არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნოეს კიდობანი — გადამრჩენი საშუალება

ნოეს კიდობანი — გადამრჩენი საშუალება

ნოეს კიდობანი — გადამრჩენი საშუალება

ნოეს კიდობნის მეშვეობით მთელი კაცობრიობის წინაპრები გადაურჩნენ ძვ. წ. 2370—2369 წელს მომხდარ მსოფლიო წარღვნას. იეჰოვამ ნოეს დაწვრილებით აუხსნა, თუ რა ზომისა და ფორმის უნდა ყოფილიყო კიდობანი, საიდან უნდა შემოსულიყო სინათლე და ჰაერი, და რა მასალა უნდა გამოეყენებინა მის ასაგებად (დაბადება 6:14—16).

პროექტი და ზომები

კიდობანი (ებრაულად „თივაჰ“, ბერძნულად „კიბოტოს“) მართკუთხა ფორმის ყუთისმაგვარი ხომალდი იყო, რომელსაც სავარაუდოა, რომ მართი კუთხეები და ბრტყელი ძირი ჰქონდა. მას მომრგვალებული ძირი და წაწვეტებული ცხვირი არ დასჭირვებია ტალღების სწრაფად გასაპობად. არც მისი მართვა ყოფილა საჭირო. ის მხოლოდ წყალგაუმტარი უნდა ყოფილიყო და წყალზე ეტივტივა. ასეთი ფორმის ხომალდი ძალზე საიმედოა, ადვილად არ გადაბრუნდება და ჩვეულებრივ გემებთან შედარებით დაახლოებით ერთი მესამედით მეტ ტვირთს იტევს. ჩასატვირთად კიდობანს გვერდიდან კარი ჰქონდა შებმული.

კიდობნის სიგრძე 300 წყრთა იყო, სიგანე 50, ხოლო სიმაღლე — 30 წყრთა. თანამედროვე გამოთვლებით 1 წყრთა 44,5 სმ-ს უდრის (ზოგის აზრით, ძველად წყრთა 56 ან 61 სანტიმეტრს უახლოვდებოდა). აქედან გამომდინარე, კიდობნის ზომები შესაბამისად: სიგრძე 133,5 მეტრი, სიგანე 22,3 მეტრი და სიმაღლე 13,4 მეტრი იქნებოდა. იგი სიგრძით საოკეანო ლაინერზე, „დედოფალ ელისაბედ II“-ზე, თითქმის ორჯერ პატარა იყო. თანამედროვე გემთმშენებლობაში სიგრძის სიგანესთან თანაფარდობის ამ პროპორციას (ექვსი ერთთან) იყენებენ. კიდობნის მოცულობა დაახლოებით 40000 კუბური მეტრი იქნებოდა. ვარაუდობენ, რომ ასეთი ხომალდის წყალწყვა თითქმის მეოცე საუკუნის საოკეანო მძლავრი ლაინერის „ტიტანიკის“ წყალწყვის ტოლი იქნებოდა. ანტიკური ხანის ვერცერთი სატვირთო ხომალდის ზომები ოდნავადაც ვერ გაუტოლდებოდა კიდობნის კოლოსალურ ზომებს. შიგნით ორი სართული იყო დაშენებული და საერთო ჯამში სამსართულიანი ნაგებობა გამოვიდა, რომლის საერთო ფართობი 8900 კვადრატული მეტრი იყო.

სასინათლო (ებრაულად „ცოჰარ“) [სახურავი ან ფანჯარა] გაუკეთე კიდობანს“, —უთხრა ღმერთმა ნოეს (დაბადება 6:16). ზუსტად რა იყო ეს, ან როგორ იყო გაკეთებული, ცნობილი არ არის. ზოგი სწავლული ფიქრობს, რომ სიტყვა „ცოჰარი“ სინათლესთანაა დაკავშირებული და ამიტომ ამ სიტყვას „ფანჯარად“, „სინათლედ“ და „სასინათლოდ“ (როგორც ამას ქართული ბიბლიაც ამბობს) თარგმნიან. მაგრამ სხვები ამბობენ, რომ სიტყვა „ცოჰარის“ ფესვები ძველი არაბულიდან მოდის და ნიშნავს „ხელის ზურგს“, „ცხოველის ზურგს“ და „გემბანს“, რომელიც მიწისგან ან წყლისგან მოშორებულია და ამიტომ ითარგმნება როგორც „სახურავი“. „ცოჰარი“ (სასინათლო), რომლის გაკეთებაც ნოეს დაევალა, „ზემოდან ერთ წყრთაზე უნდა დაეტანებინა“ (დაბადება 6:16).

აქედან გამომდინარე, დასაშვებია, რომ „ცოჰარი“, საიდანაც საკმარისი სინათლე და ჰაერი შემოდიოდა, ერთი წყრთის ფართობის მქონე კვადრატული ფორმის მხოლოდ ერთი „ჭრილი“ ვერ იქნებოდა. არამედ, სახურავთან ახლოს ერთ წყრთაზე ამოჭრილი სარკმელების რიგი უნდა ყოფილიყო, რომელიც კიდობანს ოთხივე მხრიდან მთელ სიგრძეზე ჰქონდა დატანებული და მათი საერთო ფართობი დაახლოებით 140 კუბური მეტრი იყო. მეორე მხრივ, რადგან კიდობანს სახურავთან ახლოს ჰქონდა საკმარისი რაოდენობის ჰაერის შემოსასვლელი ადგილი, მაშინ სახურავი ოდნავ დაქანებული იქნებოდა. ამ ალბათობასთან დაკავშირებით ჯეიმს არმსტრონგმა თავის წიგნ „ვეტუს ტესტამენტუმ“-ში (ძველი აღთქმა) დაწერა: «ბიბლიაში ნათქვამი სიტყვები: „ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე“ ძნელი გასაგებია, რადგან სიტყვა ცოხარ ითარგმნება, როგორც სინათლე (ფანჯარა), ან (ბრტყელი) სახურავი. მაგრამ თუ კიდობანს ორფერდა სახურავი ჰქონდა, „ზემოდან ერთი წყრთა“, კედლების ზემოთა ზედაპირიდან სახურავის კეხამდე მანძილს უნდა ნიშნავდეს. თანამედროვე არქიტექტურული ტერმინოლოგიით, „ერთი წყრთა“ იქნებოდა ნივნივების ამაღლება, რომელთა შორისაც თავხე (მთავარი კოჭი) იყო გადებული... არსებულ არგუმენტებზე დაყრდნობით, ნოეს კიდობნის სახურავი, ალბათ, ოთხი პროცენტით იქნებოდა დახრილი (1 წყრთა ამაღლება —25 წყრთასთან, მანძილი კედლიდან თავხემდე), რაც სრულიად საკმარისი იქნებოდა წყლის ნაკადის მისაქცევად».

იეჰოვამ უთხრა ნოეს, თუ რა მასალა უნდა გამოეყენებინა ასეთი უზარმაზარი კიდობნის ასაგებად: «გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან [„ფისოვანი ხისგან“, აქ]» (დაბადება 6:14). ზოგის აზრით, ეს ფისოვანი ხე კვიპაროსი ან მისი მსგავსი ხე იყო. ნოეს დროს ის ხე, რომელსაც დღეს კვიპაროსს ვეძახით, ფართოდ იყო გავრცელებული. ფინიკიელები და ალექსანდრე მაკედონელი ამ ხეს, ძირითადად, გემთმშენებლობაში იყენებდნენ და ეს დღესაც ასეა, რადგან კვიპაროსი წყალგამძლე და ნაკლებად ლპობადია. ცნობილია, რომ კვიპაროსისგან დამზადებული კარებები და ბოძები 1100 წელს ძლებს. გარდა ამისა, ნოეს ჭრილები უბრალოდ კი არ უნდა ამოეგმანა, არამედ „[კიდობანი] შიგნით და გარეთ ფისით უნდა შეეფისა“.

ფართო ტვირთტევადობა

კიდობნის მგზავრთა სია გასაოცარი იყო. ნოეს, მისი ცოლის, მათი სამი ვაჟისა და მათი ცოლების გარდა, „ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილ-წყვილად“ იქნა კიდობანში შეყვანილი. „დედალ-მამალი იყოს. ყოველი გვარის ფრინველი, ყოველი გვარის პირუტყვი, ყოველი გვარის ქვეწარმავალი, ყველა წყვილ-წყვილად შემოგყვეს კიდობანში, რათა გადარჩნენ“, — უთხრა ღმერთმა ნოეს. ყოველი წმინდა პირუტყვი და ფრინველი შვიდ-შვიდი იქნა კიდობანში შეყვანილი. აგრეთვე შეტანილ იქნა დიდი რაოდენობით სხვადასხვაგვარი საკვები ყველა ცოცხალი არსებისთვის, რაც საკმარისი იქნებოდა წელიწადზე მეტხანს გამოსაკვებად (დაბადება 6:18—21; 7:2, 3). კიდობნისთვის შერჩეული ცხოველების „გვარებად“ მოხსენიება მიანიშნებს შემოქმედის მიერ მათთვის დადგენილ მკაცრად განსაზღვრულ და უცვლელ საზღვრებზე. მათ ზუსტად ამ საზღვრების ფარგლებში შეუძლიათ „თავ-თავისი გვარისდა“ მიხედვით გამრავლება. ზოგის ვარაუდით, დღეს არსებულ ცხოველთა ასი ათასობით სახეობა იმ, შედარებით მცირე, „გვარისგან“ წარმოიშვა. მაგალითად, ცხენისა და ძროხის სახეობები. იეჰოვას მიერ დაწესებული „გვარისდა“ მიხედვით გამრავლების წესი, ვერ დაირღვეოდა და არც უნდა დარღვეულიყო. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ზოგმა მკვლევარმა განაცხადა, რომ კიდობანში, სულ მცირე, 43 სახეობის ძუძუმწოვარა, 74 სახეობის ფრინველი და 10 სახეობის ქვეწარმავალი რომ შეეყვანათ, ისინი შეძლებდნენ, წარმოეშვათ დღეს არსებული სახეობების მრავალფეროვნება. სხვები უფრო დიდ ციფრს ასახელებენ: 72 სახეობის ოთხფეხა ცხოველსა და 200-მდე სახეობის ფრინველს. იმ ფაქტს, რომ დღეს არსებული უამრავი სახეობის ცხოველი წარღვნის დროს გადარჩენილი მცირერიცხოვანი „გვარიდან“ გამრავლდა, ისიც ამტკიცებს, რომ დღეს მრავალნაირი ადამიანი არსებობს: დაბლები, მაღლები, მსუქნები და გამხდრები, სხვადასხვაგვარი თმის, თვალისა და კანის ფერით, რომლებიც ერთი ოჯახიდან წარმოიშვნენ.

შეიძლება ბევრისთვის ეს ვარაუდები არარეალური ჩანს, განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ ზოგიერთი წყარო, მაგალითად, ენციკლოპედია „ამერიკანა“, აღნიშნავს, რომ დღესდღეობით ცოცხალ არსებათა 1300000-ზე მეტი სახეობაა, მაგრამ მათგან 60 პროცენტზე მეტი მწერია. 1300000 ცოცხალი არსებიდან 24000 მიეკუთვნება ამფიბიების, ქვეწარმავლების, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების კლასს. მათგან 10000 სახეობის ფრინველია, 9000 კი ქვეწარმავლისა და ამფიბიების სახეობაა, რომელთა უმეტესობა, შეიძლება კიდობნის გარეთ გადაურჩა წარღვნას. და მხოლოდ 5000 სახეობაა ძუძუმწოვრებისა, რომელთა შორისაც ვეშაპები და დელფინებიც არიან, რომლებიც ალბათ კიდობნის გარეთ დარჩნენ. სხვა მკვლევარები ვარაუდობენ, რომ არსებობს დაახლოებით 290 სახეობის ცხვარზე დიდი და ვირთხაზე პატარა ძუძუმწოვრების 1360 სახეობა (The Deluge Story in Stone, by B. C. Nelson, 1949, p. 156; The Flood in the Light of the Bible, Geology, and Archaeology, by A. M. Rehwinkel, 1957, p. 69). მათი ვარაუდი სიმართლესაც რომ შეესაბამებოდეს, კიდობანი ამ ცხოველებიდან ყველას წყვილ-წყვილადაც თავისუფლად დაიტევდა.

წარღვნის დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ „არარატის მთებს მიადგა კიდობანი“, მაგრამ მთის უმაღლეს მწვერვალზე (დაახლოებით 5165 მეტრი) კი არ გაჩერდა, არამედ მოსახერხებელ ადგილას, სადაც ყველა შიგნით მყოფმა კიდევ რამდენიმე თვე დაჰყო კიდობანში. საბოლოოდ, წარღვნის დაწყებიდან ერთი წლისა და ათი დღის შემდეგ, კიდობნის კარები კვლავ გაიღო და შიგნით მყოფნი გარეთ გამოვიდნენ (დაბადება 7:11; 8:4, 14).

მტკიცებები, რომ ნაპოვნია კიდობნის ნაშთები, ჯერ კიდევ არ არის დასაბუთებული.