გახსოვთ თუ არა?
გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? თუ დიახ, შეამოწმეთ, რამდენად შეძლებთ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:
• მთაზე ქადაგებაზე დაფუძნებული რომელი პროგრამა დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში?
ყოველდღე გმართებთ იესოს ერთ-ერთი ძირითადი სწავლების წაკითხვა, იქნება ეს მთაზე ქადაგება თუ სახარების სხვა ნაწილი. ამ სწავლებებზე დაფიქრებით და ცხოვრებაში გამოყენებით თავს უფრო ბედნიერად იგრძნობთ და დაძაბულობაც მოგეხსნებათ (15.12, გვერდები 12—14).
• რომელი ძირითადი სამი მიზეზის გამო უნდა მოამზადონ კრების უხუცესებმა თანაშემწეები დამატებითი პასუხისმგებლობებისთვის?
ვინაიდან იეჰოვას მოწმეთა რიცხვი განუწყვეტლივ იზრდება, საჭიროა მეტი პასუხისმგებელი მამაკაცი, რომლებიც დაეხმარებიან ახალ მონათლულებს მოწიფულ ქრისტიანებად ჩამოყალიბებაში. ასაკთან ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ზოგი უხუცესი, რომლებიც უკვე ათობით წელია მსახურობენ, ვეღარ უმკლავდებიან თავიანთ მოვალეობებს. ხოლო ზოგ ერთგულ უხუცესს ადგილობრივი კრების გარდა სხვა უამრავი პასუხისმგებლობაც აკისრია და ამიტომ ძველებურად ვეღარ ზრუნავს თავის კრებაზე (01.01, გვერდი 29).
• რომელ არარსებულ ღმერთებზე ამყარებენ ადამიანები იმედს?
მრავალი რელიგიის მიმდევარი თაყვანს სცემს თავის ღვთაებებს, მაგრამ ისინი უსიცოცხლო ღმერთები არიან და იმაზე მეტი შველა არ შეუძლიათ, ვიდრე ბაალს ელიას დღეებში (მესამე მეფეთა 18:26, 29; ფსალმუნი 134:15—17). სხვები აღმერთებენ ესტრადის ან კინოს ვარსკვლავებს, ან გამოჩენილ სპორტსმენებს, რომლებიც მომავლის არანაირ იმედს არ იძლევიან. ამისდა საპირისპიროდ, იეჰოვა ნამდვილად არსებობს და ასრულებს თავის დაპირებებს (15.01, გვერდები 3—5).
• რა შეგვიძლია ვისწავლოთ ღვთის გაფრთხილებაზე კაენის რეაგირებიდან?
ღმერთმა ნების თავისუფლება მოგვცა, რის საშუალებითაც შეგვიძლია გადავწყვიტოთ, რომ ყოველთვის სწორად მოვიქცეთ და კაენის მსგავსად არ შევაქციოთ ზურგი კარგის კეთებას. ბიბლიიდან ვგებულობთ, რომ იეჰოვა განსჯის მოუნანიებელ ცოდვილებს (15.01, გვერდები 22, 23).
• რატომ არის სისუფთავე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღესდღეობით?
ცხოვრების ცვალებადობასთან ერთად, ადამიანები საკუთარი სახლების დასუფთავებას უწინდელთან შედარებით ნაკლებ დროს უთმობენ. საკვებისა და წყლის სისუფთავის უგულებელყოფა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. ფიზიკურ სისუფთავესთან ერთად, ბიბლია ყურადღებას ამახვილებს სულიერ, ზნეობრივ და გონებრივ სისუფთავეზე (01.02, გვერდები 3—6).
• ქრისტიანობამდელ მოწმეებზე საუბრისას, პავლემ თქვა, რომ ისინი ‘უჩვენოდ არ უნდა გასრულყოფილებულიყვნენ’. რას ნიშნავს ეს? (ებრაელთა 11:40, აქ).
ქრისტე და მისი ზეცად აღზევებული ცხებული ძმები ათასი წლის განმავლობაში იმეფებენ და მღვდლებად იმსახურებენ, რის შედეგადაც მკვდრეთით აღდგენილები სრულად მიიღებენ იმ კურთხევებს, რომლებიც გამოსყიდვას მოაქვს. ამგვარად ‘გასრულყოფილდებიან’ ებრაელთა მე-11 თავში მოხსენიებული ღვთის ერთგული მსახურები (01.02, გვერდი 23).
• რა ჰქონდა პავლეს მხედველობაში, როდესაც ებრაელებს უთხრა: „ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საბრძოლველად“? (ებრაელთა 12:4).
ეს ნიშნავს წინააღმდეგობის გაწევას სიცოცხლის ბოლომდე. ისტორიაში ცნობილია უამრავი შემთხვევა, როდესაც ღვთის მსახურები სიკვდილამდე ინარჩუნებდნენ ერთგულებას. თუმცა ებრაელებს, რომლებსაც პავლე სწერდა, არ შეხვედრიათ ასეთი მძიმე გამოცდები, მათთვის აუცილებელი იყო, ესწრაფათ მოწიფულობისკენ და რწმენის გაძლიერებისკენ, რათა გადაეტანათ ნებისმიერი განსაცდელი მომავალში (01.02, გვერდი 29).
• რატომ უნდა მოვერიდოთ იმის თქმას, რომ იეჰოვა გვასამართლებს უფრო მოწყალებით, ვიდრე სამართლიანობით?
ებრაული სიტყვა, რომელიც ქართულად „შერბილებად“ ითარგმნება, შეიძლება თავშეკავებაზე მიუთითებდეს. იეჰოვა სამართლიანი ღმერთიც არის და მოწყალეც და მასში ორივე თვისება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს (გამოსვლა 34:6, 7; მეორე რჯული 32:4; ფსალმუნი 114:5; 144:9). იეჰოვას სამართლიანობა არ საჭიროებს გულმოწყალებით შერბილებას (01.03, გვერდი 30).
• მისაღებია თუ არა ქრისტიანებისთვის ბალზამირება?
ბალზამირება გვამის შენახვას ნიშნავს. წარსულში ამას რელიგიურ მნიშვნელობასაც ანიჭებდნენ, მაგრამ არა ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები (ეკლესიასტე 9:5; საქმეები 24:15). ბალზამირება არის იმის შეჩერების მცდელობა, რაც გარდაუვალია; სხეული უბრუნდება მტვერს (დაბადება 3:19). მაგრამ ჩვენ არ უნდა ვწუხდეთ, თუკი ადგილობრივი ჩვეულებები მოითხოვს, ან ოჯახის წევრებს, ან დაკრძალვაზე შორიდან მომავალ ნათესავებს სურთ ბალზამირების გაკეთება (15.03, გვერდები 29—31).
• რომელი ბიბლიური მაგალითებიდან ჩანს, რომ ღმერთი სიხარულით ღებულობს ყველა ერს?
იეჰოვამ გაგზავნა წინასწარმეტყველი იონა ნინევიელთა გასაფრთხილებლად და შემდეგ დაეხმარა, ისევე შეეხედა მათ მონანიებაზე, როგორც თავად ღმერთი უყურებდა. საუბრითა თუ პირადი მაგალითით, იესო მოუწოდებდა, გამოევლინათ სიყვარული სამარიელების მიმართ. პეტრე და პავლე მოციქულებს დიდი წვლილი მიუძღვით სასიხარულო ცნობის არაიუდეველ მოსახლეობას შორის გავრცელებაში. ასეთი მაგალითები გვიჩვენებს იმის აუცილებლობას, რომ დავეხმაროთ ნებისმიერი წარმოშობის ადამიანს (01.04, გვერდები 21—24).