არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთის წვერზე მდებარე ქალაქი

მთის წვერზე მდებარე ქალაქი

მთის წვერზე მდებარე ქალაქი

„თქვენ ხართ წუთისოფლის ნათელი. მთის წვერზე მდებარე ქალაქი ვერ დაიმალება“. ამ სიტყვებით მიმართა იესომ თავის მოწაფეებს საყოველთაოდ ცნობილი სამთო ქადაგებისას (მათე 5:14).

იუდეასა და გალილეაში ქალაქები მთებზე უფრო იყო გაშენებული, ვიდრე ბარში. ამის ძირითადი მიზეზი უსაფრთხოება იყო. ამასთანავე, თავდამსხმელთა ჯარები და მოთარეშე ბანდები არბევდნენ ისრაელთა დასახლებებს (მეოთხე მეფეთა 5:2; 24:2). ქალაქის მამაცი დამცველებისთვის მთაზე ერთმანეთთან ახლო-ახლო აგებული სახლების დაცვა უფრო ადვილი იყო, ვიდრე ბარში გაშენებული დიდგალავნიანი ქალაქებისა.

რადგან იუდეველთა სახლების კედლები ძირითადად შეკირული იყო და შეთეთრებული სახლები ჯგუფებად იყო განლაგებული მთის წვერზე, მათი დანახვა საკმაოდ შორი მანძილიდანაც კი შეიძლებოდა (საქმეები 23:3). პალესტინის კაშკაშა მზის შუქზე ეს ქალაქები შუქურასავით ანათებდნენ. მთის წვერზე განლაგებული ხმელთაშუა ზღვისპირა ქალაქები დღესაც ასევე ანათებენ.

იესომ გამოიყენა გალილეისა და იუდეის მხარის ეს ღირშესანიშნავი თავისებურება, როდესაც თავის მიმდევრებს ჭეშმარიტი ქრისტიანების დანიშნულებას ასწავლიდა. „ასევე ანათებდეს თქვენი ნათელი ადამიანთა წინაშე, — უთხრა მათ იესომ, — რათა ხედავდნენ ისინი თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ თქვენს მამას, რომელიც ზეცაშია“ (მათე 5:16). თუმცა ქრისტიანები არ ასრულებენ კეთილ საქმეებს იმისათვის, რომ ადამიანების ქება დაიმსახურონ, მათი კარგი ყოფაქცევა შეუმჩნეველი არ რჩება (მათე 6:1).

ასეთი კარგი ყოფაქცევა განსაკუთრებით ადვილი შესამჩნევია იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესებზე. ესპანეთის ერთ-ერთი გაზეთი არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ჩატარებული კონგრესის შესახებ წერდა: „თუმცა მრავალ რელიგიურ მიმდინარეობებში რელიგიისადმი ინტერესი კლებულობს, ამას ვერ ვიტყვით იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებით. ვინაიდან მათ არ სურთ, რომ ბიბლიამ თავისი აქტუალურობა დაკარგოს; ისინი ცხოვრებაში იყენებენ ღვთის სიტყვას“.

ტომასი ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე იმ სტადიონის მეთვალყურედ მუშაობდა, რომელსაც მოწმეები რეგულარულად ქირაობენ და სიამოვნებას ანიჭებდა იმ ხალხის ხილვა, რომლებიც ცხოვრებაში ღვთის სიტყვას იყენებენ. მეთვალყურემ რამოდენიმე კვირით გადადო პენსიაში გასვლა, რომ დასწრებოდა იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესს. პროგრამის დამთავრებისთანავე, კონგრესის დელეგატები, ახალგაზრდების ჩათვლით, მიუახლოვდნენ მას, მადლობა გადაუხადეს მრავალი წლის მანძილზე თანამშრომლობისთვის და პენსიაში გასვლის შემდეგ სასიამოვნო დასვენება უსურვეს. ტომასმა ცრემლები ვეღარ შეიკავა. „თქვენი გაცნობა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო რამ იყო“, — თქვა მან.

მთაზე მდებარე ქალაქი დამკვირვებელთა ყურადღებას იმიტომ იპყრობს, რომ თვალში საცემია ჰორიზონტზე; აგრეთვე თეთრი სახლებიც ირეკლავენ მზის სინათლეს. ასევე აშკარად გამოირჩევიან ჭეშმარიტი ქრისტიანებიც, იმიტომ რომ ცდილობენ, ბიბლიაში მოცემულ პატიოსნებისა და ზნეობის ნორმებს მიჰყვნენ და თანაგრძნობა გამოავლინონ.

ამასთანავე, ქრისტიანები სამქადაგებლო საქმიანობით ირეკლავენ ჭეშმარიტების სინათლეს. მოციქულმა პავლემ პირველი საუკუნის ქრისტიანებზე თქვა: „რაკი ღვთის წყალობით ასეთი მსახურება გვაქვს, არ ვცხრებით,.. არამედ ჭეშმარიტების გამოჩენით წარვუდგენთ ჩვენს თავს ყველა ადამიანის სინდისს ღვთის წინაშე“ (2 კორინთელთა 4:1, 2). თუმცა ყველგან, სადაც კი ისინი ქადაგებდნენ, წინააღმდეგობას ხვდებოდნენ, იეჰოვამ აკურთხა მათი მსახურება და ახ. წ. 60 წლისთვის პავლეს შეეძლო დაეწერა, რომ სასიხარულო ცნობა ექადაგა „ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23).

დღესაც, იეჰოვას მოწმეები მთელი სერიოზულობით ეკიდებიან იესოს მიერ მიცემულ დავალებას, რომ ‘ანათონ ადამიანთა წინაშე’. სიტყვიერად და დაბეჭდილი პუბლიკაციებით იეჰოვას მოწმეები მსოფლიოს 235 ქვეყანაში ავრცელებენ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ. ბიბლიური ჭეშმარიტების სინათლე მრავალი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი, ვინაიდან ბიბლიური ლიტერატურა დაახლოებით 370 ენაზე გამოიცემა (მათე 24:14; გამოცხადება 14:6, 7).

მრავალ ქვეყანაში მოწმეები საკუთარ თავზე იღებენ არც თუ ისე ადვილ დავალებას, ისწავლონ იმ ქვეყნებიდან ემიგრირებული ადამიანების ენა, სადაც სამქადაგებლო მსახურება შეზღუდული იყო ან დღემდე შეზღუდულია. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკის რამოდენიმე დიდ ქალაქში მრავალი გადავიდა საცხოვრებლად ჩინეთიდან და რუსეთიდან. ადგილობრივი მოწმეები ძალ-ღონეს არ იშურებენ ჩინურის, რუსულისა და სხვა ენების შესასწავლად, რათა სასიხარულო ცნობა აუწყონ ახლად ჩამოსულებს. სინამდვილეში, ისინი რამდენიმე ენის შესწავლის დაჩქარებულ კურსებს გადიან. ეს კი შესაძლებელს ხდის, რომ სასიხარულო ცნობამ სხვა ადამიანებამდეც მიაღწიოს, რადგან ყანები უკვე „გადათეთრებულან სამკალად“ (იოანე 4:35).

წინასწარმეტყველმა ესაიამ განაცხადა: „უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას“. თავიანთი ყოფაქცევითა და მსახურებით იეჰოვას მოწმეები სხვებსაც ეხმარებიან „უფლის სახლის მთაზე“ ასვლაში, რომ მათაც ისწავლონ ღვთის გზები და ამ გზებით სიარული (ესაია 2:2, 3). ამის სასიხარულო შედეგი კი ის იქნება, რომ, როგორც იესომ აღნიშნა, ყველანი ერთად ‘განადიდებენ თავიანთ ზეციერ მამას’, იეჰოვა ღმერთს (მათე 5:16; 1 პეტრე 2:12).