არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეინარჩუნეთ სიფხიზლე და გაბედულად იარეთ წინ!

შეინარჩუნეთ სიფხიზლე და გაბედულად იარეთ წინ!

შეინარჩუნეთ სიფხიზლე და გაბედულად იარეთ წინ!

სპეციალური შეხვედრის ანგარიში

ვის შეუძლია იმის უარყოფა, რომ „საზარელ ჟამს“ ვცხოვრობთ? ჩვენც, იეჰოვას მოწმეებიც, არა ვართ დაზღვეულები ‘უკანასკნელი დღეებისთვის’ დამახასიათებელი ცხოვრებისეული ზეწოლის გავლენისგან (2 ტიმოთე 3:1—5). მაგრამ გვესმის, რომ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ. ამ ადამიანებისთვის ხომ გაუგებარია მსოფლიო მოვლენების მნიშვნელობა. მათ ნუგეში და იმედი სჭირდებათ. უმთავრესად, რა წვლილი შეგვაქვს პირადად ჩვენ სხვებისათვის დახმარებაში?

ღვთისგან დავალებული გვაქვს, რომ სხვებსაც გავუზიაროთ ღვთის მიერ დამყარებული სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა (მათე 24:14). ადამიანებისთვის აუცილებელია, იცოდნენ, რომ კაცობრიობის ერთადერთი იმედი ზეციერი სამეფოა. მაგრამ ჩვენს ცნობას ყოველთვის კეთილგანწყობით როდი ეხმაურებიან. ზოგან ჩვენი საქმიანობა აკრძალულია და ძმებს დევნიან. მიუხედავად ამისა, სულით არ ვეცემით. მთლიანად იეჰოვაზე ვართ მინდობილი და გადაწყვეტილი გვაქვს, შევინარჩუნოთ სიფხიზლე, კვლავაც გაბედულად ვიაროთ წინ და კვლავაც შემართებით განვაგრძოთ სასიხარულო ცნობის ქადაგება (საქმეები 5:42).

ეს მტკიცე გადაწყვეტილება აშკარად ჩანდა 2001 წლის ოქტომბერში ჩატარებულ სპეციალურ შეხვედრაზე. კვირას, 6 ოქტომბერს, პენსილვანიის ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“ ჯერზი-სიტიში (ნიუ-ჯერზი, შეერთებული შტატები) იეჰოვას მოწმეთა საკონგრესო დარბაზში შეხვედრა ჩაატარა *. მომდევნო დღეს დამატებითი შეხვედრები ოთხ ადგილას ჩატარდა; აქედან სამი - შეერთებულ შტატებში, ერთი კი — კანადაში *.

ყოველწლიური შეხვედრის პროგრამის დასაწყისში თავმჯდომარემ, სამუელ ჰერდმა, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, წაიკითხა ფსალმუნი 91:2, 5 (აქ) და დასძინა: „ჩვენ გვსურს, რომ მადლიერები ვიყოთ“. თუ რისთვის უნდა ვიყოთ მადლიერები, აღნიშნული იყო ხუთ ანგარიშში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იყო წარმოდგენილი.

ანგარიშები დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან

ძმა ალფრედ კვაჩმა განაში, ადრე ოქროს ნაპირად ცნობილ ტერიტორიაზე, სამქადაგებლო საქმიანობის წინსვლის შესახებ ილაპარაკა. წლების განმავლობაში იქ ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო. ხალხი კითხულობდა: „რატომ აკრძალეს თქვენი საქმიანობა? ასეთს რას აკეთებთ?“ ამან კი ქადაგების საშუალება მოგვცა, — აღნიშნა ძმა კვაჩმა. 1991 წელს, როდესაც აკრძალვა მოიხსნა, განაში უკვე იეჰოვას 34421 მოწმე იყო. 2001 წლის აგვისტოში მოწმეთა რაოდენობა იქ 68152 გახლდათ, რაც 98 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელია. იგეგმება 10000 ადგილიანი საკონგრესო დარბაზის მშენებლობა. ცხადია, ჩვენი განელი სულიერი ძმები მაქსიმალურად იყენებენ რელიგიურ თავისუფლებას.

პოლიტიკური არეულობის მიუხედავად ჩვენი ირლანდიელი ძმები აქტიურად მონაწილეობენ მსახურებაში. თავიანთი ნეიტრალური პოზიციის გამო მათ პატივს სცემენ. ირლანდიის 6 რაიონში 115 კრებაა, — აღნიშნა ფილიალის კოორდინატორმა პიტერ ენდრიუსმა. ის მოჰყვა ლიამის, ათი წლის ბიჭუნას, შესახებაც, რომელიც სკოლაში უშიშრად ქადაგებს. ბიჭმა იქ წიგნის „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ) 25 ეგზემპლარი გაავრცელა. წიგნები მისცა როგორც თანაკლასელებს, ისე მასწავლებელს. ლიამს მონათვლა უნდოდა, მაგრამ უთხრეს, რომ საამისოდ პატარა იყო. ბიჭმა კი უპასუხა: „მერე რა, რომ პატარა ვარ, მთავარი ხომ იეჰოვასადმი ჩემი სიყვარულია. მონათვლით კი ყველას დავანახვებ, თუ როგორ მიყვარს იეჰოვა“. ლიამს მისიონერობა აქვს მიზნად დასახული.

1968 წელს ვენესუელაში სასიხარულო ცნობის 5400 მქადაგებელი იყო, მაგრამ დღეს მათი რაოდენობა 88000-ს აჭარბებს, — თქვა სტეფან იოჰანსენმა, ამ ქვეყნის ფილიალის კოორდინატორმა. შემდგომი ზრდისთვის პოტენციალი არსებობს, რამეთუ 2001 წელს გახსენების საღამოს 296000 ადამიანი ესწრებოდა. 1999 წელს კოკისპირული წვიმის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა დაახლოებით 50000 ადამიანის, და მათ შორის იეჰოვას რამდენიმე მოწმის, სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთი სამეფო დარბაზი ტალახით აივსო; ჩამოწოლილი ლაფის სიმაღლე 5 მეტრამდე იყო და თითქმის ჭერამდე აღწევდა. როდესაც ძმებს ვიღაცამ ურჩია, რომ მიეტოვებინათ ეს შენობა, მათ უპასუხეს: „არავითარ შემთხვევაში! ეს ჩვენი სამეფო დარბაზია და არ გვინდა, რომ უპატრონოდ მივაგდოთ“. დაიწყეს მუშაობა; შენობიდან ტონობით ტალახი, ქვები და ათასგვარი ნარჩენი გაზიდეს. დარბაზი გადააკეთეს და, როგორც ძმები ამბობენ, ახლა ის უფრო ლამაზია, ვიდრე სტიქიურ უბედურებამდე იყო.

ფილიპინებზე 87 ენასა და დიალექტზე ლაპარაკობენ, — აღნიშნა ძმა დენტონ ჰოპკინსონმა, ფილიალის კოორდინატორმა. გასულ სამსახურებრივ წელს „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (როგორც ბერძნული, ისე ებრაული წერილები) ქვეყნის სამ ძირითად ენაზე — სებუურზე, ილოკურსა და ტაგალურზე — გამოიცა. ძმა ჰოპკინსონი მოჰყვა ცხრა წლის ბიჭუნას ისტორიას, რომელმაც თავიდან წიგნი „ბედნიერების მომტანი სასიხარულო ცნობა“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ) წაიკითხა. შემდეგ ფილიალიდან სხვა პუბლიკაციებიც მიიღო, რომლებიც აგრეთვე წაიკითხა, მაგრამ ოჯახი წინააღმდეგობას უწევდა. წლების შემდეგ, სამედიცინო სასწავლებელში სწავლისას ის კვლავ დაუკავშირდა ფილიალს და ითხოვა, მისთვის ბიბლიის შესწავლა ჩაეტარებინათ. 1996 წელს ის მოინათლა და მალე სრული დროით მსახურება დაიწყო. ახლა კი მეუღლესთან ერთად ფილიალში მსახურობს.

პუერტო-რიკო „მოწმეების ექსპორტს“ ეწევა, — თქვა ფილიალის კომიტეტის კოორდინატორმა რონალდ პარკინმა. ამ კუნძულზე 25000 მაუწყებელია და ეს რიცხვი წლების განმავლობაში უცვლელი რჩება. რატომ? იმიტომ რომ ყოველწლიურად პუერტო-რიკოდან, ძირითადად, ეკონომიური მდგომარეობის გამო შეერთებულ შტატებში დაახლოებით 1000 მოწმის „ექსპორტი“ ხდება. ძმა პარკინსმა ისაუბრა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც 17 წლის ლუისს, ლევკემიით დაავადებულ მოწმეს, ეხებოდა. რადგან ლუისი სისხლის გადასხმაზე უარს აცხადებდა, მისი საქმე სასამართლოს გადასცეს. მოსამართლეს პირადად მასთან უნდოდა გასაუბრება. ამიტომაც ლუისი საავადმყოფოში მოინახულა. ბიჭმა მოსამართლეს ჰკითხა: „საინტერესოა, რატომ ხდება ასე? თუ მე სერიოზულ დანაშაულს ჩავიდენდი, თქვენ, ალბათ, განმსჯიდით როგორც მოზრდილ ადამიანს; ახლა კი, როდესაც ღვთის ნების შესრულება მინდა, ისე მექცევით, როგორც პატარა ბავშვს“. მოსამართლე დარწმუნდა, რომ მის წინაშე მოწიფული მოზარდი იდგა, რომელსაც შეეძლო გადაწყვეტილების მიღება.

მომდევნო ანგარიში, რომელიც შორეულ ქვეყნებს ეხებოდა, ჰაროლდ კორკერნმა (აშშ-ის ფილიალის კომიტეტი) წარმოადგინა. მან ინტერვიუ აიღო იეჰოვას ოთხი მოწმისგან, რომლებიც დიდი ხანია, ღმერთს ემსახურებიან. ესენია: არტურ ბონო, რომელმაც სრული დროით მსახურებაში 51 წელი გაატარა, ახლა კი ეკვადორის ფილიალის კომიტეტში მსახურობს; ანჟელო კატანზარო — სრული დროით მსახურებაში 59 წელი გაატარა, რომელთაგან უმეტესი წილი მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა; რიჩარდ აბრაჰამსონმა გალაადის სკოლა 1953 წელს დაამთავრა და ბრუკლინის ბეთელში დაბრუნებამდე დანიაში დაახლოებით 26 წელი მსახურობდა ზედამხედველად; ბოლოს, ყველამ დიდი სიამოვნებით მოუსმინა 96 წლის კერი ბარბერს, რომელიც 1921 წელს მოინათლა და სრული დროით მსახურებაში 78 წელი გაატარა, 1978 წლიდან კი ხელმძღვანელი საბჭოს წევრია.

აღმაფრთოვანებელი მოხსენებები

ყოველწლიური შეხვედრის პროგრამაში მრავალი დამაფიქრებელი მოხსენება შედიოდა. ძმა რობერტ უოლენმა ილაპარაკა თემაზე „ხალხი თავისი სახელისთვის“. ჩვენ ღვთის სახელის მატარებელი ხალხი ვართ და 230-ზე მეტ ქვეყანაში ვმოღვაწეობთ. იეჰოვამ მოგვცა „მომავალი და იმედი“ (იერემია 29:11). ჩვენ უნდა განვაგრძოთ ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგება და მანუგეშებელი და შვების მომგვრელი დიდებული ცნობის სხვებისთვის გაზიარება (ესაია 61:1). «დაე ყოველდღე ვიცხოვროთ იმ სახელის შესაბამისად, რომელსაც ვატარებთ, სახელისა — „იეჰოვას მოწმენი“!», — ასე დაასრულა თავისი სიტყვა ძმა უოლენმა (ესაია 43:10).

პროგრამის ბოლო ნაწილი იყო მოხსენებათა სერია, რომელსაც ხელმძღვანელი საბჭოს სამი წევრი წარუძღვა. „ახლა სიფხიზლის შენარჩუნების, მტკიცედ დგომისა და გაძლიერების დროა“ — ასე იყო დასათაურებული მოხსენებათა ეს სერია (1 კორინთელთა 16:13).

პირველი მოხსენებით გამოვიდა ძმა სტივენ ლეტი; მან ილაპარაკა თემაზე: „იფხიზლეთ ამ უკანასკნელ ჟამს“. ფიზიკური ძილი ძღვენია, — აღნიშნა ძმა ლეტმა, — ის ძალებს აღგვიდგენს. მაგრამ სულიერი ძილი, სულაც არ არის სასარგებლო (1 თესალონიკელთა 5:6). მაშ, როგორ შეგვიძლია სულიერი სიფხიზლის შენარჩუნება? ძმა ლეტმა მის შესანარჩუნებლად სამი „წამალი“ მოიხსენია: 1) ‘ვიუხვოთ’ უფლის საქმეში (1 კორინთელთა 15:58). 2) შეგნებული გვქონდეს სულიერი მოთხოვნილებები (მათე 5:3, აქ). 3) მივიღოთ ბიბლიური რჩევა, რათა ბრძნულად ვიმოქმედოთ (იგავნი 13:20).

ძმა თეოდორ იარაჩმა წარმოთქვა აღმაფრთოვანებელი მოხსენება „მტკიცედ დავუდგეთ განსაცდელებს“. გამოცხადების 3:10-ის წაკითხვის შემდეგ, მან დასვა კითხვა: „რა არის ‘განსაცდელის ჟამი’?“ ეს განსაცდელი „უფლის დღეს“, ესე იგი, დღეს, გვხვდება (გამოცხადება 1:10). განსაცდელი ყოველთვის ეხება ძირითად საკითხს — ვის მხარეს ვართ, ღვთის უკვე დამყარებული სამეფოსი თუ სატანის ბოროტი სისტემის? განსაცდელის ჟამის დასრულებამდე ჩვენ გამოცდები თუ სირთულეები არ დაგველევა. ვაპირებთ თუ არა იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი ერთგულების შენარჩუნებას? „თითოეულმა უნდა გამოვავლინოთ ასეთი ერთგულება“,— აღნიშნა ძმა იარაჩმა.

ბოლოს, ძმა ჯონ ბარი გამოვიდა მოხსენებით „გახდი სულიერად ძლიერი პიროვნება“. ლუკას 13:23—25-ის წაკითხვის შემდეგ აღნიშნა, რომ უნდა ‘ვიღვაწოთ, რათა ვიწრო კარიდან შევიდეთ’. მრავალი ვერ ასრულებს ამას, ვინაიდან სულიერად გაძლიერებას სათანადო ძალისხმევას არ ახმარს. მოწიფული ქრისტიანი რომ გავხდეთ, საჭიროა, ბიბლიური პრინციპების ცხოვრების ყველა სფეროში გამოყენება ვისწავლოთ. ძმა ბარმა გაგვამხნევა: „დარწმუნებული ვარ, ყველა დამეთანხმებით იმაში, რომ ახლა ის დროა: 1) ცხოვრებაში იეჰოვას კვლავაც პირველ და უმნიშვნელოვანეს ადგილზე ვაყენებდეთ; 2) სულიერად გავძლიერდეთ და 3) ‘ვიუხვოთ’ იეჰოვას ნების შესრულებაში. ამგვარად შევძლებთ ვიწრო კარიდან შესვლას, კარიდან, რომლის გავლითაც დიდებულ, უსასრულო სიცოცხლემდე მივალთ“.

ყოველწლიური შეხვედრა დასრულდა და უპასუხოდ დარჩა კითხვა, თუ რა იქნებოდა 2002 სამსახურებრივი წლის წლიური მუხლი. ამ კითხვას პასუხი მეორე დღეს გაეცა.

დამატებითი შეხვედრა

კვირა დილით ყველა სულმოუთქმელად ელოდა დამატებითი შეხვედრის დაწყებას. პროგრამა „საგუშაგო კოშკის“ მოკლე მიმოხილვით დაიწყო, რასაც ყოველწლიური შეხვედრიდან გარკვეული საკითხების მოკლედ გაშუქება მოჰყვა. ბოლოს კი ყველამ სიამოვნებით მოისმინა მოხსენება, რომელიც აგებული იყო 2002 წლის წლიურ მუხლზე: „მოდით ჩემთან... და მე გამოგაცოცხლებთ“ (მათე 11:28, აქ). მოხსენება დაფუძნებული იყო სასწავლო სტატიებზე, რომლებიც მოგვიანებით 2001 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა.

ამის შემდეგ, 2001 წლის აგვისტოში, საფრანგეთსა და იტალიაში ჩატარებული სპეციალური კონგრესის, „ღვთის სიტყვის მასწავლებლების“, ზოგი დელეგატი სცენაზე მიიწვიეს, რათა აღნიშნული კონგრესებიდან თავიანთი შთაბეჭდილებები გაეზიარებინათ *. ბოლოს, დღის პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო ორი მოხსენება, რომლებიც ბრუკლინის ბეთელიდან მიწვეულმა მომხსენებლებმა წარმოთქვეს.

პირველი მოხსენების სათაური იყო: „ამ უკანასკნელ კრიტიკულ ჟამს იყავით გაბედულნი და მიენდეთ იეჰოვას“. მომხსენებელმა შემდეგ ძირითად საკითხებზე ისაუბრა: 1) გაბედულება და იეჰოვაზე მინდობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მისი ხალხისთვის. ბიბლია შეიცავს იმ ადამიანთა მრავალ მაგალითს, რომლებმაც წინააღმდეგობის პირისპირ აღმოჩენისას გაბედულება და რწმენა გამოავლინეს (ებრაელთა 11:1—12:3). 2) იეჰოვა იმის მტკიცე საფუძველს გვაძლევს, რომ უყოყმანოდ მივენდოთ მას. ღვთის საქმეები და მისი სიტყვა იმის გარანტიას გვაძლევს, რომ ღმერთი ზრუნავს თავის მსახურებზე და არასოდეს დაივიწყებს მათ (ებრაელთა 6:10). 3) გაბედულება და რწმენა განსაკუთრებით დღეს არის საჭირო. იესოს სიტყვების თანახმად, ჩვენ ‘მოძულებული’ ვართ (მათე 24:9). ყოველივეს ასატანად კი გვჭირდება: ღვთის სიტყვაზე დანდობა; იმაში დაჯერებულობა, რომ ღვთის სულიწმიდა ჩვენთან არის და სასიხარულო ცნობის ქადაგების გაგრძელება. 4) ცხოვრებისეული მაგალითები ცხადყოფს, რომ დღეს ჩვენ წინააღმდეგობას ვაწყდებით. ყველაზე ძალიან იმოქმედა მომხსენებლის სიტყვებმა იმასთან დაკავშირებით, თუ რას იტანენ ჩვენი ძმები თურქმენეთსა და რუსეთში, საფრანგეთსა და საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში. დიახ, ახლა იმის დროა, რომ გაბედულება გამოვავლინოთ და იეჰოვას მივენდოთ!

ბოლო მომხსენებელმა განავითარა თემა: „იეჰოვას ორგანიზაციის ფეხდაფეხ, გაერთიანებულად წინ!“. მოხსენებაში გაშუქებული იყო მრავალი აქტუალური საკითხი. 1) იეჰოვას ხალხის წინსვლა მთელ მსოფლიოში შეიმჩნევა. ქადაგებითა და კონგრესებით საზოგადოების ყურადღებას ვიპყრობთ. 2) იეჰოვამ დააფუძნა ორგანიზაცია, რომელიც ადამიანებს აერთიანებს. ახ. წ. 29 წელს იესო სულიწმიდით იქნა ცხებული, რათა „ყოველივე“ —ზეციერი თუ მიწიერი იმედის მქონენი — ღვთის ოჯახში გაეერთიანებინა (ეფესელთა 1:8—10). 3) კონგრესებზე ბრწყინვალედ ვლინდება სხვადასხვა ერის წარმომადგენელთა ერთიანობა. ეს თვალნათლივ გამოჩნდა გასული წლის აგვისტოში საფრანგეთსა და იტალიაში ჩატარებულ სპეციალურ კონგრესებზე. 4) საფრანგეთსა და იტალიაში მიიღეს გამამხნევებელი რეზოლუცია. მომხსენებელმა აუდიტორიას ამ რეზოლუციიდან გარკვეული ნაწყვეტები წაუკითხა. აღნიშნული რეზოლუციის სრული ტექსტი მოყვანილია ქვემოთ.

საბოლოო მოხსენების დასასრულს, მიწვეულმა მომხსენებელმა ხელმძღვანელი საბჭოს მიერ მომზადებული აღმაფრთოვანებელი განცხადება წაიკითხა. მოგვყავს ამ განცხადების გარკვეული მონაკვეთი: „ახლა სიფხიზლის შენარჩუნების დროა, რათა დავუკვირდეთ, როგორ ვითარდება მსოფლიო მოვლენები... ჩვენი სურვილია, გადმოგცეთ ის სიყვარული, რომელსაც ხელმძღვანელი საბჭო თითოეული თქვენგანისა და ღვთის ყველა ხალხის მიმართ გრძნობს. დაე ღმერთმა უხვად გაკურთხოთ მისი საქმის მთელი სულითა და გულით შესრულებაში“. იეჰოვას ხალხი, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, გადაწყვეტილებით არიან აღსავსე, ამ კრიტიკულ ჟამს შეინარჩუნონ სიფხიზლე და იეჰოვას ერთიან ორგანიზაციასთან ერთად გაბედულად იარონ წინ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 ყოველწლიური შეხვედრის პროგრამის ტრანსლაციაც ხდებოდა და მსმენელთა საერთო რაოდენობამ 13757 შეადგინა.

^ აბზ. 5 დამატებითი შეხვედრები ლონგ-ბიჩში (კალიფორნია), პონტიაკში (მიჩიგანი), იუნიონ-დეილსა (ნიუ-იორკი) და ჰამილტონში (ონტარიო) ჩატარდა. დამსწრეთა და ტრანსლაციის საშუალებით მსმენელთა საერთო რაოდენობამ 117885 შეადგინა.

^ აბზ. 23 სპეციალური კონგრესები ჩატარდა საფრანგეთში, კერძოდ კი — პარიზში, ბორდოსა და ლიონში. იტალიის კონგრესზე დელეგატები შეერთებული შტატებიდან რომსა და მილანში იყვნენ მიწვეული, თუმცა მთლიანად ქვეყანაში ერთდროულად ცხრა კონგრესი ჩატარდა.

[ჩარჩო⁄სურათები 29-31 გვერდებზე]

რეზოლუცია

იტალიასა და საფრანგეთში 2001 წლის აგვისტოში ჩატარდა სპეციალური კონგრესი „ღვთის სიტყვის მასწავლებლები“. ამ კონგრესებზე აღმაფრთოვანებელი რეზოლუცია მიიღეს. მოგვყავს ამ რეზოლუციის სრული ტექსტი:

«ჩვენ, იეჰოვას მოწმეებმა, ყველამ, ვინც დავესწარით ამ კონგრესს „ღვთის სიტყვის მასწავლებლები“, ძალზე სასარგებლო სწავლება მივიღეთ. ცხადი იყო, თუ საიდან მომდინარეობდა ის. რა თქმა უნდა, ეს არ იყო ადამიანური სწავლება. ის მომდინარეობდა პიროვნებისგან, რომელსაც ძველი დროის წინასწარმეტყველმა ესაიამ „დიდებული მოძღვარი“ უწოდა (ესაია 30:20, აქ). ყურადღება მიაქციეთ, თუ რას შეგვახსენებს იეჰოვა ესაიას 48:17-ში: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი“. როგორ გვმოძღვრავს ღმერთი? უშუალოდ იმ წიგნის საშუალებით, რომელიც ყველაზე მეტ ენაზეა თარგმნილი და მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად არის გავრცელებული; ეს წიგნი ბიბლია გახლავთ; მასში ნათლად არის ნათქვამი: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლო“ (2 ტიმოთე 3:16).

დღეს კაცობრიობას ძალიან სჭირდება ასეთი სასარგებლო სწავლება. რის საფუძველზე შეიძლება ამის თქმა? თუ მხედველობაში მივიღებთ დღევანდელ მსოფლიო მდგომარეობას, რომელიც გამუდმებით იცვლება და საკმაოდ რთულია, რა აქვთ შეგნებული მოაზროვნე ადამიანებს? ის რომ, თუმცა მილიონები იღებენ საერო განათლებას, სამწუხაროდ, ნამდვილი ფასეულობების უქონლობა და სიკეთის ბოროტებისგან განურჩევლობა მეფობს (ესაია 5:20, 21). ადამიანთა უმეტესობა ბიბლიაში გაუთვითცნობიერებელია. თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, რომ კომპიუტერების გამოყენებით ათასგვარი ინფორმაცია მივიღოთ, მაგრამ, სად შეგვიძლია ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის პოვნა, როგორიცაა: რა არის სიცოცხლის აზრი? როგორ უნდა ავხსნათ თანამედროვე მოვლენები? არსებობს ნათელი მომავლისთვის მყარი საფუძველი? ოდესმე ნამდვილად იქნება თუ არა მშვიდობა და უსაფრთხოება? გარდა ამისა, ბიბლიოთეკის თაროები სავსეა ნაშრომებით, რომლებიც ადამიანთა მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროს ეხება, მაგრამ კაცობრიობა კვლავაც იმეორებს წარსულის შეცდომებს. დამნაშავეობა ყვავის. დაავადებებმა, რომლებიც ერთ დროს უკვე აღმოფხვრილად ითვლებოდა, კვლავ იჩინა თავი; ამას დაემატა ახლებიც, მაგალითად, შიდს-ი, რომელიც შემაშფოთებელი ტემპით ვრცელდება. ოჯახები იმ დონემდეა დეგრადირებული, რომ საყოველთაო შეცბუნებას იწვევს. გარემოს დაბინძურება ბიოსფეროს განადგურებით ემუქრება. ტერორიზმი და მასობრივი განადგურების იარაღები კი მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საშიშროებას. გადაუჭრელ პრობლემათა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. რის გაკეთება შეგვიძლია ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთა დასახმარებლად? არსებობს რაიმე სწავლება ან ახსნა იმისა, თუ რატომ არის დღეს კაცობრიობა ასეთ სავალალო მდგომარეობაში და გვეუბნება ეს სწავლება რამეს არა მარტო დღევანდელი ცხოვრების გაუმჯობესებაზე, არამედ ნათელი, უტყუარი მომავლის შესახებაც?

ჩვენი ბიბლიური მოვალეობაა: ‘წავიდეთ და მოვიმოწაფოთ ყველა ხალხი; ვასწავლოთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც ქრისტემ გვამცნო’ (მათე 28:19, 20). ეს დავალება იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ანუ მაშინ უთხრა, როდესაც მთელი ‘ხელმწიფება’ ცაში და დედამიწაზე მას მიეცა. აღნიშნული მისია ნებისმიერ ადამიანურ საქმეზე მაღლა დგას. ღვთის თვალსაზრისიდან გამომდინარე, პირველ ადგილზე დგას ჩვენი მოვალეობა, რომელშიც სიმართლეს მოწყურებულ ადამიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე მახვილდება ყურადღება. ჩვენ გვაქვს მტკიცე ბიბლიური საფუძველი, სერიოზულად მოვეკიდოთ ამ დავალებას.

ამისათვის საჭიროა, აღნიშნულ საქმიანობას პირველი ადგილი დავუთმოთ ჩვენს ცხოვრებაში. ღვთის კურთხევითა და დახმარებით, ეს საქმე შესრულდება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი ხელის შემშლელი ფაქტორი, დაბრკოლება, რელიგიური თუ პოლიტიკური ძალების მხრიდან წინააღმდეგობა და მათი მიზანია, რომ შეაფერხონ მსოფლიო მასშტაბით სასწავლო პროგრამის გავრცელება. დარწმუნებული ვართ და გვწამს, რომ ეს საქმიანობა კვლავაც წარმატებით გაგრძელდება და დიდებულადაც დასრულდება. რის საფუძველზე ვართ ასე დარწმუნებულები? უფალი იესო ქრისტე დაგვპირდა, რომ მარტო არ დაგვტოვებდა ღვთის მიერ მოცემული ამ მისიის შესრულებაში და ამ სისტემის აღსასრულამდე ჩვენთან ერთად იქნებოდა.

ადამიანთა ტანჯვა-წამებას მალე ბოლო მოეღება. ჩვენი მისია კი ამ აღსასრულის დადგომამდე უნდა შევასრულოთ. ამიტომ ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, ვიღებთ გადაწყვეტილებას:

1. როგორც ღვთისთვის მიძღვნილ მსახურებს გადაწყვეტილი გვაქვს, ცხოვრებაში კვლავაც პირველ ადგილზე დავაყენოთ სამეფოს ინტერესები და განვაგრძოთ სულიერად ზრდა. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენი ლოცვებიც შეესაბამება ფსალმუნის 144:10-ში ჩაწერილ სიტყვებს: „მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ“. ამისათვის აუცილებელია, გულმოდგინედ ვსწავლობდეთ; ვცდილობდეთ, ყოველდღე ვიკითხოთ ბიბლია; გვქონდეს პირადი შესწავლა და ვიკვლიოთ ბიბლია. ჩვენი წარმატება რომ ყველასთვის ცხადი იყოს, შეძლებისდაგვარად, ყოველ ღონეს მოვახმართ თეოკრატიული განათლების მისაღებად დაგეგმილი კრების შეხვედრებისთვის, სარაიონო, საოლქო და საერთაშორისო კონგრესისთვის მომზადებისა და დასწრებიდან სრული სარგებლობის მიღებას (1 ტიმოთე 4:15; ებრაელთა 10:23—25).

2. იმისათვის, რომ ღვთისგან დამოძღვრილები ვიყოთ, მხოლოდ მისი სუფრიდან მივიღებთ საზრდოს და მთელი გულისყურით მოვეკიდებით ბიბლიურ გაფრთხილებას შეცდომაში შემყვან დემონურ სწავლებებთან დაკავშირებით (1 კორინთელთა 10:21; 1 ტიმოთე 4:1). განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოვავლენთ საზიანო ფაქტორების ასარიდებლად; ამ საზიანო ფაქტორებში შედის: რელიგიური სიცრუე, „ბრძნული“ მსჯელობები, სქესობრივი ცხოვრების გაუკუღმართების სახეები, პორნოგრაფია, გართობის საზიანო სახეები და ყველაფერი, რაც ‘საღი სწავლების ნიმუშს’ არ შეესაბამება (რომაელთა 1:26, 27; 1 კორინთელთა 3:20; 1 ტიმოთე 6:3; 2 ტიმოთე 1:13). რაც შეეხება ‘ძღვენს ადამიანების სახით’, რომლებიც ჩვენთვის საღი სიტყვების სასწავლებლად არიან მომზადებული, ნამდვილად დავაფასებთ მათ მიერ გამოვლენილ ძალისხმევას და მთელი გულით ვითანამშრომლებთ მათთან, რათა ზნეობრივად სუფთები და მართლები ვიყოთ და ღვთის სიტყვის სულიერ ნორმებს შევესაბამებოდეთ (ეფესელთა 4:7, 8, 11, 12; 1 თესალონიკელთა 5:12, 13; ტიტე 1:9).

3. ჩვენ, ქრისტიანი მშობლები, მთელი გულით ვეცდებით შვილები არა მხოლოდ სიტყვით დავმოძღვროთ, არამედ მაგალითითაც. ჩვენი ძირითადი საზრუნავია, ჩვილობის ასაკიდან დავეხმაროთ მათ, ‘ისწავლონ საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ მათი დაბრძენება სახსნელად’ (2 ტიმოთე 3:15). ყოველთვის გვემახსოვრება, რომ იეჰოვას მოძღვრებითა და დარიგებით შვილების აღზრდა საუკეთესო საშუალებას მისცემს მათ, საკუთარ თავზე გამოსცადონ ღვთის დანაპირების შესრულება: ‘მიეცეთ სიკეთე და დღეგრძელი იყვნენ დედამიწაზე’ (ეფესელთა 6:1—4).

4. როდესაც რაიმე საზრუნავი გაგვიჩნდება ან სერიოზული პრობლემა შეგვექმნება, პირველ რიგში ‘ჩვენს სურვილს ღმერთს ვაუწყებთ’ და დარწმუნებული ვიქნებით, რომ „ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება“, დაგვიცავს (ფილიპელთა 4:6, 7). ვნახავთ, რომ ქრისტეს უღლის ტარება გამომაცოცხლებელია. რადგან ვიცით, რომ ღმერთი ზრუნავს ჩვენზე, დაუყოვნებლივ მას გადავცემთ ჩვენს საზრუნავს (მათე 11:28—30; 1 პეტრე 5:6, 7).

5. ვინაიდან იეჰოვამ თავისი სიტყვის მასწავლებლებად ყოფნის უპირატესობა მოგვცა, ამისათვის მადლიერების გამოსავლენად განახლებული ძალებით შევეცდებით ‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადაცემასა’ და ‘მსახურების აღსრულებას’ (2 ტიმოთე 2:15; 4:5). რადგან ძალიან კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქმე, მთელი გულით გვსურს, მოვიძიოთ ღირსეული ადამიანები და მათში ჩათესილ თესლს „ნიადაგი გავუფხვიეროთ“. გარდა ამისა, ჩავატარებთ ბიბლიის მეტ საშინაო შესწავლებს, რითაც სწავლების ხელოვნებასაც გავიუმჯობესებთ. ამის საშულებით ჩვენზედაც უფრო გავრცელდება ღვთის ნება, რომ „ყველა ადამიანი გადარჩეს და მიაღწიოს ჭეშმარიტების შემეცნებას“ (1 ტიმოთე 2:3, 4).

6. გასული საუკუნიდან დღემდე მრავალ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეებს სხვადასხვაგვარად ეწინააღმდეგებოდნენ თუ დევნიდნენ, მაგრამ იეჰოვა ყოველთვის ჩვენთან იყო (რომაელთა 8:31). ღმერთი თავის უტყუარ სიტყვაში გვარწმუნებს, რომ ‘ჩვენ წინააღმდეგ გამოჭედილი ვერავითარი იარაღი’ ვერ იქნება წარმატებული და ვერ შეგვიშლის ხელს, ვერ დაგვცემს ან ვერ შეაჩერებს სამეფოს შესახებ ქადაგებისა თუ ხალხის მოწაფეებად მომზადების საქმეს (ესაია 54:17). ხელსაყრელ დროსა თუ გაჭირვების ჟამს, შეუძლებელია, რომ გავჩერდეთ და ჭეშმარიტების შესახებ არ ვილაპარაკოთ. გადაწყვეტილი გვაქვს, გადაუდებლად შევასრულოთ ქადაგებისა და სხვებისთვის სწავლების ჩვენზე დაკისრებული მისია (2 ტიმოთე 4:1, 2). ჩვენი მიზანია, ყველა ერის წარმომადგენელ, რაც შეიძლება მეტ, ადამიანს ვამცნოთ სასიხარულო ცნობა. ამგვარად, მათ კვლავაც ექნებათ შესაძლებლობა, გაიგონ სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში მარადიული ცხოვრების შესახებ. ჩვენ, ღვთის სიტყვის მასწავლებლებს, რომლებიც ერთ დიდ ჯგუფად ვართ გაერთიანებული, გადაწყვეტილი გვაქვს, მივბაძოთ დიდებული მასწავლებლის, იესო ქრისტეს, მაგალითს და ავირეკლოთ ის ღვთიური თვისებები, რომლებიც მას ახასიათებდა. ყოველივე ეს პატივს მიაგებს და განადიდებს ჩვენს დიდებულ მოძღვარსა და სიცოცხლის მომცემს, იეჰოვა ღმერთს.

გთხოვთ, ყველამ, ვინც ამ კონგრესს ესწრებით და, ვინც ეთანხმებით ამ რეზოლუციაში მოცემულ სიტყვებს, თქვათ — დიახ!».

რეზოლუციის ბოლოს დასმულ კითხვაზე საფრანგეთში 160000, ხოლო იტალიაში ცხრა ადგილას თავმოყრილმა 289000-მა დამსწრემ დასჭექა „დიახ“ და ეს „დიახ“ იქ დამსწრე დელეგატთა მრავალ ენაზე იყო წარმოთქმული.