თავგანწირვის სულისკვეთებით მსახურება
ბიოგრაფია
თავგანწირვის სულისკვეთებით მსახურება
მოგვითხრო დონ რენდელმა
დედა 1927 წელს გარდამეცვალა; მიუხედავად იმისა, რომ მაშინ 5 წლის ვიყავი, მისმა რწმენამ ჩემს ცხოვრებაზე დიდად იმოქმედა. როგორ მოხდა ეს?
დედა ანგლიკანური ეკლესიის ერთგული წევრი იყო, როდესაც მამაჩემს, სამხედრო პირს, გაჰყვა ცოლად. ეს პირველ მსოფლიო ომამდე მოხდა. როდესაც 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, იმ ეკლესიის მოძღვარმა, რომელშიც დედაჩემი დადიოდა, სამქადაგებლო კათედრა ომში გასაწვევ ტრიბუნად აქცია, რაც დედას ძალიან არ მოსწონდა და მოძღვარს თავის უკმაყოფილება არ დაუმალა. გაინტერესებთ მოძღვრის პასუხი? „წადი სახლში და ასეთ საკითხებზე ფიქრით თავს ნუ შეიწუხებ!“. მისმა ნათქვამმა დედა ვერ დააკმაყოფილა.
1917 წელს, როდესაც ომი უკვე კარგად იყო გაჩაღებული, დედა „შემოქმედების ფოტოდრამის“ სანახავად მიიწვიეს. ფოტოდრამის ყურების შემდეგ ის დარწმუნდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა და მაშინვე შეწყვიტა ეკლესიაში სიარული, რათა „ბიბლიის მკვლევარებთან“ (ასე ერქვათ იმ დროს „იეჰოვას მოწმეებს“) დაეწყო ურთიერთობა. საამისოდ კი კრების შეხვედრებს ესწრებოდა უესტ კოკერთან ახლოს მდებარე ქალაქ იოვილში, რომელიც სომერსეტის ინგლისურ საგრაფოს ეკუთვნის.
მალე დედამ ახლად შეძენილი რწმენა თავის სამ დას გაუზიარა. იოვილის კრების ხანდაზმული წევრები მიყვებოდნენ, თუ როგორი ენთუზიაზმით შეუყვებოდნენ ხოლმე ველოსიპედით დედა და დეიდა მილლი სოფლის შარაგზებს და ბიბლიის შესწავლაში დამხმარე სახელმძღვანელოს „წმინდა წერილების გამოკვლევა“-ს ავრცელებდნენ. სამწუხაროდ, დედა ტუბერკულოზით დაავადდა, რომელიც იმ დროისათვის უკურნებელ სენად ითვლებოდა და სიკვდილამდე, 18 თვის განმავლობაში, ლოგინად იყო ჩავარდნილი.
თავგანწირული ცხოვრება
დეიდა მილლი, რომელიც მაშინ ჩვენთან ცხოვრობდა, ავადმყოფ დედასა და ჩვენ — მე და ჩემს შვიდი წლის დას, ჯოანს — გვივლიდა. დედის სიკვდილის შემდეგ დეიდა მილლიმ მამას შესთავაზა, ბავშვების აღზრდაში დაგეხმარებიო და მამაც სიხარულით დათანხმდა. ასე რომ, დეიდა საცხოვრებლად ჩვენთან დარჩა.
დეიდა ძალიან შეგვიყვარდა და გვიხაროდა, რომ ჩვენთან იცხოვრებდა. მაგრამ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება? წლების შემდეგ დეიდამ გვითხრა: „თავი მოვალედ ჩავთვალე, იმ რწმენის განვითარებაში დაგხმარებოდით, რომელსაც დედათქვენმა ჩაუყარა საფუძველი“. მას ჩემთვის და ჯოანისთვის ბიბლიური ჭეშმარიტება უნდა ესწავლებინა, რადგან მიხვდა, რომ მამა ამას არასდროს გააკეთებდა. მას ხომ რელიგია საერთოდ არ აინტერესებდა.
შემდეგში ისიც გავიგეთ, რომ დეიდა მილლის გათხოვებაზე უარი უთქვამს, რათა ჩვენზე სათანადოდ ეზრუნა. რამხელა მსხვერპლია! მე და ჯოანი ნამდვილად დიდად მადლიერნი ვართ მისი. ყველაფერი, რაც კი გვასწავლა და რა ჩინებული მაგალითიც მოგვცა, არასოდეს წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან.
გადაწყვეტილების მიღების დრო
მე და ჯოანი სოფლის სკოლაში დავდიოდით, რომელსაც ეკლესია უწევდა მეთვალყურეობას. დეიდა მილლიმ მტკიცედ დაიცვა ჩვენი რელიგიური მრწამსი სკოლის დირექტორის წინაშე და როდესაც სხვა ბავშვები ეკლესიისკენ მარშით მიაბიჯებდნენ, ჩვენ სახლში მივდიოდით; როდესაც სკოლაში მოძღვარი მოდიოდა დასამოძღვრად, სხვა ბავშვებისგან განცალკევებით გვაყენებდნენ და წმინდა წერილებიდან მუხლებს გვაზეპირებინებდნენ. ეს მუხლები ღრმად ჩამებეჭდა გონებაში, რაც შემდგომში ძალიან გამომადგა.
14 წლისამ სკოლა დავამთავრე და ადგილობრივ ყველის ფაბრიკაში ოთხი წლის განმავლობაში ყველის წარმოების ტექნოლოგიას ვეუფლებოდი. პიანინოზე დაკვრაც ვისწავლე; მუსიკა და სამეჯლისო ცეკვები ჩემი ჰობი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიური ჭეშმარიტება გულში ღრმად მქონდა ფესვგადგმული, ჯერ კიდევ ვპასიურობდი. 1940 წლის მარტის ერთ მშვენიერ დღეს ხანშიშესულმა მოწმემ სუინდონში გამართულ კონგრესზე დამპატიჟა. ეს ქალაქი დაახლოებით 110 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. საჯარო მოხსენება წარმოთქვა ალბერტ შრედერმა, იეჰოვას მოწმეების თავმჯდომარე მსახურმა ბრიტანეთში. ამ კონგრესმა ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინა.
II მსოფლიო ომი მძვინვარებდა. დრო იყო, ცხოვრებაში რაღაც ღირსეული გამეკეთებინა. გადავწყვიტე იოვილის სამეფო დარბაზს დავბრუნებოდი. ზუსტად იმ დღეს, როდესაც პირველად კრების შეხვედრას დავესწარი, ძმებმა პირველად დაიწყეს ქუჩაში ქადაგება. მწირი შემეცნების მიუხედავად, სურვილი გამოვთქვი, ასეთი სახის მსახურებაში მიმეღო მონაწილეობა. როდესაც ქუჩაში გვერდით ჩემმა ვაი მეგობრებმა ჩამიარეს, გაკვირვებით შემომხედეს და მასხრად ამიგდეს.
1940 წლის ივნისში ქალაქ ბრისტოლში მოვინათლე. ერთ თვეში პიონერად, სრული დროით მახარობლად, დავიწყე მსახურება. სიხარულისგან ცას ვეწიე, როდესაც, ცოტა მოგვიანებით, ჩემი დაც იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად წყალში მოინათლა.
პიონერული მსახურება ომის დროს
ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ჯარში გასაწვევი უწყება მივიღე. რადგანაც სამხედრო სამსახურზე უარი განვაცხადე, იოვილში აღრიცხვაზე ამიყვანეს, რის გამოც ბრისტოლში სასამართლოს წინაშე უნდა წარვმდგარიყავი. იმ დროს ძმა ჯონ ვინთან ერთად სინდერფორდში ვმსახურობდი პიონერად (გლოსტერშირი) და შემდეგ ჰავერფორდუესტსა და კარმართენში გადავედით (უელსი) *. მოგვიანებით სწორედ კარმართენში წარვდექი სასამართლოს წინაშე. სამი თვით პატიმრობა მომისაჯეს სუონზის ციხეში და თან ჯარიმის გადახდა დამაკისრეს 25 ფუნტი სტერლინგის ოდენობით, რაც იმ დროისათვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. სასჯელის მოხდის შემდეგ ხელმეორედ დამაპატიმრეს სამი თვით, ოღონდ ამჯერად იმისათვის, რომ დაკისრებული ჯარიმა ვერ გადავიხადე.
სასამართლოში მესამედაც გამომიძახეს და მკითხეს: „ნუთუ არ იცი, რომ ბიბლიაში წერია: „მიეცით კეისრისა კეისარს“? დიახ, ვიცი, — ვუპასუხე, — მაგრამ ნება მიბოძეთ დავამთავრო ეს მუხლი: „და ღვთისა — ღმერთს!“ (მათე 22:21). ასეც ვიქცევი“. რამდენიმე კვირის შემდეგ წერილი მივიღე, რომელშიც ეწერა, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავისუფალი ვიყავი.
1945 წლის დასაწყისში ლონდონის ბეთელში მიმიწვიეს. მომდევნო ზამთარს ნეითან ნორი, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის ხელმძღვანელი, და მისი მდივანი, მილტონ ჰენშელი ლონდონის ბეთელს ეწვივნენ. ბრიტანეთიდან რვა ახალგაზრდა ძმა ჩარიცხეს „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა გალაადის მერვე კლასში, რომელიც მისიონერებს ამზადებს, და მეც მათ შორის ვიყავი.
მისიონერული დანიშვნები
1946 წლის 23 მაისს კორნუოლის პატარა ნავსადგურიდან (ფოი, ინგლისი) ომის დროს აგებული „თავისუფლების გემით“ შტატებისკენ ავიღეთ კურსი. პორტის ზედამხედველი, კაპიტანი კოლინსი, იეჰოვას მოწმე იყო და როდესაც სანაპირო დავტოვეთ საყვირი დააყვირა. ცხადია, ყველას უცნაური გრძნობები დაგვეუფლა, როდესაც ინგლისის სანაპირო ზოლი თვალს მიეფარა. ატლანტის ოკეანე ძლიერ ღელავდა და ცოტა არ იყოს, გაგვიძნელდა გადაცურვა. 13 დღის შემდეგ უვნებლად ჩავედით შეერთებულ შტატებში.
1946 წლის 4—11 აგვისტოს კლივლენდში (ოჰაიო) გამართულ რვა დღიან საერთაშორისო თეოკრატიულ კონგრესს დავესწარით, სახელწოდებით „ბედნიერი ხალხი“, რომელიც არასოდეს დამავიწყდება. კონგრესს 80000 დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის 302 ადამიანი მსოფლიოს 32 ქვეყნიდან იყო ჩამოსული. ამ კონგრესზე გვაუწყეს, რომ გამოვიდა ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ * და ბიბლიის შესწავლაში დამხმარე სახელმძღვანელო „დაე მართალი იყოს ღმერთი“.
1947 წელს გალაადის სკოლა დავამთავრე და ეგვიპტეში მივიღე დანიშვნა ბილ კოპსენთან ერთად. მაგრამ გამგზავრებამდე ბრუკლინის ბეთელში რიჩარდ აბრაჰამსონისგან მეტად საჭირო დასწავლება მივიღე, რაც ჩემთვის კურთხევა იყო. ალექსანდრიაში ჩავედით თუ არა, მალევე მოვერგე შუა აღმოსავლეთის ცხოვრებას, მაგრამ არაბული ენის შესწავლა საკმაოდ რთული საქმე იყო ჩემთვის. გარდა ამისა, ოთხ ენაზე მიწევდა სამქადაგებლო ბარათის გამოყენება.
ბილ კოპსენი შვიდი წელი დარჩა ეგვიპტეში, მაგრამ, რადგანაც მე ვიზა არ გამიგრძელეს, ამიტომ უკვე ერთი წლის შემდეგ მომიწია ქვეყნის დატოვება. მისიონერულ მსახურებაში გატარებული ის ერთი წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ნაყოფიერი იყო. ყოველ კვირა ბიბლიის 20-ზე მეტ შესწავლას ვატარებდი; ზოგი მათგანი, ვინც მაშინ შეისწავლა ჭეშმარიტება, დღემდე განადიდებს იეჰოვას. ეგვიპტიდან წამოსვლის შემდეგ კვიპროსზე მივიღე დანიშვნა.
კვიპროსი და ისრაელი
მალე ახალი ენის, კერძოდ, ბერძნულის, შესწავლა
დავიწყე და ადგილობრივ დიალექტშიც გავერკვიე. მოგვიანებით, როდესაც ანტონ სიდარისს სთხოვეს საბერძნეთში გაეგრძელებინა მსახურება, მე დამევალა, რომ კვიპროსზე სამქადაგებლო მსახურებისთვის ზედამხედველობა გამეწია. იმ დროისათვის კვიპროსის ფილიალი ისრაელსაც უწევდა ზედამხედველობას. მქონდა ბედნიერება, რომ ძმებთან ერთად დროდადრო ვწვეოდი ხოლმე ისრაელში მცხოვრებ მოწმეთა მცირე ჯგუფს.ისრაელში პირველად ჩასვლისას ხაიფაში, ერთ-ერთ რესტორანში, კონგრესი ჩავატარეთ, რომელსაც 50—60 კაცი ესწრებოდა. დამსწრეები ეროვნებების მიხედვით ჯგუფებად დავყავით და კონგრესის პროგრამა ექვს ენაზე წარვადგინეთ. სხვა დროს კი საშუალება მომეცა, რომ იერუსალიმში იეჰოვას მოწმეების მიერ გადაღებული ფილმი მეჩვენებინა და საჯარო მოხსენება წარმომეთქვა, რომელიც დადებითად გაშუქდა ინგლისურ ენაზე გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში.
იმ დროს კვიპროსზე დაახლოებით 100 მოწმე იყო, რომლებსაც საკუთარი რწმენის დასაცავად დიდი ბრძოლა უწევდათ. უმართავი ჯგუფები, რომლებსაც ბერძენი მართლმადიდებელი მღვდლები ხელმძღვანელობდნენ, ხელს გვიშლიდნენ კონგრესების ჩატარებაში. სოფელში ქადაგებისას ქვებს გვიშენდნენ; ასეთი რამ მანამდე არ გადამხდენოდა. ვისწავლე, თუ როგორ შეიძლებოდა რთული სიტუაციებიდან თავის სასწრაფოდ დაღწევა. მოძალადეების მხრიდან წინააღმდეგობების გაწევისას, რწმენას გვიმტკიცებდა ის ფაქტი, რომ ამ კუნძულზე მისიონერთა რიცხვმა იმატა. დენის და მეივის მეთიუსები, ჯოან ჰალლი და ბერილ ჰეივუდი ფამაგუსტაში შემომიერთდნენ მსახურებაში, ხოლო ტომი და მერი გულდენებმა და ნინა კონსტანტიმ, რომელიც ლონდონში დაბადებული კვიპროსელი იყო, ლიმასოლში მიიღეს დანიშვნა. იმ დროისათვის ბილ კოპსენიც კვიპროსზე დანიშნეს, რომელსაც მოგვიანებით ბერტ და ბერილ ვეისები შეუერთდნენ.
ცვალებად ვითარებებთან შეგუება
1957 წლის მიწურულს ავად გავხდი, რის გამოც ვეღარ შევძელი მისიონერული მსახურების გაგრძელება. დამწუხრებულმა გადავწყვიტე, გამოსაჯანმრთელებლად ინგლისში დავბრუნებულიყავი, სადაც 1960 წლამდე პიონერად ვმსახურობდი. ჩემმა დამ და სიძემ გულთბილად მიმიწვიეს თავისთან საცხოვრებლად, მაგრამ სიტუაცია არც ისე სახარბიელო იყო. ჯოანს პრობლემები არ ელეოდა. ჩემს იქ არ ყოფნაში, 17 წლის განმავლობაში, ის არა მარტო თავის ქმარსა და ქალიშვილზე ზრუნავდა, არამედ სიყვარულით უვლიდა მამასა და დეიდა მილლის, რომლებიც უკვე მოხუცებულები და დასუსტებულები იყვნენ. აშკარა იყო, რომ დეიდაჩემისთვის უნდა მიმებაძა თავგანწირვის სულის გამოვლენაში. ამიტომაც, გადავწყვიტე, მათ გარდაცვალებამდე ჩემს დასთან დავრჩენილიყავი.
დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი ინგლისში საცხოვრებლად, მაგრამ ცოტაოდენი დასვენების შემდეგ ვიგრძენი, რომ იქ უნდა დავბრუნებულიყავი, სადაც დანიშნული ვიყავი. განა იეჰოვას ორგანიზაციამ საკმაოდ დიდი ხარჯები არ გაიღო მსახურებაში ჩემს დასახელოვნებლად? ასე რომ, 1972 წელს კვიპროსზე დავბრუნდი და კვლავ პიონერად დავიწყე მსახურება.
მომდევნო წელს ნეითან ნორი ეწვია კვიპროსს მორიგი კონგრესის ჩასატარებლად. როდესაც გაიგო, რომ მე კვლავ კვიპროსში ვიყავი, რეკომენდაცია გამიწია, რათა მთელ კუნძულზე სარაიონო ზედამხედველად მემსახურა. ბედნიერი ვიყავი, რომ 4 წელი ასეთი სახის მსახურებას ვეწეოდი. თუმცა ეს დანიშვნა გარკვეულწილად განცდებთანაც იყო დაკავშირებული, რადგან მუდამ ბერძნულად ლაპარაკი იოლი არ იყო.
გაჭირვების პერიოდი
კვიპროსის ჩრდილოეთ სანაპიროზე კირენიის დასავლეთით მდებარე სოფელ კარაკუმში ვცხოვრობდი, პოლ ანდრეოსთან, ბერძნულად მოლაპარაკე კვიპროსელ მოწმესთან ერთად. კვიპროსის ფილიალი კირენიის მთების სამხრეთით ქ. ნიქოზიაში მდებარეობდა. 1974 წლის დასაწყისში ნიქოზიაში ვიყავი და პრეზიდენტ მაკარიოსის გადაყენების მიზნით მოწყობილ სახელმწიფო გადატრიალებას შევესწარი. საკუთარი თვალით ვიხილე ცეცხლის ალში გახვეული მისი სასახლე. როდესაც უსაფრთხოდ მგზავრობა შესაძლებელი გახდა, სასწრაფოდ დავბრუნდი კირენიაში, სადაც სარაიონო კონგრესისთვის მზადებას შევუდექით. ორი დღის შემდეგ ნავსადგურში პირველი ბომბი ჩამოაგდეს; ვხედავდი ვერტმფრენებით მოჭედილ ცას, რომლებითაც თურქეთიდან ჯარისკაცები გადმოჰყავდათ.
რადგან ბრიტანეთის მოქალაქე ვიყავი, თურქმა ჯარისკაცებმა ნიქოზიას გარეუბანში წამიყვანეს, სადაც გაეროს წარმომადგენლებმა დამკითხეს და ფილიალს დაუკავშირდნენ. სწორედ მაშინ აღმოვჩნდი რთული ამოცანის წინაშე, რადგან უამრავ აბურდულ სატელეფონო და ელექტრო კაბელების ქსელს უნდა გავცდენილიყავი, რომ მეორე მხარეს, არაოკუპირებულ ტერიტორიამდე მიმეღწია. რა ბედნიერი ვიყავი, რომ შემეძლო იეჰოვასთვის მიმემართა ლოცვით. ლოცვებმა გამაძლიერა ამ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე განსაცდელის დროს.
ყველაფერი დავკარგე, რაც კი მებადა, მაგრამ მიხაროდა, რომ ფილიალი მზრუნველობას მიწევდა. მალე მდგომარეობა შეიცვალა. რამდენიმე დღეში კუნძულის ჩრდილოეთის მესამედ ნაწილს შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ. სხვა გზა არ გვქონდა. ბეთელი მივატოვეთ და ლიმასოლში წავედით. ბედნიერი ვიყავი, რომ შემეძლო მეთანამშრომლა იმ კომიტეტთან, რომელიც 300 დაზარალებულ ძმას უწევდა მფარველობას, რომელთაგან ბევრმა სახლ-კარიც კი დაკარგა.
სხვადასხვა დანიშვნა
1981 წლის იანვარში ხელმძღვანელმა საბჭომ მთხოვა, საბერძნეთში დავბრუნებულიყავი და ათენის ბეთელში მემსახურა. მაგრამ წლის ბოლოსთვის კვიპროსის ფილიალის კოორდინატორობა დამევალა. კვიპროსელებმა, ანდრიას კონტოიორგისმა და მისმა მეუღლემ, მარიმ, რომლებიც უწინ ლონდონში მსახურობდნენ, დაამტკიცეს, რომ „ჩემი მშველელნი და გამაძლიერებელნი“ იყვნენ (კოლასელთა 4:11, აქ).
1984 წელს კვიპროსში ზონალური ზედამხედველის, თეოდორ იარიჩის, მონახულების დასასრულს ხელმძღვანელი საბჭოსგან წერილი მივიღე, რომელშიც ეწერა: „გთხოვთ, ძმა თეოდორ იარიჩთან ერთად ჩახვიდე საბერძნეთში“. წერილში მეტი არაფერი ეწერა, მაგრამ როდესაც საბერძნეთში ჩავედით, ფილიალის კომიტეტს ხელმძღვანელი საბჭოს მიერ გამოგზავნილი მეორე წერილი წაუკითხეს, რომელშიც ეწერა, რომ ამ ქვეყნის ფილიალის კოორდინატორად ვყოფილვარ დანიშნული.
იმ დროისათვის განდგომილებამ იჩინა თავი. ბევრს უკანონო პროზელიტიზმში სდებდნენ ბრალს. იეჰოვას ხალხს ყოველდღიურად აპატიმრებდნენ და სასამართლოების წინაშე წარადგენდნენ. როცა ვგებულობდით, რომ ჩვენი და-ძმები გამოცდებისას უმწიკვლობას ინარჩუნებდნენ, ძალიან გვიხაროდა. ზოგი საქმე მოგვიანებით ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის სასამართლომ განიხილა. *.
სასამართლოს შესანიშნავმა გადაწყვეტილებებმა დადებითად იმოქმედა სამქადაგებლო საქმეზე საბერძნეთშისაბერძნეთში მსახურების პერიოდში შესაძლებლობა მქონდა, დავსწრებოდი ათენში, სალონიკში, კუნძულ როდოსსა და კრეტაზე გამართულ დაუვიწყარ კონგრესებს. ეს ოთხი წელიწადი სიხარულისა და ნაყოფიერების წლები იყო, მაგრამ წინ კიდევ სხვა სიახლე —1988 წელს კვიპროსში დაბრუნება — მელოდა.
კვიპროსი და კვლავ საბერძნეთი
კვიპროსში ჩემი არყოფნის დროს ძმებმა ნიქოზიასთან ახლოს, ნისოუში, ახალი ფილიალისთვის შენობათა კომპლექსი შეიძინეს. იეჰოვას მოწმეების ბრუკლინის მთავარი სამმართველოდან ძმა კერი ბარბერმა მიძღვნის მოხსენება წარმოთქვა. ახლა კუნძულზე შედარებით სიმშვიდემ დაისადგურა. საბერძნეთში გახარებული დავბრუნდი, მაგრამ მალე კიდევ ერთი სიახლე გველოდა.
ხელმძღვანელმა საბჭომ საბერძნეთში ახალი ბეთელის მშენებლობის გეგმა მოიწონა, რომელიც ათენის ჩრდილოეთით რამდენიმე კილომეტრში იქნებოდა. რადგან ინგლისურადაც ვლაპარაკობდი და ბერძნულადაც, 1990 წელს სამშენებლო პროექტზე მიმიწვიეს და დამავალეს, ამ პროექტზე მომუშავე უცხოელი ძმებისთვის თარჯიმანი ვყოფილიყავი. დღესაც მახსოვს ის დიდი სიხარული, როდესაც ზაფხულის ცხელ დღეებში დილის 6 საათისთვის სამშენებლო უბანზე ასობით ბერძენი და-ძმა მოდიოდა და მოხალისედ მუშაობდა სამშენებლო ბრიგადასთან ერთად. მათი ბედნიერი სახეები და გულმოდგინება არასოდეს დამავიწყდება.
ბერძენი მართმადიდებელი მღვდლები და მათი მხარდამჭერები სამშენებლო უბანზე შემოჭრას და მშენებლობის ჩაშლას ცდილობდნენ, მაგრამ იეჰოვამ ისმინა ჩვენი ლოცვები და დაგვიცვა. იქ 1991 წლის 13 აპრილამდე დავრჩი, რომ ბეთელის ახალი კომპლექსის მიძღვნას დავსწრებოდი.
საყვარელი დის მხარდაჭერა
მომდევნო წელს ჩემს დასა და სიძეს ვესტუმრე ინგლისში შვებულების გასატარებლად. სამწუხაროდ, ჩემი იქ ყოფნის დროს ჩემმა სიძემ ორჯერ გადაიტანა ინფარქტი და გარდაიცვალა. ჯოანი დიდ დახმარებას მიწევდა მისიონერული მსახურებისას. იშვიათად თუ გავიდოდა კვირა, რომ ჩემი დისგან გამამხნევებელი წერილი არ მიმეღო. ასეთი ყურადღება მისიონერისთვის, მართლაც რომ კურთხევაა. ახლა ის ქვრივი იყო. არც ჯანმრთელობა უვარგოდა და ჩემს მხარდაჭერასაც საჭიროებდა. რა უნდა მექნა?
ჯოანის ქალიშვილი ტელმა და მისი მეუღლე უკურნებელი სენით დაავადებულ ერთ თანაქრისტიან ქვრივს, ჩვენს ერთ-ერთ ნათესავს, უვლიდნენ. ლოცვაში არაერთხელ მივმართე იეჰოვას ხელმძღვანელობისთვის, რის შემდეგაც გადავწყვიტე, რომ ჯოანთან უნდა დავრჩენილიყავი და მხარში ამოვდგომოდი. ამ ცვლილებებთან შეგუება იოლი არ იყო, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ დღეს იოვილის ორი კრებიდან ერთ-ერთში, პენ მილში, უხუცესად ვმსახურობ.
ძმები, რომლებთანაც საზღვარგარეთ ვმსახურობდი, კონტაქტს არ წყვეტენ ჩემთან და რეგულარულად მეხმაურებიან ტელეფონისა თუ წერილების მეშვეობით, რის გამოც მათი დიდად მადლიერი ვარ. თუ ოდესმე საბერძნეთში ან კვიპროსში გამგზავრებას გადავწყვეტ, დარწმუნებული ვარ, რომ ძმები მყისვე გამომიგზავნიან გასამგზავრებელ ბილეთს, მაგრამ ახლა 80 წლის ვარ და აღარც თვალი მიჭრის უწინდებურად და აღარც ჯანმრთელობა მივარგა. გული მწყდება, რომ უწინდებურად აქტიური აღარა ვარ, მაგრამ ბეთელში გატარებული წლები ბევრი ისეთი ჩვევის გამომუშავებაში დამეხმარა, რომლებიც დღეს ძალიან მადგება. მაგალითად, საუზმემდე ყოველთვის ვკითხულობ ყოველდღიურ მუხლს. ადამიანებთან დაახლოებაც ვისწავლე და მათი შეყვარებაც, რაც წარმატებული მისიონერული მსახურების საწინდარს წარმოადგენს.
სამოც წელზე მეტი საუცხოოდ გავატარე იეჰოვასთვის მსახურებასა და მის განდიდებაში და ვიცი, რომ სრული დროით მსახურება წუთისოფლის ზეგავლენისგან დიდად დამცველი და საუკეთესო განათლების მომცემია. მთელი გულით ვუერთდები იეჰოვასადმი დავითის ნათქვამ სიტყვებს: „შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს“ (ფსალმუნი 58:17).
[სქოლიოები]
^ აბზ. 18 ჯონ ვინის ბიოგრაფია, „გული მადლიერებით მევსება“, გამოქვეყნებულია 1997 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 25—28.
^ აბზ. 23 ადრე მას „ნუგეში“ ერქვა.
^ აბზ. 41 იხილეთ 1998 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 20, 21. 1993 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 27—31 (რუს.). 1998 წლის 8 იანვრის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 21, 22. 1997 წლის 22 მარტის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 14, 15, (რუს.).
[რუკები 24 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
საბერძნეთი
ათენი
კვიპროსი
ნიქოზია
კირენია
ფამაგუსტა
ლიმასოლი
[სურათი 21 გვერდზე]
დედაჩემი 1915 წელს.
[სურათი 22 გვერდზე]
მე (მარცხნიდან მეოთხე) და გალაადის მერვე კლასიდან რამდენიმე ძმა ბრუკლინის ბეთელის სახურავზე, 1946 წელს.
[სურათი 23 გვერდზე]
მე და დეიდა მილლი, ინგლისში ჩემი პირველი დაბრუნებისას.