწავლებელს“. განუსაზღვრელი დროის განმავლობაში ზეცაში ყოფნისას იესო გულდასმით აკვირდებოდა და ბაძავდა თავის მამას, და ამგვარად ის გახდა დიდებული მასწავლებელი. თავისი მიწიერი მსახურების განმავლობაში იესო სწავლების ეფექტურ მეთოდებს იყენებდა; სვამდა დამაფიქრებელ კითხვებს და უბრალო, მაგრამ ყველასთვის გასაგები თვალსაჩინო მაგალითები მოჰყავდა. იესოს სწავლებები ღვთის სიტყვაზე იყო დაფუძნებული. ქრისტე საუბრობდა ენთუზიაზმით და გულთბილად, როგორც ძალაუფლების მქონე. სწორედ ამან აღგვძრა მიგვებაძა დიდებული მასწავლებლისთვის!

შემდეგმა შთამბეჭდავმა მოხსენებამ, „მზად ხართ ემსახუროთ სხვებს?“, მოგვიწოდა, მიგვებაძა იესოსთვის სხვებისადმი მსახურებაში (იოანე 13:12—15). მომხსენებელმა გაამხნევა ძმები, რომ მათ ტიმოთეს მსგავსად ეძებნათ სხვების დახმარების შესაძლებლობები (ფილიპელთა 2:20, 21). მშობლებს მოუწოდეს, მიებაძათ ელკანასა და ხანასთვის, რათა დახმარებოდნენ შვილებს, მიზნათ დაესახათ სრული დროით მსახურება. ახალგაზრდებს იესოსა და ყმაწვილ ტიმოთეს მიბაძვა და მსახურების მზადყოფნით შესრულება ურჩიეს (1 პეტრე 2:21). შთამბეჭდავი იყო მათი მოსმენაც, ვინც ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, მომსახურებოდა სხვებს.

მესამე მოხსენებათა სერიის თემა იყო: „უფრო სრული სარგებლობა მიიღე თეოკრატიული განათლებიდან“. პირველმა მომხსენებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ყოველთვის ყურადღებიანი მსმენელები ვიყოთ. ამ მიზნის მისაღწევად, შეგვიძლია ვეცადოთ, რომ ის დრო, რომელსაც პირად შესწავლას ვუთმობთ, თანდათანობით გავზარდოთ. მან ასევე მოუწოდა აუდიტორიას, კრების შეხვედრებზე დასწრებისას, მოეძებნათ საღვთო წერილიდან მოყვანილი ადგილები და გაეკეთებინათ მოკლე ჩანაწერები. მეორე მომხსენებელმა მოგვიწოდა, მტკიცედ ჩავჭიდებოდით „ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს“ (2 ტიმოთე 1:13, 14). იმისათვის, რომ თავი ავარიდოთ უზნეო ტელეგადაცემებს, ადამიანურ ფილოსოფიებს, ბიბლიის კრიტიკოსებსა და განდგომილების სწავლებებს, გვმართებს მოვივაჭროთ ჟამი პირადი შესწავლასა და კრებებზე დასასწრებად (ეფესელთა 5:15, 16). ამ მოხსენებათა სერიის ბოლო მომხსენებელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, ნასწავლი პრაქტიკაში გამოვიყენოთ, რათა სრული სარგებლობა მივიღოთ თეოკრატიული განათლებიდან (ფილიპელთა 4:9).

რაოდენ აღმაფრთოვანებელი იყო საჯარო მოხსენების მოსმენა, სათაურით — „ახალი დამხმარე საშუალებები ჩვენი სულიერი წინსვლისთვის“! ძალიან გაგვახარა განცხადებამ, რომ სულ მალე ვიხილავთ ახალ წიგნს — „მიიღეთ განათლება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში!“. სულმოუთქმელად ველით ამ წიგნს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მომხსენებელმა მიმოიხილა ამ პუბლიკაციის შინაარსი. წიგნის იმ ნაწილის განხილვისას, რომელიც მეტყველების უნარს ეხება, მომხსენებელმა თქვა: „ამ ახალ სახელმძღვანელოში მოცემული 53 პუნქტი, რომლებიც კარგ კითხვას, საუბარსა და სწავლებას ეხება, არა ამ წუთისოფლის სიბრძნეზე, არამედ საღვთო წერილიდან გამომდინარე პრინციპებზე დაყრდნობით არის განხილული“. წიგნში ნაჩვენები იქნება, თუ სწავლების რა შესანიშნავ მეთოდებს იყენებდნენ წინასწარმეტყველები, იესო და მისი მოწაფეები. მართლაცდა, ეს სახელმძღვანელო და სიახლეები თეოკრატიული სამსახურის სკოლაში უდავოდ დაგვეხმარება, ვიყოთ ღვთის სიტყვის უკეთესი მასწავლებლები.

მესამე დღე — იყავით მასწავლებლები დროის მიხედვით

კვირა დღის ბიბლიური მუხლის განხილვის შემდეგ, ჩვენი ყურადღება მიიპყრო ბოლო მოხსენებათა სერიამ, „მალაქიას წინასწარმეტყველება იეჰოვას დღისთვის გვამზადებს“. მალაქია იუდაელების ბაბილონიდან დაბრუნებიდან დაახლოებით ასი წლის შემდეგ წინასწარმეტყველებდა. იუდაელები კვლავ დაუბრუნდნენ განდგომილებას და ბოროტებას, შეურაცხყოფდნენ იეჰოვას სახელს მისი სამართლიანი კანონების უგულებელყოფით და ბრმა, კოჭლი და სნეული პირუტყვის მსხვერპლად შეწირვით. უფრო მეტიც, ისინი ეყრებოდნენ სიყრმის ცოლებს, როგორც ჩანს, უცხოელ ქალებზე დაქორწინების მიზნით.

მალაქიას წინასწარმეტყველების პირველი თავი გვარწმუნებს, რომ იეჰოვას უყვარს თავისი ხალხი. ის ყურადღებას გვამახვილებინებს იმაზე, რომ საჭიროა, გვქონდეს ღვთისადმი ჯანსაღი შიში და დავაფასოთ ყოველივე, რაც წმინდაა. იეჰოვა ჩვენგან საუკეთესოს გაღებასა და უანგარო სიყვარულით თაყვანისცემას მოელის. ჩვენი წმინდა მსახურება არ უნდა იყოს უბრალო ფორმალობა; თითოეული ჩვენგანი ანგარიშვალდებულია ღვთის წინაშე.

მომდევნო მომხსენებელმა, როდესაც „მალაქიას“ მეორე თავს ჩვენს დღეებს უკავშირებდა, იკითხა: „ვართ თუ არა ფხიზლად, რომ ‘უკეთურება არ იპოვებოდეს ჩვენს ბაგეებში’?“ (მალაქია 2:6). პასუხისმგებელმა ძმებმა, რომლებსაც სხვების დამოძღვრა ევალებათ, მათი ყოველი სიტყვა ბიბლიაზე უნდა დააფუძნონ. ჩვენ უნდა გვძულდეს ღალატი, ანუ გაუმართლებელი გაყრა (მალაქია 2:14—16).

მომხსენებელი, რომელიც გამოვიდა მოხსენებათა სერიის ბოლო თემით, „ვინ გადარჩება იეჰოვას დღეს?“, დაგვეხმარა, გაგვეგო, როგორ მოვმზადებულიყავით იეჰოვას დღისთვის. „რა გამამხნევებელია იეჰოვას მსახურთათვის იმის ცოდნა, რომ მალაქიას მე-3 თავის მე-17 მუხლის წინასწარმეტყველება უფრო დიდი მასშტაბით მათზე სრულდება!“ — თქვა მომხსენებელმა. «მასში ნათქვამია: „ჩემი იქნებიან ისინი, ამბობს უფალი, იმ დღისთვის, როცა უნჯად გავამზადებ მათ და შევიბრალებ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს“».

კონგრესის კიდევ ერთი ღირშესანიშნავი ნაწილი იყო კოსტიუმირებული დრამა: „პატივი მიაგეთ იეჰოვას ხელმძღვანელობას“, რომელიც კორახის ძეებს ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად კორახი მოჯანყე სულისკვეთებით იყო განმსჭვალული მოსესა და აარონისადმი, მისი ძეები იეჰოვასა და მისი წარმომადგენლების ერთგულები დარჩნენ. კორახის ძენი გადარჩნენ, მაშინ, როცა კორახი და მისი მიმდევრები განადგურდნენ. მომდევნო თემა, „ერთგულად დაემორჩილეთ ღვთის ხელმძღვანელობას“, დაგვეხმარა, დრამის შინაარსი თითოეულს გაგვეთავისებინა. მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმ ექვს ძირითად მომენტზე, რაშიც კორახმა და მისმა მხარდამჭერებმა მარცხი განიცადეს: ერთგულად არ უჭერდნენ მხარს იეჰოვას ხელმძღვანელობას; სიამაყით, პატივმოყვარეობითა და შურით იყვნენ გამსჭვალული; ყურადღებას ამახვილებდნენ იეჰოვას მიერ დანიშნული ადამიანების არასრულყოფილებაზე; ყოველთვის უკმაყოფილებას გამოხატავდნენ; თავიანთი მსახურების უპირატესობები არ აკმაყოფილებდათ; და მეგობრული და ოჯახური კავშირები იეჰოვასადმი ერთგულებაზე წინ დააყენეს.

საჯარო მოხსენების სათაური იყო „ვინ ასწავლის ჭეშმარიტებას ყველა ხალხს?“. ჭეშმარიტება, რომელზეც საუბარი იყო თემაში, არ იყო ზოგადი, ეს იყო ჭეშმარიტება იეჰოვას განზრახვის შესახებ, რომელსაც იესო ქადაგებდა. მომხსენებელმა განიხილა მრწამსთან, თაყვანისმცემლობასთან და პირად ყოფაქცევასთან დაკავშირებული ჭეშმარიტება. პირველი საუკუნის ქრისტიანების იეჰოვას თანამედროვე მოწმეებთან შედარებისას უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ ‘ჭეშმარიტად ჩვენს შორის არის ღმერთი’ (1 კორინთელთა 14:25).

„საგუშაგო კოშკის“ შესასწავლად იმ კვირისთვის განკუთვნილი სტატიის მოკლე მიმოხილვის შემდეგ, ღვთის სიტყვის ყველა მასწავლებელი მოქმედებისკენ აღძრა დამასრულებელმა მოხსენებამ: „ჩვენს სწავლებასთან დაკავშირებული დავალების გადაუდებლად შესრულება“. პროგრამის მოკლე მიმოხილვისას ხაზი გაესვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლიის გამოყენება სწავლებისას, და როგორ გავხდეთ დახელოვნებული მასწავლებლები. აღინიშნა ისიც, რომ მნიშვნელოვანია, თავად გვწამდეს ის, რასაც სხვებს ვასწავლით. მომხსენებელმა მოგვიწოდა, ‘ყველასათვის ცხადი გაგვეხადა ჩვენი წარმატება’ და გვირჩია: „გაუფრთხილდით თავს და სწავლებას“ (1 ტიმოთე 4:15, 16).

რა დიდებული სულიერი ნადიმი გვქონდა საოლქო კონგრესზე „ღვთის სიტყვის მასწავლებლები“! მოდი მივბაძოთ ჩვენს დიდებულ მოძღვარს, იეჰოვას, და ბრწყინვალე მასწავლებელს, იესო ქრისტეს, სხვებისთვის ღვთის სიტყვის სწავლებაში.

[ჩარჩო⁄სურათები 28 გვერდზე]

ახალი პუბლიკაციები აკმაყოფილებს განსაკუთრებულ მოთხოვნილებებს

საოლქო კონგრესის, „ღვთის სიტყვის მასწავლებლები“, დელეგატებმა დიდი სიხარულით მიიღეს ორი პუბლიკაცია, რომლებიც დაეხმარება მათ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ხალხებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლებაში. ზოგიერთ ენაში მხოლოდ ერთი სიტყვა არსებობს ისეთი ცნებების გამოსახატავად, როგორიცაა სასიცოცხლო ძალა და ცოცხალი არსება, როგორც ქართულში სიტყვა „სული“ ორივე აზრს გამოხატავს. ახალი ტრაქტატი სათაურით: „გაქვთ თუ არა უკვდავი სული?“ დაეხმარება სწორედ ასეთ ენებზე მოსაუბრე ადამიანებს. ტრაქტატი ნათლად აჩვენებს, რომ სასიცოცხლო ძალა განსხვავდება სულიერი ქმნილებისგან, და რომ ადამიანები სიკვდილის შემდეგ არ იქცევიან სულიერ ქმნილებებად.

„როგორ მივაღწიოთ კმაყოფილების მომგვრელ ცხოვრებას“ — ამ ბროშურის გამოცემა გამოცხადდა კონგრესის მეორე დღის ბოლოს. ეს პუბლიკაცია მომზადდა იმ მიზნით, რომ ბიბლიის შესწავლა დაიწყონ მათ, ვისაც ვერ წარმოუდგენია შემოქმედი როგორც პიროვნება და არ სწამს, რომ ბიბლია ღვთისგან შთაგონებული წიგნია. უკვე გამოიყენეთ ეს ახალი პუბლიკაციები მსახურებაში?

[სურათები 26 გვერდზე]

მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი მოინათლა (მილანი, იტალია).

[სურათი 29 გვერდზე]

დამსწრეები აღფრთოვანებული იყვნენ დრამით: „პატივი მიაგეთ იეჰოვას ხელმძღვანელობას“.