არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რამდენად მნიშვნელოვანია სისუფთავე?

რამდენად მნიშვნელოვანია სისუფთავე?

რამდენად მნიშვნელოვანია სისუფთავე?

სისუფთავე ყველას თავისებურად ესმის. მაგალითად, დედა ბიჭუნას ეუბნება, რომ ხელ-პირი დაიბანოს, ბიჭუნა კი ამ დროს შეიძლება ფიქრობდეს, რომ თუ მოშვებულ ონკანს ცოტა ხნით თითებს შეუშვერს და პირსაც დაისველებს, ეს საკმარისი იქნება. მაგრამ, დედამ უკეთ იცის, რა არის საჭირო. მას ბიჭუნა უკან მიჰყავს სააბაზანოში და წყლითა და საპნით საგულდაგულოდ ჰბანს ხელ-პირს, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ნირწამხდარი ებუზღუნება.

სისუფთავის ნორმები, რა თქმა უნდა, ყველგან ერთნაირი არ არის და სხვადასხვაგვარი აღზრდის გამო ხალხსაც განსხვავებული წარმოდგენები უყალიბდება სისუფთავეზე. გასულ ათწლეულებში, სკოლაში არსებული სისუფთავე და წესრიგი მრავალი ქვეყნის მოსწავლეებს სისუფთავის კარგი ჩვევების გამომუშავებაში ეხმარებოდა. დღესდღეობით ზოგიერთი სკოლის სპორტული მოედანი იმდენად არის დაბინძურებული ნაგვითა და ნარჩენებით, რომ ნაგავსაყრელს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე სათამაშო ან სავარჯიშო ადგილს. საკლასო ოთახებში როგორი მდგომარეობაღაა? დარენი, რომელიც ავსტრალიის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში დამლაგებლად მუშაობს, შენიშნავს: „ჭუჭყისა და სიბინძურისგან ახლა უკვე არც საკლასო ოთახებია დაცული“. იატაკიდან ნაგვის აღება ან რაიმეს გაწმენდა რომ დაავალო, ზოგიერთი მოსწავლე ამას დასჯად აღიქვამს. პრობლემა ის არის, რომ ზოგი მასწავლებელი წმენდასა და დალაგებას მართლაც დასჯის მეთოდად იყენებს.

მეორე მხრივ კი, უფროსი ადამიანები — ყოველდღიურ ცხოვრებაში იქნება თუ ბიზნესის სამყაროში — სისუფთავის კარგ მაგალითს არ აძლევენ მოზარდებს. მაგალითად, ბევრი ისეთი ადგილი, სადაც ხალხმრავლობაა, უსუფთაოდ და უპატრონოდ არის მიგდებული. მრეწველობის ზოგიერთი დარგი გარემოს აბინძურებს; მაგრამ აბინძურებენ არა თავად საწარმოები და ფირმები, არამედ ადამიანები. სიხარბე, როგორც ჩანს, მსოფლიო დაბინძურებისა და მისი მავნე შედეგების მთავარი გამომწვევი მიზეზია; მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პრობლემას, გარკვეულწილად, ადამიანთა უსუფთაო ჩვევებიც იწვევს. ამ აზრს იზიარებს ავსტრალიის კავშირის ყოფილი გენერალ-გუბერნატორიც, რომელმაც თქვა: „ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემატური საკითხები მაშინ გადაიჭრება, თუკი ისინი თითოეული მამაკაცის, ქალისა და ბავშვის ზრუნვის საგნად იქცევა“.

მიუხედავად ამისა, ზოგი ფიქრობს, რომ სისუფთავეზე ზრუნვა თითოეული ადამიანის პირადი საქმეა და სხვები არ უნდა ერეოდნენ მის საქმეში. ნამდვილად ასეა თუ არა ეს?

სისუფთავეს უდავოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როდესაც საქმე საკვებს ეხება; მნიშვნელობა არა აქვს, ბაზარზე ვყიდულობთ მას თუ რესტორანში ან სტუმრად ყოფნის დროს მივირთმევთ. ამ დროს ყველა მოელის, რომ მზარეულები საგულდაგულოდ დაიცავენ სისუფთავის ნორმებს. თუ მზარეულები ან ადამიანები, ვინც მათ მიერ მომზადებულს მიირთმევს, ხელებს არ დაიბანენ, ეს შეიძლება მრავალი დაავადების მიზეზი გახდეს. რა შეიძლება ითქვას საავადმყოფოებზე — ადგილზე, სადაც ყველაზე მეტად უნდა იქნეს დაცული სისუფთავე? როგორც „ახალი ინგლისის სამედიცინო ჟურნალი“ იტყობინებოდა, ალბათ, ექიმებისა და მედდების დაუბანელი ხელები უნდა მივიჩნიოთ პაციენტების ინფექციური დაავადებებით დასნებოვნების მიზეზად, რომელთა განკურნებაზეც წელიწადში ათ მილიარდ დოლარამდე იხარჯება. სავსებით გამართლებულია ჩვენი მოთხოვნა, რომ თავისი უსუფთაო ჩვევებით არავინ ჩააგდოს საფრთხეში ჩვენი ჯანმრთელობა.

ძალზე დამაფიქრებელია ისიც, როდესაც ვინმე — ნებსით თუ უნებლიეთ — წყლის მარაგს გვიბინძურებს. და განა თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობთ ისეთ პლაჟზე, სადაც ფეხშიშველა მივდივართ და ვხედავთ, რომ აქა-იქ ნარკომანებისა თუ სხვების ნახმარი შპრიცებია მიმოფანტული? ალბათ, თითოეული ჩვენგანისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიცავთ თუ არა სისუფთავეს საკუთარ სახლში?

სუელენ ჰოი თავის წიგნში „განდევნა სიბინძურისა“ ასეთ კითხვას სვამს: „ისევე ვიცავთ თუ არა სისუფთავეს, როგორც უწინ?“; და მერე თავადვე პასუხობს: „ალბათ, არა“. ამის უმთავრეს მიზეზად იგი საზოგადოებრივ ღირებულებათა გადაფასებას ასახელებს. რადგან სულ უფრო და უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სახლში, ადამიანები სხვებს უხდიან ფულს სახლის დალაგებაში. ამიტომაც, სისუფთავის შესანარჩუნებლად ცალკეული ადამიანები უკვე აღარ იწუხებენ თავს. „მე არ ვწმენდ საშხაპეს — მხოლოდ საკუთარი თავის სისუფთავეზე ვზრუნავ, — ამბობს ერთი მამაკაცი. — ჩემი სახლი ჭუჭყიანიც რომ იყოს, მე ხომ სუფთა ვარ“.

მაგრამ გარეგნობაზე ზრუნვას ვერ გავაიგივებთ სისუფთავესთან; სისუფთავე უფრო მეტს გულისხმობს. იგი ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია. მის დასაცავად გონება და გული უნდა გვქონდეს განწყობილი; სისუფთავე ხომ ჩვენს ზნეობასა და ღვთისმსახურებასთან არის დაკავშირებული. მოდი უფრო მეტი გავიგოთ ამის თაობაზე.