არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რამდენად ვრცელდება თანამედროვე ქრისტიანებზე მოსეს რჯულში მოცემული შეზღუდვა ნათესავების ქორწინებასთან დაკავშირებით?

იეჰოვას მიერ ისრაელი ერისთვის მიცემული რჯული არ აკონკრეტებდა წვრილმანებს, რომლებიც საქორწილო ცერემონიალებს ეხებოდა. მაგრამ მოსეს რჯული ქორწინებასთან დაკავშირებით გარკვეულ შეზღუდვებს აწესებდა. მაგალითად, ლევიანნის 18:6—20-ში ვკითხულობთ „ხორცით ნათესავებს“ შორის ქორწინების აკრძალვის შესახებ. ამ მუხლებში ჩამოთვლილია, თუ რომელ ახლო ნათესავებს შორის არის აკრძალული სქესობრივი კავშირი. რა თქმა უნდა, ქრისტიანებზე არ ვრცელდება მოსეს რჯული, ანუ არ ევალებათ მისი დაცვა (ეფესელთა 2:15; კოლასელთა 2:14, აქ). მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტიანებს შეუძლიათ, უბრალოდ, უარყონ მოსეს რჯულში მოცემული კანონები ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. განვიხილოთ ამის რამდენიმე მიზეზი.

პირველი, ეს არის სახელმწიფო კანონმდებლობა, რომელიც აწესრიგებს ახლო ნათესავებს შორის ქორწინების საკითხებს და ქრისტიანებს ევალებათ, დაემორჩილონ მათს ქვეყანაში მიღებულ კანონებს (მათე 22:21; რომაელთა 13:1). ეს კანონები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია და ძირითადად განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით. ცნობილია, რომ თუ ცოლ-ქმარი ახლო ნათესავები არიან, მეტია რისკი, რომ მათი შვილები გენეტიკური ფაქტორებით გამოწვეული დეფექტებითა და დაავადებებით დაიბადებიან. ამ მიზეზითა და ‘უმაღლესი ხელისუფლების მორჩილების’ შესახებ კანონის გათვალისწინებით, დაოჯახების შემთხვევაში ქრისტიანებს მართებთ ქორწინებასთან დაკავშირებული ადგილობრივი კანონების მორჩილება.

მისაღებსა და მიუღებელს განსაზღვრავს მხარე, ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ. თითქმის ყველა კულტურაშია წეს-ჩვეულებები, რომლებიც გმობს ახლო ნათესავებს შორის ქორწინებას. ხშირად ასეთ ქორწინებას განიხილავენ როგორც სისხლის აღრევას და, აქედან გამომდინარე, იკრძალება. თუმცა ასეთი ურთიერთობების ამკრძალავი კანონები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან სხვადასხვა კულტურაში. „როგორც წესი, რაც უფრო ახლო ნათესავად ითვლება ორი ადამიანი, მით უფრო ძლიერი და მკაცრია მათ შორის სექსუალური ურთიერთობის აკრძალვა“, — ნათქვამია ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე სისხლის აღრევას არ ეხება, ქრისტიანებმა არ უნდა უგულებელყონ საზოგადოებისთვის მისაღები ნორმები, რათა არ შეურაცხყონ არც ქრისტიანული კრება და არც ღვთის სახელი (2 კორინთელთა 6:3).

მხედველობიდან არც ღვთისგან ბოძებული სინდისი უნდა გამოგვრჩეს. ყველა ადამიანს აქვს სწორისა და არასწორის, კარგისა და ცუდის გარჩევის თანდაყოლილი უნარი (რომაელთა 2:15). მათ კარნახობს სინდისი, თუ რა არის ნორმალური და შესაფერისი და რა — არაბუნებრივი და შეურაცხმყოფელი, მხოლოდ მაშინ, თუ სინდისი არ დამახინჯდა ან უგრძნობი არ გახდა გაუკუღმართებული ჩვეულებებით. იეჰოვამ მოიხსენია ეს, როდესაც ისრაელებს ახლო ნათესავებს შორის ქორწინება აუკრძალა. რჯულში ვკითხულობთ: „ნუ მოიქცევით ისე, როგორც იქცევიან ეგვიპტეში, სადაც თქვენ ცხოვრობდით. ნუ მოიქცევით ისე, როგორც იქცევიან ქანაანის ქვეყანაში, სადაც მიმყავხართ; ნუ მიჰყვებით მათ წესებს“ (ლევიანნი 18:3). ქრისტიანები დიდად აფასებენ ბიბლიით განსწავლულ სინდისს. ისინი არ უშვებენ, რომ ურწმუნოების დამახინჯებულმა შეხედულებებმა სწორსა და არასწორზე, დააბინძუროს მათი აზროვნება (ეფესელთა 4:17—19).

რა შეგვიძლია დავასკვნათ? თუმცა ქრისტიანები არ ექვემდებარებიან მოსეს რჯულს, სინდისი კარნახობს მათ, რომ ახლო ნათესავების ქორწინება, მაგალითად, მამისა და ქალიშვილის, დედისა და ვაჟიშვილის, ან ძმისა და დის, აბსოლუტურად მიუღებელია ქრისტიანული კრებისთვის *. როდესაც სანათესაო იზრდება, ქრისტიანები ითვალისწინებენ კანონებს, რომლებიც განსაზღვრავს დასაშვებია თუ არა ქორწინება. ასევე არ უგულებელყოფენ ადგილობრივ საზოგადოებასა და კულტურაში მიღებულ ნორმებს. ჩვენ გვმართებს, მთელი გულისყურით მივიღოთ ბიბლიაში ჩაწერილი შეგონება: „ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი“ (ებრაელთა 13:4).

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ 1978 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“ (ინგლ.), გვერდები 25, 26, სტატია სათაურით: „სისხლის აღრევა ქორწინებაში — როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს?“.