არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა უნდა ვისწავლოთ ნიკოდემოსის მაგალითიდან?

რა უნდა ვისწავლოთ ნიკოდემოსის მაგალითიდან?

რა უნდა ვისწავლოთ ნიკოდემოსის მაგალითიდან?

„თუ ვინმეს უნდა გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე იტვირთავდეს თავის ჯვარს [წამების ძელს] და მომყვებოდეს“ (ლუკა 9:23). თავმდაბალი მეთევზეები და მოძულებული მებაჟე ხალისით გამოეხმაურნენ ამ მოწოდებას. მათ მიატოვეს ყველაფერი და იესოს გაჰყვნენ (მათე 4:18—22; ლუკა 5:27, 28).

იესოს მოწოდება დღემდე გაისმის და მრავალი უკვე გამოეხმაურა მას. ზოგი სიამოვნებითაც კი სწავლობს ბიბლიას იეჰოვას მოწმეებთან, მაგრამ აყოვნებს ‘თავისი თავის უარყოფასა და წამების ძელის ტვირთად აღებას’. ისინი საკუთარ თავზე არ იღებენ ამ პასუხისმგებლობას და უარს ამბობენ იმ უპირატესობაზე, რომელიც იესოს მოწაფეობას მოაქვს.

რატომ იკავებს თავს ზოგი იესოს მოწვევაზე გამოხმაურებისა და იეჰოვა ღმერთისადმი თავის მიძღვნისგან? ერთი მხრივ, მათ, ვინც იუდაისტურ-ქრისტიანულ-მონოთეისტურ კონცეფციებზე არ აღიზარდა, საკმაო დრო სჭირდებათ, რათა ბოლომდე გაიგონ, რომ არსებობს პიროვნება, ყოვლისშემძლე შემოქმედი. მაგრამ მას შემდეგაც კი, რაც მის არსებობაში დარწმუნდებიან, ზოგი მაინც არ მიჰყვება იესოს ნაკვალევს. ასეთ ადამიანებს შეიძლება იმის ეშინიათ, რომ, თუ იეჰოვას მოწმეები გახდებიან, ნათესავები და მეგობრები მათზე უარყოფითად იფიქრებენ. სხვებს მხედველობიდან რჩებათ, რომ ახლა არც დაყოვნების დროა და არც დიდებასა თუ სიმდიდრეს უნდა გამოედევნონ (მათე 24:36—42; 1 ტიმოთე 6:9, 10). ასეა თუ ისეა, მათთვის, ვინც აყოვნებს იესოს მიმდევრად გახდომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, ნიკოდემოსის — იესოს დღეებში მცხოვრები მდიდარი იუდეველთა მთავრის — შესახებ ცნობაში კარგი გაკვეთილია მოცემული.

ნიკოდემოსს შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცა

ექვსიოდე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც იესომ დედამიწაზე მსახურება დაიწყო და ნიკოდემოსი მიხვდა, რომ იესო იყო „მოძღვარი ღვთისგან მოსული“. არც ისე დიდი ხნის წინათ, ახ. წ. 30 წლის პასექზე იერუსალიმში იესოს მიერ მოხდენილმა სასწაულებმა მასზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ნიკოდემოსი ღამის სიბნელეში მიდის იესოსთან; ეუბნება, რომ სწამს მისი და მისი მოძღვრების უფრო ღრმად გაგება სურს. საპასუხოდ იესო უმხელს ღრმა ჭეშმარიტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ღვთის სამეფოში შესასვლელად ‘ხელახლა შობაა’ საჭირო. სწორედ მაშინ ამბობს იესო ამ სიტყვებსაც: „ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:1—16).

რა სასწაულებრივი პერსპექტივა გადაიშალა ნიკოდემოსის წინაშე! მას შეუძლია, იესოს ახლო მეგობარი გახდეს და დედამიწაზე მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის თვითმხილველი იყოს. ნიკოდემოსმა, იუდეველთა მთავარმა და ისრაელის მოძღვარმა, კარგად იცის ღვთის სიტყვა. მას დიდი გამჭრიახობაც აქვს, რადგან იესოში ღვთის მიერ გამოგზავნილი მოძღვარი ამოიცნო. ნიკოდემოსს აინტერესებს სულიერი საკითხები და უჩვეულოდ თავმდაბალიცაა. წარმოიდგინეთ, რამდენად რთული უნდა იყოს იუდეველთა უზენაესი სასამართლოს წევრისთვის იმის აღიარება, რომ უბრალო დურგლის შვილი ღვთის მიერ გამოგზავნილი მამაკაცია! ასეთი თვისებები ფასდაუდებელია იმისათვის, რომ ადამიანი იესოს მოწაფე გახდეს.

ნიკოდემოსის მიერ ამ ნაზარეველი მამაკაცის მიმართ გამოვლენილი ინტერესი, როგორც ჩანს, არ კლებულობს. ორ წელიწადნახევრის შემდეგ, კარვობის დღესასწაულზე, ის სინედრიონის შეხვედრას ესწრება. ამ დროს ნიკოდემოსი ჯერ კიდევ ‘ერთი იმათთაგანია’. მღვდელმთავრები და ფარისევლები იესოს შესაპყრობად მსახურებს გზავნიან. მსახურები ბრუნდებიან და ამბობენ: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს“. ფარისევლები დამამცირებლად პასუხობენ: „ნუთუ თქვენც გაცდუნათ? ნუთუ მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ იწამა იგი? მაგრამ ეს ხალხი, რომელმაც რჯული არ იცის, დაწყევლილია“. ნიკოდემოსი გრძნობს, რომ ვეღარ გაჩუმდება და ამბობს: „განა სდებს მსჯავრს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ წინასწარ მისგან არ მოისმინა და არ გაიგო, რაც მან ჩაიდინა?“ ამის გამო მას ფარისეველთა კრიტიკა ატყდება თავს: „შენც გალილეიდან არა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება“ (იოანე 7:1, 10, 32, 45—52).

ექვსიოდე თვის შემდეგ, ახ. წ. 33 წლის პასექის დღეს, ნიკოდემოსი ხედავს, რომ იესოს სხეული ჩამოხსნილია წამების ძელიდან. ის იოსებ არიმათიელთან, სინედრიონის კიდევ ერთ წევრთან, ერთად სამარხში ჩასადებად ამზადებს უფლის სხეულს. ამისათვის ნიკოდემოსს მოაქვს „სმირნისა და ალოეს ნაზავი“, რომელიც დაახლოებით 30 კილოგრამს იწონის. ეს ნაზავი საკმაოდ ძვირი ღირს. ნოკოდემოსის მხრიდან ამ შემთხვევაში ვაჟკაცობის გამოვლენაცაა საჭირო, რადგან თავისუფლად შეუძლიათ, იცნონ და დაინახონ, რომ ის ამ „მატყუარასთანაა“ (ასე უწოდებდნენ მისი თანამორწმუნეები, ფარისევლები, იესოს). სინედრიონის წევრი ეს ორი მამაკაცი სასწრაფოდ ამზადებს იესოს სხეულს და იქვე ახლოს მდებარე სამარხში ასვენებს. მაგრამ, თვით ამ დროსაც კი, ნიკოდემოსი ჯერ კიდევ არ არის იესოს მოწაფე! (იოანე 19:38—42; მათე 27:63; მარკოზი 15:43).

რატომ არ დგამდა ის კონკრეტულ ნაბიჯებს?

იოანე თავის სახარებაში არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ რატომ იკავებდა თავს ნიკოდემოსი ‘წამების ძელის აღებისა’ და იესოს მიმდევრად გახდომისგან. მაგრამ მან დაგვიტოვა რაღაც, რაც გვიხსნის ამ ფარისევლის ყოყმანის მიზეზს.

ჯერ ერთი, იოანე გვიჩვენებს, რომ ეს იუდეველი მთავარი „ღამით მივიდა მასთან [იესოსთან]“ (იოანე 3:2). ერთ-ერთი ბიბლეისტი ამას ასე ხსნის: „ნიკოდემოსი ღამით შიშის გამო კი არ მივიდა, არამედ იმის გამო, რომ ბრბოს ხელი არ შეეშალა იესოსთან საუბარში“. მაგრამ იოანე ნიკოდემოსის შესახებ ამბობდა: „ერთხელ ღამით რომ მივიდა იესოსთან“ და ეს სიტყვები მოყვანილია იმ კონტექსტში, სადაც მოციქული მიუთითებდა იოსებ არიმათიელის შესახებ, რომელიც „იესოს მოწაფე იყო, ოღონდ ფარულად, იუდეველთა შიშის გამო“ (იოანე 19:38, 39). ამიტომ სავარაუდოა, რომ ნიკოდემოსი ღამით ‘იუდეველთა შიშის გამო’ მივიდა და მასაც ისევე ეშინოდა იუდეველების, როგორც მის დღეებში მცხოვრებ ნებისმიერ სხვას, ვისაც იესოსთან რაიმე კავშირი ჰქონდა (იოანე 7:13).

თქვენც ხომ არ დებთ სამომავლოდ იესოს მოწაფედ გახდომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას, რადგან გაშინებთ იმაზე ფიქრი, თუ რას იტყვიან თქვენზე ნათესავები, მეგობრები ან კოლეგები? „ხალხის მოშიშარს ხაფანგი უგია“, — ნათქვამია იგავნში. როგორ შეგიძლიათ, სძლიოთ ამ შიშს? იგავნი დასძენს: „უფლის მოიმედე კი დაცული იქნება“ (იგავნი 29:25). იეჰოვასადმი ასეთი ნდობის განსავითარებლად საჭიროა, საკუთარ თავზე გამოსცადოთ რთულ სიტუაციებში ყოფნისას, თუ როგორ ამოგიდგებათ ღმერთი მხარში. ლოცვით მიმართეთ იეჰოვას და სთხოვეთ, გამბედაობა მოგცეთ, რომ თქვენს თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით შედარებით პატარა გადაწყვეტილებები მაინც მიიღოთ. თანდათანობით რწმენა გაგეზრდებათ და იეჰოვას უფრო მეტად მიენდობით; ასე რომ, ღვთის ნებასთან შესაბამისად, უფრო დიდი გადაწყვეტილების მიღებას შეძლებთ.

ნიკოდემოსს, შესაძლოა, თავისმა მდგომარეობამ და მმართველი კლასის წევრობის პრესტიჟმაც შეაკავებინა თავი, გადაედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი და უარეყო საკუთარი თავი. იმ დროს ის ჯერ კიდევ თავის მდგომარეობას, სინედრიონის წევრობას, იყო მიჯაჭვული. თქვენც ხომ არ აყოვნებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასა და ქრისტეს მიმდევრად გახდომას იმის გამო, რომ საზოგადოებაში პრესტიჟული მდგომარეობა ან სამსახურებრივი დაწინაურების შესაძლებლობა არ დაკარგოთ? აქ ჩამოთვლილთაგან ვერაფერი შეედრება იმ პატივს, რომელიც სამყაროს უზენაესის მსახურად ყოფნის შესაძლებლობას მოაქვს, უზენაესისა, ვინც მზად არის, დააკმაყოფილოს თქვენი ყველა სათხოვარი, რომელიც მის ნებას არ ეწინააღმდეგება (ფსალმუნი 10:17, აქ [9:38]; 82:19; 144:18).

ნიკოდემოსი შეიძლება თავისი სიმდიდრის გამოც ითრევდა ფეხს. მასზე, ფარისეველზე, შეიძლება სხვა ‘ვერცხლის მოყვარულმა’ ფარისევლებმა იქონიეს გავლენა (ლუკა 16:14). თვით ის ფაქტი, რომ სმირნისა და ალოეს საკმაოდ ძვირად ღირებულ ნაზავზე მიუწვდებოდა ხელი, უკვე მის სიმდიდრეზე მეტყველებს. დღეს ზოგი ქრისტიანად ყოფნის პასუხისმგებლობას იმიტომ ირიდებს, რომ მომხვეჭელობას არის გადაყოლილი. მაგრამ იესომ თავისი მიმდევრები გააფრთხილა: „ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, თუ რითი შეიმოსოთ. განა სული საზრდოზე მეტი არ არის და სხეული — სამოსელზე?.. ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს. თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ“ (მათე 6:25—33).

მან ბევრი დაკარგა

საინტერესოა, რომ ნიკოდემოსის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ იოანეს სახარებაშია მოცემული, არაფერს ამბობს იმაზე, გახდა თუ არა ის იესოს მოწაფე. ერთი გადმოცემის თანახმად, ნიკოდემოსმა იესოს მიმართ კონკრეტული პოზიცია დაიჭირა, მოინათლა, იუდეველთა დევნის ობიექტი გახდა, დაკარგა თავისი მდგომარეობა და ბოლოს იერუსალიმიდან გააძევეს. ასეა ეს თუ არა, ერთი რამ უდავოა: მან ბევრი დაკარგა იმით, რომ დედამიწაზე იესოს ყოფნისას მის მიმდევრად გახდომას აყოვნებდა.

იესოსთან პირველი შეხვედრიდანვე მისი მიმდევარი რომ გამხდარიყო, ნიკოდემოსი უფლის მოწაფე გახდებოდა და მასთან ახლო ურთიერთობა ექნებოდა. თავისი ცოდნით, გამჭრიახობით, თავმდაბლობითა და სულიერი მოთხოვნილებების შეგნებით მას შეეძლო შესანიშნავი მოწაფე გამხდარიყო. დიახ, მას შეეძლო მოესმინა დიდებული მოძღვრის საოცარი გამოსვლები; მის მიერ მოყვანილი თვალსაჩინო მაგალითებიდან ესწავლა მნიშვნელოვანი საკითხები; მის მიერ მოხდენილი სასწაულების თვითმხილველი ყოფილიყო და იმ დარიგებებით განმტკიცებულიყო, რომლებიც განშორების წინ მისცა იესომ თავის მოციქულებს. მაგრამ მან ხელიდან გაუშვა ყოველივე ეს.

ნიკოდემოსმა თავისი ყოყმანით ბევრი დაკარგა. სხვა ყველაფერთან ერთად მან დაკარგა იესოს მიერ გულთბილ მოწვევაზე გამოხმაურების შესაძლებლობაც: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი“ (მათე 11:28—30). ნიკოდემოსმა ამ სულის სიმშვიდის განცდის შესაძლებლობა დაკარგა, რომელსაც ის პირდაპირი გაგებით თვითონ იესოსგან მიიღებდა!

რა შეიძლება ითქვას თქვენ შესახებ?

1914 წლიდან იესო ღვთის ზეციერი სამეფოს მეფე გახდა და მისი თანდასწრებაც დაიწყო. იესომ იმის წინასწარმეტყველებისას, თუ რა მოხდებოდა მისი თანდასწრების პერიოდში, სხვა საკითხებთან ერთად ესეც მოიხსენია: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14). აღსასრულის დადგომამდე მსოფლიო მასშტაბით უნდა იქნეს ნაქადაგები. იესო ქრისტეს სიამოვნებს, რომ ჰყავს ამ საქმეში მონაწილე ადამიანები, თუმცა ისინი არასრულყოფილები არიან. თქვენც შეგიძლიათ მასში მონაწილეობის მიღება.

ნიკოდემოსს ესმოდა, რომ იესო ღვთის წარმოგზავნილი იყო (იოანე 3:2). ბიბლიის შესწავლის შედეგად თქვენც მსგავს დასკვნამდე მიხვალთ. შეიძლება ცხოვრების წესშიც შეიტანეთ ცვლილებები, რათა ბიბლიური ნორმების შესაბამისად იცხოვროთ. შესაძლოა, ბიბლიური ცოდნის გასაღრმავებლად იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებსაც ესწრებით. თქვენ მიერ გამოვლენილი ასეთი მცდელობა ქებას იმსახურებს. მაგრამ ნიკოდემოსისთვის აუცილებელი იყო უფრო მეტი რამ, ვიდრე მხოლოდ იმის გაგება, რომ იესო ღვთის წარმოგზავნილი გახლდათ. მას უნდა ‘უარეყო თავისი თავი, ყოველდღე ეტვირთა თავისი წამების ძელი და იესოს გაჰყოლოდა’ (ლუკა 9:23).

გულთან ახლოს მიიტანეთ მოციქულ პავლეს სიტყვები: «ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ, რომ ფუჭად არ მიიღოთ ღვთის მადლი. ვინაიდან ის ამბობს: „მოწყალების ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე.“ აჰა, ახლაა მოწყალების ჟამი, აჰა, ახლაა ხსნის დღე» (2 კორინთელთა 6:1, 2).

ახლაა იმის ჟამი, რომ განივითაროთ რწმენა, რომელიც მოქმედებისკენ აღგძრავთ. ამ მიზნის მისაღწევად, იფიქრეთ იმაზე, რასაც ბიბლიიდან სწავლობთ. ლოცვით მიმართეთ იეჰოვას და სთხოვეთ, დაგეხმაროთ ასეთი რწმენის გამოვლენაში. როდესაც საკუთარ თავზე გამოსცდით იეჰოვასგან გამოწვდილი დახმარების ხელის ძალას, მისადმი მადლიერებისა და სიყვარულის გრძნობა აღგძრავთ, ‘უარყოთ საკუთარი თავი, იტვირთოთ წამების ძელი და მარადიულად მიჰყვეთ იესო ქრისტეს’. გადადგამთ თუ არა ახლავე კონკრეტულ ნაბიჯებს?

[სურათი 9 გვერდზე]

თავიდან ნიკოდემოსი გაბედულად გამოვიდა იესოს დასაცავად.

[სურათი 9 გვერდზე]

წინააღმდეგობის მიუხედავად, ნიკოდემოსმა საკუთარი წვლილი შეიტანა იესოს სხეულის სამარხში ჩასადებად გამზადებაში.

[სურათი 10 გვერდზე]

პირადი შესწავლა და ლოცვა განგამტკიცებთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ.

[სურათი 10 გვერდზე]

პირადად თქვენ, გსურთ, იმსახუროთ იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით?