„იცოდე, შეიძლება გეტკინოს!“
„იცოდე, შეიძლება გეტკინოს!“
გსმენიათ ოდესმე ასეთი სიტყვები? შეიძლება ექიმს ან ექთანს უთქვამს თქვენთვის, როდესაც რაიმე სახის მკურნალობას გიტარებდათ.
ალბათ, მკურნალობაზე უარი არ გითქვამთ იმ მიზეზით, რომ მოსალოდნელი ტკივილი თავიდან აგეცილებინათ. პირიქით, ტკივილი მოგითმენიათ, რათა მომავალში კარგი ჯანმრთელობა გქონოდათ. ექსტრემალურ სიტუაციებში არც თუ ისე სასიამოვნო მკურნალობაზე თანხმობა ან უარის თქმა სიკვდილ-სიცოცხლესთან არის დაკავშირებული.
შეიძლება ყოველთვის არ ვსაჭიროებთ ექიმის მითითებას, მაგრამ არასრულყოფილების გამო ყველას გვესაჭიროება შეგონება ან თვალსაზრისის შეცვლა, თუნდაც ეს ხანდახან მტკივნეული იყოს (იერემია 10:23). იმის დასანახვებლად, თუ რამდენად საჭიროებენ ბავშვები ამას, ბიბლია ამბობს: «ყმაწვილის გულში სიბრიყვე ბუდობს, მაგრამ შეგონების კვერთხი [„წკეპლა“, აქ] იქიდან გამოსდევნის» (იგავნი 22:15, აქ).
ამ შემთხვევაში, წკეპლა მშობლის უფლებამოსილებას ასიმბოლოებს. ისიც სიმართლეა, რომ ბავშვების უმეტესობას შეგონება არ მოსწონს და თუ მკაცრად დასჯიან, შეიძლება განაწყენდნენ კიდეც. მიუხედავად ამისა, გონიერი და მოსიყვარულე მშობლები უფრო შორს იხედებიან და იციან, რომ შვილების დროებითი გულისტკენა, საბოლოოდ, მათ კეთილდღეობას მოემსახურება. ქრისტიანი მშობლები დარწმუნებული არიან, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ღვთის სიტყვები ჭეშმარიტებაა: „ყოველი წვრთნა ამჟამად სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად. მაგრამ შემდგომში სიმართლის მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მის მიერ განისწავლა“ (ებრაელთა 12:11; იგავნი 13:24).
რასაკვირველია, შეგონებას მხოლოდ ბავშვები არ საჭიროებენ. ის ზრდასრულებსაც ესაჭიროებათ. ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი სიტყვები უფროსებს ეხება: „ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ; დაიმარხე იგი, რადგან ის არის შენი სიცოცხლე“ (იგავნი 4:13). დიახ, გონიერი ადამიანი —ახალგაზრდა თუ ხანდაზმული — ბიბლიაზე, ღვთის სიტყვაზე, დაფუძნებულ შეგონებას გულში ჩაიკონებს და საბოლოოდ სიცოცხლეს შეინარჩუნებს.