არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთელი გულით ემორჩილებით ქრისტეს წინამძღოლობას?

მთელი გულით ემორჩილებით ქრისტეს წინამძღოლობას?

მთელი გულით ემორჩილებით ქრისტეს წინამძღოლობას?

„დაე ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღოლი ერთი გყავთ თქვენ — ქრისტე“ (მათე 23:10, აფ).

1. ვინ არის ჭეშმარიტი ქრისტიანების ერთადერთი წინამძღოლი?

ეს იყო სამშაბათს, 11 ნისანს. სამი დღის შემდეგ იესო ქრისტეს სიკვდილისთვის უნდა გაესწორებინა თვალი. იგი უკანასკნელად ეწვია ტაძარს. ამ დღეს იესომ მეტად საყურადღებო რამ ასწავლა იქ შეკრებილ ხალხსა და მოწაფეებს: „დაე ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი — ქრისტე, და თქვენ ყველანი ძმები ხართ. არც თქვენი მამა უწოდოთ არავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გყავთ, — ზეციერი. დაე ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღოლი ერთი გყავთ თქვენ — ქრისტე“ (მათე 23:8—10, აფ). უეჭველია, რომ იესო ქრისტეა ჭეშმარიტი ქრისტიანების წინამძღოლი.

2, 3. რა სასიკეთო გავლენას ახდენს ჩვენზე იეჰოვასთვის მოსმენა და მის მიერ დანიშნული წინამძღოლისადმი მორჩილება?

2 როდესაც იესოს წინამძღოლობას ვემორჩილებით, ამას მრავალი სიკეთე მოაქვს ჩვენთვის. იეჰოვა ღმერთმა ამ წინამძღოლის მოსვლა იწინასწარმეტყველა ესაია წინასწარმეტყველის პირით: «ჰოი, მწყურვალნო, ყველანი წყალთან მიდით, და ვერცხლის უქონელნო, წადით, იყიდეთ და ჭამეთ! წადით და იყიდეთ უვერცხლოდ და უსასყიდლოდ ღვინო და რძე!... მე მომისმინეთ და შეჭამთ საუკეთესოს, ნოყიერი საკვებით დაიტკბობთ სულს... აჰა, დავსვი ხალხების მოწმედ, ხალხების ბელადად [„წინამძღოლად“, აქ] და მბრძანებლად» (ესაია 55:1—4).

3 ესაიამ ჩვეულებრივი სასმელები — წყალი, რძე და ღვინო — მოიშველია მეტაფორებად. ამით იმის დანახვება უნდოდა, თუ რამდენად სასიკეთო გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე იეჰოვასთვის მოსმენა და მის მიერ დანიშნული წინამძღოლისა და მბრძანებლისადმი მორჩილება. როგორც პაპანაქება სიცხეში ერთი ჭიქა ცივი წყლის დალევას შეუძლია კაცის მოსულიერება, ისე იესოსადმი მორჩილებას — ჩვენი გამოცოცხლება. ასეთი მორჩილება ხომ ჭეშმარიტებისა და სიმართლისადმი წყურვილს გვიკლავს. როგორც რძე აძლიერებს ჩვილებს და მათ ზრდა-განვითარებას უწყობს ხელს, ასევე გვამტკიცებს ‘სულიერი რძე’ და ღმერთთან ურთიერთობისას ჩვენს სულიერ ზრდას აჩქარებს (1 პეტრე 2:1—3). ანდა, განა ვინმე უარყოფს იმას, რომ ღვინო გუნება-განწყობილებას გვიმაღლებს სადღესასწაულო სუფრაზე? მსგავსადვე, როდესაც ჭეშმარიტ ღმერთს ვცემთ თაყვანს და მის მიერ დანიშნული წინამძღოლის ნაკვალევს მივყვებით, სიცოცხლეს ‘მხოლოდ სიხარული’ მოაქვს ჩვენთვის (მეორე რჯული 16:15). ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ჩვენგანი — ახალგაზრდა თუ ხნიერი, კაცი თუ ქალი — მთელი გულით ემორჩილებოდეს ქრისტეს წინამძღოლობას. მაგრამ, რით ვაჩვენებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ მესია ჩვენი წინამძღოლია?

ახალგაზრდებო, შეიმატეთ სიბრძნე!

4. ა) რა მოხდა, როდესაც 12 წლის იესო იერუსალიმს ეწვია პასექის დღესასწაულზე? ბ) რამდენად კარგად იყო იესო გათვითცნობიერებული სულიერ საკითხებში 12 წლის ასაკში?

4 ვნახოთ, რა მაგალითი მისცა ჩვენმა წინამძღოლმა ახალგაზრდებს. თუმცა იესოს ბავშვობაზე ცოტა რამ ვიცით, ერთი შემთხვევა ბევრ რამეს ჰფენს ნათელს. როდესაც 12 წლის იყო, ყოველწლიური ჩვეულებისამებრ, იესო მშობლებმა იერუსალიმში წაიყვანეს პასექის დღესასწაულზე. იგი საღვთო წერილის ირგვლივ გამართულმა მსჯელობებმა გაიტაცა და ოჯახი, უნებურად, იესოს გარეშე გაემგზავრა სახლში. შეშფოთებულმა მშობლებმა, იოსებმა და მარიამმა, სამი დღის ძებნის შემდეგ იპოვეს იესო „ტაძარში მჯდომი მოძღვართა შორის, უსმენდა და ეკითხებოდა მათ“. ხოლო „ყველა მის მსმენელს აოცებდა მისი გონება და პასუხი“. დაუკვირდით, ჯერ კიდევ 12 წლის იესოს არა მარტო დამაფიქრებელი და სულიერ საკითხებთან დაკავშირებული კითხვების დასმა შეეძლო, არამედ — გონივრული პასუხების გაცემაც! უეჭველია, მას მშობლები ეხმარებოდნენ და ასწავლიდნენ (ლუკა 2:41—50).

5. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს საკუთარი თავის შემოწმება და იმის გამორკვევა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ბიბლიის ოჯახური შესწავლისადმი?

5 შესაძლოა, მოზარდი ხარ. თუ შენი მშობლები ღვთისადმი მიძღვნილი მსახურები არიან, ალბათ თქვენს სახლში რეგულარულად ტარდება ბიბლიის ოჯახური შესწავლა. როგორი დამოკიდებულება გაქვს ოჯახური შესწავლისადმი? კარგი იქნებოდა, დაფიქრებულიყავი: მთელი გულით ვუჭერ თუ არ მხარს ოჯახს ბიბლიის შესწავლის ჩატარებაში? ვაკეთებ თუ არა ყველაფერს იმისათვის, რომ შესწავლისთვის დაწესებულ დროს სხვა არაფრით ვიყო დაკავებული? (ფილიპელთა 3:16, სსგ). აქტიურად ვმონაწილეობ თუ არა შესწავლაში? ვსვამ თუ არა მიზანშეწონილ კითხვებს შესასწავლი მასალის ირგვლივ და გამოვთქვამ თუ არა აზრს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განსახილველი მასალის ცხოვრებაში გამოყენება? რაც უფრო წინ მივიწევ სულიერად, ვივითარებ თუ არა ‘მოწიფულთათვის განკუთვნილი მაგარი საჭმლით’ (აქ) კვების სურვილს? (ებრაელთა 5:13, 14).

6, 7. რამდენად ძვირფასი და სასარგებლოა ბიბლიის ყოველდღიური კითხვა ახალგაზრდებისთვის?

6 ბიბლიის ყოველდღიური კითხვაც ფასდაუდებელია. ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას... არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ“ (ფსალმუნი 1:1, 2). მოსეს საქმის გამგრძელებელი იესო ნავეს ძე ‘დღე და ღამე დაბალი ხმით კითხულობდა რჯულის წიგნს’ (აქ). ამიტომაც იყო, რომ გონივრულად მართავდა საქმეებს და წარმატებით ასრულებდა ღვთის დავალებას (იესო ნავეს ძე 1:8). ჩვენმა წინამძღოლმა, იესო ქრისტემაც, ხომ გვითხრა: „დაწერილია, რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). თუკი ფიზიკური საზრდოს მიღება ყოველდღიურადაა საჭირო, მითუმეტეს სულიერი საკვების მიღება გვესაჭიროება რეგულარულად!

7 ცამეტი წლის ნიკოლი ხვდებოდა, რომ სულიერ საზრდოს საჭიროებდა და ბიბლიის ყოველდღიურად კითხვას მიჰყო ხელი *. ახლა ის 16 წლისაა და უკვე მეორედ კითხულობს ბიბლიას თავიდან ბოლომდე და უკვე თითქმის შუამდეა მისული. მას ძალზე უბრალო მეთოდი აქვს. „ვცდილობ, რომ ყოველდღე, სულ მცირე, ერთი თავი მაინც წავიკითხო“, — ამბობს ის. რაში ეხმარება მას ბიბლიის სისტემატური კითხვა? ნიკოლი გვპასუხობს: „დღეს ბევრ რამეს შეუძლია ჩვენზე ცუდი გავლენის მოხდენა. სკოლაში იქნება თუ სხვაგან სადმე, ყოველდღიურად ვხვდები ისეთ სიტუაციებში, როდესაც ჩემი რწმენა იცდება. ბიბლიის ყოველდღიური კითხვის წყალობით უცბად ვიხსენებ ბიბლიურ მცნებებსა და პრინციპებს, რომლებიც ამ სიტუაციებთან გამკლავებაში მეხმარება. შედეგად კი, იეჰოვასა და იესოსთან უფრო მეტ სიახლოვეს ვგრძნობ“.

8. რა ჰქონდა ჩვევად იესოს და რით შეუძლიათ ახალგაზრდებს მას მიჰბაძონ?

8 იესოს ჩვევად ჰქონდა სინაგოგაში წმინდა წერილებიდან წაკითხულის მოსმენა და თავადაც იღებდა კითხვაში მონაწილეობას (ლუკა 4:16; საქმეები 15:21). ახალგაზრდები დიდ სარგებლობას მიიღებენ, თუ იესოს მიჰბაძავენ და რეგულარულად დაესწრებიან ქრისტიანულ შეხვედრებს, სადაც ბიბლიას კითხულობენ და სწავლობენ. 14 წლის რიჩარდი მადლიერია ასეთი შეხვედრებისთვის და ამბობს: „კრების შეხვედრები ძალიან მიყვარს. განუწყვეტლივ მახსენებენ, რა არის სწორი და რა — არასწორი, რა არის ქრისტიანული და რა — არა, და მწარე გაკვეთილის ფასადაც აღარ ვსწავლობ ჭკუას“. დიახ, „იეჰოვას შეხსენება სანდოა, გამოუცდელებს აბრძენებს“ (ფსალმუნი 18:8, აქ). ნიკოლიც იმასვე ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველკვირა კრების ხუთივე შეხვედრაზე დასწრება. იგი ორ-სამ საათს მაინც ანდომებს შეხვედრებისთვის მომზადებას (ეფესელთა 5:15, 16).

9. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს ‘სიბრძნის შემატება’?

9 ახალგაზრდობა ხელსაყრელი დროა ‘ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისა და მის მიერ გამოგზავნილი იესო ქრისტეს გასაცნობად’ (იოანე 17:3). ზოგიერთი შენი თანატოლი შეიძლება კომიქსების კითხვით, ტელევიზორის ყურებით, ვიდეოთამაშებით ანდა ინტერნეტში ძრომიალით კლავდეს დროს. ნუ აჰყვები მათ; პირიქით, მიჰბაძე ჩვენს სრულყოფილ წინამძღოლს! პატარა იესოს დიდ სიამოვნებას ანიჭებდა იეჰოვას შესახებ სწავლა. მერე და რა მოუტანა ამან? სულიერისადმი სიყვარულის წყალობით „იესოს ემატებოდა სიბრძნე“ (ლუკა 2:52). შენც შეგიძლია სიბრძნე შეიმატო.

„დაემორჩილეთ ერთმანეთს“

10. რა არის საჭირო იმისათვის, რომ ოჯახში მშვიდობა და ბედნიერება სუფევდეს?

10 სახლი შეიძლება იყოს როგორც სავანე, სადაც მშვიდობა მეფობს და ყველა კმაყოფილია, ისე ჩხუბისა და შეხლა-შემოხლის ადგილი (იგავნი 21:19; 26:21). როდესაც ქრისტეს წინამძღოლობას ვემორჩილებით, ოჯახში მშვიდობა და ბედნიერება ისადგურებს. თუ გვინდა, რომ ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, იესოს უნდა მივბაძოთ. წმინდა წერილებში ნათქვამია: „დაემორჩილეთ ერთმანეთს ღვთისმოშიშებით. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მაცხოვარი... მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის“ (ეფესელთა 5:21—25). პავლე მოციქულმა კოლასეს კრებას მისწერა: „შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფლისათვის“ (კოლასელთა 3:18—20).

11. როგორ ცხადყოფს ქმარი, რომ მთელი გულით ემორჩილება ქრისტეს წინამძღოლობას?

11 რა შემთხვევაში სრულდება წინა აბზაცში მოხსენიებული მითითებები? მაშინ, როცა ქმარი მეთაურობს ოჯახს, ცოლი ერთგულად უჭერს მას მხარს, ხოლო შვილები ემორჩილებიან მშობლებს. მაგრამ ქმრის მეთაურობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიტანს ბედნიერებას, თუკი ის სწორად ხელმძღვანელობს ოჯახს. გონიერი ქმარი შეეცდება, რომ თავის „თავსა“ და წინამძღოლს, იესო ქრისტეს, მიჰბაძოს და ისე უმეთაუროს ოჯახს (1 კორინთელთა 11:3). თუმცა მოგვიანებით იესო ‘დადგა ყველაზე მაღლა და ეკლესიის თავადი’ გახდა, იგი დედამიწაზე ‘არ მოსულა იმისათვის, რომ მომსახურებოდნენ, არამედ იმისათვის, რომ თავად მომსახურებოდა’ (ეფესელთა 1:22; მათე 20:28). ასევე, ქრისტიანი ქმარი ეგოისტური სურვილების დასაკმაყოფილებლად კი არ ხელმძღვანელობს თავისიანებს, არამედ ცოლისა და ბავშვების — დიახ, მთელი ოჯახის — კეთილდღეობაზე ზრუნავს (1 კორინთელთა 13:4, 5). ქმარი იესო ქრისტეს — თავის „თავს“ — უნდა ჰბაძავდეს ღვთისთვის დამახასიათებელი თვისებების გამოვლენაში. იესოს მსგავსად, ისიც მშვიდი და თავმდაბალი უნდა იყოს (მათე 11:28—30). როცა რაიმეში ცდება, მაშინ მისთვის ძნელი აღარ იქნება, რომ ცოლს მოუბოდიშოს ან უთხრას: „ჰო, მართალი ხარ“. მისი კარგი მაგალითის შემხედვარე, ცოლსაც გაუადვილდება, რომ ასეთი მამაკაცის დამხმარე, შემავსებელი და მეგობარი იყოს; იგი სწავლობს ქმრისგან და მუდამ მხარში უდგას (დაბადება 2:20; მალაქია 2:14).

12. რა დაეხმარება ცოლს იმაში, რომ მეთაურობის პრინციპს უერთგულოს?

12 ცოლი, თავის მხრივ, ქმარს უნდა ემორჩილებოდეს. მაგრამ თუ ცოლზე წუთისოფლისეული აზროვნება ახდენს გავლენას, ამან შეიძლება მეთაურობის პრინციპზე შეხედულება შეურყიოს და მამაკაცისადმი მორჩილება სულაც აღარ მოეჩვენოს მიმზიდველად. წმინდა წერილები არ გვეუბნება, რომ მამაკაცი უნდა მბრძანებლობდეს ქალზე, მაგრამ მასში ნათქვამია, რომ ცოლებს ქმრებისადმი მორჩილება მოეთხოვებათ (ეფესელთა 5:24). ბიბლია ქმარსა და მამასაც პასუხისმგებლობას აკისრებს ოჯახში, სადაც ბიბლიური რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში მშვიდობა და წესრიგი დაისადგურებს (ფილიპელთა 2:5).

13. მორჩილების რა მაგალითი მისცა იესომ ბავშვებს?

13 შვილები უნდა ემორჩილებოდნენ მშობლებს. ამ მხრივ იესომ ბრწყინვალე მაგალითი დაუტოვა ბავშვებს. ტაძარში მომხდარი ამბის შემდეგ, როცა მშობლებს ჩამორჩენილი იესო სამი დღე მარტო იმყოფებოდა იერუსალიმში, „იგი გაჰყვა მათ [მშობლებს] და მივიდა ნაზარეთს, და ყველაფერში ემორჩილებოდა“ (ლუკა 2:51). მშობლებისადმი შვილების მორჩილებას მშვიდობა და შეხმატკბილებული ურთიერთობა მოჰყვება. როდესაც ოჯახის ყველა წევრი ემორჩილება ქრისტეს წინამძღოლობას, სახლში ბედნიერება ისადგურებს.

14, 15. რა დაგვეხმარება სახლში წამოჭრილ სირთულეებთან გამკლავებაში? მოიყვანეთ მაგალითი.

14 მაშინაც კი, როცა სახლში სირთულეები იჩენს თავს, მათი წარმატებით გადაჭრის საწინდარი ისაა, რომ იესოს მივბაძოთ და მის ხელმძღვანელობას დავემორჩილოთ. მაგალითად, 35 წლის ჯერი დაქორწინდა ლანაზე, მოზარდი გოგონას დედაზე. უცაბედად, ისეთი პრობლემა წამოეჭრათ, რომელსაც არცერთი მათგანი არ მოელოდა. ჯერი ამბობს: „კარგი ოჯახისთავი რომ ვყოფილიყავი, მესმოდა, რომ მეც იგივე ბიბლიური პრინციპები უნდა გამომეყენებინა, რომლებსაც სხვა ოჯახებისთვის ბედნიერება მოჰქონდათ. მაგრამ მალე მივხვდი, რომ მათი გამოყენებისას უფრო მეტი სიბრძნისა და გამჭრიახობისთვის უნდა მომეხმო“. გოგონა ძალიან ღიზიანდებოდა; ეგონა, რომ მამინაცვალი დედამისსა და მის შუა იყო ჩამდგარი. ჯერის გამჭრიახობა უნდა გამოეჩინა, რათა მხედველობაში ჰქონოდა, რომ გოგონას საუბარსა და საქციელზე სწორედ მოზარდის ასეთი განწყობა მოქმედებდა. როგორ გაართვა ჯერიმ თავი ამ სიტუაციას? ჯერი გვპასუხობს: „მე და ლანა შევთანხმდით, რომ ცოტა ხნით მაინც, ლანას ეზრუნა ბავშვის აღზრდაზე, ხოლო ამასობაში, მე კარგი ურთიერთობის დამყარებას შევეცდებოდი ჩემს გერთან. დროთა განმავლობაში ასეთმა მიდგომამ კარგი ნაყოფი გამოიღო“.

15 როდესაც სახლში სიძნელეები იჩენს თავს, გამჭრიახობას უნდა მოვუხმოთ, რათა გავერკვეთ, რაღა მაინცდამაინც ასე საუბრობენ ან იქცევიან ჩვენი ოჯახის წევრები. სიბრძნეც აუცილებელია იმისათვის, რომ ღვთის მიერ მოცემული პრინციპები მართებულად გამოვიყენოთ. მაგალითად, იესო კარგად მიხვდა, თუ რატომ შეეხო სისხლისდენით გატანჯული ქალი და გონივრულად და სიბრალულით მოეპყრო მას (ლევიანნი 15:25—27; მარკოზი 5:30—34). სიბრძნე და გამჭრიახობა ჩვენი წინამძღოლისთვის დამახასიათებელი თვისებებია (იგავნი 8:12). თუ ისევე მოვიქცევით, როგორც იესო მოიქცეოდა, ეს ბედნიერებას მოგვიტანს.

უპირველეს ყოვლისა ეძებეთ სამეფო

16. რას უნდა ეკავოს უმთავრესი ადგილი ჩვენს ცხოვრებაში და რა მაგალითი მოგვცა იესომ?

16 იესომ ნათლად დაგვანახვა, თუ რას უნდა ეკავოს უმთავრესი ადგილი მათ ცხოვრებაში, ვინც მის წინამძღოლობას ემორჩილება. მან თქვა: «უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი [„სამეფო“, აქ] და მისი [ღვთის] სიმართლე» (მათე 6:33). იესომ თავისივე მაგალითით გვიჩვენა, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. მონათვლის შემდეგ მარხვაში, ფიქრსა და ლოცვაში გატარებული 40 დღის შემდეგ, იესო გამოცდის წინაშე დადგა. სატანა ეშმაკმა მას „წუთისოფლის ყველა სამეფო“ შესთავაზა. წარმოიდგინეთ, როგორი ცხოვრების მოწყობა შეეძლო იესოს თავისთვის, ეშმაკის შეთავაზება რომ მიეღო! მაგრამ ქრისტესთვის უმთავრესი თავისი მამის ნების შესრულება იყო. იგი იმასაც ხვდებოდა, რომ ასეთი ცხოვრება სატანის წუთისოფელში ხანმოკლე აღმოჩნდებოდა. მან უმალ უარყო ეშმაკის წინადადება და უთხრა: „დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე’“. მალევე ამ ამბის შემდეგ „დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი“ (მათე 4:2, 8—10, 17). დედამიწაზე გატარებული სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი იესო ღვთის სამეფოს სრული დროით მქადაგებელი იყო.

17. რით ვცხადყოფთ, რომ სამეფოს ინტერესებს ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე ვაყენებთ?

17 მოდი მივბაძოთ ჩვენს წინამძღოლს და თავს მახეში ნუ შევატყუებინებთ სატანის წუთისოფელს — ნუ ვიქცევთ მაღალანაზღაურებად სამუშაოს გამოდევნებასა და კარიერაზე ზრუნვას ცხოვრების უმთავრეს მიზნად (მარკოზი 1:17—21). რაოდენ დიდი უგუნურება იქნებოდა ჩვენი მხრიდან, წუთისოფლისეულ საზრუნავს რომ დავმონებოდით და სამეფოს ინტერესებზე ზრუნვა მეორეხარისხოვან საქმიანობად გვექცია! იესომ სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმიანობა მოგვანდო (მათე 24:14; 28:19, 20). დიახ, შესაძლოა, ოჯახზე ვზრუნავთ ან სხვა პასუხისმგებლობები გვაკისრია, მაგრამ განა გულს არ გვიხარებს ის, რომ საღამოობითა და შაბათ-კვირა ჩვენი ქრისტიანული დავალების შესრულება — ქადაგება და მოწაფეების მომზადება — შეგვიძლია? რაოდენ გამამხნევებელია ისიც, რომ 2001 სამსახურებრივი წლის განმავლობაში 780000 ქრისტიანმა იმსახურა სრული დროით მაუწყებლად ანუ პიონერად!

18. რა გვეხმარება სამქადაგებლო მსახურების შეყვარებაში?

18 სახარებები იესოს გვიხატავს აქტიურ და ენერგიულ მამაკაცად, რომელსაც სათუთი გრძნობები ჰქონდა ადამიანებისადმი. როდესაც იგრძნო, რომ მის გარშემო შეკრებილ ხალხს სულიერი საზრდო ესაჭიროებოდა, იესომ დიდი დახმარება გაუწია მათ და გულმოდგინედ ასწავლიდა (მარკოზი 6:31—34). მსახურებას მაშინ მოაქვს ჩვენთვის სიხარული, როდესაც ადამიანებისადმი სიყვარული და მათთვის დახმარების გულწრფელი სურვილი გვამოძრავებს. როგორ შეგვიძლია, ასეთი სურვილი განვივითაროთ? „მოზარდობისას მაინცდამაინც არ მომწონდა მსახურებაში მონაწილეობა“, — ამბობს ახალგაზრდა მამაკაცი, ჯეისონი. რა დაეხმარა მას სამქადაგებლო მსახურების შეყვარებაში? ჯეისონი გვპასუხობს: „ჩვენი ოჯახი შაბათ დილას ყოველთვის სამქადაგებლო მსახურებას უთმობდა. ეს ძალიან მეხმარებოდა, რადგან რაც უფრო მეტს ვმსახურობდი, მით უფრო მეტად ვხედავდი, თუ რა დიდი სარგებლობა მოჰქონდა ამას ადამიანებისთვის და სულ უფრო და უფრო მიყვარდებოდა ამგვარი მსახურება“. ჩვენც რეგულარულად და მთელი გულით უნდა მივიღოთ მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში.

19. რა უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი ქრისტეს წინამძღოლობასთან დაკავშირებით?

19 ქრისტეს წინამძღოლობისადმი მორჩილება მართლაც რომ გამომაცოცხლებელია და უხვი კურთხევები მოაქვს. როდესაც თავიანთ წინამძღოლს ემორჩილებიან, ახალგაზრდები შემეცნებასა და სიბრძნეში იზრდებიან. როდესაც ქრისტეს ვემორჩილებით, ოჯახური ცხოვრება მშვიდობისა და ბედნიერების წყარო ხდება, ხოლო სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობას სიხარული და კმაყოფილება მოაქვს. მაშ, მოდი მართლაც მტკიცედ გადავწყვიტოთ ერთი რამ — ყოველდღიურ ცხოვრებაში და გადაწყვეტილებების მიღებისას ყველასთვის თვალსაჩინო გავხადოთ, რომ მთელი გულით ვემორჩილებით ქრისტეს წინამძღოლობას (კოლასელთა 3:23, 24). მაგრამ იესო ქრისტე სხვა გზის — ქრისტიანული კრების — მეშვეობითაც გვიწევს წინამძღოლობას. შემდეგ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია ამ ღონისძიებიდან სარგებლობის მიღება.

[სქოლიოები]

^ აბზ. 7 ზოგიერთი სახელი შეცვლილია.

გახსოვთ თუ არა?

• რა სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის ღვთის მიერ დანიშნული წინამძღოლისადმი მორჩილებას?

• რით უნდა ცხადყონ ახალგაზრდებმა, რომ იესოს წინამძღოლობას ემორჩილებიან?

• რა სასიკეთო გავლენას ახდენს ქრისტეს წინამძღოლობისადმი მორჩილება ქრისტიანთა ოჯახურ ცხოვრებაზე?

• როგორ ცხადყოფს ჩვენი მსახურება, რომ ქრისტეს წინამძღოლობას მთელი გულით ვემორჩილებით?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 9 გვერდზე]

ახალგაზრდობა ხელსაყრელი დროა ღვთისა და მის მიერ ჩვენთვის დანიშნული წინამძღოლის გასაცნობად.

[სურათი 10 გვერდზე]

ქრისტეს წინამძღოლობისადმი მორჩილება ოჯახში ბედნიერების დასადგურებას უწყობს ხელს.

[სურათები 12 გვერდზე]

იესო, პირველ ყოვლისა, სამეფოს ეძებდა. ეძებთ თუ არა თქვენც?