არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

რას ნიშნავს ებრაელთა 12:4-ში ჩაწერილი სიტყვები „ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საბრძოლველად“?

გამოთქმა „სისხლამდე არ მდგარხართ“ ნიშნავს წინააღმდეგობის გაწევას სიცოცხლის ბოლომდე, სიტყვასიტყვით სისხლის უკანასკნელ წვეთამდე.

მოციქულმა პავლემ იცოდა, რომ თავიანთი რწმენის გამო ზოგიერთმა ებრაელმა ქრისტიანმა უკვე «დაითმინა ტანჯვის უდიდესი ღვაწლი [„ბრძოლა“, აქ]» (ებრაელთა 10:32, 33). ეს ბრძოლა პავლემ, ალბათ, ბერძნულ სპორტულ შეჯიბრებას შეადარა. ამ შეჯიბრებაში შედიოდა სირბილი, ჭიდაობა, კრივი და ბადროსა და შუბის ტყორცნა. ამიტომ, ებრაელთა 12:1-ში ის თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: „ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი“.

სამი მუხლის შემდეგ, ებრაელთა 12:4-ში, როგორც ჩანს, პავლეს ყურადღება მორბენლიდან მოკრივეზე გადააქვს (ერთიც და მეორეც მოიხსენიება 1 კორინთელთა 9:26-ში). ანტიკური დროის მოკრივეებს მუშტები და მაჯები რკინისა და ლითონის ლურსმნებით მოჭედილი ტყავის ღვედებით ჰქონდათ შეკრული. ამ ღვედებით მოწინააღმდეგეს სერიოზულ ზიანს აყენებდნენ. ასეთი მხეცური ორთაბრძოლები სისხლის დაუღვრელად არ იმართებოდა და ხანდახან სიკვდილითაც კი მთავრდებოდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ებრაელი ქრისტიანებისთვის ცნობილი იყო შემთხვევები, როდესაც ღვთის ერთგული მსახურები განიცდიდნენ დევნასა და მხეცურ მოპყრობას თვით სიკვდილამდე ანუ „სისხლამდე“. მხედველობაში მისაღებია კონტექსტი, სადაც პავლემ ყურადღება გაამახვილა, თუ რა გადახდათ ძველად მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებს:

„მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, აწამებდნენ; მახვილით იხოცებოდნენ, დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, შეჭირვებულნი, შევიწროებულნი, დათრგუნულნი“ იყვნენ. შემდეგ პავლემ ყურადღება გაამახვილა ჩვენი რწმენის სრულმყოფზე, იესოზე: „მან დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა“ (ებრაელთა 11:37; 12:2).

მართლაც, მრავალი, რომლებიც „სისხლამდე იდგნენ“, ამას თვით სიკვდილამდე აკეთებდნენ. ეს იყო ბევრად უფრო მეტი, ვიდრე შინაგანი ბრძოლა რწმენის ნაკლებობით გამოწვეული ცოდვის წინააღმდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთგულები დარჩნენ სასტიკი მოპყრობის დროს და რწმენაც თვით სიკვდილამდე შეინარჩუნეს.

იერუსალიმის კრების ახალი წევრები, რომლებიც სასტიკი დევნების შეწყვეტის შემდეგ გახდნენ ქრისტიანები, არასოდეს მდგარან ასეთი რთული გამოცდების წინაშე (საქმეები 7:54—60; 12:1, 2; ებრაელთა 13:7). ამიტომ შედარებით უმნიშვნელო გამოცდებიც კი გულს უტეხდა მათ, რომ ბრძოლა განეგრძოთ; ისინი ‘დაუძლურდნენ და დაჰკარგეს სულის სიმხნევე’ (ებრაელთა 12:3, სსგ). მათ მოწიფულობისკენ სწრაფვა სჭირდებოდათ; უნდა გამოემუშავებინათ ნებისმიერი განსაცდელის ატანის უნარი, თუნდაც ეს განსაცდელები ფიზიკური ძალადობითა და სიკვდილით დასრულებულიყო (ებრაელთა 6:1; 12:7—11).

მრავალი თანამედროვე ქრისტიანი „სისხლამდე იდგა საბრძოლველად“, ანუ სიკვდილითაც კი დასაჯეს, იმიტომ რომ არ ისურვეს კომპრომისზე წასვლა და არ უარყვეს ქრისტიანული რწმენა. პავლეს მიერ ებრაელთა 12:4-ში ჩაწერილმა სიტყვებმა არ უნდა შეგვაშინოს. პირიქით, ის ჩვენი გადაწყვეტილების განმამტკიცებლად უნდა მივიღოთ, რომ ყოველთვის ღვთის ერთგულები დავრჩეთ. მოგვიანებით, ებრაელთა მიმართ მიწერილ იმავე წერილში, პავლემ თქვა: „ვიქონიოთ მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოწიწებითა და მოშიშებით“ (ებრაელთა 12:28).