არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ გაგვიწევს საუკეთესო ხელმძღვანელობას?

ვინ გაგვიწევს საუკეთესო ხელმძღვანელობას?

ვინ გაგვიწევს საუკეთესო ხელმძღვანელობას?

„ყოველ სახლს ვინმე აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია“, — ამბობს ბიბლია (ებრაელთა 3:4; გამოცხადება 4:11). ჩვენი შემოქმედი ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვაა და ამიტომ კარგად „უწყის აგებულება ჩვენი“ (ფსალმუნი 102:14). მან იცის, თუ რაში ვართ უმწეონი და რაში გვჭირდება მხარდაჭერა. და რადგანაც მოსიყვარულეა, უნდა რომ სათანადოდ დაგვეხმაროს (ფსალმუნი 144:16; 1 იოანე 4:8). ჩვენ კი დახმარებას იმ მხრივაც ვსაჭიროებთ, რომ გვყავდეს ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც საუკეთესოდ გვიწინამძღოლებს.

ესაია წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვამ განაცხადა: «აჰა, დავსვი ხალხების მოწმედ, ხალხების ბელადად [„წინამძღოლად“, აქ] და მბრძანებლად» (ესაია 55:4). დღევანდელი ხელმძღვანელობის კრიზისიდან გამოსასვლელად მნიშვნელოვანია, ამოვიცნოთ ეს ხელმძღვანელი ანუ წინამძღოლი — ყოვლისშემძლე ღმერთის ცხებული — და მის წინამღოლობას მივყვეთ. ვინ არის ეს ნაწინასწარმეტყველები წინამძღოლი და მბრძანებელი? რით დაამტკიცებს წინამძღოლობაზე თავის უფლებამოსილებას? საით წაგვიძღვება? რის გაკეთება გვმართებს, რომ მისმა წინამძღოლობამ კურთხევები მოგვიტანოს?

აღთქმული წინამძღოლის მოსვლა

დაახლოებით 2500 წლის წინათ წინასწარმეტყველ დანიელს ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და უთხრა: „იცოდე და შეიგნე: მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, შვიდი შვიდეული და სამოცდაორი შვიდეული გავა ცხებული მეფის [წინამძღოლის] მოსვლამდე. აღდგება ქუჩა და უბანი, ოღონდ ძნელბედობის ჟამს“ (დანიელი 9:25).

ნათელია, რომ ანგელოზმა გაუმხილა დანიელს, თუ როდის უნდა მოსულიყო იეჰოვას მიერ წინასწარ დანიშნული წინამძღოლი. „ცხებული წინამძღოლი“ უნდა გამოჩენილიყო იერუსალიმის აღდგენის შესახებ ბრძანების გაცემიდან, ძვ. წ. 455 წლიდან, 69 კვირის ანუ 483 წლის შემდეგ * (ნეემია 2:1—8). რა მოხდა დროის ამ პერიოდის გასვლის შემდეგ? სახარების დამწერი ლუკა გვიყვება: „ტიბერიოს კეისრის მეფობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტოელი პილატე განაგებდა იუდეაში... იყო სიტყვა ღვთისა იოანესადმი, ზაქარიას ძისადმი უდაბნოში. დადიოდა იგი იორდანეს მთელს მიდამოში და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად“. ‘იმ დროს ხალხი ქრისტეს [წინამძღოლის] მოლოდინში იყო’ (ლუკა 3:1—3, 15). მიუხედავად იმისა, რომ ხალხი იოანესთან მიდიოდა, ის არ ყოფილა აღთქმული წინამძღოლი.

ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე იესო ნაზარეველი მოსანათლავად იოანესთან მივიდა. იოანე ამოწმებდა და ამბობდა: „მე ვიხილე ციდან მტრედივით გარდმომავალი სული და დაივანა მასზე. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყალში სანათლავად, მან მითხრა: ‘ვისზეც დაინახო სული, გარდმომავალი და დავანებული, ის არის სულიწმიდით ნათლისმცემელი.’ მე დავინახე და დავამოწმე, რომ ეს არის ძე ღვთისა“ (იოანე 1:32—34). მონათვლით იესო ცხებული წინამძღოლი, მესია ანუ ქრისტე, გახდა.

დიახ, აღთქმული ‘ხალხის წინამძღოლი და მბრძანებელი’ იესო ქრისტე აღმოჩნდა. როდესაც წინამძღოლისთვის დამახასიათებელ მის თვისებებს თვალს გადავავლებთ, რთული არ იქნება მივხვდეთ, რომ ისინი დიდად აღემატება იმ თვისებებს, რომლებიც დღესდღეობით იდეალური წინამძღოლობისთვისაა საჭირო.

მესია — იდეალური წინამძღოლი

კარგი წინამძღოლი ხალხს სწორ გზას უჩვენებს და თავის მზრუნველობის ქვეშ მყოფთ პრობლემების გადასაჭრელად ძალასა და უნარს აძლევს. „XXI საუკუნის წინამძღოლი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მოთხოვნას“, — ნათქვამია წიგნში „ხელმძღვანელობა XXI საუკუნეში: საუბრები 100 გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწესთან“. ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად იესომ შესანიშნავად მოამზადა თავისი მსმენელები. განვიხილოთ მისი ყველაზე ცნობილი სწავლებები, რომელებიც მთაზე ქადაგებისას წარმოთქვა. ეს შეუდარებელი, პრაქტიკული რჩევები ჩაწერილია მათეს მე-5—მე-7 თავებში.

მაგალითისთვის განვიხილოთ, თუ როგორი რჩევა მოგვცა იესომ პირადი უთანხმოებების მოსაგვარებლად: „თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ, მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი, შენს ძმას შეურიგდი; შემდეგ მოდი და შესწირე შენი ძღვენი“ (მათე 5:23, 24). მშვიდობის შენარჩუნების მიზნით ინიციატივის გამოჩენას უპირატესობა ენიჭება და ის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რელიგიური ვალდებულების შესრულება, თუნდაც ეს იერუსალიმში ტაძრის სამსხვერპლოზე ძღვნის მიტანა ყოფილიყო, რომელიც მოსეს რჯულის თანახმად მოითხოვებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თაყვანისცემა ღვთისთვის მიუღებელია. იესოს რჩევები დღესაც ისეთივე პრაქტიკულია, როგორც საუკუნეების წინ.

იესო ეხმარებოდა მსმენელებს, არ გაბმულიყვნენ უზნეობის მახეში. მან გააფრთხილა ისინი: „გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო.’ მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (მათე 5:27, 28). ნამდვილად მართებული გაფრთხილებაა! განა შეიძლება ფიქრებს გონებაში მრუშობის ჩადენის ნება მივცეთ? იესოს სიტყვების თანახმად, გულიდან გამოდის სიძვა და მრუშობა (მათე 15:18, 19). თუ ვიცავთ გულებს, ბრძნულად ვიქცევით (იგავნი 4:23).

იესომ მთაზე ქადაგებისას შესანიშნავი რჩევები მოგვცა იმასთან დაკავშირებითაც, რომ გვიყვარდეს ჩვენი მტრები, ვიყოთ ხელგაშლილნი, გვქონდეს სათანადო თვალსაზრისი მატერიალურ ნივთებსა და სულიერ საკითხებზე და სხვა ამის მსგავსი (მათე 5:43—47; 6:1—4, 19—21, 24—34). ღვთისგან დახმარების მისაღებად იესომ თავის მსმენელებს ლოცვა ასწავლა (მათე 6:9—13). ცხებული წინამძღოლი აძლიერებს და ასწავლის თავის მიმდევრებს, თუ როგორ გაუმკლავდნენ საერთო საკაცობრიო პრობლემებს.

მთაზე ქადაგებისას იესო ექვსჯერ იმეორებს ისეთ გამონათქვამებს, როგორიცაა: „გსმენიათ თქმული“ ან „ასევე ნათქვამია“, მაგრამ თავად ასეთ ფრაზას იყენებს: „მე კი გეუბნებით თქვენ“ (მათე 5:21, 22, [სსგ] 27, 28, 31—34, 38, 39, 43, 44). ეს კი იმაზე მიუნიშნებდა, რომ მისი მსმენელები ფარისეველთა ზეპირი ტრადიციისამებრ ცხოვრობდნენ. იესომ კი მათ მოსეს რჯულის ნამდვილი მნიშვნელობა დაანახვა. ამით იესომ ცვლილებები შემოიტანა; ეს კი ისე გააკეთა, რომ მისი მიმდევრებისთვის ადვილად მისაღები ყოფილიყო. დიახ, იესომ აღძრა ხალხი, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოეხდინათ ცხოვრებაში, როგორც სულიერ, ისე მორალურ საკითხებში. სწორედ ასეთი უნდა იყოს ჭეშმარიტი წინამძღოლი.

ერთ-ერთ წიგნში, „მენეჯმენტის საფუძვლები“, აღნიშნულია, თუ რამდენად ძნელია ასეთი ცვლილებების მოხდენა. მასში ნათქვამია: „რეფორმატორი [წინამძღოლი] უნდა იყოს ქვეშევრდომების მიმართ თანამგრძნობი, ფსიქოლოგივით გამჭრიახი, მარათონში მონაწილე მორბენალივით ამტანი, ბულდოგივით შეუპოვარი, განდეგილივით საკუთარი თავის მოიმედე და წმინდანივით მომთმენი. ყველა ამ თვისებას რომც ფლობდე, წარმატების გარანტია მაინც არ არსებობს“.

„წინამძღოლები თავადაც ისე უნდა იქცეოდნენ, როგორც ამას თავიანთი ქვეშევრდომებისგან მოელიან“, — ნათქვამია სტატიაში „წინამძღოლობა: მნიშვნელოვანია პიროვნული თვისებები?“. მართლაც, კარგი წინამძღოლი როგორც სხვებს უქადაგებს, თავადაც ისე ცხოვრობს. იესო ქრისტე ნამდვილად ასე იქცეოდა! დიახ, იესო თავისთან მყოფთ თავმდაბლობისკენ მოუწოდებდა და თავადვე დაუტოვათ ამის თვალსაჩინო მაგალითი, როდესაც მოწაფეებს ფეხები დაჰბანა (იოანე 13:5—15). მან მარტო მოწაფეებს კი არ დაავალა ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება, არამედ თვითონაც ამ საქმეს მოახმარა მთელი ძალ-ღონე (მათე 4:18—25; ლუკა 8:1—3; 9:1—6; 10:1—24; იოანე 10:40—42). იესომ დაამტკიცა, რომ კარგი წინამძღოლი იყო. „ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ უხილავს, რასაც მამა აკეთებს“, — თქვა მან საკუთარი თავის შესახებ (იოანე 5:19).

ყველაფერი, რასაც იესო ამბობდა და აკეთებდა, ნათლად უჩვენებს, რომ იგი იდეალური წინამძღოლია. ფაქტობრივად, წინამძღოლისთვის დამახასიათებელ ყველა თვისებას იესო გადაჭარბებულადაც კი ფლობს. იესო სრულყოფილია. სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ მან უკვდავება და მარადიულობა მიიღო (1 პეტრე 3:18; გამოცხადება 1:13—18). ნუთუ მოიძებნება მის გარდა ვინმე, რომელიც წინამძღოლისთვის საჭირო მოთხოვნებს შეესაბამება?

რის გაკეთება გვმართებს?

როგორც ღვთის სამეფოს მეფე და ცხებული წინამძღოლი, იესო კურთხევებით აავსებს მორჩილ კაცობრიობას. ბიბლია გვპირდება, რომ „აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:9). „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:11). „ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი“ (მიქა 4:4). „თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:3, 4).

მაშინ როდესაც დღევანდელი მსოფლიო ხელმძღვანელობის კრიზისს განიცდის, იესო ქრისტე თვინიერ ადამიანებს მშვიდობიანი ახალი ქვეყნიერებისკენ მიუძღვის, სადაც მორჩილი კაცობრიობა გაერთიანებულად სცემს თაყვანს იეჰოვა ღმერთს და წინ, სრულყოფილებისკენ, წაიწევს. მაშ, რაოდენ მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ ჭეშმარიტი ღვთისა და მის მიერ დანიშნული წინამძღოლის შესახებ შემეცნების მისაღებად დრო გამოვნახოთ და ამ შემეცნების თანახმად ვიმოქმედოთ (იოანე 17:3).

იდეალური პიროვნების მიმართ უდიდეს პატივისცემას გამოვხატავდით, თუ მივბაძავდით მას. ამიტომ, განა არ უნდა ვცდილობდეთ, მივბაძოთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდებულ წინამძღოლს — იესო ქრისტეს? როგორ შეიძლება ამის გაკეთება? მის წინამძღოლობას თუ მივყვებით, რა შეიცვლება ამით ჩვენს ცხოვრებაში? ამ და სხვა საკითხებზე მომდევნო ორ სტატიაში გვექნება საუბარი.

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 იხილეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, გვერდები 186—192; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 4 გვერდზე]

დანიელმა იწინასწარმეტყველა ღვთის მიერ დანიშნული წინამძღოლის მოსვლა.

[სურათები 7 გვერდზე]

იესოს სწავლებებმა ხალხი ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად მოამზადა.

[სურათი 7 გვერდზე]

იესო მორჩილ კაცობრიობას მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში შეუძღვება.