არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღმერთი სიხარულით ღებულობს ყველა ერს

ღმერთი სიხარულით ღებულობს ყველა ერს

ღმერთი სიხარულით ღებულობს ყველა ერს

მალიში პირველი სტუმრობისას ჯონი მადლიერებით აღავსო მემადოს ოჯახის მიერ გამოვლენილმა სითბომ და სტუმართმოყვარეობამ. როდესაც მიწის იატაკზე ფეხმორთხმით დაჯდა და საერთო ჭურჭლიდან მოუხერხებლად დაიწყო ჭამა, თავში სულ ის უტრიალებდა, როგორ გადაეცა თავისი მასპინძლისთვის უძვირფასესი საჩუქარი — ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა. თუმცა ფრანგული იცოდა (ამ ენაზე ლაპარაკობენ მალიში), ჯონს ძალიან აღელვებდა, თუ როგორ შეძლებდა ისეთ ოჯახთან ურთიერთობის დამყარებას, რომელსაც სრულიად განსხვავებული რელიგია და აზროვნება ჰქონდა.

გასაკვირი არ არის, რომ ჯონს ბაბილონის შესახებ ბიბლიური ისტორია გაახსენდა. იმ ქალაქში ღმერთმა მის წინააღმდეგ მოქმედ ხალხს ენა აურია (დაბადება 11:1—9). შედეგად, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე და სხვადასხვა რელიგიისა თუ აზროვნების მქონე ადამიანები მთელ დედამიწაზე მიმოიფანტნენ. დღეს, როდესაც მოგზაურობა და მიგრაცია ჩვეულებრივი მოვლენა გახდა, ისეთ სიტუაციებს, როგორშიც ჯონი აღმოჩნდა, მრავალი ადამიანი თავის მეზობლად მდებარე ტერიტორიებზეც კი ხვდება. დიახ, მათ უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ გაუზიარონ ბიბლიაზე დაფუძნებული იმედი განსხვავებული წარმოშობის მქონე ადამიანებს.

ძველი დროის მაგალითი

ისრაელის სხვა წინასწარმეტყველების მსგავსად, იონაც, უმთავრესად, ისრაელიანებს მიმართავდა. ის იმ დროს წინასწარმეტყველებდა, როდესაც განდგომილი ათტომიანი სამეფო დაუფარავად ეწეოდა ღვთის შეურაცხმყოფელ საქმიანობას (მეოთხე მეფეთა 14:23—25). წარმოიდგინეთ იონას რეაქცია, როდესაც განსაკუთრებული მისია — სამშობლოს დატოვება და ასურეთში განსხვავებული რელიგიისა და კულტურის მქონე ნინეველებისთვის ქადაგება — დაეკისრა. წინასწარმეტყველი შეიძლება ნინეველთა ენაზე ვერც ლაპარაკობდა ან, თუ ლაპარაკობდა, არც ისე გამართულად. ასე იყო ეს თუ სხვაგვარად, იონას, როგორც ჩანს, ძალიან ეძნელებოდა ამ დავალების შესრულება და გაიქცა (იონა 1:1—3).

ცხადია, იოანასთვის აუცილებელი იყო ესწავლა, რომ იეჰოვა ღმერთი მხოლოდ გარეგნობას კი არ უყურებს, არამედ გულებსაც იკვლევს (პირველი მეფეთა 16:7). დახრჩობას სასწაულებრივად გადარჩენილ წინასწარმეტყველს იეჰოვამ მეორედ დაავალა, ნინეველებთან საქადაგოდ წასულიყო. ამჯერად, იონამ მორჩილება გამოავლინა და მისი ქადაგების შემდეგ ნინეველებმა მოინანიეს თავიანთი ცოდვები. და მაინც, იონას გამოსწორება სჭირდებოდა. კარგი გაკვეთილის საშუალებით, რომელშიც თვალსაჩინო მაგალითიც შედიოდა, იეჰოვამ წინასწარმეტყველს დაანახვა, რომ აზროვნება უნდა შეეცვალა. ღმერთმა ჰკითხა: „როგორ არ დამენანოს დიდი ქალაქი ნინევე, სადაც ასოციათასზე მეტი კაცია, ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა?“ (იონა 4:5—11). რა შეიძლება ითქვას დღეს ჩვენზე? როგორ შეგვიძლია ჩვენგან განსხვავებული წარმოშობის ხალხს დავეხმაროთ?

სამარიელებისა და არაიუდაელების მოქცევით გამოწვეული სიხარული

პირველ საუკუნეში იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, მოწაფეებად გაეხადათ ყველა ხალხი (მათე 28:19). ეს მათთვის ადვილი არ ყოფილა. იესოს მოწაფეები იუდაელები იყვნენ და, იონას მსგავსად, მხოლოდ მათივე წარმოშობისა და კულტურის მქონე ადამიანებთან ჰქონდათ ურთიერთობა. ბუნებრივია, მათზეც იქონიებდა გავლენას სხვა ხალხების მიმართ იმ დროს საყოველთაოდ გავრცელებული უარყოფითი შეხედულება. მაგრამ იეჰოვამ ისე წარმართა საქმეები, რომ მისმა მსახურებმა თანდათანობით გაიგეს, რა იყო ღვთის ნება და რას მოელოდა ღმერთი მათგან.

პირველი ნაბიჯი მაშინ გადაიდგა, როდესაც იუდაელებმა სამარიელებზე წინასწარშექმნილი აზრი მოიშორეს. ადრე იუდაელებს არაფერი ჰქონდათ საერთო სამარიელებთან. მაგრამ იესომ არა ერთხელ მოამზადა ნიადაგი იმისათვის, რომ სამარიელებს სასიხარულო ცნობა მიეღოთ. მან ერთხელ მიუკერძოებლობა იმით გამოავლინა, რომ ჭასთან სამარიელ ქალს გამოელაპარაკა (იოანე 4:7—26). სხვა შემთხვევისას, გულმოწყალე სამარიელის შესახებ იგავის მოყოლით, მან მორწმუნე იუდაელებს უჩვენა, რომ იუდაელების გარდა, სხვა ხალხსაც შეეძლო მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლენა (ლუკა 10:25—37). როდესაც დადგა იეჰოვას მიერ დადგენილი ჟამი იმისა, რომ სამარიელებიც გამხდარიყვნენ ქრისტიანული კრების წევრები, ღმერთმა ფილიპე, პეტრე და იოანე (სამივე იუდაელი იყო) აღძრა, სამარიელებისთვის ექადაგათ. მათ მიერ მიტანილმა ცნობამ სამარიელთა ქალაქში დიდი სიხარული გამოიწვია (საქმეები 8:4—8, 14—17).

თუ იუდაელი ქრისტიანებისთვის რთული იყო, ჰყვარებოდათ სამარიელები, რომლებიც, ფაქტობრივად, მათი შორეული ნათესავები იყვნენ, ალბათ, ბევრად უფრო რთული უნდა ყოფილიყო, საკუთარი მოყვასივით ჰყვარებოდათ არაიუდაელები, ანუ წარმართები, რომლებსაც არად აგდებდნენ და სძულდათ. მიუხედავად ამისა, იესოს სიკვდილის შემდეგ, იუდაელ და არაიუდაელ ქრისტიანებს შორის ზღუდე უნდა მოსპობილიყო (ეფესელთა 2:13, 14). ამ ახალი ღონისძიების გათავისებაში დახმარების აღმოსაჩენად იეჰოვამ პეტრეს ხილვა აჩვენა; ამ ხილვაში მან მოციქულს უთხრა: „რაც ღმერთმა განწმიდა, ნუ მიიჩნევ ბიწიერად“. შემდეგ კი იეჰოვას სულმა პეტრე არაებრაელ კორნელიუსთან მიიყვანა. როდესაც მოციქულმა ღვთის თვალსაზრისი გაიგო — ეს თვალსაზრისი კი იმაში მდგომარეობდა, რომ უწმინდური არ უნდა ეწოდებინა კაცისთვის, რომელიც ღმერთმა გაწმინდა — ღვთის შთაგონებით წარმოთქვა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:9—35). ო, როგორ განცვიფრდა პეტრე, როდესაც ღმერთმა კორნელიოსსა და მის ოჯახზე სულიწმიდის გადმოსვლით უჩვენა მათ მიმართ თავისი კეთილგანწყობა!

პავლე — რჩეული ჭურჭელი

პავლეს მსახურება იმის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ ამზადებს თანდათანობით იეჰოვა თავის მსახურებს ყველა ხალხის შესაყვარებლად და მათთვის დახმარების აღმოსაჩენად. პავლესთან საუბარში იესომ მოციქულს უთხრა, რომ ის იქნებოდა რჩეული ჭურჭელი, რათა მისი [იესოს] სახელი ეტარებინა ხალხთა წინაშე (საქმეები 9:15). არაბეთში მიმავალი პავლე, შესაძლოა, ღვთის მიზანზე ფიქრობდა; ეს მიზანი კი იმაში მდგომარეობდა, რომ მოციქული სხვა ერებისთვის სასიხარულო ცნობის გადასაცემად გამოეყენებინა (გალატელთა 1:15—17).

პირველი მისიონერული მოგზაურობისას პავლემ არაუიდაელებთან ქადაგებაში დიდი გულმოდგინება გამოავლინა (საქმეები 13:46—48). იეჰოვამ აკურთხა მისი საქმიანობა, რაც იმის დამადასტურებელი იყო, რომ მოციქული ყოველივეს იეჰოვას განზრახვის შესაბამისად აკეთებდა. პავლეს ბოლომდე ესმოდა ამ საკითხში იეჰოვას თვალსაზრისი, რაც იმით ცხადყო, რომ პეტრეს გაბედულად მისცა შენიშვნა, როდესაც ამ უკანასკნელმა მიკერძოებულობა გამოავლინა და არაიუდაელ ძმებთან ურთიერთობას ერიდებოდა (გალატელთა 2:11—14).

შემდგომი მტკიცება იმისა, რომ პავლეს ღმერთი ხელმძღვანელობდა, ჩანს მისი მეორე მისიონერული მოგზაურობიდან, რომლის დროსაც მოციქული სულიწმიდამ არ გაუშვა რომის პროვინცია ბითვინიაში საქადაგებლად (საქმეები 16:7). როგორც ჩანს, ჯერ არ იყო ამისთვის შესაფერისი დრო, მოგვიანებით კი ზოგი ბითვინიელი ქრისტიანი გახდა (1 პეტრე 1:1). ხილვაში ვიღაც მაკედონელი პავლეს შეევედრა: „მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარე“, რის შემდეგაც მოციქულმა დაასკვნა, რომ გეზი უნდა ეცვალა და სასიხარულო ცნობა რომის იმ პროვინციაში უნდა ეხარებინა (საქმეები 16:9, 10).

პავლეს შემგუებლობის უნარი მკაცრად გამოიცადა ათენელებთან ქადაგებისას. ბერძნული და რომაული კანონი კრძალავდა უცხო ღმერთებისთვის თაყვანისცემისა და ახალი რელიგიური ჩვევების შემოღებას. პავლე ხალხისადმი სიყვარულმა აღძრა, კარგად გასცნობოდა მათ რელიგიურ ჩვეულებებს. ათენში მან შენიშნა სამსხვერპლო, რომელსაც ეწერა: „უცნობ ღმერთს“. მან ეს დეტალი ქადაგებისთვის გამოიყენა (საქმეები 17:22, 23). რა დიდებულად, რბილად და პატივისცემით გადასცა მოციქულმა ამ ხალხს თავისი ცნობა!

როგორი ბედნიერი იქნებოდა პავლე, როდესაც თავისი საქმიანობის, სხვა ერების წინაშე მოციქულად მსახურების, შედეგებს გადახედავდა! მან თავისი წვლილი შეიტანა ისეთი კრებების დაფუძნებაში, რომლებიც კორინთელი, ფილიპელი, თესალონიკელი და გალატელი არაიუდაელი ქრისტიანებისგან შედგებოდა. ის დაეხმარა ისეთ ადამიანებს, როგორებიც იყვნენ: დამარისი, დიონისიოსი, სერგის-პავლე და ტიტე. რა უნიკალური შესაძლებლობაა, დაინახო, როგორ იღებენ ჭეშმარიტ ქრისტიანობას ადამიანები, რომლებიც ადრე არც იეჰოვას იცნობდნენ და არც ბიბლიას! არაიუდაელებისთვის ჭეშმარიტი შემეცნების მიღებაში დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით თავისი როლის შესახებ პავლემ განაცხადა: «ვცდილობდი მეხარებინა არა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი... არამედ როგორც წერია: „ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ, დაინახავენ, და ვისაც არ მოუსმენია, მიხვდებიან“» (რომაელთა 15:20, 21). შეგვიძლია თუ არა სასიხარულო ცნობა ვამცნოთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი თანამემამულენი არ არიან?

მთელ დედამიწაზე ყველა ხალხისთვის დახმარების აღმოჩენა

სოლომონი იეჰოვას ლოცვაში იმ არაისრაელების შესახებ ევედრებოდა, რომლებიც იერუსალიმის ტაძარში თაყვანსაცემად მივიდოდნენ: «[„მოუსმინე“, აქ] ციდან, შენი სამყოფელიდან, და აუსრულე ყველაფერი, რასაც შემოგღაღადებს უცხოელი, რომ იცოდეს ქვეყნიერების ყველა ხალხმა შენი სახელი» (მესამე მეფეთა 8:41—43). დღეს მრავალ ქვეყანაში სამეფოს ათასობით მაუწყებელი ასეთსავე გრძნობებს გამოხატავს. ისინი ქადაგებისას ნინეველთა მსგავს ადამიანებს ხვდებიან, რომელთაც, სულიერი გაგებით, „ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა“. ასე რომ, სამეფოს შესახებ მქადაგებლებს მთელი გულით სურთ მრავალი სხვადასხვა ერიდან ჭეშმარიტ თაყვანისმცემელთა შეკრების შესახებ წინასწარმეტყველების შესრულებაში მონაწილეობის მიღება (ესაია 2:2, 3; მიქა 4:1—3).

როგორც ქრისტიანული სამყაროს წევრები იღებენ ნათელი იმედის შესახებ ბიბლიურ ცნობას, ისე სხვა რელიგიური წარმოშობის ადამიანებიც აკეთებენ ამას. როგორ უნდა იმოქმედოს ამან პირადად თქვენზე? გულწრფელად გამოიკვლიეთ საკუთარი თავი. თუ გრძნობთ, რომ წინასწარშექმნილი აზრი ძვალსა და რბილში გაქვთ გამჯდარი, მის აღმოსაფხვრელად სიყვარული მოიშველიეთ *. ნუ უკუაგდებთ ხალხს, რომელსაც ღმერთი სიამოვნებით იღებს (იოანე 3:16).

სხვა წარმოშობის ადამიანებთან საუბრამდე საკუთარი თავი მორალურად წინასწარ შეამზადეთ ამისათვის. გაეცანით მათ მრწამსს; იცოდეთ, რა აღელვებთ და როგორ აზროვნებენ; შემდეგ კი გამონახეთ საერთო თემა, რაზედაც მთელ საუბარს ააგებდით. გამოავლინეთ სხვების მიმართ სიკეთე და თანაგრძნობა. ერიდეთ კამათს, იყავით მოქნილნი და დადებითად განწყობილნი (ლუკა 9:52—56). ასე მოქმედებით ასიამოვნებთ იეჰოვას, „რომელსაც ნებავს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:4).

ო, როგორ გვსიამოვნებს, როდესაც კრებაში სხვადასხვაგვარი წარმოშობის ადამიანებს ვხედავთ! (ესაია 56:6, 7). რამდენად სასიამოვნოა დღეს არა მარტო ისეთი სახელების მოსმენა, როგორიცაა: ქეთი, დათო, გიორგი და ა. შ, არამედ მაიკლი, ლორა, პიტერი და ა. შ.! ნამდვილად, „ღიაა ღვაწლის ფართე კარი“ ჩვენთვის (1 კორინთელთა 16:9). მოდი ხელიდან არ გავუშვათ შესაძლებლობა, უფრო მეტ ადამიანს გადავცეთ მოწვევა, რომელიც მიუკერძოებელი ღვთისგან, იეჰოვასგან, მივიღეთ; ის ხომ სიხარულით მიიღებს ნებისმიერი ერის წარმომადგენელს!

[სქოლიოები]

^ აბზ. 19 იხილეთ 1996 წლის ოქტომბერ-დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“ -ში სტატია „კედელი, რომელიც აბრკოლებს კომუნიკაციას“, გვერდები 4—6.

[სურათები 23 გვერდზე]

პავლე შემგუებლობას ავლენდა და სასიხარულო ცნობას უზიარებდა ადამიანებს

...ათენში

...ფილიპეში

...და ყველგან, სადაც მოგზაურობდა.