არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მართებულია თუ არა ღვთისთვის ლოცვით მიმართვა ისე, რომ ამ დროს არ გამოვიყენოთ გამოთქმა: „იესოს სახელით“ ან სხვა მსგავსი რამ?

ბიბლია ცხადყოფს, რომ ქრისტიანებმა, რომლებსაც იეჰოვასთვის ლოცვით მიმართვა სურთ, ეს იესოს სახელით უნდა აკეთონ. იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით“. შემდეგ კი დასძინა: „რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ, რათა განდიდდეს მამა ძეში. თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ“ (იოანე 14:6, 13, 14).

იესოს უნიკალური როლის შესახებ „ბიბლიური, თეოლოგიური და საეკლესიო ლიტერატურის ენციკლოპედია“ აღნიშნავს: „ლოცვა მხოლოდ ღვთის მიმართ აღევლინება, ოღონდ იესო ქრისტეს, ჩვენი შუამავლის, მეშვეობით. ამიტომ წმინდანების ან ანგელოზებისადმი ნებისმიერი თხოვნით მიმართვა, არა თუ უსარგებლოა, არამედ მკრეხელობაცაა. ქმნილებისადმი თაყვანისცემა, რაოდენ აღმაფრთოვანებელიც უნდა იყოს ეს ქმნილება, კერპთაყვანისმცემლობაა და ღვთის წმინდა კანონით მკაცრად იკრძალება“.

რა შეიძლება ითქვას იმის შესახებ, როდესაც ვინმე, მისთვის ძალზე სასიამოვნო შემთხვევის შემდეგ, ამბობს „მადლობა იეჰოვა“ და არ ამატებს გამოთქმას „იესოს სახელით“? უმართებულო იქნებოდა ეს? სულაც არა. დავუშვათ, ქრისტიანი მოულოდნელად რაღაც საშიშროების წინაშე აღმოჩნდა და აღმოხდა: „იეჰოვა, მიშველე!“. ღმერთი, რა თქმა უნდა, ყურადღების გარეშე არ დატოვებს თავის მსახურს მხოლოდ იმიტომ, რომ თხოვნაში „იესოს სახელით“ არ მოუხსენიებია.

მაგრამ, აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ხმამაღლა ლაპარაკი, თვით ღმერთისთვის მიმართვაც კი, თავისთავად ვერ იქნება ლოცვა. მაგალითად, მას შემდეგ, რაც იეჰოვამ კაენი აბელის მკვლელობისთვის განსაჯა, კაენს აღმოხდა: „მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი: აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს შეეძლება ჩემი მოკვლა“ (დაბადება 4:13, 14). თუმცა კაენი ამ სიტყვებით იეჰოვას მიმართავდა, მის მიერ ემოციების ამგვარად გადმოფრქვევა ცოდვის მწარე შედეგებით გამოწვეული ჩივილი იყო.

ბიბლია გვეუბნება: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“. უზენაესისადმი უცერემონიოდ ისე მიმართვა, თითქოს ის ადამიანი იყოს, ჩვენი მხრიდან, უეჭველად, თავმდაბლობის უკმარისობის მაჩვენებელი იქნებოდა (იაკობი 4:6; ფსალმუნი 46:3; გამოცხადება 14:7). აგრეთვე უპატივცემლობის გამომხატველი იქნებოდა ისიც, ვიცოდეთ, თუ რას ამბობს ღვთის სიტყვა იესოს როლის შესახებ და, მიუხედავად ამისა, ჩვენს ლოცვაში განზრახ ავუაროთ გვერდი იესო ქრისტეს აღიარებას (ლუკა 1:32, 33).

ეს იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვა ჩვენგან ერთი რომელიმე კონკრეტული სახით ან დადგენილი წესის მიხედვით ლოცვას მოელის. ამ საკითხში გადამწყვეტი მნიშვნელობა ადამიანის გულს ენიჭება (პირველი მეფეთა 16:7). ახ. წ. პირველ საუკუნეში რომაელი ასისთავი კორნელიოსი „ყოველთვის ლოცულობდა ღვთის წინაშე“. კორნელიოსი, წინადაუცვეთელი არაიუდაელი, იეჰოვასადმი მიძღვნილი ადამიანი არ ყოფილა. თუმცა ის, ალბათ, იესოს სახელით არ ილოცებდა, მისი ლოცვანი „ამაღლდა ღვთის წინაშე მოსახსენებლად“. რატომ? „გულების გამომწრთობმა“ დაინახა, რომ კორნელიოსი „კეთილმსახური და ღვთისმოშიში იყო“ (საქმეები 10:2, 4; იგავნი 17:3). „იესო ნაზარეველის“ შესახებ შემეცნების მიღების შემდეგ კორნელიოსმა სულიწმიდა მიიღო, რის შემდეგაც მოინათლა და იესოს მოწაფე გახდა (საქმეები 10:30—48).

და საერთოდ, ადამიანები არ წყვეტენ, თუ რომელ ლოცვებს ისმენს ღმერთი და რომელს — არა. თუ ქრისტიანი ზოგჯერ ლოცვით მიმართავს ღმერთს და გამორჩება სიტყვების „იესოს სახელით“ თქმა, ამისათვის თავი არ უნდა დაიდანაშაულოს. იეჰოვამ შესანიშნავად იცის ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ და სურს, რომ დაგვეხმაროს (ფსალმუნი 102:12—14). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ, თუ „ღვთის ძისადმი“ რწმენას ვავლენთ, „როცა რამეს ვთხოვთ [ღმერთს] მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს“ (1 იოანე 5:13, 14). განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ჭეშმარიტი ქრისტიანი სხვებისთვის საჯაროდ ლოცულობს, ყველას წინაშე აცხადებს, ბიბლიის თანახმად თუ რა ადგილი უკავია იესოს იეჰოვას განზრახვაში. ის მორჩილებას ავლენს და ღვთის მიმართ იესოს მეშვეობით ლოცვის აღვლენით პატივს მიაგებს ჩვენს გამომსყიდველს.