არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უნდა ეფუძნებოდეს ლოგიკურ მსჯელობას რელიგიური მრწამსი?

უნდა ეფუძნებოდეს ლოგიკურ მსჯელობას რელიგიური მრწამსი?

უნდა ეფუძნებოდეს ლოგიკურ მსჯელობას რელიგიური მრწამსი?

„უამრავი მორწმუნე გაუთვითცნობიერებლად და ლოგიკური მსჯელობის გარეშე მისდევს რელიგიურ წეს-ჩვეულებებს — დაწერა შეერთებული შტატების სასულიერო სემინარიის დეკანმა — მათ უბრალოდ სურთ, ყველაფერი უსიტყვოდ ირწმუნონ“.

მორწმუნეების უმრავლესობას არც ის აინტერესებს, რატომ სწამს ასე და არც ის, აქვს თუ არა მყარი საფუძველი საკუთარი რელიგიური შეხედულებებისთვის. გასაკვირი არ არის, რომ დღეს ბევრი უღიმღამოდ საუბრობს რელიგიის შესახებ.

სამწუხაროდ, ხატების გამოყენება და ლოცვების მექანიკურად გამეორება გაუაზრებლად ხდება. ამ ჩვეულებებთან ერთად მილიონობით ადამიანის რელიგიური მრწამსი შთამბეჭდავი არქიტექტურით, ნატიფი ვიტრაჟიანი სარკმელებითა და ამაღელვებელი მუსიკით შემოიფარგლება. მიუხედავად ზოგი ეკლესიის განაცხადისა, რომ მათი მრწამსი ბიბლიაზეა დაფუძნებული, მათი მოწოდება: „იწამე იესო და გადარჩები!“ ხალისს უკარგავს ადამიანს, სერიოზულად მოეკიდოს ბიბლიის შესწავლას. სხვები სოციალური ან პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის მიზნით ქადაგებენ. რა არის ყოველივე ამის შედეგი?

ჩრდილოეთ ამერიკაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ერთმა რელიგიათმცოდნემ თქვა: „ქრისტიანობა... ზერელე შემეცნებას ფლობს და მისი მრევლი, შეიძლება ითქვას, რელიგიურ საკითხებში გაუთვითცნობიერებელია“. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას ერთმა სოციოლოგმა შეერთებული შტატები „ბიბლიურად გაუნათლებელ ქვეყნადაც“ კი მოიხსენია. სიმართლე რომ ვთქვათ, იგივე შეიძლება თქმულიყო სხვა ქვეყნებზეც, სადაც ეგრეთ წოდებული ქრისტიანული სარწმუნოებაა გავრცელებული. ბევრი არაქრისტიანული რელიგიაც მსგავსადვე უგულებელყოფს ლოგიკურ მსჯელობას და უპირატესობას გალობას, რიტუალურ ლოცვებს, ანიჭებს; ლოგიკური და გონივრული მსჯელობის ნაცვლად მედიტაციის სხვადასხვა ფორმებს მიმართავს, რომლებშიც მისტიციზმიც შედის.

თუმცა ისინი, რომლებსაც ნაკლებად აღელვებთ თავიანთი რელიგიური მრწამსის სიზუსტე ან ჭეშმარიტება, ხშირად სხვა საკითხებს უფრო ღრმად და გულდასმით იკვლევენ. განა უცნაურად არ მოგეჩვენებოდათ იმ პიროვნების განაცხადი, რომელიც თავის რელიგიურ მრწამსთან დაკავშირებით იტყოდა: „ეს რელიგია აკმაყოფილებდა ჩემს მშობლებს და მეც მაკმაყოფილებს“, მაშინ როდესაც იგი დიდი გულმოდგინებით არჩევს, რა მარკის ავტომანქანა იყიდოს, რომელიც ერთ დღესაც თავის არსებობას „მანქანების სასაფლაოზე“ დაასრულებს?

თუ ნამდვილად გვსურს, ღმერთს ვასიამოვნოთ, განა სერიოზულად არ უნდა გამოვიკვლიოთ ის, რაც მის შესახებ გვწამს? მოციქული პავლე თავის თანამედროვე რამდენიმე მორწმუნეს ესაუბრა, რომლებსაც ჰქონდათ „გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად“ (რომაელთა 10:2). ასეთი ადამიანი შეიძლება დაქირავებულ მღებავთან შეგვედარებინა, რომელიც გულმოდგინედ ღებავს სახლს, მაგრამ არ ითვალისწინებს დამკვეთის მითითებას და თავისი გემოვნების მიხედვით არჩევს საღებავის ფერებს. შეიძლება მღებავი კმაყოფილია თავისი ნახელავით, მაგრამ განა ის დამსაქმებელსაც მოეწონება?

როგორია ღვთისთვის მისაღები ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა? ბიბლია გვპასუხობს: „ეს კეთილი და სათნოა ჩვენი მაცხოვარი ღვთისათვის, რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:3, 4). დღეს არსებულ უამრავ რელიგიებს შორის, ზოგს ალბათ შეუძლებლად მიაჩნია ასეთი შემეცნების პოვნა. მაგრამ დაფიქრდით, თუკი ღმერთს უნდა, რომ ყველას ჰქონდეს ჭეშმარიტების შესახებ ზუსტი შემეცნება, ნუთუ უსამართლობას გამოიჩენდა და დაუმალავდა მათ ამ შემეცნებას? პირიქით, ბიბლია ამბობს: „ძებნას თუ დაუწყებ [ღმერთს], იპოვი კიდეც“ (1 ნეშტთა 28:9).

როგორ გააცნობს ღმერთი საკუთარ თავს მათ, ვინც გულწრფელად ეძებს მას? ამ კითხვაზე პასუხს შემდეგი სტატია გაგვცემს.