არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბალზამირება — მისაღებია თუ არა ქრისტიანებისთვის?

ბალზამირება — მისაღებია თუ არა ქრისტიანებისთვის?

ბალზამირება — მისაღებია თუ არა ქრისტიანებისთვის?

სიკვდილის პირას მისულმა ერთგულმა პატრიარქმა, იაკობმა, თავისი ბოლო თხოვნა წარმოთქვა: „დამმარხეთ ჩემი მამა-პაპის გვერდით მღვიმეში, ყეფრონ ხეთელის მინდორში რომ არის, მღვიმეში, მახფელას მინდორში რომ არის, მამრეს პირდაპირ, ქანაანის ქვეყანაში“ (დაბადება 49:29—31).

იოსებმა პატივი სცა მამის თხოვნას და მის შესასრულებლად ეგვიპტეში იმ დროისთვის გავრცელებული ჩვეულება გამოიყენა. მან უბრძანა «თავის მსახურ მკურნალებს, შეემურვათ [„დაებალზამებინათ“, აქ] მამამისი». „დაბადების“ 50-ე თავის თანახმად, ექიმებს გვამის დამუშავებისთვის 40 დღე სჭირდებოდათ. ბალზამირებამ საშუალება მისცა ოჯახის წევრებისა და ეგვიპტელთა დიდგვაროვნებისგან შემდგარ დიდ ჯგუფს, დადგომოდნენ 400 კილომეტრიან გზას, რათა იაკობის ნეშტი ხებრონში დაემარხათ (დაბადება 50:1—14).

შესაძლებელია თუ არა, რომ ერთ დღესაც იაკობის ბალზამირებული სხეული აღმოაჩინონ? ეს თითქმის შეუძლებელია. ისრაელის ტერიტორია კარგად ირწყვებოდა, რაც დღეს ხელს უშლის არქეოლოგიურ აღმოჩენებს (გამოსვლა 3:8). ძველებური ლითონისა თუ ქვის ნაკეთობების პოვნა კიდევ შეიძლება, მაგრამ უფრო მალფუჭებადი საგნები — ქსოვილები, ტყავი და ბალზამირებული ნეშტები — ვერ უძლებენ სინესტესა და ჟამთა სვლას.

მაშ, რა არის ბალზამირება? რატომ იყენებდნენ მას? მისაღებია თუ არა ეს ქრისტიანებისთვის?

სად იღებს ეს ჩვეულება სათავეს?

უბრალო სიტყვებით რომ ვთქვათ, ბალზამირება, ადამიანის ან ცხოველის გვამის შენახვას ნიშნავს. ისტორიკოსების აზრით, ამას დასაბამი ეგვიპტეში დაედო, თუმცა ამ მეთოდს ასურელები, სპარსელები და სკვითებიც კი იყენებდნენ. შესაძლოა, ბალზამირებისადმი თავდაპირველი ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც უდაბნოში ბუნებრივად შენახული გვამები აღმოაჩინეს. ექსპერიმენტების ჩატარებაც მაშინ მოისურვეს. როგორც ჩანს, ასეთ სამარხებს გვამები სინესტისა და ჰაერისაგან უნდა დაეცვა, რაც მათ გახრწნას შეაჩერებდა. ზოგი ვარაუდობს, რომ ბალზამირება დაიწყეს მაშინ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ გვამები ნატრიუმის კარბონატში ინახება, ტუტეში, რომელიც ეგვიპტეში უხვად მოიპოვება.

ბალზამირების მიზანია, უბრალოდ, ხელი შეუშალოს ბუნებრივ ბაქტერიოლოგიურ პროცესებს, რომელიც სიკვდილიდან ერთ საათში იწყება და სხეულის გახრწნას იწვევს. ამ პროცესების არიდებით, გახრწნა ან მთლიანად წყდება, ან საგრძნობლად ნელდება. ამის განსახორციელებლად სამი რამ არის აუცილებელი: გვამის დაუზიანებლად შენახვა, გახრწნის თავიდან არიდება და მწერებისაგან დაცვა.

ძველ ეგვიპტეში ბალზამირებას, ძირითადად, რელიგიური საფუძველი ჰქონდა. მათი წარმოდგენები საიქიო ცხოვრებაზე დაკავშირებული იყო სურვილთან, შეხება ჰქონოდათ ფიზიკურ სამყაროსთან. მათ სწამდათ, რომ სხეულები უნდა შენახულიყო მარადიულად და სიცოცხლე უნდა დაბრუნებოდა მათ. თუმცა ბალზამირება ძალზედ გავრცელებული იყო, დღემდე არც ერთი ეგვიპტური წყარო არაფერს გვატყობინებს იმის შესახებ, თუ როგორ აკეთებდნენ ამას. ყველაზე ამომწურავი ჩანაწერი ამასთან დაკავშირებით ეკუთვნის ძვ. წ. V საუკუნის ბერძენ ისტორიკოს ჰეროდოტეს. როგორც აღნიშნავენ, მეცნიერებმა სცადეს იგივეს გამეორება ჰეროდოტეს მიერ მოცემული მითითებების მიყოლით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს.

მისაღებია თუ არა ქრისტიანებისთვის?

იაკობის რელიგიური მრწამსი განსხვავდებოდა მათი რელიგიისგან, რომლებმაც მის გვამს ბალზამირება გაუკეთეს. მაგრამ საეჭვოა, რომ იოსებს მკურნალებისთვის მოეთხოვა იმ ლოცვებისა და რიტუალების ჩატარება, რომლებსაც იმდროინდელ ეგვიპტეში ბალზამირების პროცესს ურთავდნენ ხოლმე. ორივენი, იაკობიც და იოსებიც, ძლიერი რწმენით გამოირჩეოდნენ (ებრაელთა 11:21, 22). თუმცა, როგორც ჩანს, იეჰოვას არ უბრძანებია ეს, ბიბლია არ განსჯის იაკობის სხეულის შენახვას. იაკობის ბალზამირება არ ნიშნავდა, რომ ეს მისაბაძი მაგალითი იყო ისრაელი ერისთვის ან ქრისტიანული კრებისთვის. სინამდვილეში, ღვთის სიტყვაში ვერ შეხვდებით ვერანაირ განსაკუთრებულ მითითებებს ამასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, თავად იოსებსაც გაუკეთეს ბალზამირება ეგვიპტეში, რის შემდეგაც ბიბლია მეტად აღარ მოიხსენიებს ამ ჩვეულებას (დაბადება 50:26).

პალესტინაში, სამარხებში ნაპოვნი ადამიანების გახრწნილი გვამები მოწმობს, რომ ისრაელში არ იყო მიღებული ბალზამირება და გვამების დიდი ხნით შენახვა. მაგალითად, ლაზარეს გვამი არ დააბალზამეს. თუმცა მისი გვამი ქსოვილში იყო გახვეული, დამსწრეებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, როცა საქმე აკლდამის შესასვლელზე მიფარებული ლოდის გადაგორებაზე მიდგა. ვინაიდან ლაზარე ოთხი დღის მკვდარი იყო, მისი და დარწმუნებული იყო, რომ სამარხიდან სუნი გამოვიდოდა (იოანე 11:38—44).

გაუკეთეს თუ არა ბალზამირება იესოს სხეულს? სახარების მიხედვით, არა. იმ დროს ებრაული ჩვეულების მიხედვით სამარხში ჩასვენებამდე სხეულს ამუშავებდნენ ნელსაცხებლებითა და სურნელოვანი ზეთებით. მაგალითად, იესოს გვამის მოსამზადებლად ნიკოდემოსმა დიდი რაოდენობით ნელსაცხებელი მოიტანა (იოანე 19:38—42). რა საჭირო იყო ამდენი ნელსაცხებელი? ასეთი გულუხვობა შეიძლება იესოსადმი მისი სიყვარულითა და პატივისცემით აიხსნას. არ უნდა დავასკვნათ, რომ ნელსაცხებლები სხეულის დიდხანს შესანახად გამოიყენებოდა.

უნდა მიჰყვნენ თუ არა ქრისტიანები ამ ჩვეულებას? სინამდვილეში, ბალზამირება არის იმის შეჩერების მცდელობა, რაც გარდაუვალია. რადგან ჩვენ მტვრისგან ვართ აღებულნი, ამიტომაცაა, რომ სიკვდილისას მტვერს ვუბრუნდებით (დაბადება 3:19). მაგრამ რამდენი ხანი შეიძლება გავიდეს სიკვდილიდან დაკრძალვამდე? თუ ოჯახის წევრები და მეგობრები შორიდან მოდიან და სურთ მიცვალებულის ხილვა, ცხადია, შეიძლება ბალზამირების გაკეთება.

ბიბლიის თანახმად, არ უნდა ვწუხდეთ, თუკი ადგილობრივი ჩვეულებები მოითხოვს ან ოჯახის წევრებს სურთ მიცვალებულისთვის ბალზამირების გაკეთება. მკვდრებმა „არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). თუ ისინი ღმერთის მეხსიერებაში ცოცხლობენ, მაშინ აღდგებიან მკვდრეთით ღვთის მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში (იობი 14:13—15; საქმეები 24:15; 2 პეტრე 3:13).

[ჩარჩო⁄სურათი 31 გვერდზე]

ბალზამირება — წარსულში და ახლა

ძველ ეგვიპტეში გვამის ბალზამირების ტიპი ოჯახის მდგომარეობაზე იყო დამოკიდებული. შეძლებულ ოჯახებს შეეძლოთ ბალზამირების შემდეგი მეთოდი აერჩიათ:

ტვინი ნესტოებიდან ლითონის ინსტრუმენტით უნდა გამოეღოთ და თავის ქალა სპეციალური წამლებით უნდა დაემუშავებინათ. შემდეგი ნაბიჯი იყო ყველა შინაგანი ორგანოს ამოცლა, გულისა და თირკმელების გარდა. მუცლის ღრუში შესაღწევად კი საჭირო იყო სხეულის გაკვეთა, რაც იმ დროს ცოდვად ითვლებოდა. ამ სირთულიდან თავის დასაღწევად, ეგვიპტელი ექიმები, რომლებიც ბალზამირებას აკეთებდნენ, ნიშნავდნენ პიროვნებას, რომელიც გაკვეთას აწარმოებდა. ამის შემდეგ, ის თავისი, ეგრეთ წოდებული, დანაშაულისთვის წყევლასა და ქვებით ჩაქოლვას იმსახურებდა, რასაც გაქცევით აღწევდა თავს.

მას შემდეგ, რაც მუცლის ღრუს გამოაცარიელებდნენ, საგულდაგულოდ რეცხავდნენ. ისტორიკოსი ჰეროდოტე წერს: „მუცლის ღრუს ავსებდნენ წმინდად დაფხვნილი სურნელოვანი სმირნით, კასიითა და გუნდრუკის გარდა სხვადასხვა სახის ნელსაცხებლებით, რის შემდეგაც მუცელს კერავდნენ“.

სხეულის გაუწყლოებისთვის, მას 70 დღის განმავლობაში ნატრიუმის კარბონატში აჩერებდნენ. შემდგომ, გვამს ბანდნენ და ოსტატურად ახვევდნენ ქსოვილში, რომელიც ფისით ან სხვა წებოვანი ნივთიერებით იყო დაფარული. მუმიას ათავსებდნენ ადამიანის ფორმის ლამაზად მორთულ ხის ყუთში.

დღესდღეობით, ბალზამირებას მხოლოდ რამდენიმე საათი სჭირდება. ამისათვის ძირითად იყენებენ სპეციალურ ნაერთს, რომელიც შეჰყავთ ვენებში, არტერიებში, მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში. წლების განმავლობაში შეიმუშავეს და გამოიყენეს ხსნარების სხვადასხვა სახე, მაგრამ ხელმისაწვდომი ფასისა და უსაფრთხოების გამო ბალზამირებისთვის ყველაზე ხშირად ფორმალდეჰიდი გამოიყენება.

[სურათი]

მეფე ტუტანხამონის ოქროს კუბო.