არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვამ გვასწავლა ამტანობა და შეუპოვრობა

იეჰოვამ გვასწავლა ამტანობა და შეუპოვრობა

ბიოგრაფია

იეჰოვამ გვასწავლა ამტანობა და შეუპოვრობა

მოგვითხრო არისტოტელე აპოსტოლიდისმა

კავკასიონის ჩრდილოეთ მთისწინეთში მდებარეობს პიატიგორსკი, რუსეთის ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც თავისი მინერალური წყლებითა და რბილი კლიმატით არის სახელგანთქმული. აქ ბერძენ ლტოლვილთა შორის დავიბადე 1929 წელს. გავიდა ათი წელი და სტალინის რეჟიმის დროს რეპრესიების, ტერორისა და ეთნიკური წმენდის კოშმარის შემდეგ კვლავ ლტოლვილები აღმოვჩნდით, რადგან იძულებული გაგვხადეს, საბერძნეთში გადავსახლებულიყავით.

პირეოსში (საბერძნეთი) ჩასვლის შემდეგ სიტყვა „ლტოლვილმა“ ჩვენთვის სრულიად ახალი მნიშვნელობა შეიძინა. თავს სრულიად უცხოდ ვგრძნობდით. თუმცა მე და ჩემს ძმას ორი სახელგანთქმული ბერძენი ფილოსოფოსის სახელი, სოკრატე და არისტოტელე, გვერქვა, იშვიათად გვიხმობდნენ ამ სახელებით. ყველა პატარა რუსებს გვეძახდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ საყვარელი დედა გარდამეცვალა. ის ჩვენი ოჯახის ბურჯი გახლდათ და მისი სიკვდილი ჩვენთვის უდიდესი დანაკლისი იყო. სანამ ავად იყო, დედამ მრავალი საოჯახო საქმე მასწავლა, რაც მოგვიანებით ძალიან გამომადგა.

ომი და გათავისუფლება

ომის, ნაცისტური ოკუპაციისა და მოკავშირეთა ძალების მიერ უმოწყალოდ დაბომბვის შედეგად ისე გვეჩვენებოდა, თითქოს ყოველი დღე უკანასკნელი იყო. ირგვლივ სიღარიბე, შიმშილი და სიკვდილი მეფობდა. 11 წლის ასაკიდან მამასთან ერთად ცხოვრების ჭაპანს ვეწეოდი, რათა სამ ადამიანს თავი გაგვეტანა. განათლების მიღებაში ხელს მიშლიდა ბერძნული ენის ცუდად ცოდნა, ომი და მისი შედეგები.

გერმანიის მიერ საბერძნეთის ოკუპირება 1944 წლის ოქტომბერში დასრულდა. ცოტა ხნის შემდეგ იეჰოვას მოწმეებს შევხვდი. სასოწარკვეთილებისა და ტანჯვა-წვალების ამ პერიოდში ღვთის სამეფოს ხელმძღვანელობით მარადიული მომავლის შესახებ ბიბლიურმა იმედმა გული გამინათა (ფსალმუნი 36:29). ღვთის დანაპირები, რომ სრულყოფილი მარადიული სიცოცხლე აქ, დედამიწაზე, მშვიდობიან გარემოში იქნება, ჭრილობებზე მალამოდ დამედო (ესაია 9:6). 1946 წელს იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მე და მამა მოვინათლეთ.

მომდევნო წელს პირეოსის მეორე კრებაში პირველი დავალება მივიღე — ჟურნალებზე პასუხისმგებლობა დამაკისრეს, რამაც დიდად გამახარა. ჩვენი ტერიტორია პირეოსიდან ელევსინამდე, დაახლოებით 50 კილომეტრით დაშორებულ ქალაქამდე, იყო გადაჭიმული. ამ დროს სულით ცხებული მრავალი ქრისტიანი მსახურობდა კრებაში. ამიტომაც მათთან მსახურებისა და მათგან ბევრი რამის სწავლის პატივი მხვდა წილად. სიამოვნებას მანიჭებდა მათთან ურთიერთობა, რადგან ამ ძმებსა და დებს უსასრულოდ შეეძლოთ, მოეთხროთ იმ დიდი მონდომების შესახებ, რომელიც სამქადაგებლო საქმიანობის შესასრულებლად იყო საჭირო. მათი ცხოვრებიდან აშკარად ჩანდა, რომ იეჰოვასთვის ერთგულად მსახურებას დიდი მოთმინება და შეუპოვრობა სჭირდებოდა (საქმეები 14:22). რა ბედნიერი ვარ, რომ ამ ტერიტორიაზე დღეს იეჰოვას მოწმეთა 50-ზე მეტი კრებაა!

მოულოდნელი სირთულე

გავიდა დრო და გავიცანი ელენი — მშვენიერი, ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდა ქალი პატრიდან. 1952 წლის ბოლოს დავინიშნეთ. მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ელენი სერიოზულად დაავადდა. ექიმებმა ტვინის სიმსივნე დაუდგინეს; მდგომარეობა ძალზე კრიტიკული იყო. ელენს სასწრაფოდ ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. რის ვაი-ვაგლახით ვიპოვეთ ათენში ექიმი, რომელიც მზად იყო, ანგარიში გაეწია ჩვენი რელიგიური მრწამსისთვის და იმ დროს არსებული მწირი საშუალებების გამოყენებით ოპერაცია სისხლის გარეშე გაეკეთებინა (ლევიანნი 17:10—14; საქმეები 15:28, 29). ოპერაციის შემდეგ ექიმებმა მდგომარეობა აწონ-დაწონეს და დაგვაიმედეს, მაგრამ რეციდივის შესაძლებლობა არ გამოურიცხავთ.

რა უნდა მეღონა ამ მდგომარეობაში ჩავარდნილს? ჩამეშალა ნიშნობა და თავიდან მომეხსნა პასუხისმგებლობა? არა! დანიშვნისას მე პირობა დავდე და მინდოდა, რომ ჩემი ჰო, ჰო ყოფილიყო (მათე 5:37). სხვაგვარად არც არასოდეს მიფიქრია. თავისი უფროსი დის მზრუნველობის წყალობით ელენი ნაწილობრივ გამოჯანმრთელდა და 1954 წლის დეკემბერში დავქორწინდით.

სამი წლის შემდეგ ელენს დაავადება კვლავ შეუბრუნდა და იმავე ექიმმა გაუკეთა მეორე ოპერაციაც. ამჯერად, სიმსივნის მთლიანად ამოსაკვეთად ექიმს ტვინის უფრო ღრმა ფენებთან შეხება მოუწია. შედეგად, მეუღლემ ნაწილობრივი დამბლა მიიღო, რამაც ძალიან დაუზიანა მეტყველების ცენტრი. ახლა ორივე სრულიად ახალი, რთული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. ჩემი ძვირფასი მეუღლისთვის სავსებით უბრალო რამის კეთებაც კი რთულ ამოცანად იქცა. მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, რაც ჩვენს ყოველდღიურ გეგმებში რადიკალური ცვლილებების შეტანას მოითხოვდა. გარდა ამისა, დიდი ამტანობა და შეუპოვრობა იყო საჭირო.

ახლა დედაჩემისგან მიღებული წვრთნა ფასდაუდებელი აღმოჩნდა ჩემთვის. ყოველდღიურად დილით ადრე საჭმლის მოსამზადებლად საჭირო ყველა მასალას მე ვამზადებდი, ელენი კი კერძს აკეთებდა. ძალიან ხშირად ვიწვევდით სტუმრებს, მათ შორის, სრული დროით მსახურებს; მათ, ვისაც ბიბლიას ვასწავლიდით და ჩვენი კრების გაჭირვებულ თანაქრისტიანებს. ისინი ერთხმად აქებდნენ კერძს და ამბობდნენ, რომ ძალიან გემრიელი იყო! მე და ელენი სხვა საოჯახო საქმეებშიც ვთანამშრომლობდით, რათა ჩვენი სახლი სუფთა და კოპწია ყოფილიყო. ეს უკიდურესად რთული სიტუაცია დაახლოებით 30 წელი გაგრძელდა.

უძლურების მიუხედავად გულმოდგინების გამოვლენა

ჩემთვისაც და სხვებისთვისაც დიდი სტიმულის მომცემი იყო იმის დანახვა, რომ ვერაფერი ანელებდა ჩემი მეუღლის სიყვარულს იეჰოვასა და მისთვის ენთუზიაზმით აღსავსე მსახურებას. დროთა განმავლობაში, დიდი მონდომების შედეგად, ელენმა ძალიან შეზღუდული რაოდენობით, მაგრამ მაინც მოახერხა გარკვეულ სიტყვათა წარმოთქმა. მას ძალიან უყვარდა ქუჩაში ხალხთან მისვლა და ბიბლიიდან სასიხარულო ცნობის გაზიარება. როდესაც რაიმე საქმეზე მივდიოდი, ელენი ყოველთვის თან მიმყავდა და მანქანას ხალხით სავსე ტროტუართან ვუჩერებდი ხოლმე. ის მინას ჩამოსწევდა და გამვლელებს „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს სთავაზობდა. ერთხელ ორი საათის განმავლობაში 80 ჟურნალი გაავრცელა. ძალიან ხშირად ის კრების ყველა ძველ ჟურნალს ავრცელებდა. ელენი სხვა სახის ქადაგებაშიც რეგულარულად იღებდა მონაწილეობას.

მთელი იმ წლების განმავლობაში, როდესაც ინვალიდი იყო, ყოველთვის ჩემთან ერთად ესწრებოდა კრების შეხვედრებს. არასოდეს გაუცდენია კონგრესები, მაშინაც კი, როდესაც საბერძნეთში იეჰოვას მოწმეების დევნის გამო, კონგრესზე დასასწრებად საზღვარგარეთ გვიწევდა წასვლა. თავისი შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, დიდი სიამოვნებით დაესწრო კონგრესებს ავსტრალიასა და გერმანიაში, კვიპროსსა და სხვა ქვეყნებში. ელენი არასოდეს წუწუნებდა და არც მომთხოვნი არ გამხდარა მაშინაც კი, როდესაც იეჰოვასთვის მსახურებაში მეტი და მეტი პასუხისმგებლობების გამო დროდადრო ისეთი რამის გაკეთება მიწევდა, რაც მას სირთულეებს უქმნიდა.

ჩემთვის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ამტანობისა და შეუპოვრობის ხანგრძლივი გაკვეთილი იყო. ხშირად მიგრძვნია იეჰოვას დახმარება. ძმები და დები მსხვერპლზე მიდიოდნენ იმისათვის, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ ჩვენს დასახმარებლად; ექიმებიც მთელი გულით გვედგნენ მხარში. მთელი იმ რთული წლების განმავლობაში არასოდეს მოგვკლებია პირველადი საჭიროების საგნები, თუმცა ჩვენი მდგომარეობა ნებას არ მრთავდა, სრულ განაკვეთზე მემუშავა. იეჰოვას ინტერესებსა და მისთვის მსახურებას ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის პირველი ადგილი ეჭირა (მათე 6:33).

ბევრი გვისვამდა შეკითხვას, თუ რა გვატანინებდა ასეთ რთულ მდგომარეობას? ახლა, როდესაც წარსულს ვიხსენებ, ვხვდები, რომ ბიბლიის პირადმა შესწავლამ, ღვთისადმი მთელი გულით ლოცვამ, ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებამ და სამქადაგებლო საქმიანობაში გულმოდგინედ მონაწილეობამ მეტი ამტანობა და შეუპოვრობა შეგვმატა. ყოველთვის ვიხსენებდით ფსალმუნის 36:3—5-ში ჩაწერილ გამამხნევებელ სიტყვებს: „მიენდე უფალს და ჰქმენ კეთილი... ისიამოვნე უფლის მიერ... მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს“. სხვა მუხლი, რომელიც ჩვენთვის ძვირფასი იყო, ფსალმუნის 54:23-ია: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდანის წაბორძიკებას“. პატარა ბავშვივით, რომელიც მთლიანად არის მამაზე მინდობილი, ჩვენც არა მარტო მივანდეთ, ანუ გადავეცით, ჩვენი საზრუნავი იეჰოვას, არამედ დავუტოვეთ კიდეც (იაკობი 1:6).

1987 წლის 12 აპრილს, როდესაც ჩემი მეუღლე ჩვენი სახლის წინ ქადაგებდა, მის ზურგს უკან მძიმე რკინის კარები ჯახუნით მიიხურა, რამაც ელენი ტროტუარზე გადაისროლა. მან სერიოზული ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც სამი წლის განმავლობაში კომაში იყო. ელენი 1990 წლის დასაწყისში გარდაიცვალა.

მთელი ძალებით იეჰოვასთვის მსახურება

1960 წელს პირეოსში ნიკაიას კრების მომსახურედ დამნიშნეს. მას შემდეგ მქონდა პატივი, მემსახურა პირეოსის სხვა მრავალ კრებაშიც. თუმცა საკუთარი შვილი არასოდეს მყოლია, დიდი სიამოვნებით დავეხმარე მრავალ სულიერ შვილს, რომ ჭეშმარიტებაში მტკიცედ დამდგარიყო. ზოგი მათგანი ახლა კრების უხუცესად, თანაშემწედ, პიონერად თუ ბეთელის ოჯახის წევრად მსახურობს.

1975 წელს საბერძნეთში დემოკრატიის აღდგენის შემდეგ იეჰოვას მოწმეებმა თავისუფლად შევძელით კონგრესების ჩატარება და ტყისთვის თავის შეფარება უკვე აღარ გვჭირდებოდა. გამოცდილებამ, რომელიც ზოგმა ჩვენგანმა საზღვარგარეთ კონგრესების ორგანიზებაში შევიძინეთ, ახლა ფასდაუდებელი სამსახური გაგვიწია. პირადად მე, მრავალი წლის განმავლობაში ვმსახურობდი კონგრესების კომიტეტში.

1979 წელს საბერძნეთში, ათენის გარეუბანში, პირველი საკონგრესო დარბაზის აშენება დაიგეგმა. მე ამ უზარმაზარი საამშენებლო პროექტის ორგანიზებასა და დასრულებაში დახმარების გაწევა დამევალა. ამ საქმესაც დიდი ამტანობა და შეუპოვრობა სჭირდებოდა. სამი წლის განმავლობაში ასობით თავგამოდებულ და-ძმასთან მუშაობამ ჩვენს შორის სიყვარულისა და ერთიანობის მტკიცე კვანძები განავითარა. ამ პროექტზე მუშაობამ ჩემში წარუშლელი კვალი დატოვა.

პატიმართა სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება

რამდენიმე წელიწადში ახალი შესაძლებლობები მოგვეცა. ჩემი კრების ტერიტორიის მახლობლად, კორიდალოსში, საბერძნეთის ერთ-ერთი უდიდესი ციხე მდებარეობს. 1991 წლის აპრილიდან, როგორც იეჰოვას მოწმე მსახურს, ყოველკვირა იქ მისვლა მავალია. დაინტერესებულ პატიმრებთან ბიბლიის შესწავლებისა და ქრისტიანული შეხვედრების ჩატარებაზეც ნება დამრთეს. მრავალმა მათგანმა ღვთის სიტყვის უზარმაზარი ძალის გავლენით ცხოვრებაში დიდი ცვლილებები შეიტანა (ებრაელთა 4:12). ამან დიდი შთაბეჭდილება იქონია, როგორც ციხის პერსონალზე, ისე სხვა პატიმრებზე. ზოგიერთი, ვისაც ბიბლიას ვასწავლიდი, გაათავისუფლეს და ახლა სასიხარულო ცნობის მქადაგებელია.

გარკვეული დროის განმავლობაში ნარკოტიკებით მოვაჭრე სამ პატიმართანაც ვატარებდი შესწავლას. მათ სულიერად წინ წაიწიეს და ერთხელაც ბიბლიის შესწავლაზე წვერგაპარსულები, თმა კოხტად გადავარცხნილები და პერანგსა და ჰალსტუხში გამოწყობილები მოვიდნენ შუა აგვისტოში— წელიწადის ერთ-ერთ ისეთ თვეს, როდესაც საბერძნეთში ყველაზე მეტად ცხელა! ციხის დირექტორი, მთავარი ზედამხედველი და ზოგი თანამშრომელი თავიანთი კაბინეტებიდან ფაციფუცით გამოცვივდნენ, რათა თავად ენახათ ასეთი უჩვეულო რამ. ისინი საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ!

კიდევ ერთი გამამხნევებელი შემთხვევა ციხის ქალთა განყოფილებაში გვქონდა. ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ ერთ ქალთან, რომელსაც მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მალე ამ აყალმაყალის ატეხით სახელგანთქმულ ქალში საოცარი ცვლილებები მოახდინა. ამიტომ მრავალმა აღნიშნა, რომ ის ადრე ლომივით იყო, ახლა კი შეიცვალა და ცხვარივით გახდა! (ესაია 11:6, 7). მან მალევე მოიპოვა ციხის დირექტორის პატივისცემა და ნდობა. დიდ სიხარულს მანიჭებდა მისი სულიერი წინსვლა და აგრეთვე ისიც, რომ იეჰოვას მიუძღვნა თავი.

დაუძლურებულთა და ხანდაზმულთათვის დახმარების აღმოჩენა

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმის შემხედვარე, თუ როგორ ებრძოდა თავის დაავადებას ჩემი მეუღლე, ავადმყოფი და ხანდაზმული თანაქრისტიანების მიმართ უფრო თანამგრძნობი გავხდი. ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობდი ჩვენს პუბლიკაციებში გამოქვეყნებულ სტატიებს, რომლებიც ასეთი ადამიანების მიმართ სიყვარულით დახმარებისკენ მოგვიწოდებდა. ეს სტატიები ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო და ამიტომაც ვაგროვებდი მათ. რამდენიმე წლის შემდეგ საქაღალდეში ას გვერდზე მეტი მქონდა დაგროვილი; პირველი მათგანი იყო 1962 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნებული სტატია: „ყურადღება მიაქციეთ ხანდაზმულებსა და დაუძლურებულებს“. მრავალ მათგანში ნაჩვენები იყო, რომ ყოველი კრებისთვის კარგია, ორგანიზება გაუწიოს ავადმყოფებისა და ხანდაზმულებისადმი დახმარების ღონისძიებას (1 იოანე 3:17, 18).

უხუცესებმა შექმნეს მოხალისე და-ძმებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ჩვენი კრების ავადმყოფებსა და ხანდაზმულებს დაეხმარებოდა. რამდენიმე ჯგუფი შევქმენით და სხვადასხვა დავალების შესრულება დავაკისრეთ — ზოგი დღის განმავლობაში ეხმარებოდა მათ, სხვები ღამის განმავლობაში, ზოგი ტრანსპორტით ეხმარებოდა და ზოგიც მთელი 24 საათის განმავლობაში. ეს უკანასკნელნი სასწრაფო დახმარების გასაწევად გვყავდა დანიშნული.

ასეთი მცდელობების შედეგები გამამხნევებელი იყო. მაგალითად, ერთი ავადმყოფი მარტოხელა და, რომელსაც ყოველდღიურად აკითხავდნენ, ერთ დღეს იატაკზე უგრძნობ მდგომარეობაში დავარდნილი იპოვეს. მდგომარეობის შესახებ შევატყობინეთ დას, რომელიც მახლობლად ცხოვრობდა და, რომელსაც ავტომობილი ჰყავდა. მან ავადმყოფი საკმაოდ სწრაფად — ათ წუთში — მიიყვანა უახლოეს საავადმყოფოში! ექიმებმა თქვეს, რომ ასეთმა ოპერატიულმა მოქმედებამ იხსნა ამ დის სიცოცხლე.

დიდი კმაყოფილების მომგვრელია იმ მადლიერების გრძნობის დანახვა, რომელსაც ამ ჯგუფის წევრებისადმი დაუძლურებულები და ხანდაზმულები ავლენენ. გულს სითბოთი გვივსებს იმის იმედი, რომ ამ ძმებსა და დებთან ღვთის ახალ სისტემაში სრულიად სხვა მდგომარეობაში ვიცხოვრებთ. კიდევ ერთი ჯილდოა იმის ცოდნაც, რომ ეს და-ძმები თავიანთ მდგომარეობას მძიმე წუთებში ჩვენ მიერ გაწეული მხარდაჭერის წყალობით უმკლავდებიან.

შეუპოვრობა ჯილდოვდება

დღეს პირეოსის ერთ-ერთი კრების უხუცესად ვმსახურობ. ხანდაზმულობისა და ჯანმრთელობის მხრივ პრობლემების მიუხედავად, ბედნიერი ვარ, რადგან კრების საქმიანობაში ჯერ კიდევ აქტიური მონაწილეობის მიღება შემიძლია.

წლების განმავლობაში საოცრად მძიმე მდგომარეობა, დიდი სირთულეები და მოულოდნელი შემთხვევები ჩემგან უჩვეულოდ დიდ სიმტკიცესა და შეუპოვრობას მოითხოვდა. მაგრამ იეჰოვა ყოველთვის მაძლევდა საჭირო ძალას, რათა ყოველივეს გავმკლავებოდი. ხშირად საკუთარ თავზე გამომიცდია ფსალმუნმომღერლის სიტყვების ჭეშმარიტება: „თუ ვთქვი: მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს. როცა ფიქრები მომიმრავლდება გულში, შენი ნუგეში აამებს ჩემს სულს“ (ფსალმუნი 93:18, 19).

[სურათი 25 გვერდზე]

მე და ჩემი მეუღლე ელენი მეორე ოპერაციის შემდეგ, 1957 წელს.

[სურათი 26 გვერდზე]

კონგრესზე ნიურნბერგში, გერმანია, 1969 წელი.

[სურათი 28 გვერდზე]

და-ძმები, რომლებიც ავადმყოფებსა და ხანდაზმულებს ეხმარებოდნენ.