არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიიღეთ ჭეშმარიტების სული?

მიიღეთ ჭეშმარიტების სული?

მიიღეთ ჭეშმარიტების სული?

‘მამა სხვა ნუგეშისმცემელს [„დამხმარეს“, აქ] მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ — ჭეშმარიტების სულს’’ (იოანე 14:16, 17).

1. რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა იესომ თავის მოწაფეებს ზემოთა ოთახში ერთად გატარებულ უკანასკნელ საღამოს?

„უფალო, სად მიხვალ?“ — ეს იყო ერთ-ერთი იმ კითხვათაგანი, რომელიც მოციქულებმა დაუსვეს იესოს იერუსალიმში, ზემოთა ოთახში, ერთად გატარებული უკანასკნელი წუთების დროს (იოანე 13:36). იმავე საღამოს, მოგვიანებით, იესომ მოწაფეებს ამცნო, რომ მოვიდა ჟამი, როცა ისინი უნდა დაეტოვებინა და თავის მამასთან დაბრუნებულიყო (იოანე 14:28; 16:28). იგი ფიზიკურად მეტად აღარ იქნებოდა მათთან, რომ ესწავლებინა და მათ კითხვებზე პასუხი გაეცა. მაგრამ იესომ ანუგეშა ისინი: «მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს [„დამხმარეს“, აქ] მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ» (იოანე 14:16).

2. რის გამოგზავნას შეჰპირდა იესო თავის მოწაფეებს მას შემდეგ, რაც მამასთან დაბრუნდებოდა?

2 იესომ ამ დამხმარის ვინაობა გაუმხილა მოწაფეებს და განუმარტა, თუ როგორ დაეხმარებოდა ის მათ: «ეს არ მითქვამს თავიდანვე, რადგან თქვენთან ვიყავი. ახლა მივდივარ მასთან, ვინც მე მომავლინა... თქვენთვის უკეთესია, რომ წავიდე, რადგან თუ არ წავედი, ნუგეშისმცემელი [„დამხმარე“, აქ] ვერ მოვა თქვენთან. თუ წავალ, მე მოგივლენთ. როცა მოვა იგი, სული ჭეშმარიტებისა, შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში» (იოანე 16:4, 5, 7, 13).

3. ა) როდის მოჰფინა იესომ „ჭეშმარიტების სული“ პირველ ქრისტიანებს? ბ) სულიწმიდის დახმარების რა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფორმას გაუსვამდით ხაზს?

3 ეს დანაპირები იესომ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შეასრულა; ამის თაობაზე პეტრე მოციქულმა დაამოწმა: „ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ. ამგვარად ამაღლდა იგი ღვთის მარჯვენით, მამისაგან მიიღო სულიწმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც თქვენ ხედავთ და ისმენთ“ (საქმეები 2:32, 33). როგორც მოგვიანებით დავინახავთ, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ზეციდან მოფენილი სულიწმიდა მრავალი რამის განხორციელებაში დაეხმარა პირველ ქრისტიანებს. მაგრამ იესოს მიერ მიცემული დანაპირების თანახმად, ჭეშმარიტების სულს ‘ყველაფერი უნდა გაეხსენებინა მოწაფეებისთვის, რაც კი იესოს ეთქვა მათთვის’ (იოანე 14:26). ამ სულის დახმარებით ისინი გაიხსენებდნენ იესოს მსახურებასა და სწავლებებს — მის მიერ წარმოთქმულ კონკრეტულ სიტყვებსაც კი — და წერილობითი სახით გადმოსცემდნენ ამ ყველაფერს. ეს დახმარება განსაკუთრებით ხანში შესულ იოანე მოციქულს წაადგებოდა ახ. წ. პირველი საუკუნის მიწურულს, როდესაც მან სახარების წერას მიჰყო ხელი. ეს მონათხრობი შეიცავს ძვირფას რჩევას, რომელიც იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს დაწესებისას მისცა მოწაფეებს (იოანეს სახარება, 13-დან 17-ის ჩათვლით თავები).

4. როგორ დაეხმარა „ჭეშმარიტების სული“ პირველ საუკუნეში მცხოვრებ სულითცხებულ ქრისტიანებს?

4 იესო იმასაც შეჰპირდა პირველ მოწაფეებს, რომ სული ‘ყველაფერს ასწავლიდა’ მათ და ‘ყოველ ჭეშმარიტებაში შეუძღვებოდა’. სული მათ საღვთო წერილის სიღრმეების გაგებაში დაეხმარებოდა; გარდა ამისა, მისი დახმარებით ისინი აზრის, გაგებისა და მიზნის ერთიანობას შეინარჩუნებდნენ (1 კორინთელთა 2:10; ეფესელთა 4:3). ამგვარად, სულიწმიდამ საშუალება მისცა პირველ ქრისტიანებს, ერთობლივად შეესრულებინათ ‘ერთგული და გონიერი მონის’ მოვალეობა, რათა ცალკეული სულითცხებული ქრისტიანები ‘დროული სულიერი საზრდოთი მოემარაგებინათ’ (მათე 24:45).

სული ამოწმებს

5. ა) რა ახალი პერსპექტივის შესახებ გაუმხილა იესომ თავის მოწაფეებს ახ.წ. 33 წლის 14 ნისანის ღამეს? ბ) რა როლი უნდა შეესრულებინა სულიწმიდას იესოს დანაპირების შესრულებაში?

5 ახ.წ. 33 წლის 14 ნისანის ღამეს იესომ გაუმხილა თავის მოწაფეებს, რომ მოგვიანებით ის თავისთან წაიყვანდა მათ და ისინი იესოსთან და მის მამასთან ერთად იქნებოდნენ ზეცაში. მან უთხრა მათ: „მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით. მე მივდივარ, რათა ადგილი მოგიმზადოთ. როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ“ (იოანე 13:36; 14:2, 3). მათ იესოსთან ერთად უნდა ემეფათ მის სამეფოში (ლუკა 22:28—30). იმისათვის, რომ მათ გულებში ეს ზეციერი იმედი დავანებულიყო, ისინი ‘სულისგან უნდა შობილიყვნენ’, როგორც ღვთის სულიერი ძეები, და უნდა ცხებულიყვნენ, რათა ზეცაში ემეფათ და მღვდლებად ემსახურათ ქრისტესთან ერთად (იოანე 3:5—8; 2 კორინთელთა 1:21, 22; ტიტე 3:5—7; 1 პეტრე 1:3, 4; გამოცხადება 20:6).

6. ა) როდის დაიწყო ზეციური მოწოდება და რამდენი იღებს ამ მოწოდებას? ბ) რაში მოინათლნენ ეს მოწოდებულნი?

6 ეს „ზეციური მოწოდება“ ახ.წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაიწყო და, როგორც ჩანს, უმთავრესად XX საუკუნის 30-იან წლებში დასრულდა (ებრაელთა 3:1). სულიწმიდის მიერ ბეჭედდასმულთა რიცხვი, რომლებიც სულიერი ისრაელის შემადგენლობაში შედიან, 144000-ს შეადგენს. ისინი „ადამიანთაგან გამოსყიდულნი“ არიან (გამოცხადება 7:4; 14:1—4). ისინი მოინათლნენ ქრისტეს სულიერ სხეულში, მის კრებაში და მის სიკვდილში (რომაელთა 6:3; 1 კორინთელთა 12:12, 13, 27; ეფესელთა 1:22, 23). წყალში მონათვლისა და სულიწმიდით ცხების შემდეგ ისინი ცხოვრების ისეთ გზას დაადგნენ, რომელიც თავგანწირვას მოითხოვს — მათ სიკვდილამდე უმწიკვლობა უნდა შეინარჩუნონ (რომაელთა 6:4, 5).

7. რატომაა მართებული, რომ გახსენების საღამოზე მხოლოდ სულითცხებული ქრისტიანები იღებენ სიმბოლოებს?

7 ამ სულითცხებულ ქრისტიანებზე, როგორც სულიერ ისრაელებზე, იეჰოვასა და ‘ღვთის ისრაელს’ შორის დადებული ახალი შეთანხმება ვრცელდებოდა (გალატელთა 6:16; იერემია 31:31—34). ამ ახალ შეთანხმებას კანონიერი ძალა ქრისტეს დაღვრილმა სისხლმა მიანიჭა. ამის თაობაზე იესომ მაშინ მოიხსენია, როდესაც თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა. ლუკა წერს: «აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, მისცა მათ და უთხრა: „ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად.“ ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება.“» (ლუკა 22:19, 20). ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე მხოლოდ 144000-ის დარჩენილი ნაწილი ანუ ჯერ კიდევ დედამიწაზე მყოფი სულითცხებულები იღებენ მართებულად სიმბოლურ პურსა და ღვინოს.

8. საიდან იციან სულითცხებულებმა, რომ ზეციური მოწოდება მიიღეს?

8 საიდან იციან სულითცხებულებმა, რომ ზეციური მოწოდება მიიღეს? ისინი სულიწმიდისგან უტყუარ დამოწმებას იღებენ. ასეთ ქრისტიანებს პავლე მოციქულმა მისწერა: „ისინი, ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან... სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილები — მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც“ (რომაელთა 8:14—17). სულის ეს დამოწმება იმდენად თვალნათლივია, რომ იმ ქრისტიანებმა, რომლებსაც იოტისოდენად მაინც თუ ეპარებათ ეჭვი ზეციური მოწოდების მიღება არ მიღებაზე, ლოგიკურად უნდა დაასკვნან, რომ მათ არა აქვთ ზეციური მოწოდება და, შესაბამისად, თავი უნდა შეიკავონ გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღებისგან.

ჭეშმარიტების სული ეხმარება სხვა ცხვრებს

9. რომელი ორი განსხვავებული ჯგუფია მოხსენიებული სახარებებსა და გამოცხადების წიგნში?

9 იმ ქრისტიანების რიცხვი, რომლებიც სულიერ ისრაელს შეადგენენ, შეზღუდულია. იესოს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში, როდესაც მათ „მცირე სამწყსო“ უწოდა. მათ ახალი შეთანხმების სიმბოლურ ფარეხში შესვლის ნება ეძლევათ იმ ურიცხვი „სხვა ცხვრებისგან“ განსხვავებით, რომლებსაც, ასევე იესომ უნდა მოუყაროს თავი (ლუკა 12:32; იოანე 10:16). უკანასკნელ ჟამს შეკრებილი სხვა ცხვრებისგან იქნება შემდგარი „უამრავი ხალხი“, რომლებიც „დიდ გასაჭირს“ გადაიტანენ და სამოთხედქცეულ დედამიწაზე მარადიულად იცხოვრებენ. საინტერესოა, რომ ახ. წ. პირველი საუკუნის მიწურულს იოანეს მიერ ნანახი ხილვა განასხვავებს ამ უამრავ ხალხსა და სულიერი ისრაელის 144000 წევრს (გამოცხადება 7:4, 9, 14). იღებენ თუ არა სხვა ცხვრებიც სულიწმიდას და, თუ იღებენ, რა გავლენას ახდენს ეს მათ ცხოვრებაზე?

10. როგორ ინათლებიან სხვა ცხვრები „მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“?

10 სულიწმიდა მართლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვა ცხვრების ცხოვრებაში. იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად, ისინი „მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“ ინათლებიან (მათე 28:19). ისინი აღიარებენ იეჰოვას უზენაესობას, ემორჩილებიან ქრისტეს, როგორც თავიანთ მეფესა და გამომსყიდველს, და თავიანთ ცხოვრებას ღვთის სულის, ანუ მოქმედი ძალის გავლენას უქვემდებარებენ. ისინი დღითი დღე ცდილობენ „სულის ნაყოფის“ — კერძოდ, ‘სიყვარულის, სიხარულის, მშვიდობის, სულგრძელობის, სახიერების, სიკეთის, ერთგულების, სიმშვიდის, თავშეკავების’ — გამომუშავებას (გალატელთა 5:22, 23).

11, 12. ა) როგორ არიან სულითცხებულები განსაკუთრებული სახით განწმენდილები? ბ) როგორ ხდება სხვა ცხვრების განწმენდა და როგორ აღწევენ სიწმინდის მდგომარეობას?

11 სხვა ცხვრები ღვთის სიტყვითა და მისი სულიწმიდითაც უნდა განიწმინდონ. სულითცხებულები უკვე განიწმინდნენ განსაკუთრებული სახით; ისინი, როგორც ქრისტეს საპატარძლო, მართლებად და წმინდებად არიან გამოცხადებული (იოანე 17:17; 1 კორინთელთა 6:11; ეფესელთა 5:23—27). დანიელ წინასწარმეტყველი მათ „უზენაესის წმიდანებად“ მოიხსენიებს. ისინი მიიღებენ სამეფოს, რომელსაც „კაცის ძე“, იესო ქრისტე, უდგას სათავეში (დანიელი 7:13, 14, 18, 27). ამაზე უწინ კი, მოსესა და აარონის პირით, იეჰოვამ ისრაელ ერს განუცხადა: „მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; გაწმიდავდით და წმიდა იქნებით, როგორც მე ვარ წმიდა“ (ლევიანნი 11:44).

12 სიტყვა „განწმენდა“ ძირითადად ნიშნავს „წმინდად ყოფას, გამოცალკევებას, ასე ვთქვათ თავის გადადებას იმ მიზნით, რომ იეჰოვა ღმერთს ემსახურო; ეს არის მდგომარეობა, როდესაც პიროვნება წმინდა, სუფთა და გასპეტაკებულია“. 1938 წლისთვის „საგუშაგო კოშკი“ იუწყებოდა, რომ იონადაბებმა ანუ სხვა ცხვრებმა „უნდა გაიცნობიერონ, რომ მიძღვნა და გაწმენდა მოეთხოვება ყველას, ვინც უამრავ ხალხს შეუერთდება და დედამიწაზე იცხოვრებს“. გამოცხადების წიგნში ჩაწერილ ხილვაში, რომელიც უამრავ ხალხს ეხება, ნათქვამია, რომ ამ ადამიანებმა „გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“; გარდა ამისა, ისინი იეჰოვას „ემსახურებიან... დღე და ღამე მის ტაძარში (გამოცხადება 7:9, 14, 15). სულიწმიდის დახმარებით, სხვა ცხვრები, რის ძალაც შესწევთ, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ იეჰოვას მიერ დადგენილ სიწმინდის ნორმებს შეესაბამებოდნენ (2 კორინთელთა 7:1).

სიკეთის კეთება ქრისტეს ძმებისთვის

13, 14. ა) ცხვრებისა და თხების შესახებ იესოს იგავის თანახმად, რაზეა დამოკიდებული სხვა ცხვრების ხსნა? ბ) როგორ ედგნენ მხარში სხვა ცხვრები ქრისტეს ძმებს ამ უკანასკნელ ჟამს?

13 ცხვრებისა და თხების შესახებ იგავში, რომელიც ‘წუთისოფლის აღსასრულთან’ დაკავშირებული წინასწარმეტყველებისას წარმოთქვა, იესომ ყურადღება გაამახვილა სხვა ცხვრებსა და მცირე სამწყსოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირზე. ამ იგავით ქრისტემ ნათლად დაგვანახვა, რომ სხვა ცხვრების ხსნა უშუალოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ექცევიან ისინი სულითცხებულებს, რომლებსაც მან ‘თავისი ძმები’ უწოდა. მან თქვა: „ეტყვის მეფე, თავის მარჯვნივ მდგომთ: მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ წუთისოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი... ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც-კი გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ“ (მათე 24:3; 25:31-34, 40).

14 გამოთქმა „რაც-კი გაუკეთეთ“ მიანიშნებს ქრისტეს იმ სულითშობილი ძმებისთვის სიყვარულით გაკეთებულ საქმეებზე, რომელთაც სატანის წუთისოფელმა არ ცნო და ზოგიერთი მათგანი საპყრობილეშიც კი ჩააგდო. მათ არ ჰქონდათ საკვები, საკმარისი ტანისამოსი და მათი ჯანმრთელობაც მიხედვას საჭიროებდა (მათე 25:35, 36). ამ უკანასკნელ ჟამს, 1914 წლიდან მოყოლებული, ასეთ სიტუაციაში მრავალი სულითცხებული აღმოჩენილა. იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორია ადასტურებს, რომ ქრისტეს ძმებს ყოველთვის მხარში ედგნენ სულიწმიდით აღძრული მათი ერთგული თანამსახურები, სხვა ცხვრები.

15, 16. ა) განსაკუთრებით რა საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარნენ სხვა ცხვრები ქრისტეს სულითცხებულ ძმებს, რომლებიც დედამიწაზე იმყოფებიან? ბ) როგორ გამოხატეს სულითცხებულებმა სხვა ცხვრებისადმი მადლიერება?

15 ამ უკანასკნელ ჟამს დედამიწაზე მყოფ ქრისტეს სულითცხებულ ძმებს სხვა ცხვრებმა განსაკუთრებით დიდი დახმარება აღმოუჩინეს ღვთის მიერ დავალებული საქმის განხორციელებაში — ‘სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში უნდა ყოფილიყო ნაქადაგები ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად’ (მათე 24:14, აქ; იოანე 14:12). მაშინ, როცა წლების განმავლობაში სულითცხებულების რიცხვი დედამიწაზე კლებულობს, სხვა ცხვრების რიცხვმა, პირდაპირი გაგებით, მილიონებს მიაღწია. ათასობით მათგანი სახარების სრული დროით მქადაგებლად — პიონერებად და მისიონერებად — მსახურობდა და სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას „ქვეყნის კიდემდე“ ავრცელებდა (საქმეები 1:8). სხვები კი შეძლებისდაგვარად მონაწილეობენ სამქადაგებლო მსახურებაში და ამ მნიშვნელოვან საქმიანობას სიხარულით უჭერენ მხარს ფინანსურად.

16 ქრისტეს სულითცხებული ძმები დიდად აფასებენ თავიანთი თანამსახური სხვა ცხვრების ერთგულ მხარდაჭერას! მათი გრძნობები კარგად იყო გამოხატული წიგნში «მსოფლიო უსაფრთხოება „მშვიდობის მთავრის“ ხელმძღვანელობით», რომელიც 1986 წელს გამოსცა მონის კლასმა. მასში ნათქვამია: «მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ‘წუთისოფლის აღსასრულთან’ დაკავშირებული იესოს წინასწარმეტყველების შესრულება უმთავრესად „სხვა ცხვრებისგან“ შემდგარი „უამრავი ხალხის“ აქტიური მოღვაწეობის ხარჯზე ხდება... ამიტომაც, უღრმეს მადლობას ვუხდით საერთაშორისო, მრავალენოვან „უამრავ ხალხს“ იმ ლომის წილისთვის, რომელიც მათ უდევთ მათეს 24:14-ში ჩაწერილი [იესოს] წინასწარმეტყველების შესრულებაში».

უჩვენოდ არ გასრულყოფილდებიან

17. როგორ იქნება, რომ ძველი დროის ერთგული ქრისტიანები, რომლებიც დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგებიან, სულითცხებულების გარეშე არ ‘გასრულყოფილდებიან’?

17 პავლე მოციქული თვითონაც ერთ-ერთი სულითცხებული იყო და მხედველობაში ჰყავდა ქრისტემდე მცხოვრები ერთგული მამაკაცები და ქალები, როდესაც დაწერა: «ყველა ამათგანს რწმენით დამოწმება კი ჰქონდა, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული, იმიტომ, რომ წინასწარ გაითვალისწინა ღმერთმა ჩვენთვის [ცხებულთათვის] მეტი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ არ განსრულებულიყვნენ [„გასრულყოფილებულიყვნენ“, აქ]» (ებრაელთა 11:35, 39, 40). ქრისტე და მისი ზეცად აღზევებული 144000 სულითცხებული ძმა ათასი წლის განმავლობაში იმეფებენ და მღვდლებად იმსახურებენ, რის შედეგადაც კაცობრიობა სრულად მიიღებს იმ კურთხევებს, რომლებიც ქრისტეს გამომსყიდველურ მსხვერპლს მოაქვს. სხვა ცხვრები ამგვარად ‘გასრულყოფილდებიან’ სხეულითა და გონებით (გამოცხადება 22:1, 2).

18. ა) რის გაცნობიერებაში უნდა დაეხმაროს ბიბლიური ფაქტები სხვა ცხვრებს? ბ) რას მოელიან სხვა ცხვრები „ღვთის შვილთა გამოცხადებისას“?

18 ყოველივე ეს გულში უნდა ჩაიდონ სხვა ცხვრებმა და უნდა გააცნობიერონ, თუ განსაკუთრებულად რატომ ამახვილებს ქრისტიანულ-ბერძნული წერილები ყურადღებას ქრისტესა და მის სულითცხებულ ძმებზე; აგრეთვე იეჰოვას განზრახვების განხორციელებაში მათ მთავარ როლზე. ამიტომ, სხვა ცხვრები სიხარულით იყენებენ ამ განსაკუთრებულ შესაძლებლობას და, რამდენადაც შესაძლებელია, ყოველმხრივ მხარს უჭერენ სულითცხებული ქრისტიანებისგან შემდგარ მონის კლასს, ამასობაში კი „ღვთის შვილთა გამოცხადებას“ მოელიან არმაგედონისა და ათასი წლის განმავლობაში. მათ შეუძლიათ სიხარულით მოელოდნენ იმ დროს, როდესაც ‘ხრწნილების მონობისაგან გათავისუფლდებიან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის’ (რომაელთა 8:19—21).

გახსენების საღამოზე სულით გაერთიანებულნი

19. რაში დაეხმარა „ჭეშმარიტების სული“ სულითცხებულებსა და მათ თანამსახურებს და როგორ გაერთიანდებიან ისინი განსაკუთრებულად 28 მარტის საღამოს?

19 ახ.წ. 33 წლის 14 ნისანის ღამეს, შეხვედრის დასასრულს წარმოთქმულ ლოცვაში, იესომ მოიხსენია: „გევედრები... რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, მე კი — შენში, რათა ისინიც იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს წუთისოფელმა, რომ შენ მომავლინე“ (იოანე 17:20, 21). სიყვარულით აღძრულმა ღმერთმა საკუთარი ძე გამოაგზავნა, რათა მას თავისი სიცოცხლე გაეღო სულითცხებულებისა და დანარჩენი მორჩილი ადამიანების სახსნელად (1 იოანე 2:2). „ჭეშმარიტების სულმა“ ქრისტეს ძმები და მათი თანამსახურნი გააერთიანა. 28 მარტის საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ, როგორც სულითცხებულები, ისე სხვა ცხვრები შეიკრიბებიან ერთად, რათა ქრისტეს სიკვდილი აღნიშნონ და გაიხსენონ ყველა ის სიკეთე, რაც იეჰოვამ გაუკეთა მათ თავისი საყვარელი ძის, ქრისტე იესოს, მსხვერპლად შეწირვით. დაე ამ მნიშვნელოვან საღამოზე დასწრებამ კიდევ უფრო განამტკიცოს მათი ერთიანობა და მეტი სიმტკიცე შემატოს მათ გადაწყვეტილებას — ყოველთვის ღვთის ნება-სურვილი შეასრულონ; ამით ისინი დაადასტურებენ, რომ მათ ახარებთ იმ ადამიანებს შორის ყოფნა, რომლებიც იეჰოვას უყვარს.

გამეორებისთვის

• როდის მიიღეს პირველმა ქრისტიანებმა „ჭეშმარიტების სული“ და რაში ეხმარებოდა ის მათ?

• როგორ გებულობენ სულითცხებულები, რომ ზეციერი მოწოდება მიიღეს?

• როგორ ეხმარება ღვთის სული სხვა ცხვრებს?

• როგორ უკეთებენ სიკეთეს სხვა ცხვრები ქრისტეს ძმებს და რატომ ვერ ‘გასრულყოფილდებიან’ ისინი სულითცხებულების გარეშე?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 21 გვერდზე]

ახ.წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოწაფეებს „ჭეშმარიტების სული“ მოეფინათ.

[სურათები 23 გვერდზე]

სხვა ცხვრები სიკეთეს უკეთებენ ქრისტეს ძმებს იმით, რომ მხარში უდგანან მათ ღვთის მიერ მოცემული დავალების — სასიხარულო ცნობის ქადაგების — შესრულებაში.