არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რომელი პრინციპებით ხელმძღვანელობთ?

რომელი პრინციპებით ხელმძღვანელობთ?

რომელი პრინციპებით ხელმძღვანელობთ?

ხელმძღვანელობთ მტკიცე პრინციპებით? თუ ეთიკური ნორმები ცოტა მოძველებულად მიგაჩნიათ? ფაქტია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი პრინციპები, რომელთა დაცვაც მნიშვნელოვნად მიაჩნია. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, სიტყვა პრინციპი ნიშნავს: „მოქმედების, ქცევის ძირითად წესს“. პრინციპები ჩვენს გადაწყვეტილებებზე მოქმედებს და ჩვენი ცხოვრების წესს განსაზღვრავს. ის შეიძლება კომპასს შევადაროთ.

მაგალითად, იესო თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, დაეცვათ „ოქროს წესი“, რომელიც ჩაწერილია მათეს 7:12-ში: „ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“. კონფუციანელობის მიმდევრები ხელმძღვანელობენ ლისა და ჟენის ცნებებით, რომლებშიც ისეთ თვისებებს ესმება ხაზი, როგორიცაა: სიკეთე, თავმდაბლობა, პატივისცემა და ერთგულება. ურწმუნო ადამიანებიც კი რაღაც ნორმებით ხელმძღვანელობენ, რომლებიც მათ საქციელს განსაზღვრავს.

რომელი პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ?

მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ პრინციპები შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც. მაგალითად, ბოლო ათწლეულებში სულ უფრო იზრდება ეგოცენტრულ ადამიანთა რიცხვი. ზოგმა შეიძლება არც იცოდეს ეგოცენტრიზმის მნიშვნელობა, ან ფიქრობდეს, რომ მასთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ეგოცენტრიზმის პრინციპი თვითნებურად მოქმედებს მასზე, რადგან უგულებელყოფს მაღალზნეობრივ მორალურ ნორმებს. ასეა თუ ისე, ეგოცენტრიზმი ეგოიზმის უკიდურესი გამოვლინებაა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში თან ახლავს უაზრო მომხვეჭელობა. „ჩინეთში ორი უბრალო პრინციპი გვაქვს,— განაცხადა ტელე-კომპანიის დირექტორმა. — პირველი საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაა, მეორე კი — ფულის დაგროვება“.

ეგოცენტრიზმს შეიძლება მაგნიტის თვისება ჰქონდეს. რა გავლენას ახდენს მაგნიტი კომპასზე? როდესაც მაგნიტი და კომპასი ერთმანეთის გვერდით დევს, კომპასის ისარი არასწორად უჩვენებს. ასევე, ეგოცენტრიზმმა პიროვნების მორალურ კომპასს ანუ ცხოვრების წესს შეიძლება არასწორი მიმართულება მისცეს, ადამიანს თავგზა აუბნიოს და თავისივე სურვილების მონად აქციოს.

გაგაოცებთ იმის გაგება, რომ ეგოცენტრიზმი თანამედროვეობის ნაყოფი არ არის? ის ჯერ კიდევ ედემის ბაღში გამოვლინდა, როდესაც ჩვენმა პირველმა მშობლებმა შემოქმედის მიერ დადგენილი ქცევის ნორმები უარყვეს. ამით მათი მორალური კომპასის ისრებმა მიმართულება შეიცვალეს. რადგან ადამისა და ევას შთამომავლები ვართ, ჩვენც გვაქვს მიდრეკილება იმისკენ, რასაც თანამედროვე ენაზე ეგოცენტრიზმი ჰქვია (დაბადება 3:6—8, 12).

ეგოცენტრული აზროვნების გავრცელება განსაკუთრებით, როგორც ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები, „უკანასკნელ დღეებში“ შეიმჩნევა; ეს პერიოდი კი „საზარელი ჟამია“. ბევრი ადამიანი „თავმოყვარეა“. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ ეგოიზმის მარწუხებში აღმოჩენის საშიშროება ჩვენც დაგვემუქროს (2 ტიმოთე 3:1—5).

ალბათ დაეთანხმებით ახალგაზრდა ოლაფს, რომელმაც იეჰოვას მოწმეების ევროპის ერთ-ერთ ფილიალს ასეთი სიტყვები მისწერა: „საკმაოდ რთულია პატიოსნების შენარჩუნება; ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებს გვიჭირს. თუ შესაძლებელია, შეგვახსენეთ ხოლმე ბიბლიური პრინციპების დაცვის აუცილებლობა“.

ოლაფის თვალსაზრისში გამჭრიახობა გამოვლინდა. ახალგაზრდა ვართ თუ ხნიერი, ღვთის პრინციპებს შეუძლია დაგვეხმაროს ქცევის მაღალზნეობრივი ნორმების დაცვაში. ისინი ეგოცენტრიზმთან ბრძოლაშიც დიდ დახმარებას გაგვიწევეს. თუ გსურთ, უფრო ზუსტად გაიგოთ, რა რეალურ დახმარებას გთავაზობთ ბიბლიური პრინციპები, გულმოდგინედ წაიკითხეთ შემდეგი სტატია.

[სურათები 4 გვერდზე]

დღეს ბევრი არ ითვალისწინებს სხვების მოთხოვნილებებს.