არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უსაფრთხოება ახლაც და მომავალშიც

უსაფრთხოება ახლაც და მომავალშიც

უსაფრთხოება ახლაც და მომავალშიც

რატომ არის უსაფრთხოება ასე ძნელად ხელმისაწვდომი და წარმავალი? შეიძლება, რომ ჩვენი უსაფრთხოების გრძნობა დაფუძნებული იყოს ფანტაზიაზე, თითქოსდა შესრულდება ყველაფერი, რასაც ვიმედოვნებთ, მიუხედავად იმისა რეალურია ეს იმედი თუ არა? მსგავს მცდარ წარმოდგენებს შეიძლება ოცნებების სამყაროში ცხოვრება ეწოდოს.

ასეთი წარმოდგენები გონებას საშუალებას აძლევს ზურგი აქციოს უსაფრთხოებას მოკლებულ ცხოვრების სინამდვილეს და იფრინოს მშვენიერ, უსაფრთხო გარემოში; ამასთანავე ყურადღება არ მიაქციოს იმას, რამაც შეიძლება ოცნებები დაუმსხვრიოს. თუმცა, ხშირად, პრობლემები რეალური სამყაროდან უეცრად იჭრება ამ ოცნებების სამყაროში, დაუნდობლად აცამტვერებს მოჩვენებითი კეთილდღეობის გრძნობას და მეოცნებეს აფხიზლებს, რომ თვალებში ჩახედოს რეალობას.

მოდი განვიხილოთ ერთ-ერთი სფერო, სადაც ადამიანები უსაფრთხოებას ეძებენ — გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. მაგალითად, შესაძლოა ისე ჩანდეს, თითქოს დიდი ქალაქი დიდ იმედებს იძლევა — უამრავ პერსპექტივას, დროის სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობას, დიდ ანაზღაურებასა და ფეშენებლურ საცხოვრებელს ჰპირდება ადამიანს. დიახ, ეს შეიძლება ნანატრ უსაფრთხოებად მივიჩნიოთ. მაგრამ, რამდენად რეალურია ასეთი წარმოდგენები?

დიდი ქალაქი თუ დიდი ოცნებები?

განვითარებად ქვეყნებში დიდი ქალაქების მიმზიდველობას რეკლამაც უწყობს ხელს და ხალხს ოცნებების ბურუსში ჰხვევს. ასეთი რეკლამების ორგანიზატორები სრულიად არ არიან დაინტერესებული თქვენი უსაფრთხოებით; მათ მხოლოდ საკუთარი შემოსავალი აინტერესებთ. ისინი რეალურ პრობლემებს საგულდაგულოდ ნიღბავენ და მოჩვენებითი უსაფრთხოების სურათს ხატავენ. გამოდის, რომ უსაფრთხოება დამოკიდებული ყოფილა მათ მიერ რეკლამირებულ პროდუქციასა და დიდ ქალაქებზე.

ვნახოთ ერთი მაგალითი. დასავლეთ აფრიკის ერთ ქალაქში ოფიციალურმა პირებმა დადგეს სარეკლამო ფარები, სადაც ნათლად იყო ნაჩვენები, რომ თამბაქოს მოწევა ოფლით ნაშოვნი ფულის დაწვის ტოლფასი იყო. ეს თამბაქოს წევის საწინააღმდეგო კამპანიის ნაწილი იყო. თავის მხრივ, სიგარეტის მწარმოებლები და გამსაღებლები ვალში არ დარჩნენ და გამოჭიმეს კარგად გააზრებული სარეკლამო დაფები, რომლებიდანაც მიმზიდველი, ბედნიერი და შეძლებული მწეველები იღიმებიან. გარდა ამისა, სიგარეტის მწარმოებელმა ერთმა კომპანიამ ზოგიერთი თანამშრომელი თვალისმომჭრელი ფორმითა და მოდური ბეისბოლის კეპებით შემოსა. ისინი ქუჩაში მოსეირნე ახალგაზრდებს სიგარეტებს ურიგებდნენ და ყველას სთავაზობდნენ: „გასინჯეთ!“. ამ გაუთვითცნობიერებელი ახალგაზრდებიდან უმრავლესობა სოფლებიდან იყო ჩასული და ასეთმა უბრალო სარეკლამო აქციამ ისინი შეცდომაში შეიყვანა, რის გამოც სისტემატური მწეველები გახდნენ. ეს ახალგაზრდები ქალაქში უსაფრთხოების საძებრად ჩავიდნენ, რომ დახმარებოდნენ ოჯახის წევრებს ან მიეღწიათ ფინანსური კეთილდღეობისთვის. ნაცვლად ამისა, ისინი ფულის უმეტესობას ქარს ატანენ, როცა შეიძლებოდა ამ სახსრების უკეთესი მიზნებისთვის გამოყენება.

რეკლამებში ასახული, დიდ ქალაქებში წარმატებული ცხოვრების მიღწევის იდეა ყოველთვის კომერსანტებისგან არ მომდინარეობს. ასეთ აზრს სოფლიდან დიდ ქალაქში ჩამოსულებიც ავრცელებენ, რომლებსაც ეუხერხულებათ მშობლიურ სოფლებში დაბრუნება. მათ არ სურთ, რომ გამოჩნდეს მათი წარუმატებლობა და ამის გამო ტრაბახობენ იმ სიმდიდრითა და წარმატებებით, რომლებსაც ვითომცდა ქალაქში მიაღწიეს. მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით მათ სოციალურ მდგომარეობას, დავინახავთ, რომ მათი ახლანდელი ცხოვრების დონე არაფრით არის იმაზე უკეთესი, რაც სოფელში ჰქონდათ; ისინიც ისევე ებრძვიან დუხჭირ ცხოვრებას, როგორც თავად ქალაქელები.

ახლად ჩამოსული უსაფრთხოების მაძიებლები, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ადვილად ხვდებიან ცუდ საზოგადოებაში. რატომ? ჩვეულებრივ ეს იმიტომ ხდება, რომ არა აქვთ საკმარისი დრო ახლო მეგობრების შესაძენად და თანაც ძალიან შორს არიან ოჯახის წევრებისგან. ამგვარად, არა ჰყავთ მრჩეველი, რომელიც დაეხმარებოდათ, არ გაბმულიყვნენ ქალაქში გავრცელებულ, გამდიდრებისკენ სწრაფვის, მახეში.

ჯოშუას არ დაუწყია სიგარეტის მოწევა. გარდა ამისა, მიხვდა, რომ ის, რაც ქალაქში წარმატებული ცხოვრებისთვის იყო საჭირო, მის ძალებს აღემატებოდა. ჯოშუას შემთხვევაში, ყველაზე დიდი, რაც ქალაქურ ცხოვრებას შეეძლო მიეცა მისთვის, აუხდენელი ოცნებები იყო. ის მიხვდა, რომ ქალაქში ვერ იპოვა ნამდვილი უსაფრთხოება; მისი ადგილი იქ არ იყო. სიცარიელის, უღირსობისა და წარუმატებლობის გრძნობა ერთი წამითაც არ შორდებოდა; ბოლოს და ბოლოს, პირადი „მე“ გადალახა და სოფელში დაბრუნდა.

ის შიშობდა, ქვეყნის სასაცილო არ გავხდეო, მაგრამ ოჯახი და ნამდვილი მეგობრები დიდი სიხარულით შეხვდნენ მის დაბრუნებას. ოჯახის წევრების სითბომ, სოფლის ჩვეულმა გარემომ და ქრისტიანულ კრებაში მეგობრების მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა მალე აგრძნობინა უფრო მეტი უსაფრთხოება, ვიდრე დიდმა ქალაქმა, სადაც ოცნებები ნამდვილ კოშმარად ექცა. მისდა გასაოცრად, მამასთან ერთად მინდორში გარჯამ მას და მის ოჯახს უფრო მეტი შემოსავალი მოუტანა, ვიდრე ქალაქში ჰქონდა.

ფული — სად იმალება პრობლემა?

შეუძლია ფულს უსაფრთხოება გაგრძნობინოს? კანადელი ლიზი ამბობს: „როგორც ყველა ახალგაზრდას, მეგონა, რომ ფული ყველანაირი სადარდებლისგან გამათავისუფლებდა“. მას შეუყვარდა საკმაოდ შეძლებული მამაკაცი და სულ მალე დაქორწინდნენ კიდეც. იგრძნო მან უსაფრთხოება? ლიზი განაგრძობს: „ჩვენ გვქონდა ულამაზესი სახლი, ორი ავტომობილი და ჩვენი ფინანსები საშუალებას გვაძლევდა, გვესარგებლა ფაქტობრივად ყველაფრით, იქნებოდა ეს გარკვეული ნივთები, მოგზაურობა თუ გართობა. რაოდენ უჩვეულოდაც უნდა ჩანდეს, ჩემი სადარდებელი ისევ ფული იყო“. ის გვიხსნის მიზეზს: „ჩვენ შეგვეძლო ყოველივე ეს უცბად დაგვეკარგა. როგორც ჩანს, რაც უფრო მეტი გაქვს, მით უფრო ნაკლებად უსაფრთხოდ გრძნობ თავს. ფულს არ ძალუძს, გაგათავისუფლოს სადარდებლისა და წუხილისგან“.

თუ ფიქრობთ, რომ არა გაქვთ საკმარისი ფული იმისათვის, რომ უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რაშია ძირითადი პრობლემა? ეს მართლა ფულის ნაკლებობაა თუ თანხის არაგონივრულად გამოყენება?“. თავის წარსულზე საუბრისას, ლიზი ამბობს: „ახლა ვხვდები, რომ პატარაობისას ჩვენი ოჯახის პრობლემების წყარო ფულის არაგონივრული ხარჯვა იყო. ყველაფერს კრედიტით ვყიდულობდით და ყოველთვის ვალებში ვიყავით ჩაფლული. ამას კი სადარდებლის მეტი არაფერი მოჰქონდა“.

ნაკლები შემოსავლის მიუხედავად, დღეს, ლიზი და მისი მეუღლე უფრო მეტ უსაფრთხოებას გრძნობენ. და ეს მას შემდეგ, რაც ღვთის სიტყვა შეისწავლეს, ფულის მახისგან დაიხსნეს თავი და ყური დაუგდეს ღვთის სიბრძნეს, რომელსაც ეს სიტყვები შეიცავს: „ჩემი გამგონე უდარდელად იცხოვრებს და მშვიდად, ბოროტის შიში არ ექნება“ (იგავნი 1:33). მათ უფრო მეტი აზრით აღსავსე სიცოცხლე სურდათ, ვიდრე ამის მოცემა დიდ საბანკო ანგარიშს შეეძლო. ახლა, ლიზი და მისი ქმარი შორეულ ქვეყანაში მსახურობენ მისიონერებად და მდიდრებსა თუ ღარიბებს ასწავლიან, რომ იეჰოვა ღმერთი სულ მალე ნამდვილი უსაფრთხოებით უზრუნველყოფს მთელი დედამიწის მკვიდრთ. ამ მსახურებას დიდი კმაყოფილება და სტაბილურობა მოაქვს, რომელიც აღმატებული მიზნებისა და ფასეულობების შედეგია და არა ჯიბის სისქისა.

გახსოვდეთ ძირითადი ჭეშმარიტება: ღვთის თვალში გამდიდრება პირდაპირი გაგებით სიმდიდრეზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. წმინდა წერილებში ყველგან ყურადღება ექცევა არა დიდ სიმდიდრეს, არამედ იეჰოვასთან კარგ ურთიერთობას; და ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად ღვთის ნების განუწყვეტლივ, რწმენით შესრულება გვმართებს. იესო ქრისტემ მოგვიწოდა, ‘გავმდიდრებულიყავით ღმერთში’ და შეგვეგროვებინა „საუნჯე ზეცაში“ (ლუკა 12:21, 33).

საზოგადოებრივი მდგომარეობა — რისკენ ისწრაფვი?

თუ ფიქრობთ, რომ მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობისკენ სწრაფვა უსაფრთხოების მიღწევის საშუალებაა, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რომელი საზოგადოებრივი მდგომარეობა უზრუნველყოფს ნამდვილ უსაფრთხოებას? რამდენად უნდა წავიწიო წინ, რომ მივაღწიო ამას?“. წარმატებულმა კარიერამ შეიძლება უსაფრთხოების ცრუ გრძნობა ჩაგვისახოს, რასაც იმედგაცრუებამდე ან, უარესიც, სავალალო დაცემამდე მივყავართ.

შემთხვევები ცხადყოფს, რომ ღვთის წინაშე შექმნილ კარგ სახელს ბევრად მეტი უსაფრთხოება მოაქვს, ვიდრე ადამიანთა წინაშე შექმნილს. მხოლოდ იეჰოვას შეუძლია, რომ ადამიანებს მარადიული სიცოცხლე უბოძოს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სახელი ჩაიწერება არა რომელიმე ცნობარში, არამედ ღმერთის სიცოცხლის წიგნში (გამოსვლა 32:32; გამოცხადება 3:5).

როგორ შეაფასებდით რეალურად თქვენს დღევანდელ მდგომარეობას და, გულახდილად რომ ვთქვათ, რას ელით მომავლისგან? არავინ ფლობს ყველაფერს. როგორც ერთმა ქრისტიანმაც აღნიშნა სწორად: „მე ვისწავლე, რომ ცხოვრებაში შეუძლებელია გქონდეს ყველაფერი; ხშირად გვიწევს არჩევნის გაკეთება“. მოდით აქ შეჩერდით და წაიკითხეთ ჩარჩო: „ამბავი ბენინიდან“.

ახლა კი უპასუხეთ ამ კითხვებს: რა არის ჩემი მთავარი მიზანი ცხოვრებაში? რით ვხელმძღვანელობ წარმატების მისაღწევად? ხომ არ ვადგავარ გრძელ, სახიფათო ბილიკს და იმის მიღწევა, რაც მე მართლა მსურს და რაც რეალურად შესაძლებელია, უფრო ადვილი გზით შეიძლება?

მატერიალური და სულიერი ფასეულობების ერთმანეთთან შედარებისას, იესომ გვირჩია, რომ თვალი „სუფთად“ შეგვენახა (მათე 6:22). მან თვალნათლივ დაგვანახვა, რომ ცხოვრებაში მთავარი ის სულიერი ფასეულობები და მიზნებია, რომლებიც ღვთის სახელს და მის სამეფოს უკავშირდება (მათე 6:9, 10). სხვა დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია და ჩვენი ყურადღების ცენტრში არ უნდა იყოს.

თანამედროვე ფოტოაპარატების უმეტესობა ავტომატურად სვამს ფოკუსში, როგორც დაშორებულ ისე ახლომდებარე საგნებს. თქვენც ასევე ახდენთ ფოკუსირებას? ნუთუ ყველაფერი, რაც თქვენი თვალთახედვის არეშია — მნიშვნელოვანი, შესაფერისი და, რადგან სასურველია, ხელმისაწვდომი ხდება? თუ ეს ნაწილობრივ მაინც ასეა, მაშინ ქრისტიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი — სამეფო — შეიძლება ადვილად დაიკარგოს უამრავ სხვა საკითხებს შორის, რომლებიც ჩვენს ყურადღებას იპყრობენ. იესომ სერიოზული გაფრთხილება მოგვცა: „თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ“ (მათე 6:33).

უსაფრთხოება ახლაც და მომავალშიც

შეიძლება ვოცნებობთ, რომ ჩვენ ან ჩვენს ახლობლებს ყოველივე საუკეთესო ჰქონდეთ. მაგრამ ფაქტია, რომ არასრულყოფილები ვართ, ვცხოვრობთ არასრულყოფილ მსოფლიოში და ისიც მცირე ხნით. ამიტომ ჩვენი იმედები რეალური უნდა იყოს. ბიბლიის ერთმა დამწერმა ასეულობით წლით ადრე ახსნა: „ისიც შევიტყვე ამ მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არც მამაცთა ნებაზეა ომი, არც ბრძენთა ნებაზეა პური, არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე, არც მცოდნეთა ნებაზეა მადლი; რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“ (ეკლესიასტე 9:11).

ხანდახან ყოველდღიური ცხოვრებისეული საქმიანობა ისე ჩაგვითრევს ხოლმე, რომ გვავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ ვინ ვართ ჩვენ და რა გვჭირდება სინამდვილეში, რომ მართლაც უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი. დაუფიქრდი საუკუნეების უწინ ნათქვამ ამ ბრძნულ სიტყვებს: „ფულის მოყვარული ფულით ვერ გაძღება, და არც სიმდიდრის მოყვარული თავის შემოსავლით. ესეც ამაოებაა. ტკბილია ძილი მშრომელი კაცის, გინდ ცოტა ჭამოს, გინდა ბევრი; ხოლო სიმაძღრე ძილს უფრთხობს მდიდარს“ (ეკლესიასტე 5:9, 11). მაშასადამე, სად შეიძლება უსაფრთხოების პოვნა?

თუ ისეთივე არარეალურ გეგმებს ისახავთ, როგორსაც ჯოშუა, შეგიძლიათ შეცვალოთ ისინი? ის ადამიანები, რომლებსაც მართლა უყვარხართ, მხარში ამოგიდგებიან, ისევე როგორც ჯოშუას დაეხმარნენ ოჯახის წევრები და მეგობრები ქრისტიანული კრებიდან. თავი შეიძლება უფრო უსაფრთხოდ იგრძნოთ შედარებით უბრალო გარემოში მათთან ყოფნით, ვისაც უყვარხართ, ვიდრე ქალაქში, სადაც ყველა თქვენ გამოყენებას ცდილობს.

თუ ლიზისა და მისი მეუღლის მსგავსად ფინანსურად უკვე საკმაოდ შეძლებული ხართ, შეგიძლიათ ისე წარმართოთ თქვენი ცხოვრება, რომ უფრო მეტი დრო და ძალ-ღონე დაუთმოთ ხალხის დახმარებას, ასწავლოთ მდიდრებსაც და ღარიბებსაც სამეფოს შესახებ, რომელიც ნამდვილ უსაფრთხოებას მოიტანს?

თუ ცდილობთ უფრო მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის ან თანამდებობის მოპოვებას, გულახდილად იფიქრეთ, რა აღგძრავთ ამისკენ. შესაძლოა თქვენთვის ხელმისაწვდომია კომფორტი, რაც ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს ხდის, მაგრამ აყენებთ სამეფოს — მუდმივი უსაფრთხოების მიღწევის საშუალებას — პირველ ადგილზე? გაიხსენეთ იესოს სიტყვები: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35). თუ მონაწილეობთ კრების მრავალფეროვან საქმიანობაში, მაშინ ნანატრ უსაფრთხოებას იგრძნობთ.

ისინი, რომელთაც მტკიცედ სწამთ იეჰოვასი და მისი სამეფოსი, ახლაც უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და იმედით ელიან სრული უსაფრთხოების დამყარებას მომავალში. ფსალმუნმომღერალმა თქვა: „წარმოვიდგენ უფალს ჩემს პირდაპირ მუდამ, რადგან ჩემს მარჯვნივ არის, არ დავეცემი. ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ილხინა ჩემმა ღირსებამ; ჩემი ხორციც მოისვენებს იმედნეულად“ (ფსალმუნი 15:8, 9).

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

ამბავი ბენინიდან

ეს ამბავი სხვადასხვა სახით უამრავჯერ აქვთ მონაყოლი. ამას წინათ, სოფლის ერთმა ხანდაზმულმა მკვიდრმა ბენინიდან (დასავლეთ აფრიკა) ამ ისტორიის ერთ-ერთი ვარიანტი მოუთხრო რამდენიმე ახალგაზრდას:

ერთი მეთევზე სახლში ბრუნდებოდა თავისი პატარა ხის ნავით და შემოხვდა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ამ განვითარებად ქვეყანაში საქმიანობდა. სახლში ასე ადრე რატომ ბრუნდებიო? — დაინტერესდა უცნობი. მან უპასუხა, რომ უფრო დიდხანს დარჩენაც შეეძლო, მაგრამ ოჯახისთვის საკმარისი თევზი უკვე ჰქონდა.

„და მაინც, რას აკეთებ ხოლმე მთელი დღის განმავლობაში?“ — ჰკითხა საქმოსანმა.

მეთევზემ მიუგო: „დილაობით ცოტა ხანს ვთევზაობ ხოლმე, მერე ჩემს პატარებს ვეთამაშები. ნაშუადღევის პაპანაქებაში ჩრდილქვეშ წავთვლემ ხოლმე და საღამოობით კი მთელი ოჯახი ერთად შემოვუსხდებით ხოლმე სუფრას. მერე კი მეგობრებთან ვერთობი ცოტას, მუსიკას ვუსმენ და...“

„მოიცა, მოიცა! — შეაჩერა ბიზნესმენმა. — მე უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და ეს საკითხები კარგად მაქვს შესწავლილი. მინდა დაგეხმარო. შენ უფრო დიდხანს უნდა ითევზაო; უფრო მეტ ფულს იშოვი და უფრო დიდი ნავის ყიდვასაც შეძლებ. დიდი ნავით კი იმდენს ფულს დააგროვებ, რომ მალე რამდენიმე თევზსაჭერი გემის მფლობელიც კი გახდები“.

„მერე?“ — დაინტერესდა მეთევზე.

„მერე, იმის მაგივრად, რომ თევზი გადამყიდველების მეშვეობით გაყიდო, უშუალოდ ქარხანასთან უნდა დაიწყო მოლაპარაკება ან, უფრო მეტიც, თევზის გადამამუშავებელი საკუთარი ქარხანა უნდა ააგო. შენ შეძლებ ამ სოფლიდან კოტონუში, პარიზში ან ნიუ-იორკში გადასვლას და ამ საქმიანობის იქიდან წარმოებასაც. შეგიძლია იმაზეც იფიქრო, რომ შენი კაპიტალი საფონდო ბირჟაზე დააბანდო და მილიონები ნიაღვარივით წამოვა შენკენ“.

„რამდენი ხანი დამჭირდება ამ ყველაფრის გასაკეთებლად?“ — იკითხა მეთევზემ.

„შესაძლოა 15-დან 20 წლამდე“, — წარბიც არ შეიხარა ბიზნესმენმა.

„და მერე?“ — კვლავ იკითხა მეთევზემ.

„აი, მაშინ, ცხოვრება საინტერესო გახდება, — განუმარტა სპეციალისტმა, — მერე შეგიძლია დაისვენო. შეგიძლია თავი გაანებო ამ ორომტრიალსა და ფაციფუცს და რომელიმე სოფელში გადახვიდე“.

„დაბოლოს რაღა?“ — ჩაეძია მეთევზე.

„მერე იმდენი დრო გექნება, რომ დილაობით ცოტა ხანს წაითევზავებ ხოლმე, მერე შენს პატარებს გაეთამაშები. ნაშუადღევის პაპანაქებაში ჩრდილქვეშ წათვლემ ხოლმე და საღამოობით კი მთელი ოჯახი ერთად შემოუსხდებით ხოლმე სუფრას. მერე კი მეგობრებთან გაერთობი ცოტას, მუსიკას მოუსმენ და...“.

[სურათები 7 გვერდზე]

მოაქვს დაწინაურებას უსაფრთხოება?

[სურათები 8 გვერდზე]

თანაქრისტიანები მართლაც დაინტერესებული არიან თქვენი უსაფრთხოებით.