არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მთელი გულით მეწადა ღვთისთვის მსახურება“

„მთელი გულით მეწადა ღვთისთვის მსახურება“

სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან

„მთელი გულით მეწადა ღვთისთვის მსახურება“

„გამოერიდე მას, ჩემო ხალხო“. ანგელოზის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები მოციქულმა იოანემ ახ. წ. პირველ საუკუნეში მოისმინა. ჩვენს დღეებში მილიონობით გულწრფელი ადამიანი დადებითად ეხმაურება ამ მოწოდებას და „დიდ ბაბილონს“, ცრუ რელიგიის მსოფლიო იმპერიას, ტოვებს (გამოცხადება 18:1—4). ჰაიტელი ვილნარიც ერთ-ერთი ასეთი პიროვნებაა, რომელიც თავის ისტორიას გვიყვება.

„1956 წელს პატარა ქალაქ სენ-მარკში (ჰაიტი), თავგამოდებულ კათოლიკეთა ოჯახში დავიბადე. წარმოიდგინეთ ჩემი ოჯახის სიხარული, როდესაც ორ თანაქალაქელთან ერთად სენ-მიშელ დე ლატაიეს (ჰაიტი) სემინარიაში წარსაგზავნად ამირჩიეს. შემდეგ, 1980 წელს კიდევ უფრო დახელოვნების მიზნით სტავლოში (ბელგიაში) გაგვაგზავნეს. იქ კათოლიკური უნივერსიტეტის ლექციებსაც ვესწრებოდით.

თავიდან დიდი ენთუზიაზმით მოვეკიდე სასულიერო საქმეს. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, სასადილოში ყოფნისას მღვდელმა, რომელიც ჩვენს ჯგუფს ხელმძღვანელობდა, მთხოვა, რამდენიმე წუთით შევყოვნებულიყავი; როგორც ჩანს, ჩემთვის რაღაცის თქმა სურდა. წარმოიდგინეთ ჩემი შოკი, როდესაც მან ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე პირდაპირ მითხრა, რომ ჩემ მიმართ სქესობრივი ლტოლვა ჰქონდა! რა თქმა უნდა, მის წინადადებაზე უარი ვთქვი, მაგრამ, ამავე დროს, მთელი ილუზიებიც დამემსხვრა. მომხდარის შესახებ ოჯახს მივწერე და რამდენიმე თვის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს არ სიამოვნებდათ, სემინარია დავტოვე. ერთ სოფელში ბინა დავიქირავე და სხვა პროფესიის დაუფლებას შევუდექი.

სენ-მარკში დაბრუნებისას კათოლიკური ეკლესიისადმი რწმენა სრულიად დაკარგული მქონდა. მაგრამ ღვთისთვის მსახურების სურვილი არა და არ მიქრებოდა, თუმცა არ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა. ვიყავი ადვენტისტებთან, ბაპტისტებთან და მორმონებთანაც. სულიერად შუა ოკეანეში მიმართულებადაკარგულ გემს ვგავდი.

იმ დაბნეულობის ჟამს გამახსენდა, რომ ბელგიის სემინარიაში ყოფნისას ბიბლიის კრამპონისეულ თარგმანს ვკითხულობდი. ამ ბიბლიის წყალობით გავიგე, რომ ღმერთს სახელი ჰქონია. ასე რომ, ღმერთს პირადი სახელით მოვუხმე და მხურვალე ლოცვაში ვთხოვე, ჭეშმარიტი რელიგიის პოვნაში დამხმარებოდა.

არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ ჩვენს მეზობლად იეჰოვას ორი მოწმე დასახლდა. ისინი წყნარი ადამიანები ჩანდნენ, სხვებს პატივისცემით ეპყრობოდნენ და თავი ღირსეულად ეჭირათ. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათი ცხოვრების წესმა. ერთხელ ერთ-ერთმა მათგანმა ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე მიმიწვია. დიდი სიამოვნებით დავესწარი ამ საღამოს, რის შემდეგაც მოწმეებთან ბიბლიის რეგულარულად შესწავლა დავიწყე. დაახლოებით ექვს თვეში დავრწმუნდი, რომ ღვთისთვის მსახურების სწორი გზა ვიპოვე. სიცოცხლე იეჰოვას მივუძღვენი და 1988 წლის 20 ნოემბერს მოვინათლე“.

გარკვეული დროის შემდეგ ვილნარმა სრული დროით მსახურება დაიწყო. დღეს ის კრების უხუცესია და მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ბედნიერად მსახურობს ქრისტიანულ კრებაში.

[სურათი 9 გვერდზე]

ბიბლიის კითხვისას ვილნარმა შენიშნა, რომ ღვთის სახელია იეჰოვა.