არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სად შეიძლება უსაფრთხოების პოვნა?

სად შეიძლება უსაფრთხოების პოვნა?

სად შეიძლება უსაფრთხოების პოვნა?

ახალგაზრდა ჯოშუა *, დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი პატარა სოფლის მკვიდრი, გამოემშვიდობა თავის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს და საცხოვრებლად დიდ ქალაქში გადავიდა, რომ ფინანსური უსაფრთხოება ეპოვა. მაგრამ, ჩასვლისთანავე, იმედები გაუცრუვდა, რადგან მიხვდა, რომ ქალაქში ხეები ფულს არ ისხამდა.

ჯოშუა მთელი ძალით ცდილობდა, ქალაქურ ცხოვრებას მორგებოდა, რამაც გულგატეხილობამდე მიიყვანა. დიდი ქალაქი სულ სხვანაირი იყო, ვიდრე მას წარმოედგინა. ამასობაში მას მოსვენებას არ აძლევდა თავის პატარა სოფელში უკან დაბრუნების სურვილი, სადაც ოჯახის წევრები და მეგობრები ელოდნენ. მაგრამ ეშინოდა, რომ ზოგიერთი თანასოფლელი სასაცილოდ აიგდებდა. „იმის გამო, რომ ქალაქში ფეხი ვერ მოვიკიდე, ალბათ, უხეიროს დამიძახებენ“, — განიცდიდა ჯოშუა.

ყველაზე მეტად კი რაც აწუხებდა, იყო ის იმედგაცრუება, რომელიც, შესაძლოა, მშობლებს დაეუფლებოდათ. ისინი თავიანთი შვილისგან ფინანსურ მხარდაჭერას ელოდნენ. ემოციურად გატანჯული ჯოშუა თითქმის მთელი დღის განმავლობაში მონურად მუშაობდა და იმ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილს ღებულობდა, რომელზეც ოცნებობდა. ასეთმა მძიმე სამუშაომ მალე გაუწყვიტა ქანცი. ამასთანავე ჯოშუას დღითი დღე სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა ქრისტიანული მსახურებისთვის, რომელსაც ის ძალზე მნიშვნელოვნად თვლიდა. ოჯახის წევრებისა და ძველი მეგობრების სითბოს მოკლებულს სევდა მოეძალა და თავს მარტოდ გრძნობდა. ის დარწმუნდა, რომ ასეთ დიდ ქალაქსაც კი არ შეეძლო მიენიჭებინა ისეთი უსაფრთხოების გრძნობა, რომელიც მას ასე სწყუროდა.

შესაძლოა, სახელები და ადგილები განსხვავდებოდეს, მაგრამ მსგავსი შემთხვევები ხშირად მეორდება. მიზეზი ის კი არ არის, რომ ჯოშუას ეგოისტური სურვილები ამოძრავებდა — ის მხოლოდ უსაფრთხოებას ეძებდა. მას გულწრფელად სჯეროდა, რომ ქალაქში მეტი გასაქანი ექნებოდა, ვიდრე პატარა სოფელში. რა თქმა უნდა, ხანდახან ზოგიერთები აუმჯობესებენ თავიანთ ფინანსურ მდგომარეობას, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს ნამდვილ უსაფრთხოებას. ეს არც ჯოშუას შემთხვევაში მოხდა და სავარაუდოა, რომ არც იმ უმრავლესობისა, რომლებიც მსგავს გადაწყვეტილებებს ღებულობენ. ამიტომ, იბადება კითხვა: „რა არის უსაფრთხოება?“.

სხვადასხვა ადამიანისთვის უსაფრთხოებას სხვადასხვა გაგება აქვს. ერთი ლექსიკონი უსაფრთხოებას განმარტავს როგორც „თავისუფლებას საფრთხისგან“ ან „თავისუფლებას შიშისა და წუხილისგან“. უმეტესობას ესმის, რომ სრულ „თავისუფლებას საფრთხისგან“ დღეს ვერ მიაღწევენ. ისინი კმაყოფილი არიან, თუ თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, მიუხედავად იმ საშიში სიტუაციისა, რომელიც, შესაძლოა, მათ გარშემო სუფევს.

რა შეიძლება ითქვას თქვენ შესახებ? სად ეძებთ უსაფრთხოებას? სოფლისგან განსხვავებით შეძელით მისი პოვნა ქალაქში, ისე, როგორც ჯოშუა ფიქრობდა? თუ უსაფრთხოება ფულს მოაქვს, იმისდა მიუხედავად თუ სად და რა გზებით შოულობთ მას? იქნებ უსაფრთხოების პოვნა საზოგადოების მაღალი საფეხურის დაკავებით შეიძლება? მიუხედავად იმისა, თუ სად ეძებთ უსაფრთხოებას, რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს მან თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის?

მოდი განვიხილოთ ის სამი გზა, რომლითაც მრავალი ცდილობს უსაფრთხოების პოვნას — გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, ფული და საზოგადოებრივი მდგომარეობა — და ვნახოთ, სად შეიძლება ნამდვილი, ხანგრძლივი უსაფრთხოების პოვნა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 სახელი შეცვლილია.