არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ორმა მოძღვარმა მაღალი შეფასება მისცა რასელის ნაშრომს

ორმა მოძღვარმა მაღალი შეფასება მისცა რასელის ნაშრომს

ორმა მოძღვარმა მაღალი შეფასება მისცა რასელის ნაშრომს

ეს მოხდა მაშინ, როდესაც ჩარლზ ტეიზ რასელი, რომელმაც იეჰოვას თაყვანისმცემელ ჭეშმარიტ ქრისტიანთა შორის მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, პირველად ეწვია ევროპას. ზოგი ცნობის თანახმად, პინეროლოში (იტალია) ყოფნისას რასელი პროფესორ დენიელე რივუარს, ვალდენსებად * წოდებული რელიგიური ჯგუფის ყოფილ პასტორს, შეხვდა. თუმცა რივუარს თავისი პასტორობის დატოვების შემდეგაც არ შეუწყვეტია ვალდენსებთან ახლო ურთიერთობა, ის არასოდეს ყოფილა მიკერძოებული და ჩარლზ ტეიზ რასელის მიერ გამოცემული მრავალი პუბლიკაცია ჰქონდა წაკითხული.

1903 წელს რივუარმა იტალიურ ენაზე თარგმნა რასელის წიგნი „ღვთის გეგმა საუკუნეების მანძილზე“ და საკუთარი ხარჯებით გამოსცა იგი. ეს იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე იტალიურ ენაზე ოფიციალურად გამოიცემოდა ეს წიგნი. წიგნის წინასიტყვაობაში რივუარი წერდა: „უფლისთვის მიგვინდია ეს პირველი იტალიური გამოცემა. დაე მან ისე აკურთხოს იგი, რომ ხარვეზების მიუხედავად, ხელი შეუწყოს თავისი უწმინდესი სახელის განდიდებას და იტალიურ ენაზე მოლაპარაკე უფლის შვილებს უფრო დიდი ერთგულებისკენ უბიძგოს. დაე ამ წიგნის ყველა მკითხველს დაეფასებინოს მასში ჩადებული განძი და სიბრძნე; აგრეთვე ღვთის გეგმისა და სიყვარულის შესახებ შემეცნება. გამოევლინოს მადლიერება თვით ღვთის მიმართ, ვისი წყალობითაც ეს ნაშრომი ხელმისაწვდომი გახდა“.

რივუარმა „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს თანდასწრების მაცნეს“ იტალიურ ენაზე თარგმნაც დაიწყო. 1903 წლიდან ეს ჟურნალი კვარტალურად გამოდიოდა (იგი მოგვიანებით „საგუშაგო კოშკმა“ შეცვალა). თუმცა პროფესორი რივუარი ბიბლიის მკვლევარი (ასე ეწოდებოდათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) არასოდეს გამხდარა, ის ძალიან იყო დაინტერესებული ბიბლიური ცნობის გავრცელებით, რომელიც ბიბლიის მკვლევართა პუბლიკაციებში იყო ახსნილი.

„თითქოს თვალებიდან ქერცლი მომძვრაო“

რასელის პუბლიკაციებს ძალიან აფასებდა ვალდენსების კიდევ ერთი წარმომადგენელი ჯუზეპე ბანგკეტი. მამამისმა, რომელმაც კათოლიკური ეკლესია დატოვა, ჯუზეპეს რელიგიური განათლება ვალდენსებთან მიაღებინა. 1894 წელს ის პასტორი გახდა და აპულიასა და აბრუცში, აგრეთვე ელბისა და სიცილიის კუნძულებზე ვალდენსების სხვადასხვა ჯგუფს ემსახურებოდა.

1905 წელს, როდესაც რასელის წიგნის „ღვთის გეგმა საუკუნეების მანძილზე“ იტალიურ ენაზე ოფიციალური თარგმანი გამოიცა, ბანგკეტი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა მისი შეფასების წერას. ეს შეფასება პროტესტანტების პერიოდულ პუბლიკაციაში „ლა რივისტა ქრისტიანაში“ დაიბეჭდა. «ჩვენთვის, — წერდა ბანგკეტი რასელის წიგნის შესახებ, — ის არის უბრწყინვალესი ახსნა-განმარტების მომცემი და საიმედო სახელმძღვანელო; მისი დახმარებით ნებისმიერ ქრისტიანს შეუძლია წმინდა წერილების სწავლას შეუდგეს და ეს მისთვის სასარგებლო და დამაჯილდოებელი აღმოჩნდეს... როგორც კი წავიკითხე, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს თვალებიდან ქერცლი მომძვრაო და დავინახე, რომ ღვთისკენ მიმავალი გზა პირდაპირი და იოლია. გაქრა, ჩვეულებრივ, ვითომ არსებული წინააღმდეგობებიც. სწავლებები, რომლებიც ადრე რთულად გასაგები იყო, აქ სრულიად მარტივად და აბსოლუტურად მისაღებად იყო ახსნილი. აქამდე გაუგებარ საკითხებს ნათელი მოეფინა. ქრისტეში წუთისოფლის ხნის შესახებ დიდებული გეგმა თვალწინ ისეთი მოკრძალების შთამნერგავი სიმარტივით წარმომიდგა, რომ ერთ-ერთი მოციქულივით წამოვიძახე: „ო! ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე!“» (რომაელთა 11:33).

რემიჯო კუმინეტიმ 1925 წელს აღნიშნა, რომ ბანგკეტიმ ბიბლიის მკვლევართა ნაშრომის მიმართ „დიდი სიმპათია“ გამოავლინა და „ბოლომდე სწამდა“ იქ ახსნილი სწავლებები. თავის მხრივ, ბანგკეტი ცდილობდა, რომ ასეთი სწავლებები ყველასთვის ცნობილი გამხდარიყო.

ბანგკეტის ნაშრომებიდან ჩანს, რომ იეჰოვას მოწმეებივით, მასაც სწამდა, დედამიწაზე მკვდრეთით აღდგომის შესახებ საღვთო წერილის სწავლება. ის ბიბლიის მკვლევარებს იმაშიც ეთანხმებოდა, რომ იესოს სიკვდილის თარიღი აღნიშნული და გამოცხადებული იყო დანიელის წინასწარმეტყველებაში იქ, სადაც 70 კვირაზეა საუბარი (დანიელი 9:24—27). ბანგკეტი არაერთხელ და აშკარადაც გამოსულა ეკლესიის სწავლებების წინააღმდეგ და სწამდა, რომ იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა აღენიშნათ და ეს დღე „ზუსტად წლისთავის აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო“ (ლუკა 22:19, 20). ის უარყოფდა დარვინისეულ ევოლუციის თეორიას; აგრეთვე დარწმუნებული იყო, რომ ქრისტიანებს ომებში მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ (ესაია 2:4).

ერთხელ ბანგკეტი რასელის ნაშრომების შესახებ კემპბელ უოლსს ესაუბრა. უოლსის კრიტიკას ბანგკეტი ასე გამოეხმაურა: „დარწმუნებული ვარ, რომ, თუ რასელის ექვსტომეულს წაიკითხავთ, დიდ სიხარულს იგრძნობთ და აღფრთოვანებული დიდ მადლობასაც მეტყვით. არ მინდა ამ სწავლების აფიშირება გამომივიდეს, მაგრამ ეს წიგნები 11 წლის წინათ წავიკითხე და დღემდე ყოველდღე მადლობას ვუხდი ღმერთს იმისათვის, რომ ასეთი სინათლისა და ნუგეშის დანახვის შესაძლებლობა მომცა ნაშრომის საშუალებით, რომელიც მთლიანად და განუხრელად წმინდა წერილებზეა დაფუძნებული“.

„ვისმინოთ, ვისმინოთ და ვისმინოთ“

საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ვალდენსების ამ ორმა პასტორმა: დენიელე რივუარმა და ჯუზეპე ბანგკეტმა, ბიბლიის რასელისეული ახსნა მოიწონეს და მადლიერებაც გამოხატეს. ბანგკეტი წერდა: „მე ვიტყოდი, რომ პროტესტანტთაგან არავინ, არც ჩვენმა პასტორებმა თუ პროფესორ-თეოლოგებმა, არ იცის ყველაფერი. უფრო მეტიც, ჩვენ ბევრი, ბევრი რამ გვაქვს სასწავლი... [უნდა]... შევყოვნდეთ და მოვისმინოთ და არ ვიფიქროთ, რომ ყველაფერი ვიცით და არ უკუვაგდოთ ის, რაც ჩვენ გასათვითცნობიერებლად არის შემოთავაზებული. ნაცვლად ამისა, ვისმინოთ, ვისმინოთ და ვისმინოთ“.

ყოველწლიურად ათასები ისმენენ სამეფოს შესახებ ცნობას, რომელიც იეჰოვას მოწმეებს მიაქვთ ადამიანებთან. ბიბლიურ ჭეშმარიტებას მოწყურებული არადოგმატურად მოაზროვნე ადამიანები დადებითად ეხმაურებიან იესოს მოწვევას: „მოდი და გამომყევი“ (მარკოზი 10:17—21; გამოცხადება 22:17).

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 დაფუძნებულია XII საუკუნეში ლიონში (პარიზი) მცხოვრები ვაჭრის პიერ ვოდეს, ანუ პეტერ ვალდოს, მიერ. ვალდო თავისი მრწამსისთვის კათოლიკურმა ეკლესიამ მოკვეთა. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2002 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ მოცემული სტატია „ვალდენსები — ერეტიკოსობიდან პროტესტანტობამდე“.

[სურათი 28 გვერდზე]

პროფესორი დენიელე რივუარი.

[სურათი 29 გვერდზე]

ჯუზეპე ბანგკეტი

[საავტორო უფლება]

Rivoire and Banchetti: La Luce, April 14, 1926