არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„სხეულში ეკალთან“ გამკლავება

„სხეულში ეკალთან“ გამკლავება

„სხეულში ეკალთან“ გამკლავება

„გეყოფა ჩემი მადლი“ (2 კორინთელთა 12:9).

1, 2. ა) რატომ არ უნდა აგვიბნიოს თავგზა იმ ფაქტმა, რომ განსაცდელებსა და პრობლემებს ვაწყდებით? ბ) რატომ შეგვიძლია განსაცდელების დროს გულდაჯერებული ვიყოთ?

„ყველა, ვისაც სურს ქრისტე იესოში იცხოვროს ღვთისმოსაობით, დევნილი იქნება“ (2 ტიმოთე 3:12). რატომ? მიზეზი ის გახლავთ, რომ სატანის სიტყვების თანახმად, ადამიანები ღმერთს მხოლოდ ეგოისტური მიზნებიდან გამომდინარე ემსახურებიან. ამიტომაც არის, რომ ის სასოწარკვეთილი ცდილობს თავისი ნათქვამის დამტკიცებას. ერთხელ იესომ მოციქულები გააფრთხილა: «სატანამ ითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოს [„გაგცხრილოთ“, აქ]» (ლუკა 22:31). იესომ ძალიან კარგად იცოდა, რომ ღმერთმა მისცა სატანას უფლება, მტკივნეული პრობლემებით გამოვეცადეთ. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი სირთულე, რასაც ცხოვრების გზაზე ვაწყდებით, სატანის ან მისი დემონებისგან მომდინარეობს (ეკლესიასტე 9:11). მაგრამ სატანას მთელი გულით სურს, ჩვენი უმწიკვლობის შესალახად თავის არსენალში არსებული ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს.

2 ბიბლია გვეუბნება, რომ განსაცდელებმა თავგზა არ უნდა აგვიბნიოს. რაც უნდა შეგვემთხვეს, ეს არც უჩვეულოა და არც მოულოდნელი (1 პეტრე 4:12). ფაქტობრივად, ‘მსგავსი სატანჯველი ჩვენს საძმოსაც ხვდება წუთისოფელში’ (1 პეტრე 5:9). დღეს სატანა უზარმაზარ ზეწოლას ახდენს ღვთის ნებისმიერ მსახურზე. მას სიამოვნებას ანიჭებს ჩვენთვის, რაც შეიძლება მეტი პრობლემის შექმნა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ამ წუთისოფელს იმგვარად იყენებს, რომ ჩვენს „სხეულში ეკალი“ გაამრავლოს ან ამ „ეკლით“ მიყენებული ტკივილი გაამწვავოს (2 კორინთელთა 12:7). მიუხედავად ამისა, სატანა ვერ შეძლებს ჩვენი უმწიკვლობის შელახვას, რადგან როგორც განსაცდელისას გვაძლევს იეჰოვა ‘გამოსავალს’, ისევე გვეხმარება მაშინაც, როდესაც ისეთ სირთულეებს ვაწყდებით, რომლებიც სხეულში „ეკალს“ შეიძლება შევადაროთ (1 კორინთელთა 10:13).

როგორ გავუმკლავდეთ „ეკალს“?

3. როგორ უპასუხა იეჰოვამ პავლეს, როდესაც მან სხეულიდან „ეკლის“ მოშორება სთხოვა?

3 მოციქული პავლე ღმერთს ევედრებოდა, მოეშორებინა მისი სხეულიდან „ეკალი“. „სამჯერ შევევედრე უფალს, რომ განმაშოროს იგი“. როგორი იყო პავლეს მუდარაზე იეჰოვას პასუხი? „გეყოფა ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“ (2 კორინთელთა 12:8, 9). მოდი გავაანალიზოთ ეს პასუხი და ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება ის დაგვეხმაროს ნებისმიერ მტკივნეულ პრობლემასთან, „ეკალთან“ გამკლავებაში.

4. რა სხვადასხვაგვარი სარგებლობა მოუტანა პავლეს იეჰოვას მადლმა?

4 ყურადღება მიაქციეთ, თუ რისკენ აღძრა ღმერთმა პავლე — დაეფასებინა მადლი, რომელიც ღმერთმა ქრისტეს მეშვეობით მის მიმართაც გამოავლინა. მართლაც, პავლე მრავალმხრივ იყო კურთხეული. იეჰოვამ სიყვარული გამოავლინა მის მიმართ, პატივი დასდო და იესოს მოწაფედ გახდომის შესაძლებლობა უბოძა, თუმცა ადრე იესოს მიმდევრების ფანატიკური მდევნელი გახლდათ, (საქმეები 7:58; 8:3; 9:1—4). შემდეგ კი გულმოწყალედ მისცა მრავალი აღმაფრთოვანებელი დანიშნულება. გაკვეთილი დღესავით ნათელია: ყველაზე საშინელ განსაცდელში ყოფნის დროსაც კი მრავალი კურთხევა გვაქვს, რომლისთვისაც მადლიერი უნდა ვიყოთ. დიახ, განსაცდელებმა არასოდეს უნდა დაგვავიწყოს იეჰოვას მიერ გამოვლენილი მრავალი სიკეთე (ფსალმუნი 30:20).

5, 6. ა) როგორ ასწავლა იეჰოვამ პავლეს, რომ ღვთის ძალა „უძლურებაში ხდება სრულყოფილი“? ბ) როგორ დაადასტურა პავლეს მაგალითმა, რომ სატანა მატყუარაა?

5 იეჰოვას მადლი ‘სამყოფია’ სხვა სახითაც. ღვთის ძალა საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ განსაცდელები აგვატანინოს (ეფესელთა 3:20). იეჰოვამ პავლეს ასწავლა, რომ ღვთიური ძალა „უძლურებაში ხდება სრულყოფილი“. როგორ? მან სიყვარულით მისცა მოციქულს იმდენი ძალა, რამდენიც განსაცდელთან გასამკლავებლად სჭირდებოდა. თავის მხრივ, პავლეს მოთმინებამ და იეჰოვასადმი მთელი გულით მინდობამ ყველასთვის ნათელი გახადა, რომ ღვთის ძალა იმარჯვებდა ამ სუსტი და ცოდვილი კაცის შემთხვევაში. ახლა წარმოიდგინეთ, რა გავლენა იქონია ამან ეშმაკზე, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანები ღმერთს მხოლოდ მაშინ ემსახურებიან, როდესაც მშვიდად და წყნარად ცხოვრობენ. პავლეს მიერ უმწიკვლობის შენარჩუნება ამ მატყუარასთვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო.

6 საქმე ეხებოდა პავლეს, ღვთის წინააღმდეგ სატანის ყოფილ მოკავშირეს, ქრისტიანების დაუძინებელ მდევნელს, თავგამოდებულ ფარისეველს, რომელიც ეჭვგარეშეა, ერთ დროს უზრუნველად ცხოვრობდა, რამეთუ წარჩინებული ოჯახის შვილი გახლდათ. ახლა კი ეს კაცი იეჰოვასა და ქრისტეს ემსახურებოდა როგორც „უმცირესი... მოციქულებს შორის“ (1 კორინთელთა 15:9). ერთი სიტყვით, ის თავმდაბლად ემორჩილებოდა პირველი საუკუნის ქრისტიანთა ხელმძღვანელი საბჭოს მითითებებს და, სხეულში ეკლის არსებობის მიუხედავად, ბოლომდე ითმენდა. სატანისდა სამწუხაროდ, ცხოვრებისეულმა სირთულეებმა პავლეს ენთუზიაზმი ვერ ჩაახშო. მოციქულს არასოდეს დავიწყებია ის, რომ ქრისტესთან ერთად იმეფებდა ზეციერ სამეფოში (2 ტიმოთე 2:12; 4:18). ვერავითარი „ეკალი“, რამდენად მტკივნეულიც უნდა ყოფილიყო, ვერ შეამცირებდა მოციქულის ენთუზიაზმს. დაე ჩვენც ასევე მტკიცედ ვიდგეთ და შევინარჩუნოთ ენთუზიაზმი! განსაცდელების დროს იეჰოვა ძალას გვაძლევს და შესანიშნავ შესაძლებლობას გვიქმნის, ჩვენც დავეხმაროთ იმის დამტკიცებაში, რომ სატანა მატყუარაა (იგავნი 27:11).

იეჰოვას ღონისძიებები მნიშვნელოვანია

7, 8. ა) რა საშუალებებით აძლიერებს დღეს იეჰოვა თავის მსახურებს? ბ) რატომ არის ბიბლიის ყოველდღიური კითხვა და შესწავლა ასე მნიშვნელოვანი სხეულში „ეკალთან“გამკლავებაში?

7 დღეს იეჰოვა ერთგულ ქრისტიანებს თავისი სულიწმიდის, ბიბლიისა და ჩვენი ქრისტიანული საძმოს მეშვეობით აძლევს ძალას. მოციქულ პავლეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ჩვენი ტვირთი იეჰოვას მივანდოთ ლოცვაში (ფსალმუნი 54:23). ღმერთმა შეიძლება არ ჩამოგვაშოროს განსაცდელები, მაგრამ საიმისო სიბრძნე მოგვცეს, რომ არა მარტო ამ განსაცდელებს გავუმკლავდეთ, არამედ ისეთებსაც კი, რომლებიც განსაკუთრებით რთული ასატანია. იეჰოვას შეუძლია სულის სიმტკიცეც — „აღმატებული ძლიერებაც“ — მოგვცეს, რათა სირთულეების ატანაში დაგვეხმაროს (2 კორინთელთა 4:7).

8 როგორ ვიღებთ ასეთ დახმარებას? გულმოდგინედ უნდა ვისწავლოთ ღვთის სიტყვა, რადგან მხოლოდ მასში შევძლებთ ნამდვილი ნუგეშის პოვნას (ფსალმუნი 93:19). ბიბლიაში ვკითხულობთ გულში ჩამწვდომ სიტყვებს იმის შესახებ, თუ როგორ ევედრებოდნენ ღმერთს თავისი მსახურები, რომ დახმარებოდა მათ. იეჰოვას პასუხები, რომლებშიც ხშირად მანუგეშებელი სიტყვებია ჩართული, კარგი საზრდოა ჩვენი გონებისთვის. ღვთის სიტყვის შესწავლა განგვამტკიცებს, რათა „აღმატებული ძლიერება ღვთისა იყოს და არა ჩვენგან“. როგორც ფიზიკურ საზრდოს მივირთმევთ ყოველდღიურად ჩვენი ორგანიზმის გამოსაკვებად და გასაძლიერებლად, ისევე უნდა ვისაზრდოოთ რეგულარულად ღვთის სიტყვით. ვაკეთებთ თუ არა ამას? თუ დიახ, მაშინ დავინახავთ, რომ „აღმატებული ძლიერება“დაგვეხმარება, ავიტანოთ ნებისმიერი „ეკალი“, რომელიც დღეს გვხვდება.

9. როგორ შეუძლიათ უხუცესებს დაეხმარონ იმ თანაქრისტიანებს, რომლებიც პრობლემებს უმკლავდებიან?

9 ღვთისმოშიშ ქრისტიან უხუცესებს შეუძლიათ, იყვნენ „როგორც საფარი“ უბედურებებით გამოწვეულ „ქარში“და „თავშესაფარი“ პრობლემებით გამოწვეულ „ავდარში“. უხუცესები, რომლებსაც სურთ, ამ აღწერილობას შეესაბამებოდნენ, თავმდაბლად და გულწრფელად სთხოვენ იეჰოვას, მისცეს მათ „სწავლულთა ენა“, რათა იცოდნენ, თუ როგორ ანუგეშონ სათანადოდ გასაჭირში მყოფი თანაქრისტიანები. მათი სიტყვები შეიძლება მოალერსე წვიმის წვეთების მსგავსი იყოს, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ყოფნისას აცხრობს ჩვენს გრძნობებს და გვანუგეშებს. უხუცესები ‘სულმოკლეთ [„გულდამძიმებულთ“, აქ] ანუგეშებენ’ და, ამგვარად, ნამდვილად მხარში უდგანან თავიანთ სულიერ ძმებსა და დებს, რომლებიც შეიძლება სხეულში „ეკლის“ გამო ქანცგაწყვეტილები ან გულგატეხილები არიან (ესაია 32:2; 50:4; 1 თესალონიკელთა 5:14).

10, 11. როგორ შეუძლიათ ღვთის მსახურებს იმ თანაქრისტიანთა გამხნევება, რომლებიც მძიმე განსაცდელებს იტანენ?

10 იეჰოვას ყველა მსახური ერთიანი ქრისტიანული ოჯახის წევრია. დიახ, თითოეული ჩვენგანი „ერთიმეორისთვის... ასონი“ ვართ და „გვმართებს ერთმანეთის სიყვარული“ (რომაელთა 12:5; 1 იოანე 4:11). როგორ ვასრულებთ ამ ვალდებულებას? 1 პეტრეს 3:8-ის თანახმად, ამისათვის საჭიროა „ყველა [თანამორწმუნე] ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათა მოყვარენი, [და] შემწყნარებელნი“ ვიყოთ. თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია განსაკუთრებული ყურადღება გამოვავლინოთ ყველას მიმართ, ვისაც სხეულში ესა თუ ის „ეკალი“ აქვს და მნიშვნელობა არა აქვს, ახალგაზრდები იქნებიან ისინი თუ ხანდაზმულები. როგორ?

11 უნდა ვეცადოთ, ჩავწვდეთ მათ საწუხარს. თუ ასეთი და-ძმებისადმი არავითარი თანაგრძნობა არ გაგვაჩნია, თუ მათ მიმართ ცივები ან გულგრილნი ვართ, შეიძლება ჩვენდაუნებურად კიდევ უფრო გავუძლიეროთ ტკივილი. იმ ფაქტმა, რომ ვიცით ძმისა თუ დის გასაჭირი, უნდა აღგვძრას, დავფიქრდეთ, რას ვამბობთ, როგორ ვამბობთ და როგორ ვიქცევით მათთან. ჩვენმა ოპტიმისტურმა განწყობილებამ და გამხნევებამ შეიძლება გარკვეულწილად შეუმსუბუქოთ ამა თუ იმ „ეკლით“ მიყენებული ძლიერი ტკივილი. ამგვარად შევძლებთ მათ გაძლიერებას (კოლასელთა 4:11, აქ).

როგორ გაუმკლავდა ზოგი ერთგული ქრისტიანი ტკივილს?

12—14. ა) რა გააკეთა ერთმა კიბოთი დაავადებულმა ქრისტიანმა თავის მდგომარეობასთან გასამკლავებლად? ბ) როგორ ამოუდგნენ მხარში ამ დას და როგორ გაამხნევეს ის სულიერმა და-ძმებმა?

12 ახლა, როდესაც უკანასკნელი დღეები იწურება, ‘მშობიარობის ტკივილები’ უფრო და უფრო მწვავდება (მათე 24:8). ამიტომ მთელ დედამიწაზე, ალბათ, ყველას აქვს რაღაც სატკივარი. განსაკუთრებით კი ის იეჰოვას ერთგულ მსახურებს აწუხებს, რადგან ისინი ღვთის ნების შესრულებას ცდილობენ. მაგალითად, განვიხილოთ ერთი ქრისტიანის შემთხვევა, რომელიც სრული დროით მსახურობდა. მას ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და აუცილებელი იყო სანერწყვე და ლიმფური ჯირკვლების ამოკვეთა. როდესაც ამის შესახებ გაიგეს, მან და მისმა ქმარმა მაშინვე იეჰოვას მიმართეს ლოცვით და დიდხანს ევედრებოდნენ. მოგვიანებით ამ დამ თქვა, რომ ლოცვის შემდეგ საოცარი შინაგანი სიმშვიდე იგრძნეს. მიუხედავად ამისა, მან ბევრჯერ გამოსცადა განწყობილების რადიკალური ცვლილება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მკურნალობით გამოწვეული გვერდითი ეფექტების ატანა უწევდა.

13 მდგომარეობასთან გასამკლავებლად ეს და შეეცადა, რაც შეიძლება მეტი გაეგო ავთვისებიანი სიმსივნის შესახებ. დაელაპარაკა თავის ექიმებს. „საგუშაგო კოშკში“, „გამოიღვიძეთ!“-სა და სხვა ქრისტიანულ პუბლიკაციებში იპოვა ბიოგრაფიები, სადაც მოთხრობილი იყო, თუ როგორ გაუმკლავდნენ ამ ავადმყოფობით დაავადებულები უარყოფით ემოციებს. აგრეთვე წაიკითხა ბიბლიური მუხლები, რომლებიდანაც ნათლად ჩანდა, რომ იეჰოვას შეეძლო დახმარებოდა თავის ხალხს რთულ პერიოდებში; ამ პუბლიკაციებში სხვა სასარგებლო ინფორმაციაც იყო მოცემული.

14 ერთ სტატიაში, რომელიც გამოუვალ მდგომარეობაში გამოსავლის ძიებას ეხებოდა, შემდეგი გონივრული რჩევა იპოვა, რომ „კაცი მნებებელი განშორებად“ თავის გულისთქმას არის აყოლილი (იგავნი 18:1, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884). შემდეგ სტატიაში მოცემული იყო რჩევა: „ნუ განმარტოვდებით“ *. ეს და ყვება: „ბევრი მეუბნებოდა, რომ ლოცვებში მიხსენიებდნენ; სხვები მირეკავდნენ. ორი უხუცესი რეგულარულად ინტერესდებოდა, თუ როგორ ვგრძნობდი თავს. ძალიან ბევრ ყვავილსა და ბარათს ვღებულობდი. ზოგი საჭმელსაც კი მიმზადებდა. ბევრიც მზად იყო, სამედიცინო პროცედურებზე წავეყვანე“.

15—17. ა) როგორ გაუმკლავდა ერთი ქრისტიანი ავტოკატასტროფაში მოყოლის შედეგად განვითარებულ სირთულეებს? ბ) როგორ დაეხმარნენ ერთ ქრისტიანს კრების წევრები?

15 იეჰოვას ერთი ნიუ-მექსიკოელი (აშშ) მოწმე, რომელიც მრავალი წელი ღმერთს ემსახურება, ორჯერ მოყვა ავტოკატასტროფაში. დაუზიანდა კისერი და მხრები, რამაც ართრიტით გამოწვეული ისედაც რთული მდგომარეობა, რომელსაც 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უმკლავდებოდა, კიდევ უფრო გაურთულა. ის ყვება: „ძალიან მიჭირდა თავის სწორად დაჭერა და 2 კილოგრამზე მძიმე ტვირთის ტარება. მაგრამ იეჰოვასადმი მხურვალე ლოცვები და „საგუშაგო კოშკის“ სასწავლო სტატიები დიდად დამეხმარა. ერთხელ ერთ-ერთმა თანაქრისტიანმა მიქას 6:8-ის კომენტირებისას ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ღვთის წინაშე მოწიწებით, ანუ მოკრძალებით, სიარული საკუთარი შეზღუდული შესაძლებლობების ფარგლების ცოდნას ნიშნავს. ამ სიტყვებმა გამაგებინა, რომ ჩემი მდგომარეობის მიუხედავად, გული არ უნდა გავიტეხო, თუნდაც იმაზე ნაკლები ვიმსახურო, ვიდრე ვისურვებდი. სინამდვილეში ხომ მთავარია ის, თუ რა მოტივით ვემსახურებით ღმერთს“.

16 მან აგრეთვე აღნიშნა: „უხუცესები ყოველთვის მაქებდნენ იმისათვის, რომ ძალ-ღონეს არ ვიშურებდი კრების შეხვედრებზე დასასწრებად და სამქადაგებლო მსახურებაში სასიარულოდ. ახალგაზრდები მოსალმებისას გადამეხვეოდნენ ხოლმე. პიონერები მოთმინებას ავლენდნენ და ხშირად, როცა თავს ცუდად ვგრძნობდი, თავიანთ გეგმებს ცვლიდნენ;. თუ ცუდი ამინდი იყო, განმეორებით მონახულებებზე მივყავდი ან ბიბლიის შესწავლებზე მპატიჟებდნენ. რადგან ჩანთის ტარება არ შემეძლო, სამქადაგებლო მსახურებაში გასვლის წინ თანაქრისტიანები ჩემს ლიტერატურას თავიანთ ჩანთებში ილაგებდნენ“.

17 ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ დაეხმარნენ უხუცესები და თანამორწმუნეები ამ ორ დას უძლურებებთან გამკლავებაში. ისინი პრაქტიკულ დახმარებას სთავაზობდნენ, რომელიც კონკრეტულად სულიერი, ფიზიკური და ემოციური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყო გამიზნული. განა ეს იმისკენ არ აღგძრავთ, რომ თქვენც დაეხმაროთ გაჭირვებაში მყოფ ძმებსა და დებს? ახალგაზრდებო, თქვენც შეგიძლიათ მხარში ამოუდგეთ თქვენს კრებაში იმ და-ძმებს, ვისაც სხეულში „ეკალი“ აქვს (იგავნი 20:29).

18. როგორ შეიძლება გაგვამხნევოს „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში მოცემულმა ბიოგრაფიებმა?

18 „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში ქვეყნდება მრავალი ბიოგრაფია და ისეთი შემთხვევები, რომლებშიც აღწერილია, თუ როგორ გაუძლეს და უძლებენ მოწმეები ცხოვრებისეულ პრობლემებს. ასეთი სტატიების რეგულარულად კითხვისას დაინახავთ, რომ მსოფლიო მასშტაბით, ძმები და დები ეკონომიურ სირთულეებს, უბედური შემთხვევების შედეგად საყვარელი ადამიანების დაღუპვით გამოწვეულ ტკივილსა და ომის საშინელებებს უძლებენ. სხვები ამა თუ იმ დაავადების შედეგად ინვალიდდებიან და დარჩენილ ცხოვრებას დაუძლურებულები ატარებენ. მრავალს ისეთი უბრალო რამეების კეთებაც კი არ შეუძლია, რაც ჯანმრთელი ადამიანისთვის ჩვეულებრივია. ასეთი დაავადებები მათთვის საშინელი გამოცდაა, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ქრისტიანულ მსახურებაში იმდენის გაკეთება არ ძალუძთ, რამდენსაც ისურვებდნენ. რამდენად მადლიერნი არიან ისინი ძმებისა თუ დების, ახალგაზრდებისა თუ ხანდაზმულების, მიერ გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის!

მოთმინებას ბედნიერება მოაქვს

19. როგორ შეძლო პავლემ განსაცდელებისა და უძლურების მიუხედავად, რომლებიც „ეკალს“ შეიძლება შევადაროთ, სიხარულის შენარჩუნება?

19 პავლეს უხაროდა, როდესაც გრძნობდა ღვთისგან მხარდაჭერას. მან თქვა: „უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემი უძლურებებით, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში. ამიტომ კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნაში და შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის. ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორინთელთა 12:9, 10). პირადი გამოცდილების საფუძველზე, პავლეს შეეძლო დარწმუნებით ეთქვა: „გაჭირვების გამო არ ვამბობ ამას, ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაცა მაქვს. ვიცი ხელმოკლეობაში ცხოვრება და ვიცი სიუხვეში ცხოვრებაც, მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: გაძღომას და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას. ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში“ (ფილიპელთა 4:11—13).

20, 21. ა) რატომ შეიძლება სიხარული მოგვგვაროს ‘უხილავზე’ ფიქრმა? ბ) რა არის ის ზოგი ‘უხილავი’ რამ, რის ნახვასაც დედამიწაზე სამოთხეში იმედოვნებთ?

20 ამგვარად, რა „ეკალიც“ უნდა გვქონდეს სხეულში, შეიძლება დიდი კმაყოფილება მოგვგვაროს ყველასთვის იმის დანახვებამ, რომ ჩვენს უძლურებაში ხდება სრულყოფილი იეჰოვას ძალა. პავლე წერდა: „არ ვეცემით სულით; რადგანაც... შინაგანი [კაცი ჩვენში] დღითი დღე ახლდება. ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის, როცა... მივაპყრობთ მზერას... უხილავს; ვინაიდან... უხილავი... წარუვალი[ა]“ (2 კორინთელთა 4:16—18, სსგ).

21 დღეს იეჰოვას ხალხის უმრავლესობას დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრებისა და ღვთის მიერ დანაპირები კურთხევების მიღების იმედი აქვს. ეს კურთხევები შეიძლება დღეს ჩვენთვის „უხილავად“ ჩაითვალოს, მაგრამ ძალიან სწრაფად გვიახლოვდება დრო, როდესაც საკუთარი თვალით ვიხილავთ ამ კურთხევებს და მარადიულადაც დავტკბებით მათით. ერთ-ერთი ასეთი კურთხევათაგანი იქნება შვება, რომელსაც ყოველგვარი „ეკლის“ გარეშე ცხოვრება მოგვიტანს; დიახ, პრობლემები სამუდამოდ გაქრება! ღვთის ძე ‘დაარღვევს ეშმაკის საქმეებს’ და ‘სიკვდილით გააქარწყლებს მას, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს’ (1 იოანე 3:8; ებრაელთა 2:14).

22. რაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული და რა გადაწყვეტილება უნდა გვქონდეს მიღებული?

22 ამიტომ, დღეს სხეულში როგორი „ეკალიც“ არ უნდა გვაყენებდეს ტკივილს, მოდი განვაგრძოთ ამ ტკივილთან ბრძოლა. პავლეს მსგავსად, იეჰოვას წყალობით ჩვენც მოგვეცემა ძალა; ამ ძალას ხომ იეჰოვა უხვად აძლევს ყველას. შემდეგ კი, როდესაც დედამიწაზე სამოთხეში ვიცხოვრებთ, ყოველდღიურად განვადიდებთ ჩვენს ღმერთს, იეჰოვას, ყველა იმ შესანიშნავი საქმისთვის, რომელსაც ის ჩვენდა სასიკეთოთ აკეთებს (ფსალმუნი 102:2).

[სქოლიოები]

^ აბზ. 14 იხილეთ 2000 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“-ში რუბრიკა «ბიბლიის თვალსაზრისი: „როგორ გავუმკლავდეთ სასოწარკვეთილებას“».

როგორ უპასუხებდით?

• რატომ და როგორ ცდილობს სატანა ჭეშმარიტი ქრისტიანების უმწიკვლობის შელახვას?

• როგორ ხდება იეჰოვას ძალა ‘სრულყოფილი უძლურებაში’?

• როგორ შეუძლიათ უხუცესებსა და სხვა თანამორწმუნეებს გაამხნევონ თანაქრისტიანები, რომელთაც პრობლემები აწუხებთ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 18 გვერდზე]

პავლემ სამჯერ სთხოვა ლოცვაში ღმერთს, რომ მისთვის სხეულიდან „ეკალი“ მოეცილებინა.