არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიბრალული გულკეთილობასა და თანაგრძნობას გვასწავლის

სიბრალული გულკეთილობასა და თანაგრძნობას გვასწავლის

სიბრალული გულკეთილობასა და თანაგრძნობას გვასწავლის

„თუ ძალგიძს მოძმეს ტკივილი დაუამო, შენი ცხოვრება არ არის ამაო“, — დაწერა ელენ კელერმა. კელერმა უთუოდ კარგად იცოდა, რა იყო ემოციური ტკივილი. წლისა და შვიდი თვის ასაკში გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ იგი სულ მთლად დაბრმავდა და დაყრუვდა. მაგრამ გულისხმიერმა მასწავლებელმა ელენს ბრაილის შრიფტით წერა-კითხვა ასწავლა, მოგვიანებით კი ლაპარაკიც შეაძლებინა.

კელერის მასწავლებელმა ენ სალივენმა კარგად უწყოდა, სასოწარკვეთის რა გრძნობა შეიძლება დაუფლებოდა ფიზიკურ უძლურებასთან მებრძოლ ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც თითქმის ბრმა იყო, ენმა დიდი მონდომება გამოიჩინა და ბოლოს ელენთან ურთიერთობის გზას მიაგნო: ხელზე ასო-ასო აწერდა სიტყვებს და ასე ესაუბრებოდა. მასწავლებლის მიერ გამოვლენილმა სიბრალულმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ელენზე, რომ გადაწყვიტა თავადაც მთელი სიცოცხლე ბრმებისა და ყრუების დახმარებისთვის მიეძღვნა. საკუთარ უძლურებაზე დიდი შრომით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ელენმა სიბრალული იგრძნო იმავე მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისადმი. უნდოდა რაიმეთი დახმარებოდა მათ.

ალბათ შენიშნავდით, რომ საკუთარ „მე“-ზე გადაგებულ დღევანდელ მსოფლიოში ადვილი შესაძლებელია ადამიანმა ‘თანაგრძნობის კარი დაუკეტოს’ (აქ) მოყვასს და მისი მოთხოვნილებები უგულებელყოს (1 იოანე 3:17). ქრისტიანებს კი პირიქით, უნდა უყვარდეთ მოყვასი, ხოლო ერთმანეთისადმი გულითადი სიყვარული უნდა იქონიონ (მათე 22:39; 1 პეტრე 4:8). მაგრამ, იქნებ შეგინიშნავთ, ცხოვრებისეული სინამდვილე რომ ზოგჯერ სხვანაირია — თუმცა მთელი გულით გვინდა, რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, ხშირად ხელიდან ვუშვებთ იმ შესაძლებლობებს, როდესაც სხვებისთვის ტკივილის შემსუბუქება შეგვიძლია. ეს შეიძლება იმიტომ ხდება, რომ, უბრალოდ, არ გვესმის სხვების საჭიროებები. სიბრალული სწორედ ის გრძნობაა, რომელიც გულკეთილობისა და თანაგრძნობის გამოვლენას გვასწავლის.

რა არის სიბრალული?

სიბრალული, ან თუნდაც იგივე გულშემატკივრობა, შეიძლება განიმარტოს, როგორც სხვისი ჭირ-ვარამის გაზიარება, თანაგრძნობა. სხვა განმარტების თანახმად კი ეს არის უნარი, საკუთარი თავი მოყვასის ადგილზე წარმოიდგინო. ამრიგად, სიბრალული რომ ვიგრძნოთ, უპირველეს ყოვლისა სხვა ადამიანის მდგომარეობა უნდა გვესმოდეს, შემდეგ კი ჩვენც უნდა ვიზიარებდეთ იმ გრძნობებს, რა გრძნობებსაც ეს მდგომარეობა იწვევს ამ ადამიანში. დიახ, სიბრალული ის არის, როცა სხვის ტკივილს საკუთარი გულით ვგრძნობთ.

ბიბლიის ქართულ თარგმანში სიტყვა „სიბრალულის“ სხვადასხვა მონათესავე ფორმა გვხვდება. პეტრე მოციქულმა ქრისტიანებს ურჩია „გულშემატკივარნი, ძმათა მოყვარენი [და] შემწყნარებელნი“ ყოფილიყვნენ (1 პეტრე 3:8). „გულშემატკივრობად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვის ზუსტი მნიშვნელობაა: „სხვისი ჭირ-ვარამის გაზიარება“ ან „თანაგრძნობა“. პავლე მოციქულმაც იგივე გვირჩია, როცა თანაქრისტიანებს მოუწოდა: „მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ“. შემდეგ პავლემ დასძინა: „სხვებზეც ისევე იფიქრეთ, როგორც საკუთარ თავზე ფიქრობთ“ (რომაელთა 12:15, 16, აქ). ალბათ დაგვეთანხმებით, რომ მოყვასს ვერ შევიყვარებდით საკუთარი თავივით, მის ადგილზე თუ არ წარმოვიდგენდით თავს.

ადამიანთა უმრავლესობას ბუნებრივად აქვს მიდრეკილება სიბრალულისკენ. ვის არ შეძრავს მოშიმშილე ბავშვებისა და განაწამები ლტოლვილების შემზარავი სანახაობის ხილვა? განა შეიძლება, რომ მოსიყვარულე დედამ აინუნშიც არ ჩააგდოს ბავშვის გულამომჯდარი ტირილი? მაგრამ ნებისმიერი ტანჯვა როდია ასე ადვილად ამოსაცნობი. ძალიან ძნელია მივხვდეთ, რას განიცდის დეპრესიით შეპყრობილი, გარეგნულად ნაკლებად გამოხატული ავადმყოფობით გატანჯული ანდა კვების მოშლილობით დაავადებული ადამიანი — თუკი მსგავსი რამ პირადად ჩვენ არასოდეს გადაგვიტანია! მაგრამ, როგორც საღვთო წერილი გვანახვებს, შეგვიძლია და უნდა შეგვტკიოდეს კიდეც გული მათზე, ვინც ჩვენზე გაცილებით უარეს მდგომარეობაში იმყოფებიან.

სიბრალულის ბიბლიური მაგალითები

იეჰოვა სიბრალულის გამოვლენის სწორუპოვარ მაგალითს გვაძლევს. თუმცა თვითონ სრულყოფილია, ჩვენგან არ მოელის იმავეს, „რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“ (ფსალმუნი 102:14; რომაელთა 5:12). გარდა ამისა, ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობებიც ესმის და ამიტომ ‘არ უშვებს, რომ ჩვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოვიცადოთ’ (1 კორინთელთა 10:13). თავისი მსახურებისა და სულის მეშვეობით იგი გამოსავლის მონახვაში გვეხმარება (იერემია 25:4, 5; საქმეები 5:32).

იეჰოვა უშუალოდ განიცდის თავისი ხალხის ტკივილს. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულ ებრაელებს მან უთხრა: „თქვენი შემხებარი [ჩემი] თვალის გუგის შემხებარია“ (ზაქარია 2:8). ღმერთი რომ შემბრალე იყო, კარგად იცოდა ბიბლიის ერთ-ერთმა დამწერმა, დავითმა. ამიტომაც უთხრა ღმერთს: „შენს ჭურჭელში მოათავსე ჩემი ცრემლები — აგერ, შენს წიგნშია“ (ფსალმუნი 55:9). რაოდენ მანუგეშებელია, რომ იეჰოვას — თითქოსდა წიგნში ჰქონდესო ჩაწერილი — ახსოვს უმწიკვლობის შენარჩუნებისთვის მებრძოლ თავის ერთგულ მსახურთა მიერ დაღვრილი ცრემლები!

თავისი ზეციერი მამის მსგავსად, იესო ქრისტესაც კარგად ესმის ადამიანთა გრძნობები. ყრუ კაცს რომ კურნავდა, იესომ ცალკე გაიყვანა იგი, ალბათ იმიტომ, რომ ამ სასწაულებრივი განკურნების გამო მას მეტისმეტად უხერხულად არ ეგრძნო თავი ანდა არ შეშინებულიყო (მარკოზი 7:32—35). სხვა შემთხვევაში კი იესომ ქვრივი შენიშნა, ერთადერთ ვაჟს რომ მარხავდა. იგი უმალ მიხვდა, რა უზომო ტკივილს განიცდიდა ქალი, მიუახლოვდა დამკრძალავ პროცესიას და ჭაბუკი აღადგინა (ლუკა 7:11—16).

აღდგომის შემდეგ იესო დამასკოსკენ მიმავალ სავლეს გამოეცხადა და უთხრა, რომ მის მიერ მოწაფეების გაშმაგებული დევნა გულთან ძალიან ახლოს მიჰქონდა: „მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი“ (საქმეები 9:3—5). როგორც დედა გრძნობს თავისი ავადმყოფი ბავშვის ტკივილს, იესოც უშუალოდ განიცდიდა თავისი მოწაფეების ტანჯვას. როგორც ჩვენი ზეციერი მღვდელმთავარი, იესო ‘თანაგვიგრძნობს ჩვენს უძლურებებში’ (ებრაელთა 4:15).

პავლე მოციქულმა სხვათა განცდებისა და გრძნობებისადმი დიდი გაგებით მოკიდება ისწავლა. „ვინმე დაუძლურდა და მე არ დავუძლურდი? ვინმე დაბრკოლდა და მე არ ავენთე?“ — ამბობდა ის (2 კორინთელთა 11:29). ერთხელ, ქალაქ ფილიპეს საპყრობილეში გამოკეტილი პავლე და სილა ანგელოზმა სასწაულებრივად გაათავისუფლა ბორკილებისგან, მაგრამ პირველი, რაც პავლეს თავში აზრად მოუვიდა, ის იყო, რომ ციხის ზედამხედველი ენუგეშებინა, პატიმრები არსად გაქცეულანო. სიბრალულით აღძრულმა მაშინვე ის იფიქრა, ვაითუ ზედამხედველმა თავი მოიკლასო. პავლემ იცოდა, რომ რომაელთა ჩვეულების თანახმად ციხის ზედამხედველს მკაცრი სასჯელი ელოდა, თუ პატიმარი გაექცეოდა — მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ მისი საიმედოდ დაცვა ჰქონდა ნაბრძანები (საქმეები 16:24—28). პავლეს მიერ გამოვლენილმა გულკეთილობამ, რამაც იმ მომენტში ადამიანის სიცოცხლე იხსნა, კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ციხის ზედამხედველზე და თავის ოჯახთან ერთად ის ქრისტიანად მოინათლა (საქმეები 16:30—34).

რა დაგვეხმარება სიბრალულის გრძნობის განვითარებაში?

საღვთო წერილი მრავალჯერ მოგვიწოდებს, ჩვენს ზეციერ მამასა და მის ძეს, იესო ქრისტეს, მივბაძოთ და აქედან გამომდინარე, სიბრალულის განვითარებაც გვმართებს. როგორ განვივითაროთ სიბრალული? არსებობს სამი ძირითადი საშუალება, რომლებიც დაგვეხმარება, უფრო ადვილად მივხვდეთ, რას საჭიროებენ და რას გრძნობენ სხვები. ესენია: მოსმენა, დაკვირვებულობა და წარმოსახვის უნარი.

მოსმენა. გულდასმით მოსმენა სხვების პრობლემების დანახვაში გვეხმარება. რაც უფრო კარგი მსმენელები ვიქნებით, მოსაუბრეებიც მით უფრო გადაგვიშლიან გულს და გაგვიმჟღავნებენ გრძნობებს. „უხუცესთან მაშინ შემიძლია დალაპარაკება, თუ დარწმუნებული ვარ, რომ მომისმენს, — ამბობს მირიამი, — უნდა ვიცოდე, რომ ის მართლა იგებს ჩემს პრობლემას. მისადმი ნდობა მიმტკიცდება, როცა გონივრულ შეკითხვებს მისვამს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩემი მონაყოლი გულდასმით მოუსმენია“.

დაკვირვებულობა. ყველა არ არის ისეთი, რომ თავისუფლად გვითხრას, რას გრძნობს და რას განიცდის. მაგრამ დაკვირვებული ადამიანი ადვილად შენიშნავს, თუ თანაქრისტიანი დეპრესიაშია, თუ მოზარდი უკარება ხდება ან ბეჯითი მსახური ენთუზიაზმს კარგავს. პრობლემის, ასე ვთქვათ, ადრეულ სტადიაზე ამოცნობის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებისთვის. „არ ვიცი როგორ ახერხებს ამას, მაგრამ სანამ დაველაპარაკები, დედაჩემმა უკვე იცის, რას ვგრძნობ, — ამბობს მარი, — ამიტომ ჩემი პრობლემების შესახებ გულახდილი საუბარიც უკვე აღარ მიჭირს“.

მიმართეთ წარმოსახვის უნარს. სიბრალულის აღსაძვრელი საუკეთესო საშუალება შემდეგ კითხვებზე დაფიქრებაა: როგორ ვიგრძნობდი თავს, ამ ადამიანის ადგილზე რომ ვყოფილიყავი? რას გავაკეთებდი? რაში დამჭირდებოდა დახმარება? იობის სამმა ცრუ მანუგეშებელმა ვერ შეძლო საკუთარი თავის მის ადგილზე წარმოდგენა. ამიტომაც განსჯიდნენ იობს ვითომცდა ჩადენილი ცოდვების გამო; ყოველ შემთხვევაში ისინი ასკვნიდნენ, რომ იობმა შესცოდა.

არასრულყოფილ ადამიანებს ხშირად სხვისი შეცდომების გაკრიტიკება უფრო სჩვევიათ, ვიდრე ამ ყველაფერს მიღმა არსებული გრძნობების განჭვრეტა. მაგრამ თუ ყველანაირად შევეცდებით განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანის გასაჭირის წარმოდგენას, მაშინ ნაცვლად გაკრიტიკებისა, თანაგრძნობით მოვეკიდებით მას. „უფრო კარგ რჩევას მაშინ ვიძლევი, როცა რჩევის მიცემამდე ჯერ გულდასმით ვუსმენ ადამიანს და მის სიტუაციაში მთლიანად გარკვევას ვცდილობ“, — ამბობს ხუანი, გამოცდილი უხუცესი.

ლიტერატურა, რომელსაც იეჰოვას მოწმეები ავრცელებენ, ბევრს დაეხმარა სიბრალულის განვითარებაში. ჟურნალ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ში განხილულია ისეთი კომპლექსური პრობლემები, როგორებიცაა დეპრესია და ბავშვებზე ძალადობა. ეს დროული ინფორმაცია მკითხველებს ეხმარება, უფრო დიდი გაგებით მოეკიდონ იმ ადამიანთა გრძნობებს, ვინც ამ პრობლემებით იტანჯებიან. მსგავსადვე, წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ ბევრ მშობელს დაეხმარა შვილების პრობლემების დანახვაში.

სიბრალული გვეხმარება ქრისტიანულ მსახურებაში

ძნელად თუ რომელიმე ჩვენგანი დახუჭავს თვალს მოშიმშილე ბავშვის გასაჭირზე, თუკი საკმარისი საჭმელი გვაქვს, მასაც რომ ვუწილადოთ. თუ სიბრალული გაგვაჩნია, მაშინ ადამიანის სულიერი მდგომარეობის ამოცნობასაც შევძლებთ. აი, რას ვკითხულობთ ბიბლიაში იესოს შესახებ: „ხალხის ბრბო რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან ისინი დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი“ (მათე 9:36). მილიონობით ადამიანის სულიერი მდგომარეობა დღესაც ისეთივეა და ისინი დახმარებას საჭიროებენ.

ისევე როგორც იესოს დღეებში, დღეს შეიძლება ჩვენც ვსაჭიროებდეთ წინასწარ შექმნილი წარმოდგენების ანდა ძვალ-რბილში გამჯდარი ტრადიციული შეხედულებების გადალახვას, ზოგიერთი ადამიანის გულამდე რომ მივიტანოთ ჭეშმარიტება. შემბრალე მსახური შეეცდება, საერთო ენა გამონახოს ანდა ისეთ საკითხებზე ესაუბროს ხალხს, რაც უფრო მეტად აფიქრებთ მათ — ამით ის სამეფოს შესახებ ცნობას უფრო მიმზიდველს გახდის (საქმეები 17:22, 23; 1 კორინთელთა 9:20—23). როდესაც სიბრალულით აღძრულები გულკეთილობას ვავლენთ, ჩვენმა მსმენელებმა — ფილიპელი ციხის ზედამხედველის მსგავსად — შეიძლება უფრო ადვილად მიიღონ სამეფოს შესახებ ცნობა.

სიბრალული ფასდაუდებელ სამსახურს გვიწევს თანამორწმუნეთა ნაკლოვანებებზე თვალის დახუჭვაში. თუ ჩვენი მწყენინებელი ძმის გრძნობების გაგებას შევეცდებით, მაშინ უსათუოდ ძალიან გაგვიადვილდება მისთვის მიტევება. მის ადგილზე და იგივე ვითარებაში რომ აღმოვჩენილიყავით, ვინ იცის, ჩვენც ამ ძმასავით მოვქცეულიყავით. სიბრალულით აღძრულ იეჰოვას „ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ“, ამიტომ, განა სიბრალულმა ჩვენ კი არ უნდა აღგვძრას, რომ სხვების არასრულყოფილება შევიწყნაროთ და ‘მთელი გულით მივუტევოთ’ (აქ) მათ? (ფსალმუნი 102:14; კოლასელთა 3:13).

თუ შემცოდველისთვის რჩევის მიცემა გვიწევს, ალბათ ამას გაცილებით რბილად გავაკეთებთ, თუ გვესმის მისი გრძნობები და ვითვალისწინებთ მის ემოციურობას. შემბრალე ქრისტიანი უხუცესი ყოველთვის ფიქრობს: „ხომ შეიძლებოდა მეც დამეშვა იგივე შეცდომა. შეიძლება მეც აღმოვჩენილიყავი მის მდგომარეობაში“. პავლეც ამიტომ გვირჩევს: „გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით და გაფრთხილდი, რომ შენც არ ჩავარდე განსაცდელში“ (გალატელთა 6:1).

თუ ჩვენს შესაძლებლობებს არ აღემატება, სიბრალული მაშინაც კი გაგვაწვდევინებს თანაქრისტიანისადმი პრაქტიკული დახმარების ხელს, როცა იგი თავს იკავებს და არ მოგვმართავს თხოვნით. იოანე მოციქული წერს: „ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და მისგან კეტავს თავის გულს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული?.. გვიყვარდეს არა სიტყვებით და არა ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“ (1 იოანე 3:17, 18).

„საქმითა და ჭეშმარიტებით“ სიყვარული რომ შევძლოთ, პირველ რიგში უნდა დავინახოთ, კონკრეტულად რა სჭირდება ჩვენს ძმას. გულდასმით ვცდილობთ თუ არა, სხვათა საჭიროებები შევნიშნოთ და, იმავდროულად, ვფიქრობთ თუ არა მათ დახმარებაზე? სიბრალულიც ხომ სწორედ ამას ნიშნავს.

იყავით გულშემატკივარნი

ბუნებით შეიძლება არ ვართ შემბრალებლები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ თვისების შეძენა. თუ უფრო ყურადღებით მოვუსმენთ, უფრო დაკვირვებული ვიქნებით და უფრო ხშირად დავაყენებთ საკუთარ თავს სხვა ადამიანის ადგილზე, ჩვენი სიბრალული გაიზრდება. შედეგად, უფრო დიდ სიყვარულს, გულკეთილობასა და თანაგრძნობას გამოვავლენთ ჩვენი შვილების, სხვა ქრისტიანებისა და მოყვასისადმი.

ნურასოდეს ჩაახშობინებთ ეგოიზმს თქვენში არსებულ სიბრალულის გრძნობას. „თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, — დაწერა პავლემ, — არამედ სხვებზეც“ (ფილიპელთა 2:4). ჩვენი მარადიული მომავალი იეჰოვასა და მისი მარადიული მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს, ჩვენდამი სიბრალულზეა დამოკიდებული. ამიტომ, ჩვენც ვალდებული ვართ, ეს თვისება შევიძინოთ. სიბრალული უკეთეს მსახურებად და უკეთეს მშობლებად გვაქცევს. უპირველეს ყოვლისა კი, სიბრალული დაგვანახვებს, რომ „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35).

[სურათი 25 გვერდზე]

სიბრალულში სხვათა საჭიროებებისადმი დიდი ყურადღებით მოკიდება და მათთვის დახმარების გაწევა მოიაზრება.

[სურათი 26 გვერდზე]

შეგვიძლია ჩვენც ისევე შევიბრალოთ ერთმანეთი, როგორც მოსიყვარულე დედა იბრალებს საკუთარ შვილს?