იხელმძღვანელეთ ღვთის პრინციპებით
იხელმძღვანელეთ ღვთის პრინციპებით
‘[იეჰოვა] გმოძღვრავთ თქვენდა სასიკეთოდ’ (ესაია 48:17).
1. როგორ ხელმძღვანელობს შემოქმედი ადამიანებს?
რაც უფრო მეტად ცდილობენ, ფარდა ახადონ სამყაროს საიდუმლოებებს, მეცნიერებს მით უფრო მეტად აოცებთ კოსმოსში არსებული უსაზღვრო ენერგია. მზის — საშუალო სიდიდის ვარსკვლავის — მიერ გამომუშავებული ენერგია „ყოველ წამს 100 მილიარდი წყალბადის ბომბის აფეთქებით გამოთავისუფლებული“ ენერგიის ტოლფასია. შემოქმედი თავისი ზღვარდაუდებელი სიძლიერით აკონტროლებს და მართავს ამ გიგანტურ ციურ სხეულებს (იობი 38:32; ესაია 40:26). მაგრამ ჩვენზე, ადამიანებზე, რაღას ვიტყოდით, რომელთაც ბოძებული გვაქვს ნების თავისუფლება, ზნეობრიობის გრძნობა, აზროვნების უნარი და თანდაყოლილი ლტოლვა სულიერისადმი? როგორ გვხელმძღვანელობს ჩვენი შემოქმედი? იგი სიყვარულით გვიწევს ხელმძღვანელობას თავისი სრულყოფილი კანონებისა და ამაღლებული პრინციპების საშუალებით, ყოველივე ამასთან ერთად კი კარგად გაწვრთნილი სინდისითაც უზრუნველგვყო (მეორე მეფეთა 22:31; რომაელთა 2:14, 15).
2, 3. როგორი მორჩილება უხარებს გულს ღმერთს?
2 ღმერთს ძალიან უხარებს გულს იმ საზრიანი ქმნილებების საქციელი, მისადმი მორჩილებას რომ ამჯობინებენ (იგავნი 27:11). ნაცვლად იმისა, რომ რობოტებად დავეპროგრამებინეთ და ბრმად დავემორჩილებინეთ, იეჰოვამ ნების თავისუფლება გვიბოძა, რათა გონივრული გადაწყვეტილებები მიგვეღო და განგვესაზღვრა, რის გაკეთება იქნებოდა სწორი (ებრაელთა 5:14).
3 იესომ, რომელიც სრულყოფილად ირეკლავდა მამის თვისებებს, თავის მოწაფეებს უთხრა: „თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ გააკეთებთ, რასაც მცნებად გიდებთ. მე აღარ გიწოდებთ მონებს“ (იოანე 15:14, 15). ძველ დროში მონა ყოველთვის ბატონის ბრძანებებს ემორჩილებოდა. მეგობრობის განსავითარებლად კი მიმზიდველი თვისებებით შემკობაა საჭირო. ჩვენ შეგვიძლია იეჰოვას დავუმეგობრდეთ (იაკობი 2:23). ეს მეგობრობა რომ მტკიცე იყოს, ორმხრივი სიყვარულია საჭირო. იესომ ღვთისადმი მორჩილება სიყვარულთან დააკავშირა, როდესაც თქვა: „ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და მამაჩემიც შეიყვარებს მას, ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს“ (იოანე 14:23). რადგან ვუყვარვართ და სურს გვიხელმძღვანელოს, სწორედ ამიტომ გვთავაზობს იეჰოვა, რომ მისი პრინციპებით ვიცხოვროთ.
ღვთის პრინციპები
4. როგორ განმარტავდით, რა არის პრინციპები?
4 რა არის პრინციპები? „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად პრინციპი განიმარტება როგორც „მოქმედების, ქცევის ძირითადი წესი, რწმენა; თვალსაზრისი“. როგორც ბიბლიის საგულდაგულო შესწავლა გვანახვებს, ჩვენი ზეციერი მამა გვაძლევს ძირითად წესებს, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა სფეროსა და სიტუაციას მოიცავს. ღმერთი ამას ჩვენი მარადიული კეთილდღეობისთვის აკეთებს. ბრძენი სოლომონ მეფის სიტყვებშიც ეს აზრი იკვეთება: „ისმინე, შვილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიგრძელდება სიცოცხლის წლები. სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის, სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ“ (იგავნი 4:10, 11). იეჰოვას მიერ მოცემულ ძირითად პრინციპებზე დიდად არის დამოკიდებული ჩვენი ურთიერთობა მასთან და სხვა ადამიანებთან; მათზეა დამოკიდებული ჩვენი თაყვანისცემა და ყოველდღიური ცხოვრებაც (ფსალმუნი 1:1). მოდი ყურადღება შევაჩეროთ ზოგიერთ ამ ძირითად პრინციპზე.
5. რომელი ძირითადი პრინციპები იცით? მოიყვანეთ ზოგიერთი მაგალითი.
5 იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ იესომ ასეთი რამ თქვა: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ (მათე 22:37). გარდა ამისა, ღმერთი ისეთი პრინციპებითაც უზრუნველგვყოფს, რომლებიც ადამიანებთან ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებას არეგულირებს. ასეთია, მაგალითად, ოქროს წესად ცნობილი პრინციპი: „ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12; გალატელთა 6:10; ტიტე 3:2). თაყვანისცემასთან დაკავშირებით კი ბიბლია მოგვიწოდებს: „ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს“ (ებრაელთა 10:24, 25). ის, რაც პავლე მოციქულმა თქვა, ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა მხარეს მოიცავს: „ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად“ (1 კორინთელთა 10:31). ღვთის სიტყვაში სხვა უამრავი პრინციპიცაა ჩაწერილი.
6. რით განსხვავდებიან პრინციპები კანონებისგან?
6 პრინციპები ჭეშმარიტების ცოცხალმოქმედი, ძირითადი საწყისებია და გონიერი ქრისტიანები მათ შეყვარებას ცდილობენ. იეჰოვას შთაგონებით სოლომონმა დაწერა: „შეისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ნათქვამს ყური მოაპყარი. არ მიეფარონ შენს თვალს, გულის სიღრმეში დაიმარხე. რადგან სიცოცხლეა მათი მპოვნელისთვის და ჯანმრთელობა“ (იგავნი 4:20—22). რით განსხვავდება პრინციპები კანონებისგან? კანონები პრინციპების საფუძველზე იქმნება. კონკრეტული წესები შეიძლება გარკვეულ სიტუაციაში ან გარკვეული დროის განმავლობაში გამოიყენებოდეს, პრინციპები კი სამარადისოა (ფსალმუნი 118:111). ღვთის პრინციპები არასოდეს ძველდება და არასოდეს უქმდება. ესაია წინასწარმეტყველის მიერ შთაგონებით დაწერილი სიტყვები მართლაც რომ ჭეშმარიტია: „გახმება ბალახი, დაჭკნება ყვავილი, ჩვენი ღვთის სიტყვა კი დგას საუკუნოდ“ (ესაია 40:8).
იაზროვნეთ და იმოქმედეთ პრინციპებზე დაყრდნობით
7. რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ღვთის სიტყვა პრინციპებზე დაყრდნობით აზროვნებასა და მოქმედებას?
7 „ჩვენი ღვთის სიტყვა“ განუწყვეტლივ მოგვიწოდებს, პრინციპებზე დაყრდნობით ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ. როდესაც იესოს ჰკითხეს, რომელი მცნება იყო ყველაზე დიდი რჯულში, მან ორი ლაკონური პრინციპით გააერთიანა ყველაფერი: პირველი იეჰოვას სიყვარულზე ამახვილებდა ყურადღებას, მეორე კი — მოყვასის სიყვარულზე (მათე 22:37—40). იესომ ნაწილობრივ მეორე რჯულის 6:4, 5-ში ჩაწერილი სიტყვები გაიმეორა, სადაც მოსეს რჯულის ძირითადი პრინციპები იყო მოკლედ შეჯამებული: «ერთია უფალი [„იეჰოვა“, აქ], უფალი, ჩვენი ღმერთი. გიყვარდეს უფალი [„იეჰოვა“, აქ], შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით». როგორც ჩანს, იესოს ლევიანნის 19:18-ში ჩაწერილი ღვთის მითითებაც ჰქონდა მხედველობაში. წიგნ „ეკლესიასტეს“ მკაფიო, მოკლე და სიტყვამოსწრებულ დასკვნაში მეფე სოლომონი ღვთის სხვადასხვა კანონს აჯამებს: „მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი. რადგან ყველა საქმეს სამსჯავროზე მიიტანს ღმერთი, ყოველივე დაფარულს, კეთილს თუ ბოროტს“ (ეკლესიასტე 12:13, 14; მიქა 6:8).
8. რატომ არის კარგი, რომ საფუძვლიანად გვესმოდეს ძირითადი ბიბლიური პრინციპების მნიშვნელობა?
8 როდესაც სრულად გვესმის ასეთი ძირითადი პრინციპების მნიშვნელობა, მაშინ ღვთის უფრო კონკრეტულ მითითებებსაც ვწვდებით და ვასრულებთ. ხოლო თუ ბოლომდე არ გვესმის და არ ვიცავთ ამ ძირითად პრინციპებს, ვერ შევძლებთ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას და ჩვენი რწმენაც შეიძლება ადვილად შეირყეს (ეფესელთა 4:14). თუ ამ პრინციპებს გულსა და გონებაში ჩავიბეჭდავთ, გადაწყვეტილებების მიღებისას აღარ გაგვიჭირდება მათით ხელმძღვანელობა. როდესაც მათ გააზრებულად მივყვებით, წარმატებულნი ვართ (იესო ნავეს ძე 1:8; იგავნი 4:1—9).
9. რატომ არ არის ყოველთვის ადვილი ბიბლიური პრინციპების ამოცნობა და ცხოვრებაში გამოყენება?
9 ბიბლიური პრინციპების ამოცნობა და ცხოვრებაში გამოყენება ისეთივე ადვილი როდია, როგორც კანონების კრებულის დაცვა. რადგან არასრულყოფილები ვართ, ზოგჯერ შეიძლება „დაგვეზაროს“ პრინციპებზე დაფიქრება და დასკვნის გამოტანა. გადაწყვეტილებების მიღებისას ან რთულ სიტუაციაში ყოფნისას შეიძლება კონკრეტული წესებით სარგებლობას ვამჯობინებდეთ. ხელმძღვანელობისთვის ზოგჯერ შეიძლება მოწიფულ ქრისტიანს — მაგალითად, კრების უხუცესს — მივმართოთ იმ იმედით, რომ ის კონკრეტულ წესს გვეტყვის, რომელიც ჩვენს სიტუაციას მიესადაგება. მაგრამ, ბიბლიასა და ბიბლიაზე დაფუძნებულ ლიტერატურაში შეიძლება ვერ ვიპოვოთ ჩვენთვის საჭირო კონკრეტული წესი და რომც გვეპოვა, ალბათ, არ გამოგვადგებოდა ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ სიტუაციაში. თუ გახსოვთ, ერთმა კაცმა იესოს სთხოვა: „უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს მემკვიდრეობა“. ნაცვლად კონკრეტული წესის მიცემისა, რომელიც დედმამიშვილებს შორის წამოჭრილ უთანხმოებას მოაგვარებდა, იესომ უფრო ზოგადი პრინციპი უთხრა: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან“. ამრიგად, იესომ დაანახვა სახელმძღვანელო პრინციპი, რომელიც დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ (ლუკა 12:13—15).
10. როგორ მჟღავნდება, თუ რა გვიდევს გულში, როდესაც პრინციპების თანახმად ვიქცევით?
10 ალბათ იცნობთ ადამიანებს, ნაძალადევად, მხოლოდ დასჯის შიშით რომ ემორჩილებიან კანონებს. მაგრამ თუ პრინციპებს ვაფასებთ, ასეთი დამოკიდებულებაც აღარ გვექნება. როდესაც ადამიანებს ესმით ამა თუ იმ პრინციპის არსი, ისინი მთელი გულით ემორჩილებიან მას. ფაქტობრივად, პრინციპების უმრავლესობა ისეთია, რომ მათი უგულებელყოფის შემთხვევაში ადამიანი დაუყოვნებლივ არ ისჯება. ეს კი გულისნადების სააშკარაოზე გამოტანის შესაძლებლობას გვაძლევს: რატომ ვემორჩილებით იეჰოვას, რა გვიდევს გულში? მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ იოსების შემთხვევა, როდესაც მან ცივი უარი თქვა პოტიფარის ცოლის უზნეო წინადადებებზე. იეჰოვას ჯერ კიდევ არ ჰქონდა სიძვის ამკრძალავი წერილობითი კანონი მიცემული თავისი თაყვანისმცემლებისთვის და არც სასჯელი ჰქონდა დაწესებული სხვა მამაკაცის ცოლთან სქესობრივი კავშირის დამყარების შემთხვევაში, მაგრამ იოსებს კარგად ესმოდა ღვთის მიერ დადგენილი პრინციპები, რომელთა მიხედვითაც ცოლ-ქმარს ერთგულება უნდა შეენარჩუნებინათ ერთმანეთისადმი (დაბადება 2:24; 12:18—20). იოსებს რომ გულთან ძალიან ახლოს მიჰქონდა ასეთი პრინციპები, მისი პასუხიდან ჩანს: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?“ (დაბადება 39:9).
11. ცხოვრების რა სფეროებში ხელმძღვანელობენ ქრისტიანები იეჰოვას პრინციპებით?
11 ქრისტიანებს სურთ, რომ იეჰოვას პრინციპებით იხელმძღვანელონ პირად ცხოვრებაში: იქნება ეს მეგობრების არჩევა, გართობა, მუსიკისა თუ წასაკითხი მასალის შერჩევა (1 კორინთელთა 15:33; ფილიპელთა 4:8). რაც უფრო გავიზრდებით შემეცნებასა და გაგებაში და რაც უფრო მეტად შევიყვარებთ იეჰოვასა და მის პრინციპებს, ჩვენი სინდისი და ზნეობრიობის გრძნობა მით უფრო დიდ დახმარებას გაგვიწევს იმაში, რომ ნებისმიერ სიტუაციაში — თვით ძალზე პირადულ საკითხებშიც კი — ღვთის პრინციპებით ვიხელმძღვანელოთ. თუ ბიბლიური პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ ღვთის კანონებისგან თავდასაძვრენ საშუალებებსაც აღარ დავუწყებთ ძებნას. არც მათ მივბაძავთ, ვისაც „ექსპერიმენტების“ ჩატარება სჩვევიათ და ამოწმებენ, რამდენად შორს „შეტოპავენ“ ისე, რომ რაიმე კანონი არ დაარღვიონ. ვიცით, რომ ასეთი აზროვნება საზიანოა და თავის მოტყუებაა (იაკობი 1:22—25).
12. რა უნდა ვიცოდეთ აუცილებლად, თუ გვინდა, რომ ღვთის პრინციპებით ვხელმძღვანელობდეთ?
12 მოწიფული ქრისტიანები დარწმუნებული არიან ერთ რამეში: თუ გვინდა რომ ღვთის პრინციპების თანახმად ვიცხოვროთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რას ფიქრობს იეჰოვა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. „უფლის მოყვარულნო, — მოგვიწოდებს ფსალმუნმომღერალი — შეიძულეთ ბოროტება“ (ფსალმუნი 96:10). იგავნის 6:16—19-ში ჩამოთვლილია ზოგი რამ, რასაც ღმერთი ბოროტებად მიიჩნევს: „აჰა, ექვსი რამ უფლის საძულველი, და აჰა, შვიდი სიბილწე მის თვალში: ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები, ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები, ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე და ძმათა შორის შუღლის მთესველი“. როდესაც ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში გვახსოვს, თუ როგორი შეხედულება აქვს იეჰოვას ამ ძირითად საკითხებზე, მაშინ მისი პრინციპების თანახმად მოქმედება უკვე ჩვევაში გვეზრდება (იერემია 22:16).
საჭიროა სწორი მოტივები
13. როგორ აზროვნებაზე გაამახვილა იესომ ყურადღება მთაზე ქადაგებისას?
13 პრინციპების ცოდნა და ცხოვრებაში გამოყენება უშინაარსო და ფორმალური თაყვანისცემის მახეში გაბმისგანაც გვიცავს. პრინციპებით ხელმძღვანელობასა და წესების მკაცრად დაცვას შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. ეს კარგად დაგვანახვა იესომ მთაზე ქადაგებისას (მათე 5:17—48). იესოს მსმენელები ებრაელები იყვნენ, ამიტომ მათ მოსეს რჯულის თანახმად უნდა ეცხოვრათ. სინამდვილეში კი, მათ დამახინჯებული წარმოდგენა ჰქონდათ რჯულზე. წვრილმანებს ებღაუჭებოდნენ, რჯულის ნამდვილ არსს კი ვერ სწვდებოდნენ. ისინი თავიანთ ტრადიციებს უფრო იცავდნენ და ღვთის სწავლებებზე წინაც აყენებდნენ (მათე 12:9—12; 15:1—9). ამის გამო იყო, რომ, ძირითადად, ხალხმა ვერ ისწავლა პრინციპებზე დაყრდნობით აზროვნება.
14. როგორ ეხმარებოდა იესო თავის მსმენელებს, რომ პრინციპებზე დაყრდნობით ეაზროვნათ?
14 ამისგან განსხვავებით, მთაზე ქადაგებისას იესომ მოიხსენია პრინციპები, რომლებიც ზნეობრიობის ხუთ მხარეს მოიცავს: მრისხანება, ქორწინება და გაყრა, პირობის მიცემა, შურისძიება, სიყვარული და სიძულვილი. იესომ დაგვანახვა, რა სარგებლობა მოაქვს თითოეულ შემთხვევაში პრინციპით ხელმძღვანელობას. ამგვარად, იესომ ზნეობრივი მათე 5:28).
ნორმები დაუდგინა თავის მიმდევრებს. მაგალითად, მრუშობასთან დაკავშირებით მან მოგვცა პრინციპი, რომელიც არა მარტო ცუდი საქციელის ჩადენისგან გვიცავს, არამედ — ცუდი ფიქრებისა და სურვილებისგანაც: „ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში“ (15. როგორ შეგვიძლია მეწვრილმანეობის თავიდან არიდება?
15 ეს მაგალითი გვანახვებს, რომ არასდროს არ უნდა დავივიწყოთ, თუ რა მიზანი და დანიშნულება აქვთ იეჰოვას პრინციპებს. თუ უბრალოდ ვცდილობთ, რომ სხვებზე ზნეობრივი ადამიანის შთაბეჭდილება დავტოვოთ, რა თქმა უნდა, ამით ვერ დავიმსახურებთ ღვთის კეთილგანწყობას. იესომ ამხილა, ასეთი დამოკიდებულება რომ მცდარი იყო და ღვთის წყალობასა და სიყვარულზე გაამახვილა ყურადღება (მათე 12:7; ლუკა 6:1—11). თუ ბიბლიის პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ თავიდან ავირიდებთ (ან სხვებს არ მოვთხოვთ) ვრცელი და მკაცრი წესების კრებულით ცხოვრებას, რაც ბიბლიის სწავლებების საზღვრებს სცილდება. უფრო იმით ვიქნებით დაინტერესებული, რომ ღვთისადმი სიყვარულისა და მორჩილების პრინციპები დავიცვათ და თაყვანისცემას ფორმალური ხასიათი არ მივცეთ (ლუკა 11:42).
სასიხარულო შედეგები
16. რომელი პრინციპები იცით, რომლებზეც ზოგიერთი ბიბლიური კანონია დაფუძნებული? მოიყვანეთ მაგალითი.
16 როდესაც ვცდილობთ, იეჰოვას დავემორჩილოთ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მისი კანონები ძირითად პრინციპებზეა დაფუძნებული. მაგალითად, ქრისტიანებმა თავი უნდა შეიკავონ სიძვის, უზნეობისა და სისხლის ბოროტად გამოყენებისგან (საქმეები 15:28, 29). რა უდევს საფუძვლად ქრისტიანების პოზიციას ამ საკითხებთან დაკავშირებით? ის, რომ ღმერთი განსაკუთრებულ ერთგულებას იმსახურებს ჩვენგან; ერთგულებას უნდა ვინარჩუნებდეთ მეუღლისადმი; და რომ იეჰოვა სიცოცხლის მბოძებელია (დაბადება 2:24; გამოსვლა 20:5; ფსალმუნი 35:10). როდესაც კარგად ვწვდებით ამ ძირითად პრინციპებს, მაშინ მათზე დაფუძნებული კანონების დაცვაც გვიადვილდება.
17. რა სასიკეთო შედეგებს ვაღწევთ, როდესაც ვწვდებით და ცხოვრებაში ვიყენებთ ბიბლიურ პრინციპებს?
17 როდესაც პრინციპები კარგად გვესმის და ცხოვრებაშიც ვიყენებთ, ვხვდებით, რომ მათ სიკეთე მოაქვთ ჩვენთვის. გარდა სულიერი კეთილდღეობისა, ღვთის ხალხი ხშირად ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იღებს მრავალ კურთხევას. მაგალითად, ისინი, ვინც არ ეწევიან თამბაქოს, ზნეობრივად სუფთად ცხოვრობენ და, ვინც პატივს სცემენ სისხლის სიწმინდეს, მრავალ დაავადებას არიდებენ თავს. მსგავსადვე, ღვთის ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრება სასიკეთოდ აისახება ოჯახის ბიუჯეტზე და წარმატებას გვიქადის როგორც საზოგადოებრივ, ისე ოჯახურ ცხოვრებაში. ნებისმიერი ასეთი თვალსაჩინო და სასიკეთო გავლენა ადასტურებს, რომ იეჰოვას პრინციპები ძვირფასი და მართლაც პრაქტიკულია. მაგრამ, როგორც ასეთი, პრაქტიკული სარგებლობის მიღება არ არის ის უმთავრესი მიზეზი, რისთვისაც ქრისტიანები ღვთის პრინციპებს მისდევენ. ჭეშმარიტი ქრისტიანები იმიტომ ემორჩილებიან იეჰოვას, რომ უყვართ ის, იეჰოვა იმსახურებს მათ თაყვანისცემას და მისადმი მორჩილება სწორი და მართებულია (გამოცხადება 4:11).
18. თუ გვინდა რომ, როგორც ქრისტიანებს, ხელი მოგვემართოს, რით უნდა ვიხელმძღვანელოთ?
18 როდესაც ბიბლიური პრინციპებით ვხელმძღვანელობთ, ჩვენი ცხოვრება გაცილებით უმჯობესდება და ლამაზი ხდება, რასაც თავის მხრივ სხვა ადამიანების მოზიდვა შეუძლია ღვთის გზებისკენ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი ცხოვრება პატივს მიაგებს იეჰოვას. დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა მართლაც მოსიყვარულე ღმერთია, რომელსაც საუკეთესო სურს ჩვენთვის. როდესაც გადაწყვეტილებებს ბიბლიური პრინციპების საფუძველზე ვიღებთ და ვხედავთ, რომ იეჰოვა კურთხევებს არ გვაკლებს, ჩვენ კიდევ უფრო დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ მასთან. ამასთან ერთად კი მტკიცდება ჩვენი ურთიერთობა ზეციერ მამასთან და იზრდება მისადმი ჩვენი სიყვარულიც.
გახსოვთ თუ არა?
• რა არის პრინციპი?
• რით განსხვავდება პრინციპები კანონებისგან?
• რატომ იქნება ჩვენთვის სასიკეთო, პრინციპებზე დაყრდნობით რომ ვიაზროვნოთ და ვიმოქმედოთ?
[სასწავლო კითხვები]
[ჩარჩო 20 გვერდზე]
ვილსონს, განაში მცხოვრებ ქრისტიანს, სამსახურიდან შეატყობინეს, რომ რამდენიმე დღეში გაათავისუფლებდნენ. სამუშაოზე ყოფნის ბოლო დღეს მას კომპანიის მმართველის მანქანის გარეცხვა დაავალეს. ვილსონმა გარკვეული თანხა იპოვა მანქანაში და როდესაც მისმა ზედამხედველმა შეიტყო ამის შესახებ, უთხრა, რომ ეს ფული საჩუქარი იყო ღვთისგან — მას ხომ სადაცაა სამსახური უნდა დაეტოვებინა. მაგრამ პატიოსნების შესახებ ბიბლიური პრინციპებიდან გამომდინარე, ვილსონმა ფული კომპანიის მმართველს დაუბრუნა. ამ ამბით გაკვირვებულმა და ნასიამოვნებმა მმართველმა ვილსონს დაუყოვნებლივ შესთავაზა სამსახურში დარჩენა და კომპანიის ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზეც კი დააწინაურა (ეფესელთა 4:28).
[ჩარჩო 21 გვერდზე]
რუქია 60-ს გადაცილებული ალბანელი ქალია. ოჯახში მომხდარი უთანხმოების გამო აგერ უკვე 17 წელიწადზე მეტია, რაც თავის ძმას არ ელაპარაკება. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან და გაიგო, რომ თურმე ჭეშმარიტი ქრისტიანები ყველასთან მშვიდობის შენარჩუნებას უნდა ცდილობდნენ და ბოღმასაც არ უნდა იდებდნენ გულში. რუქიამ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, დილით კი გულისფანცქალით გასწია ძმის სახლისკენ. კარი ძმისწულმა გაუღო. „ვინმე ხომ არ დაიღუპა? აქ რამ მოგიყვანა?“ — ჰკითხა გაოცებულმა. ძმის ნახვა მინდოდაო, უთხრა რუქიამ და მშვიდად აუხსნა, რომ ბიბლიური პრინციპებისა და იეჰოვას შესახებ ნასწავლმა ძმასთან მშვიდობის აღდგენა გადააწყვეტინა. ცრემლებისა და გულში ჩახუტების შემდეგ მათ საგანგებოდ აღნიშნეს ეს განსაკუთრებული შერიგება (რომაელთა 12:17, 18).
[სურათი 23 გვერდზე]
[სურათი 23 გვერდზე]
მათე 5:3, აქ
[სურათი 23 გვერდზე]
[სურათი 23 გვერდზე]
„დაინახა ხალხი და ავიდა მთაზე. როცა დაჯდა, მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები. მან გახსნა ბაგე [და] ასწავლიდა მათ“