არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვალდენსები — ერეტიკოსობიდან პროტესტანტობამდე

ვალდენსები — ერეტიკოსობიდან პროტესტანტობამდე

ვალდენსები — ერეტიკოსობიდან პროტესტანტობამდე

იდგა 1545 წელი. პროვანსის ოლქის (სამხრეთ საფრანგეთი) მშვენიერ ქალაქ ლიუბერონში ჯარისკაცები შეკრებილიყვნენ. ისინი შემაძრწუნებელი მისიის შესრულებას აპირებდნენ რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე. დაიწყო დაუნდობელი და სისხლიანი კვირა.

სოფლები მიწასთან იქნა გასწორებული, მათი მკვიდრნი კი ზოგი საპყრობილეში ჩაყარეს, ზოგიც სიცოცხლეს გამოასალმეს. სისხლმოწყურებულმა ჯარისკაცებმა საშინელი მხეცობები ჩაიდინეს და მათ მიერ გამართულმა ხოცვა-ჟლეტამ მთელ ევროპას დასცა თავზარი: 2700 ადამიანამდე იქნა მოკლული, 600-მდე კი გალერებზე გააგზავნეს სამუშაოდ — თუ აღარაფერს ვიტყვით ქალებისა და ბავშვების მიერ განცდილ ენით აუწერელ ტანჯვაზე. მეთაურმა, რომელმაც ეს სისხლიანი სამხედრო ოპერაცია განახორციელა, საფრანგეთის მეფისა და რომის პაპისგან ქება დაიმსახურა.

გერმანია უკვე შთანთქმული იყო რეფორმაციით გამოწვეული შფოთითა და არეულობებით, როდესაც პროტესტანტიზმის გავრცელებით შეფიქრიანებულმა საფრანგეთის კათოლიკე მეფემ, ფრანცისკ I-მა, თავის სამეფოში ეგრეთ წოდებული ერეტიკოსების მოძიება დაიწყო. როგორც მეფის ხელქვეითებმა გამოააშკარავეს, განსხვავებულ რელიგიურ შეხედულებას მხოლოდ რამდენიმე ცალკეული ადამიანი კი არ იზიარებდა, არამედ პროვანსის ოლქში მათით დასახლებული მთელი სოფლებიც კი იქნა აღმოჩენილი. გაცემულ იქნა განკარგულება ყოველგვარი ერესის აღმოფხვრის შესახებ. ეს განაჩენი სწორედ 1545 წელს გამართული ხოცვა-ჟლეტის დროს იქნა სისრულეში მოყვანილი.

ვინ იყვნენ ეს ერეტიკოსები და რატომ გახდნენ ისინი რელიგიური შეუწყნარებლობით გამოწვეული ძალადობის მხსვერპლნი?

ძირს ფუფუნება, წინ სიღატაკისკენ!“

პროვანსში გამართული სასაკლაოს დროს დახოცილები მიეკუთვნებოდნენ რელიგიურ მიმდინარეობას, რომელსაც XII საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი და ევროპის საკმაოდ დიდი ნაწილი ჰქონდა მოცული. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ეს მიმდინარეობა თავისებურად ვრცელდებოდა და ზეგავლენას ინარჩუნებდა მოსახლეობაზე, ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ რელიგიური აზრთასხვაობის ისტორიაში თავისი უნიკალურობით გამოირჩევა. ისტორიკოსების უმრავლესობა იზიარებს იმ აზრს, რომ ამ მიმდინარეობას დასაბამი 1170 წელს მიეცა. საფრანგეთის ქალაქ ლიონში მცხოვრები მდიდარი ვაჭარი, პიერ ვალდო, უზომოდ დაინტერესდა, თუ როგორ უნდა ესიამოვნებინა ღვთისთვის. როგორც ჩანს, ვაჭარზე დიდად უნდა ემოქმედა იესო ქრისტეს სიტყვებს — ალბათ გახსოვთ, მდიდარ კაცს რომ მოუწოდა იესომ, ქონება ღარიბებისთვის დაერიგებინა. ვალდომ ფინანსურად უზრუნველყო თავისი ოჯახი, სიმდიდრე სხვებს დაურიგა და სახარების ქადაგებას მიჰყო ხელი (მათე 19:16—22). მალე მას თანამოაზრენიც გამოუჩნდნენ და მოგვიანებით მისი მიმდევრები ვალდენსების სახელით გახდნენ ცნობილი *.

ვალდოს ცხოვრებაში სამი რამ იყო უმთავრესი — სიღატაკე, ქადაგება და ბიბლია. სამღვდელოების ფუფუნებისა და განცხრომის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა სიახლეს არ წარმოადგენდა. მანამდეც, სამღვდელოებას განდგომილი ზოგიერთი პირი დაუფარავად ამხილებდა ეკლესიას გარყვნილებასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. მაგრამ როგორც ვალდო, ისე მისი მიმდევრების უმრავლესობა სამღვდელოებას არ მიეკუთვნებოდნენ. უეჭველია, სწორედ ამით უნდა ავხსნათ ის ფაქტი, რომ მან ბიბლიის მშობლიურ, ხალხისთვის გასაგებ, ენაზე არსებობა მიიჩნია საჭიროდ. რადგან ბიბლიის ლათინურ თარგმანზე, რომელსაც ეკლესია ფლობდა, მხოლოდ სამღვდელოებას მიუწვდებოდა ხელი, ვალდომ სახარებებისა და ბიბლიის სხვა წიგნების თარგმნას გაუწია ორგანიზება ფრანგულ-პროვანსულ ენაზე, რომელიც აღმოსავლეთ საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებ უბრალო ხალხს ესმოდა *. იესოს მითითებისამებრ, „ლიონელი ღატაკები“ თავიანთ ცნობას ქუჩებში ქადაგებდნენ (მათე 28:19, 20). როგორც ისტორიკოსი გაბრიელ ოდისიო განმარტავს, უმთავრესად სწორედ სახალხოდ მათი დაჟინებული ქადაგება გახდა მიზეზი იმისა, რომ ეკლესიამ ვალდენსებს ცუდი თვალით დაუწყო ყურება.

კათოლიკეობიდან ერეტიკოსობამდე

იმ ხანად ქადაგების უფლება მხოლოდ სამღვდელოებას ჰქონდა და სხვა პირებისთვის ქადაგებაზე ნებართვის მიცემაც მხოლოდ ეკლესიას შეეძლო. სამღვდელოება ვალდენსებს გაუნათლებელ და უწიგნურ ადამიანებად მიიჩნევდა, თუმცა 1179 წელს პაპ ალექსანდრე III-ისგან ვალდომ მაინც მიიღო ქადაგებაზე ოფიციალური ნებართვა. თანხმობა კი მიიღო, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუკი ადგილობრივი მღვდლებიც მოიწონებდნენ ამ წამოწყებას. ისტორიკოსი მალკოლმ ლამბერტი შენიშნავს, რომ ასეთი პირობის მიცემა „თითქმის მტკიცე უარის ტოლფასი იყო“. მართლაც, ლიონის არქიეპისკოპოსმა ჟან ბელმენმა არც აცია და არც აცხელა — ოფიციალურად აკრძალა არასამღვდელოთა ქადაგება. ვალდომ კი, ამის პასუხად, საქმეების 5:29 მოიშველია, სადაც ნათქვამია: „ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“. ვალდო არ დაემორჩილა ამ აკრძალვას, რის გამოც 1184 წელს ეკლესიიდან განკვეთეს.

მიუხედავად იმისა, რომ ლიონის ეპარქიიდან მოკვეთეს და ქალაქიდანაც დევნიდნენ, როგორც ჩანს, ვალდენსების დაგმობა თავდაპირველად რაღაც უფრო თეორიულ ხასიათს ატარებდა. ბევრ უბრალო ადამიანს ხიბლავდა ვალდენსების სიალალე და თავისებური ცხოვრება; თვით ეპისკოპოსებიც კი არ თაკილობდნენ მათთან საუბარს.

როგორც ისტორიკოსი უან კამერონი ამბობს, სავარაუდოა, რომ ვალდენსი მქადაგებლები „როგორც ასეთი, ოპოზიციაში არ ედგნენ რომის კათოლიკურ ეკლესიას“. მათ უბრალოდ „ქადაგება და სწავლება სურდათ“. ისტორიკოსები ამბობენ, რომ ამ მიმდინარეობის მიმდევრები, ფაქტობრივად, მაშინ აღმოჩნდნენ ერეტიკოსების როლში, როდესაც ეკლესიის მიერ ზედიზედ მიღებულმა მთელმა რიგმა დადგენილებებმა თანდათან სულ უფრო და უფრო შეასუსტა მათი ძალა და გავლენა. მათმა განკიცხვამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც ვალდენსები მეოთხე ლატერანულმა საბჭომ 1215 წელს ანათემას გადასცა. რა გავლენა იქონია ამან მათ სამქადაგებლო მოღვაწეობაზე?

საიდუმლო მოღვაწეობა

ვალდო 1217 წელს გარდაიცვალა და დევნისგან შევიწროვებული მისი მიმდევრები აქეთ-იქით მიმოიფანტნენ — ზოგმა საფრანგეთის ალპებს, ზოგმაც გერმანიას, ჩრდილოეთ იტალიასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას შეაფარა თავი. დევნამ ვალდენსებს სოფლებში გადასვლაც აიძულა, რის გამოც მათი სამქადაგებლო საქმიანობა ბევრგან შეიზღუდა.

1229 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ სამხრეთ საფრანგეთში კათარების ანუ ალბიგოელების წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობა დაასრულა, რის შემდეგაც მათი თავდასხმების მორიგი სამიზნეები ვალდენსები გახდნენ *. ეკლესიის ყველა მოწინააღმდეგეს მალე ულმობელი ინკვიზიციის მსხვერპლად გახდომა ემუქრებოდა, ამიტომაც შეშინებული ვალდენსები საიდუმლო მოღვაწეობაზე გადავიდნენ. 1230 წლისთვის ისინი უკვე აღარ ქადაგებდნენ სახალხოდ. ოდისიო განმარტავს: «იმის მაგივრად, რომ ახალი „ცხვრები“ მოეძებნათ, ისინი მთელ ძალებს ახლად მოქცეულებზე ზრუნვას ახმარდნენ, ოღონდაც კი ეს ახლები მათ მრწამსს არ გადასულიყვნენ დევნისა და წინააღმდეგობების მიუხედავად“, იგი დასძენს: „თუმცა ძველებურადვე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ვალდენსების ქადაგებამ სულ სხვანაირი იერსახე მიიღო“.

მათი მრწამსი და ჩვეულებები

ნაცვლად იმისა, რომ სამქადაგებლო საქმიანობაში როგორც მამაკაცებს, ისე ქალებსაც მიეღოთ მონაწილეობა, XIV საუკუნისთვის ვალდენსები უკვე განსხვავებას აკეთებდნენ მქადაგებლებსა და უბრალო მორწმუნეებს შორის. სამწყსო საქმიანობას კი მხოლოდ კარგად მომზადებულ მამაკაცებს ანდობდნენ. ეს მოხეტიალე მსახურები მოგვიანებით „ბარბების“ (ბიძები) სახელით გახდნენ ცნობილი.

„ბარბების“ მიზანს, რომლებიც ვალდენსების ოჯახებს სტუმრობდნენ, უკვე აღარ წარმოადგენდა თავიანთი მრწამსის გავრცელება. არა, მათი მთავარი საზრუნავი უკვე მოქცეული მორწმუნეების შენარჩუნება იყო. ყველა „ბარბმა“ იცოდა წერა–კითხვა; ისინი ბიბლიაზე დაფუძნებულ ექვსწლიან მომზადებას გადიოდნენ. მათი ბიბლია ხალხისთვის გასაგებ ენაზე იყო ნათარგმნი, რაც სამწყსოსთვის წმინდა წერილების განმარტებას უადვილებდა მათ. თვით მოწინააღმდეგეებიც კი აღიარებდნენ, რომ ვალდენსები, ბავშვების ჩათვლით, დიდი გულმოდგინებით ეკიდებოდნენ ბიბლიის სწავლას და საღვთო წერილის დიდი მონაკვეთების ზეპირად მოყოლაც კი შეეძლოთ.

ვალდენსები თავდაპირველად მრავალ ჩვეულებასა და კათოლიკურ მრწამსს უარყოფდნენ, მათ შორის: ტყუილის თქმას, განსაწმედელს, მიცვალებულთათვის წირვის აღვლენას, პაპის მიერ მიტევებასა და შეწყალებას, მარიამისა და „წმინდანებისადმი“ თაყვანისცემას. ისინი ყოველწლიურად აღნიშნავდნენ უფლის სერობას. როგორც ლამბერტი ამბობს, მათეული თაყვანისცემა „ფაქტობრივად, უბრალო ხალხის რელიგია იყო“.

„გაორებული ცხოვრება“

ვალდენსების დასახლებები მტკიცე ნათესაური კავშირებით იყო შედუღაბებული. ისინი მხოლოდ თანამორწმუნეებზე ქორწინდებოდნენ; საუკუნეთა განმავლობაში კი ამ პროცესმა ვალდენსური გვარების წარმოშობა გამოიწვია. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად მებრძოლ ვალდენსებს სააშკარაოზე არ გამოჰქონდათ თავიანთი შეხედულებები, რამაც მათი მრწამსი და წეს-ჩვეულებები იდუმალების ბურუსში გაჰხვია; ამან კი მოწინააღმდეგეებს მეტად სერიოზული ბრალდებების წაყენების საშუალება მისცა. მაგალითად, იმასაც კი ამბობდნენ, რომ ვალდენსები ეშმაკს სცემდნენ თაყვანს *.

ერთ-ერთი საშუალება, რითაც ვალდენსები ასეთი ბრალდებების გაბათილებას ცდილობდნენ ის იყო, რომ გარკვეულ კომპრომისებზე მიდიოდნენ, რასაც ისტორიკოსმა კამერონმა კათოლიკური თაყვანისცემისადმი „მცირეოდენი ერთგულება“ უწოდა. ზოგიერთი მათგანი აღსარებას ეუბნებოდა კათოლიკე მღვდლებს, ესწრებოდა მესას, იყენებდა ნაკურთხ წყალს და მომლოცველადაც კი მიდიოდა. ლამბერტი ამბობს: „ბევრ რამეში მათ ვერც კი განასხვავებდით მეზობელი კათოლიკეებისგან“. ოდისიო კი არაორაზროვნად შენიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ვალდენსებმა „გაორებული ცხოვრება დაიწყეს“. იგი დასძენს: „ერთი მხრივ, ყველას დასანახად ისინი კათოლიკეებივით იქცეოდნენ, რათა, ასე თუ ისე, მშვიდობა შეენარჩუნებინათ, მეორე მხრივ კი, სხვებისგან შეუმჩნევლად გარკვეულ წეს-ჩვეულებებსა და რიტუალებს იცავდნენ, რითაც იმაში დარწმუნება სურდათ, რომ მათი მიმდინარეობა არსებობას აგრძელებდა“.

ერეტიკოსობიდან პროტესტანტობამდე

XVI საუკუნეში რეფორმაციამ ძირფესვიანად შეცვალა ევროპის რელიგიური ცხოვრება. რელიგიური შეუწყნარებლობის მსხვერპლთ საშუალება მიეცათ, ან თავიანთ ქვეყანაშივე ეცადათ კანონიერი აღიარების მოპოვება, ან კიდევ სხვა ქვეყნებში წასულიყვნენ უფრო კეთილსასურველი გარემოს საძებნად. ერეტიკოსობაც აღარ იყო იმდენად მტკივნეული საკითხი იმიტომ, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი აყენებდა ეჭვქვეშ ტრადიციულ რელიგიურ შეხედულებებს.

1523 წელს ვალდენსები კარგად ცნობილმა რეფორმატორმა მარტინ ლუთერმაც მოიხსენია. 1526 წელს ვალდენსი „ბარბი“ ჩავიდა ალპებში და თანამორწმუნეებს ევროპის რელიგიურ ცხოვრებაში მომხდარი სიახლეების შესახებ ამცნო. ამას პროტესტანტებსა და ვალდენსებს შორის იდეათა ურთიერთგაცვლის დაწყება მოჰყვა. პროტესტანტებმა შეაგულიანეს ვალდენსები, რომ დედნიდან ბიბლიის პირველი ფრანგული თარგმანის გაკეთება დაეფინანსებინათ. თარგმანი შესრულდა და 1535 წელს გამოიცა კიდეც. მოგვიანებით მას ოლივეტანის ბიბლია უწოდეს. პარადოქსი კი ის იყო, რომ ვალდენსების უმრავლესობას ფრანგული არ ესმოდა.

კათოლიკური ეკლესია დევნას განაგრძობდა, ამიტომაც ვალდენსების დიდი ნაწილი საფრანგეთის სამხრეთში, შედარებით უსაფრთხო პროვანსში გადავიდა საცხოვრებლად. აქვე დასახლდნენ პროტესტანტი იმიგრანტებიც. ასეთმა გადაადგილებამ მალე სამეფო კარის შეშფოთება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ქებით იხსენიებდა ვალდენსებს და მოხიბლული იყო მათი ცხოვრების სტილითა და ზნეობრიობით, ზოგი ეჭვქვეშ აყენებდა მათ ერთგულებას და საზოგადოებრივი წესრიგისათვის საფრთხის შექმნაში სდებდნენ ბრალს. მალე მიღებულ იქნა მერინდოლის ედიქტი, რასაც შედეგად სტატიის დასაწყისში ნახსენები შემზარავი სისხლისღვრა მოჰყვა.

კათოლიკეებსა და ვალდენსებს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო უარესდებოდა. თავდასხმაზე საპასუხოდ ვალდენსები შეიარაღებულ თავდაცვაზეც კი გადავიდნენ. ამ კონფლიქტის გამო ისინი პროტესტანტთა რიგებში აღმოჩნდნენ. ამგვარად, ვალდენსები პროტესტანტიზმის ძირითად მიმდინარეობას შეუერთდნენ.

საუკუნეების განმავლობაში ვალდენსური ეკლესიები საფრანგეთიდან შორს, ურუგვაისა და შეერთებულ შტატებშიც ფუძნდებოდა. მაგრამ ისტორიკოსების უმრავლესობა ოდისიოს აზრს იზიარებს, რომელიც ამბობს, რომ „ვალდენსიანობამ რეფორმაციის დროს შეწყვიტა არსებობა“, როდესაც იგი პროტესტანტიზმში „გაითქვიფა“. სინამდვილეში, ვალდენსების მიმდინარეობამ ჯერ კიდევ საუკუნეებით ადრე დაკარგა თავდაპირველი თავგამოდება და ენთუზიაზმი. ეს მაშინ მოხდა, როცა მისმა მიმდევრებმა შიშის გამო თავი მიანებეს ბიბლიაზე დაფუძნებულ ქადაგებასა და სწავლებას.

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 სიტყვა „ვალდენსების“ წარმოშობა სწორედ ვალდოს სახელთან არის დაკავშირებული. ვალდენსები ცნობილი იყვნენ აგრეთვე, როგორც ლიონელი ღატაკნი.

^ აბზ. 8 1199 წელს ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქ მეცის ეპისკოპოსმა პაპ ინოკენტი III-ს შესჩივლა, რომ ზოგ-ზოგიერთები მშობლიურ ენაზე კითხულობდნენ და სხვებთანაც არჩევდნენ ბიბლიას. სიმართლესთან ახლოს იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეპისკოპოსი ვალდენსებს გულისხმობდა.

^ აბზ. 15 იხილეთ სტატია „კათარები — იყვნენ თუ არა ქრისტიანი წამებულები?“ 1995 წლის 1 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 27—30 (რუს.).

^ აბზ. 21 ამ მიმდინარეობის წევრების ძაგებამ საქმე იქამდეც კი მიიყვანა, რომ ზოგიერთ ენაში ერეტიკოსობაში ეჭვმიტანილთა და ეშმაკის თაყვანისმცემელთა აღმნიშვნელი ტერმინიც კი დამკვიდრდა, რომელიც ვალდენსების სახელწოდებიდან იღებს სათავეს.

[რუკა⁄სურათი 23 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ტერიტორიები, რომლებზეც ვალდენსების გავლენა ვრცელდებოდა.

საფრანგეთი

ლიონი

პროვანსი

ლიუბერონი

სტრასბურგი

მილანი

რომი

ბერლინი

პრაღა

ვენა

[სურათი]

ვალდენსებმა 1535 წელს გამოცემული ოლივეტანის ბიბლიის თარგმნა დააფინანსეს.

[საავტორო უფლება]

Bible: © Cliché Bibliothèque nationale de France, Paris

[სურათები 20, 21 გვერდებზე]

ვალდო

წვავენ ვალდენსების ორ ასაკოვან ქალს.

[საავტორო უფლება]

Pages 20 and 21: © Landesbildstelle Baden, Karlsruhe