არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საფარი ქარში

საფარი ქარში

საფარი ქარში

ევროპაში, ალპების მაღალმთიან ზონაში, ხარობს გამძლე ბუჩქნარი ლამაზი სახელწოდებით — ალპური ვარდი. ეს ჯუჯა მცენარე ხშირად იზრდება როგორც მკვრივი, მიწაზე გართხმული ჩირგვნარი. ზუსტად ასეთი სახით იტანს ალპური ვარდი მაღალ მთებში ჩვეულ ძლიერ ქარებს. ეს უმოწყალო ქარი ალპურ მცენარეებს საფრთხეს იმით უქმნის, რომ ტემპერატურის დაცემასა და ნიადაგის გამოშრობას იწვევს. ქარმა შეიძლება ის ძირფესვიანადაც ამოგლიჯოს.

ალპური ვარდი ხშირად გამანადგურებელი ქარისგან იმით არის დაცული, რომ კლდის ნაპრალებში იზრდება. თუმცა ნიადაგი ასეთ ადგილებში მაინცდამაინც ნოყიერი არ არის, მცენარეები ქარისგან დაცულები არიან და წყლის დაგროვების საშუალებაც აქვთ. მთელი წლის უმეტესი დროის განმავლობაში თითქმის შეუმჩნეველი მცენარე ზაფხულში ხასხასა წითელი ყვავილებით ირთვება.

წინასწარმეტყველმა ესაიამ განმარტა, რომ ღვთისგან დანიშნული „მთავრები“ უნდა ყოფილიყვნენ „საფარი ქარში“ (ესაია 32:1, 2). მეფის, იესო ქრისტეს, ეს ქვეშევრდომები, სულიერი მთავრები ანუ ზედამხედველები, უნდა იყვნენ როგორც ურყევი კლდეები განსაცდელებისა თუ გაჭირვების დროს. ისინი ყოველთვის უნდა წარმოადგენდნენ საიმედო თავშესაფარს და ეხმარებოდნენ გასაჭირში მყოფთ ღვთის სიტყვიდან მომარაგებული სულიერი წყლის შენახვაში.

თუ ქრისტიანი დაცული არ არის, დევნის ქარიშხალმა, გულგატეხილობამ ან ავადმყოფობამ შეიძლება არაერთხელ დასცეს, ანუ მისი „დაჭკნობა“ გამოიწვიოს. ქრისტიან უხუცესებს შეუძლიათ დახმარების აღმოჩენა, თუ ყურადღებით მოუსმენენ მათ, რომლებიც გაჭირვების დროს მიმართავენ. ისინი ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევებს აძლევენ, ამხნევებენ და პრაქტიკულად ეხმარებიან თანამორწმუნეებს. ცხებული მეფის იესო ქრისტეს მსგავსად, უხუცესებსაც სურთ, დაეხმარონ „დაუძლურებულებს“ (მათე 9:36). უხუცესებს მთელი გულით სწადიათ, დაეხმარონ მათ, რომლებიც დაზარალდნენ ცრუ მოძღვრების ქარებით (ეფესელთა 4:14). ასეთი დროული დახმარება შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

„საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი, როდესაც ჩემმა ახლო მეგობარმა შეხვედრებზე სიარული შეწყვიტა, თანაც იმ დროს, როცა მამაჩემს ტვინში სისხლის ჩაქცევა დაემართა, — ჰყვება მირიამი, — დეპრესიიდან რომ გამოვსულიყავი, დავუმეგობრდი ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ჩემს რწმენას არ იზიარებდა. მალე უღირსობის გრძნობა დამეუფლა და უხუცესებს შევატყობინე, რომ ჭეშმარიტებას ვტოვებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ იეჰოვას არ ვუყვარდი.

ასეთ კრიტიკულ დროს ერთმა თანამგრძნობმა უხუცესმა შემახსენა, რომ წლების განმავლობაში პიონერად ვმსახურობდი. მან მითხრა, რომ ყოველთვის აღფრთოვანებული იყო ჩემი ერთგულებით და გულთბილად ითხოვა ნებართვა, რომ უხუცესები დამხმარებოდნენ და იეჰოვას სიყვარულში დავერწმუნებინე. მათი სიყვარულით აღსავსე ზრუნვა, ჩემთვის ასეთ რთულ პერიოდში, ნამდვილად ჰგავდა „საფარს“ თავს დატეხილ სულიერ ქარიშხალში. ერთ თვეში შევწყვიტე ურთიერთობა ჩემს მეგობარ ბიჭთან და იმ დღიდან მოყოლებული ჭეშმარიტების გზით დავდივარ“.

უხუცესებისთვის იმაზე დიდი საზღაური არ არსებობს, ვიდრე ხედავდნენ, რომ თანაქრისტიანები სულიერად ყვავიან, რაც მათ მიერ დროული მფარველობის აღმოჩენის შედეგია. ეს „საფარი“ გვეხმარება, სიხარულით ველოდოთ იმ დროს, როცა ქრისტეს ათასწლიანი მეფობის პერიოდში უხვი სულიერი მფარველობა არ მოგვაკლდება.