არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ეძებე ღმერთი გულითა და გონებით

ეძებე ღმერთი გულითა და გონებით

ეძებე ღმერთი გულითა და გონებით

ჭეშმარიტი ქრისტიანობა აღძრავს ადამიანებს, რომ ღვთისმოსაწონი რწმენის განსავითარებლად გულსაც მოუხმონ და გონებასაც.

ფაქტობრივად, ქრისტიანობის დამაარსებელმა, იესო ქრისტემ, გვასწავლა, რომ უნდა გვიყვარდეს ღმერთი „მთელი გონებით“ ანუ მთელი შეგნებით; აგრეთვე „მთელი გულით“ და „მთელი სულით“ (მათე 22:37, სსგ). დიახ, ჩვენმა გონებამ მთავარი როლი უნდა შეასრულოს თაყვანისმცემლობაში.

იესო მსმენელებს აღძრავდა, ეფიქრათ მის სწავლებებზე და ხშირად ეკითხებოდა: „რას ფიქრობთ?“ (მათე 17:25; 18:12; 21:28; 22:42). მსგავსადვე, მოციქულმა პეტრემ თანამორწმუნეებს მისწერა, რათა ‘გაეღვიძებინათ თავიანთი წრფელი აზრი [„გონება“, აქ]’ (2 პეტრე 3:1). პირველი საუკუნის მისიონერი, მოციქული პავლე, რომელიც ყველაზე მეტს მოგზაურობდა, ქრისტიანებს მოუწოდებდა, ‘გონივრულად ემსახურათ’ და შეეცნოთ „რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“ (რომაელთა 12:1, 2). თუ ქრისტიანი ასეთი თვალსაზრისით მიუდგება თავის რელიგიურ მრწამსს და საფუძვლიანად და გულმოდგინედ გამოიკვლევს მას, მხოლოდ მაშინ შეძლებს ღვთისმოსაწონი რწმენის განვითარებას, რაც ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრაშიც დაეხმარება (ებრაელთა 11:1, 6).

პირველი ქრისტიანი მქადაგებლები, იმისათვის, რომ სხვებს ასეთი რწმენის განვითარებაში დახმარებოდნენ, ‘ელაპარაკებოდნენ მათ წერილებიდან, უხსნიდნენ და უმტკიცებდნენ’ იმას, რასაც ასწავლიდნენ (საქმეები 17:1—3). ასეთ გონივრულ მიდგომას გულწრფელი ადამიანები დადებითად გამოეხმაურნენ. მაგალითად, მაკედონიის ქალაქ ბერეაში მრავალმა „მთელი გულმოდგინებით მიიღო [ღვთის] სიტყვა, ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო [ის, რასაც უხსნიდნენ პავლე და მისი თანამსახურნი]“ (საქმეები 17:11). ამ მუხლში ორ მნიშვნელოვან რამეზე მახვილდება ყურადღება: 1) ბერეელები მთელი გულმოდგინებით ისმენდნენ ღვთის სიტყვას და 2) მათ ბრმად კი არ მიიღეს მოსმენილი, არამედ წმინდა წერილებში ამოწმებდნენ. ქრისტიანმა მისიონერმა ლუკამ მოკრძალებულად შეაქო ბერეელები ასე მოქცევისთვის და „კეთილშობილები“ უწოდა. თქვენც ავლენთ ასეთ კეთილშობილებას სულიერ საკითხებთან მიმართებაში?

გულისა და გონების თანამშრომლობა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გონებაც და გულიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ (მარკოზი 12:30). გაიხსენეთ წინა სტატიაში მოხსენიებული დაქირავებული მღებავის თვალსაჩინო მაგალითი, რომელმაც სახლის შეღებვისას დამკვეთის მითითება არ გაითვალისწინა. მას რომ დამქირავებლისთვის გულისყურით მოესმინა, მთელი გულითა და სულით შეასრულებდა სამუშაოს და დარწმუნებულიც იქნებოდა, რომ მისი ნახელავი დამსაქმებელს მოეწონებოდა. იგივე შეიძლება ითქვას თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებითაც.

იესომ თქვა, რომ „ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით“ (იოანე 4:23). აქედან გამომდინარე, მოციქულმა პავლემ დაწერა: «ამისათვის ჩვენც... განუწყვეტლივ ვლოცულობთ თქვენთვის, რათა აღივსოთ მისი [„ნება-სურვილის საფუძვლიანი ცოდნით“, აქ], ყოველნაირი სიბრძნითა და სულიერი გონებით, რათა მოიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში აამოთ მას» (კოლასელთა 1:9, 10). ასეთი „საფუძვლიანი ცოდნა“ გულწრფელ ადამიანს საშუალებას აძლევს, მთელი გულით, სულით და დარწმუნებით ეთაყვანოს ღმერთს, რადგან ‘იცის, რას სცემს თაყვანს’ (იოანე 4:22).

სწორედ ამიტომ, იეჰოვას მოწმეები არ ნათლავენ პატარა ბავშვებს ან ახალ დაინტერესებულებს, რომლებსაც საფუძვლიანად არა აქვთ ბიბლია შესწავლილი. იესომ თავის მიმდევრებს დაავალა: „მოიმოწაფეთ ყველა ხალხი... ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“ (მათე 28:19, 20). მხოლოდ ღვთის ნება-სურვილის საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ შეძლებს ბიბლიის გულწრფელი მკვლევარი, თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებით გონივრული გადაწყვეტილება გამოიტანოს. ცდილობთ, მიიღოთ ასეთი შემეცნება?

უფლის ლოცვა

მოდით განვიხილოთ მათეს 6:9—13-ში ჩაწერილი უფლის ლოცვა, რომელსაც „მამაო ჩვენოსაც“ უწოდებენ, რათა დავინახოთ ბიბლიის საფუძვლიან ცოდნასა და მასზე ზოგად წარმოდგენას შორის არსებული განსხვავება.

მილიონები ეკლესიებში რეგულარულად იმეორებენ იესოს მიერ მოცემული ლოცვის ნიმუშს. მაგრამ, რამდენ მათგანს ესმის მისი მნიშვნელობა, განსაკუთრებით ლოცვის პირველი ნაწილისა, რომელიც ღვთის სახელსა და სამეფოს ეხება? ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იესომ პირველ რიგში მოიხსენია ლოცვაში.

ლოცვა ასე იწყება: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“, რაც განწმენდას ნიშნავს. ყურადღება მიაქციეთ! იესომ გვითხრა, რომ ღვთის სახელის განსაწმენდად გველოცა. ბევრს, სულ მცირე, ორი კითხვა მაინც დაებადება: 1) რა ჰქვია ღმერთს? და 2) რატომ საჭიროებს ღვთის სახელი განწმენდას?

პირველ შეკითხვაზე პასუხი ბიბლიის დედანში 7000-ჯერ გვხვდება. ერთ-ერთია მესამე მეფეთა 18:39 („საღვთო სჯული“, 1910 წ. გვ. 43): „იეჰოვა არს ღმერთი“. ღვთის სახელთან, იეჰოვასთან, დაკავშირებით გამოსვლის 3:15 ამბობს: „ეს არის ჩემი სახელი უკუნითი უკუნისამდე, ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე“ *. მაგრამ, რატომ საჭიროებს განწმენდას ღვთის სახელი, რომელიც სიწმინდისა და სისპეტაკის გამოხატულებაა? იმიტომ, რომ კაცობრიობის ისტორიის დასაწყისშივე მას ჩირქი მოსცხეს და შეურაცხყვეს.

ედემის ბაღში ადამსა და ევას ღმერთმა უთხრა, რომ მოკვდებოდნენ, თუ აკრძალული ხილის ნაყოფს იგემებდნენ (დაბადება 2:17). სატანა უტიფრად შეეწინააღმდეგა ღმერთს და ევას უთხრა: „არ მოკვდებით“. მაშასადამე, სატანამ ცილი დასწამა ღმერთს. თუმცა ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. მან უფრო მეტი ჩირქი მოსცხო ღვთის სახელს, როდესაც ევას უთხრა, რომ ღმერთი უსამართლოდ უმალავდა ძვირფას შემეცნებას. „მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“ (დაბადება 3:4, 5). როგორი ცილისწამებაა!

აკრძალული ნაყოფის ჭამით ადამმა და ევამ სატანის მხარე დაიკავეს. იქიდან მოყოლებული კაცობრიობის უმეტესი ნაწილი, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ღვთის სამართლიანი ნორმების უარყოფით ღმერთს შეურაცხყოფს (1 იოანე 5:19). ხალხი დღესაც ცილს სწამებს ღმერთს და იმ ტანჯვა-წამების გამო ადანაშაულებს, რომელიც, შესაძლოა, მათივე არასწორი მოქმედებებით არის გამოწვეული. „ადამიანს გზას თავისივე სიბრიყვე უმრუდებს, მისი გული კი უფალს ემდურის“, — ამბობს იგავნის 19:3. ახლა ხვდებით, თუ რატომ ლოცულობდა იესო, რომელსაც ნამდვილად უყვარდა მამამისი, რომ მისი სახელი განწმენდილიყო?

„მოვიდეს სამეფო შენი“

იესომ, მას შემდეგ, რაც ილოცა, რომ ღმერთის სახელი განწმენდილიყო, თქვა: «მოვიდეს სუფევა [„სამეფო“, აქ] შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა» (მათე 6:10). ამასთან დაკავშირებით შესაძლოა დაგვებადოს კითხვები: რა არის ღვთის სამეფო? და რას გააკეთებს იგი, რომ დედამიწაზე ღვთის ნება შესრულდეს?

ბიბლიაში სიტყვა „სამეფო“ ძირითადად „მეფის მმართველობას“ ნიშნავს. ამიტომ, ლოგიკურია, რომ ღვთის სამეფო არის მმართველობა ანუ ღვთის მთავრობა, რომელსაც მისი ამორჩეული მეფე მართავს. მეფე სხვა არავინ არის, თუ არა აღდგენილი იესო ქრისტე — „მეფეთ მეფე და უფალთ უფალი“ (გამოცხადება 19:16; დანიელი 7:13, 14). ღვთის მესიანურ სამეფოსთან დაკავშირებით, რომელსაც იესო ქრისტე უხელმძღვანელებს, წინასწარმეტყველმა დანიელმა დაწერა: „იმ მეფეთა [დღევანდელი მიწიერი მმართველების] დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44).

დიახ, დედამიწაზე კონტროლს მთლიანად ღვთის სამეფო განახორციელებს, მოსპობს ყველა ბოროტს და „უკუნისამდე“ ანუ მარადიულად იმმართველებს. ასეთნაირად, ღვთის სამეფოს მეშვეობით იეჰოვა განწმენდს თავის სახელს და სატანისა და ბოროტი ადამიანების მიერ წაყენებულ ყველა ცრუ ბრალდებას გააქარწყლებს (ეზეკიელი 36:23).

როგორც ყველა მთავრობას, ღვთის სამეფოსაც ჰყავს ქვეშევრდომები. ვინ არიან ისინი? ბიბლია ამ კითხვაზეც იძლევა პასუხს: „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:11). ასევე იესომაც თქვა: „ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ ქვეყანას“. ცხადია, ამ ადამიანებს მიღებული აქვთ ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა, რაც სიცოცხლისთვის აუცილებელ მოთხოვნად ითვლება (მათე 5:5; იოანე 17:3).

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თავმდაბალი, თვინიერი ადამიანებით დასახლებული დედამიწა, რომლებსაც ნამდვილად უყვართ იეჰოვა და ერთმანეთი? (1 იოანე 4:7, 8). სწორედ ამის შესახებ ლოცულობდა იესო, როდესაც ამბობდა: „მოვიდეს სამეფო შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“. ხვდებით ახლა, თუ რატომ ასწავლა იესომ თავის მიმდევრებს, ასე ელოცათ? და რაც უფრო მნიშვნელოვანია, გესმით, თუ როგორ შეიძლება პირადად თქვენზე იმოქმედოს ამ ლოცვის შესრულებამ?

დღეს მილიონები მსჯელობენ ბიბლიაზე

იესომ მსოფლიოში მიმდინარე იმ სულიერი საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ იწინასწარმეტყველა, რომელიც ღვთის სამეფოს მოახლოებას აუწყებდა. მან თქვა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24:14).

მთელ მსოფლიოში იეჰოვას დაახლოებით ექვსი მილიონი მოწმე სასიხარულო ცნობას ქადაგებს თავიანთ მოყვასთან. ისინი გიწვევენ, რომ ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე, ბიბლიის საგულდაგულო გამოკვლევით უფრო მეტი გაიგოთ ღვთისა და მისი სამეფოს შესახებ. ამგვარად რწმენას განიმტკიცებთ და დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედით გულს გაიხარებთ, სადაც „აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:6—9).

[სქოლიოები]

^ აბზ. 14 ზოგი სწავლული „იეჰოვას“ ნაცვლად „იაჰვეს“ ანიჭებს უპირატესობას. როგორც უნდა ყოფილიყო, თანამედროვე ბიბლიის მთარგმნელების უმეტესობამ თავიანთი თარგმანებიდან ამოიღო ღვთის სახელის ნებისმიერი ფორმა და იგი ზოგადი ტიტულებით — „უფლითა“ და „ღმერთით“ — შეცვალა. ღვთის სახელის უფრო ღრმა გამოკვლევისთვის იხილეთ ბროშურა „ღვთიური სახელი, რომელიც მარადიულად დარჩება“ (რუს.), გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]

მიჰბაძეთ დიდებულ მასწავლებელს

სწავლებისას იესო ხშირად კონკრეტულ ბიბლიურ თემებზე ამახვილებდა ყურადღებას. მაგალითად, აღდგომის შემდეგ თავის ორ მოწაფეს, რომლებიც მისი სიკვდილის გამო საგონებელში იყვნენ ჩავარდნილი, იესომ აუხსნა, თუ რა როლს ასრულებდა ღვთის განზრახვაში. ლუკას 24:27-ში ნათქვამია: „დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მის შესახებ ნათქვამს“.

ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ იესომ კონკრეტული თემა შეარჩია, რომელიც პირადად მას ანუ მესიას ეხებოდა და მის განსახილველად ბიბლიიდან ციტირებდა. ფაქტობრივად, იესომ ერთმანეთთან ისე დააკავშირა შესაბამისი ბიბლიური მუხლები, რომ მოწაფეებს თვალწინ წარმოუდგათ ბიბლიური ჭეშმარიტების ნათელი სურათი (2 ტიმოთე 1:13). შედეგად, მათ არა მარტო ცოდნა შეიძინეს, არამედ სულით ხორცამდე შეიძრნენ. ბიბლია გვეუბნება: «უთხრეს ერთმანეთს: „განა არ ღვიოდა ჩვენი გული ჩვენში, როცა გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს გვიხსნიდა?“» (ლუკა 24:32).

იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, მსახურებაში იესოს მეთოდები გამოიყენონ. ბიბლიის შესასწავლად მათი ძირითადი დამხმარე საშუალებებია: ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ და წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. მათში განხილულია მრავალი ისეთი საინტერესო ბიბლიური თემა, როგორიცაა: „ვინ არის ღმერთი?“, „რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას?“, „როგორ შეგიძლიათ ჭეშმარიტი რელიგიის პოვნა?“, „ეს უკანასკნელი დღეებია!“ და „ღმერთისთვის დიდების მომტანი ოჯახის აშენება“. თითოეულ გაკვეთილში მრავალი ბიბლიური მუხლია მოყვანილი.

თუ გსურთ, უფასოდ შეისწავლოთ ბიბლია სახლში და პასუხი მიიღოთ ამ და სხვა კითხვებზე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენს ახლო-მახლო მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან მოგვწეროთ ამ ჟურნალის მეორე გვერდზე მითითებულ მისამართზე.

[სურათი]

კონკრეტულ ბიბლიურ თემებზე გაამახვილეთ ბიბლიის შემსწავლელის ყურადღება და ამით მის გულამდე დაიყვანეთ ჭეშმარიტება.

[სურათები 7 გვერდზე]

გესმით იესოს ლოცვის ნიმუშის მნიშვნელობა?

„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი...“

„მოვიდეს [მესიანური] სამეფო შენი...“

„იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“.