არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სისუფთავე რა არის სინამდვილეში?

სისუფთავე რა არის სინამდვილეში?

სისუფთავე რა არის სინამდვილეში?

ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-18 და მე-19 საუკუნეებში საშინელი ანტისანიტარია იყო გაბატონებული. ამიტომაც, მაშინდელი მისიონერები ეგრეთ წოდებულ „სისუფთავის დოგმატს“ ქადაგებდნენ. ამ დოგმატის მიხედვით სიბინძურე ცოდვად ითვლებოდა, ხოლო სისუფთავე ადამიანს ღმერთთან აახლოებდა. ალბათ, ამის გამო გავრცელდა ხალხში გამონათქვამი — ღვთისმოსაობის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სისუფთავეაო.

ასეთი შეხედულება ჰქონდა ხსნის არმიას, რომელიც უილიამ და კეტრინ ბუთებმა ჩამოაყალიბეს. წიგნში „ჯანმრთელობა და მედიცინა ევანგელისტურ ტრადიციებში“ ნათქვამია, რომ მათი ერთ-ერთი პირველი დევიზი იყო „საპონი, სუპი და ხსნა“. შემდეგ, ლუი პასტერმა და სხვებმა დაამტკიცეს, და ეჭვის ნატამალიც კი აღარ დატოვეს, რომ ესა თუ ის ავადმყოფობა შეიძლება ბაქტერიით ყოფილიყო გამოწვეული. ამან მეცნიერული ბაზისის განვითარებას მისცა ბიძგი, რაც თავის მხრივ ჯანდაცვის უკეთესი პროგრამების შემუშავებას შეუწყობდა ხელს.

დაუყოვნებლივ მიღებულ ზომებში შედიოდა შემდეგიც: სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმეს აღარ მოეთხოვებოდა ბიბლიის კოცნა; სკოლებსა და რკინიგზის სადგურებზე აიკრძალა საერთო სასმელი ფინჯნების გამოყენება. იმაზეც იზრუნეს, რომ რელიგიური რიტუალების დროს საერთო საეკლესიო ბარძიმის ნაცვლად ყველას თავ-თავისი სასმისი ჭურჭელი გამოეყენებინა. დიახ, ისე ჩანდა, რომ ამ ადრინდელმა ნოვატორებმა მართლაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს სისუფთავისადმი ხალხის დამოკიდებულების შეცვლაში. იმდენად მნიშვნელოვანს, რომ ერთმა მწერალმა ამ პროცესს „სისუფთავეზე შეყვარებულობანაც“ კი უწოდა.

მაგრამ, როგორც ჩანს, „სისუფთავეზე შეყვარებულობანა“ მხოლოდ ზედაპირული იყო. ფხიანმა ვაჭრებმაც არ დაახანეს და უბრალო საპონი სულ მალე კოსმეტიკის განუყრელ ნაწილად აქციეს. ეშმაკურად გათვლილმა რეკლამებმა მომხმარებლების იმაში დარწმუნება დაიწყეს, რომ პირადი ჰიგიენისთვის განკუთვნილი გარკვეული საგნების მოხმარება საზოგადოების თვალში მათ პრესტიჟს აუმაღლებდა, ხოლო სხვები შურით დაუწყებდნენ ყურებას. ამ ფანტაზიების გავრცელებაში დღეს უკვე ტელევიზიას ლომის წილი უდევს. თითქმის ვერასდროს ნახავთ, რომ რეკლამებსა და ტელესერიალებში მონაწილე გმირები სახლს ალაგებდნენ, ეზოს გვიდნენ, ნაგავს ყრიდნენ, ანდა კარ-მიდამოს კატებისა და ძაღლების ექსკრემენტებისგან ასუფთავებდნენ.

ზოგი იმასაც კი იმიზეზებს, რომ სამსახურში სიარულით ფულს შოულობენ, საოჯახო საქმის კეთებასა და სახლის დასუფთავებას კი არანაირი მოგება არ მოაქვს. და თუკი ფულს არავინ იძლევა, რა ძალა ადგათ, გარემოს სისუფთავეზე რატომ იზრუნონ? ასეთი პროპაგანდის ერთ-ერთი შედეგი ის არის, რომ ზოგი ადამიანის აზრით, სისუფთავე მხოლოდ პირად ჰიგიენაზე ზრუნვით შემოიფარგლება.

ღვთის თვალსაზრისი სისუფთავეზე

უეჭველია, რომ ხალხისთვის სისუფთავის სწავლების მიზნით ადრე გაწეულმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და საზოგადოების ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა. და ამაში გასაკვირიც არაფერია, — სისუფთავე ხომ თავად წმიდა და სპეტაკი ღვთის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც სწორედ მისგან იღებს სათავეს. ღმერთი გვასწავლის, რომ ყოველმხრივ წმიდა და სუფთა ვიყოთ, რაც ისევ და ისევ ჩვენ მოგვიტანს სიკეთეს (ესაია 48:17; 1 პეტრე 1:15).

იეჰოვა ღმერთი ამ მხრივ სამაგალითოა. სისუფთავე, ისევე როგორც ღვთის სხვა უხილავი თვისებები, კარგად ჩანს მის ქმნილებებში (რომაელთა 1:20). როგორც ვხედავთ, თავად ქმნილება ხანგრძლივ დაბინძურებას არ იწვევს. დედამიწა, რომელზეც უამრავი ეკოლოგიური ციკლი შეინიშნება, თვითმწმენდი საოცრებაა; იგი სუფთა და ჯანსაღი ცხოვრებისთვისაა განკუთვნილი. ასეთი სუფთა ნახელავის შექმნა მხოლოდ სისუფთავით გამორჩეულ კონსტრუქტორს შეეძლო. აქედან გამომდინარე, მივდივართ დასკვნამდე, რომ ღვთის თაყვანისმცემლები ცხოვრების ყველა სფეროში სუფთანი უნდა იყვნენ.

სისუფთავის ოთხი ძირითადი მხარე

ბიბლია სისუფთავის ოთხ სახეს გამოჰყოფს, რომელთა შესანარჩუნებლადაც ღვთის თაყვანისმცემლები ძალ-ღონეს არ უნდა იშურებდნენ. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

სულიერი. ამ სახის სისუფთავის დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული, მიიღებს თუ არა ადამიანი მარადიულ სიცოცხლეს; მაგრამ ხშირად ამ სახის სისუფთავეს ყველაზე მეტად უგულებელყოფენ. მარტივად რომ ვთქვათ, სულიერი სისუფთავე ნიშნავს იმას, რომ არასოდეს გავცდეთ იმ ზღვარს, რომელიც ღმერთმა ჭეშმარიტსა და ცრუ თაყვანისცემას შორის გაავლო; ღვთის თვალში ნებისმიერი სახის ცრუ თაყვანისცემა უწმინდურებაა. მოციქულმა პავლემ დაწერა: „გამოდით მათგან და გამოეყავით! ამბობს უფალი. უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ“ (2 კორინთელთა 6:17). მოწაფე იაკობიც ერთობ კონკრეტულად ამბობს: „წმიდა და შეუბღალავი სამსახური ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ... შეურყვნელად დაიცვა თავი წუთისოფლისაგან“ (იაკობი 1:27).

ღმერთმა ცალსახად და ნათლად დაგვანახვა, რომ იგი არ იწონებს ცრუ თაყვანისცემის თავის წმინდა თაყვანისცემასთან შერევას. ცრუ თაყვანისცემასთან ხშირად უწმინდური ჩვეულებები, საზიზღარი კერპები და ღვთაებებია დაკავშირებული (იერემია 32:35). ამიტომაც, ჭეშმარიტ ქრისტიანებს ბიბლია მოუწოდებს, თავი აარიდონ რაიმე სახით უწმინდურ თაყვანისცემაში მონაწილეობას (1 კორინთელთა 10:20, 21; გამოცხადება 18:4).

ზნეობრივი. ღმერთი ზნეობრივ სისუფთავესაც, თუ რა არის წმინდა და რა — უწმინდური, არაორაზროვნად განსაზღვრავს. როგორც ეფესელთა 4:17—19-შია ნათქვამი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები არიან „გონებადაბნელებულნი და ღვთის ცხოვრებისაგან გაუცხოებულნი... რომელთაც გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით“. ასეთმა უზნეო აზროვნებამ მრავალნაირად — როგორც აშკარად, ისე ფარულად — შეიძლება იჩინოს თავი, ამიტომაც ქრისტიანებს სიფრთხილის გამოჩენა მართებთ.

ღვთის მოყვარულებმა იციან, რომ მეძაობა, ჰომოსექსუალიზმი, ქორწინებამდელი სექსი და პორნოგრაფია იეჰოვას მიერ დადგენილი ზნეობრივი სიწმინდის ნორმების დარღვევაა. მაგრამ ჩვეულებრივი მოვლენაა, თუკი ჩვენ მიერ ჩამოთვლილი უზნეო საქციელი დღეს ამა თუ იმ სახით გამოიხატება გართობისა და მოდის სამყაროში. ამიტომ ქრისტიანებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რომ ამგვარ ტენდენციებს არ აჰყვნენ. ქრისტიანულ შეხვედრებსა თუ წვეულებებზე მოკლე კაბის ან ისეთი ტანისამოსის ჩაცმა, რომელიც სათანადოდ არ ფარავს სხეულს, უადგილოა და არასასურველ ყურადღებას იპყრობს და ქრისტიანის მიერ, სულ მცირე, მოცემულ მომენტში, უბიწოების მიმართ გულგრილი დამოკიდებულების მაჩვენებელია. გარდა იმისა, რომ ქრისტიანულ შესაკრებელში წუთისოფლისეული უწმინდური აზროვნება შემოაქვს, ასეთ ჩაცმულობას სხვების გონებაშიც შეუძლია ბიწიერი აზრების აღძვრა. ამიტომაც, ამ მიმართულებით ქრისტიანები განსაკუთრებით უნდა ცდილობდნენ „მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნის“ გამოვლენას (იაკობი 3:17).

გონებრივი. ადამიანის შინაგანი სამყარო არ უნდა იყოს უწმინდური აზრების ბუდე. იესომ გაგვაფრთხილა, რომ ბიწიერი აზროვნება არ განგვევითარებინა: „ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:28; მარკოზი 7:20—23). იესოს ეს სიტყვები ასევე მიესადაგება პორნოგრაფიული სურათებისა და ფილმების ყურებას, ლიტერატურის კითხვას, რომელიც გარყვნილ სექსუალურ სცენებზე მოგვითხრობს, და ვულგარული სიმღერების მოსმენას. ამრიგად, ქრისტიანებმა ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ, რათა თავი აარიდონ იმ უწმინდური აზრებით წაბილწვას, რომლებსაც ჩვენი მეტყველებისა და საქციელის გაუწმინდურება და შებღალვა შეუძლია (მათე 12:34; 15:18).

ფიზიკური. ბიბლიაში სულიერი სიწმინდე და ფიზიკური სისუფთავე მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული. მაგალითად, პავლემ დაწერა: „საყვარელნო... განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან, ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე“ (2 კორინთელთა 7:1). ამიტომ, ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა თავიანთი სხეულის, სახლისა და გარემოს სისუფთავეზე უნდა იზრუნონ, რამდენადაც მათ გარემოება აძლევს ამის საშუალებას. იქაც კი, სადაც სარეცხი და დასაბანი წყლის ნაკლებობაა, ქრისტიანებმა შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა სისუფთავე და წესრიგი შეინარჩუნონ.

თუ გვინდა, რომ ფიზიკური სისუფთავე შევინარჩუნოთ, უარი უნდა ვთქვათ ამა თუ იმ სახით თამბაქოს გამოყენებაზე, ალკოჰოლის გადამეტებით მიღებაზე და ნარკოტიკების ნებისმიერი სახით ბოროტად მოხმარებაზე; ეს ჩვევები ბილწავს და ზიანს აყენებს ჩვენს სხეულს. ქებათა-ქებაში მოხსენიებულ მწყემს ჭაბუკს შუნემელი გოგონას ტანსაცმლის სურნელი სიამოვნებას ჰგვრიდა (ქებათა-ქება 4:11). პირად ჰიგიენაზე ზრუნვა სხვებისადმი სიყვარულის გამოვლენაა, ვინაიდან არც ერთ ჩვენგანს არ სურს, რომ გარშემო მყოფთ ჩვენგან უსიამოვნო სუნი სცემდეთ. სუნამოები და ოდეკოლონები შეიძლება კეთილსურნელების წყარო იყოს, მაგრამ ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებიან რეგულარული ბანაობისა და სუფთა ტანსაცმლის შემცვლელი.

იქონიეთ გაწონასწორებული თვალსაზრისი

როდესაც საქმე ფიზიკურ სისუფთავეს ეხება, ხალხი შეიძლება ორ სხვადასხვა უკიდურესობაში ჩავარდეს. ერთი მხრივ, თუკი სისუფთავისადმი ფანატიკური დამოკიდებულება გვექნება, ამან შეიძლება საერთოდ ჩაგვიკლას სიცოცხლის ხალისი და ჩვენი ძვირფასი დროის უდიდესი ნაწილიც შთანთქას. მეორე მხრივ კი, დროთა განმავლობაში ჭუჭყიანი და მოუწესრიგებელი სახლის შეკეთება შეიძლება ძალიან ძვირი დაგვიჯდეს. ამ ორ უკიდურესობას შორის შეგვიძლია პრაქტიკული და გონივრული შუალედი ვიპოვოთ და ყოველთვის ვზრუნავდეთ სახლის სისუფთავესა და წესრიგზე.

აირჩიეთ უბრალოება. ნივთებით გადატვირთული სახლების ან ოთახების დასუფთავება საკმაოდ ძნელია და ასეთ გადატვირთულ გარემოში ჭუჭყის მიკვლევაც არ იქნება ადვილი. უბრალო და სადა სახლის დალაგებას გაცილებით ნაკლები დრო მიაქვს. ბიბლია გვირჩევს, რომ უბრალო ცხოვრებას დავჯერდეთ: „ამიტომ, თუ გვაქვს საზრდო და ტანსაცმელი, დავჯერდეთ ამას“ (1 ტიმოთე 6:8).

დაიცავით წესრიგი. სახლის სისუფთავეზე ზრუნვა ევალება ყველას, ვინც კი ამ სახლში ცხოვრობს. სახლის უსუფთაობა ხშირად მოუწესრიგებელი ოთახებიდან იწყება. წესრიგი მაშინ არის დაცული, როცა ყველაფერი თავ-თავის ადგილზე დევს ან დგას. მაგალითად, ჭუჭყიანი ტანსაცმელი საწოლი ოთახის იატაკზე არ უნდა ეყაროს. და რაც უფრო სერიოზულია, აულაგებლად დატოვებული სათამაშოები და სამუშაო იარაღები რეალურ საფრთხეს ქმნის. სახლში მომხდარი მრავალი უბედური შემთხვევის მიზეზი სწორედ უწესრიგობაა.

ნათელია, რომ სისუფთავე და ქრისტიანული ცხოვრების წესი ერთმანეთისგან გაუმიჯნავია. ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრებას ესაია ‘წმიდა გზასთან’ აკავშირებს, რის შემდეგაც ჩვენთვის მეტად საყურადღებო სიტყვებს დასძენს: „უწმიდური იქ ვერ გაივლის“ (ესაია 35:8). დიახ, თუ ახლავე ვცდილობთ სისუფთავის კარგი ჩვევების გამომუშავებას, ამით ცხადვყოფთ, რომ მთელი გულით გვწამს ღვთის დანაპირები დედამიწაზე სამოთხის აღდგენასთან დაკავშირებით — სამოთხისა, სადაც სისუფთავე იქნება გაბატონებული. იმ დროს ჩვენი ლამაზი პლანეტის ყველა კუთხეში მცხოვრები ყველა ადამიანი დაიცავს იეჰოვა ღმერთის სრულყოფილ ნორმებს სისუფთავესთან დაკავშირებით და ამგვარად განადიდებენ მას (გამოცხადება 7:9).

[სურათი 6 გვერდზე]

სახლის სისუფთავეზე ზრუნვა ევალება ყველას, ვინც კი ამ სახლში ცხოვრობს.

[სურათი 7 გვერდზე]

დედამიწა თვითმწმენდი საოცრებაა.