არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ფილიპინების მთებში ღვთის განდიდება

ფილიპინების მთებში ღვთის განდიდება

ფილიპინების მთებში ღვთის განდიდება

მართალი ბრძანდებით, თუ სიტყვა ფილიპინელების გაგონებაზე, კუნძულის მკვიდრნი წარმოგიდგებათ თვალწინ. მაგრამ ფილიპინები შთამბეჭდავი მთების ქვეყანაცაა. იეჰოვას მოწმეებისთვის ქალაქებსა თუ ბარში ქადაგება შედარებით ადვილი და ეფექტურია, მაგრამ მთიანი რეგიონები სულ სხვაა.

ქვიშიანი ნაპირის, მარჯნის რიფების, თევზჭერით დაკავებული სოფლებისა და კუნძულის აფუსფუსებული ქალაქების ფონზე აშკარად იკვეთება ამაყად წამომართული მთაგრეხილები. მაგრამ ეს მთები სირთულეს უქმნის ღვთის სამეფოს შესახებ „სახარების“ ქადაგებას (მათე 24:14).

ფილიპინების კუნძულები ორი ტექტონური ქანის შერწყმის ადგილას მდებარეობს. შედარებით დიდ კუნძულებზე ამ შერწყმის შედეგად ციცაბო კალთებიანი მთაგრეხილებია წარმოქმნილი. ფილიპინების კუნძულები, რომელთა რაოდენობაც 7100-ს შეადგენს, წყნარი ოკეანის ვულკანური სარტყლის დასავლეთ რკალზე მდებარეობს. ამიტომ მათზე ბევრია ვულკანები; ესეც ხელს უწყობს მთიანი ლანდშაფტის წარმოქმნას. ასეთი უსწორმასწორო რელიეფის გამო მთებში მცხოვრები ხალხი გარე სამყაროს მოწყვეტილია. ამ ხალხამდე მისვლა რთულია, რადგან იქამდე მისასვლელი ნორმალური სატრანსპორტო გზები შედარებით ცოტაა.

იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ ამ დაბრკოლებების მიუხედავად, აუცილებელია ‘ყველა ადამიანთან‘ მივიდნენ (1 ტიმოთე 2:4). ამიტომ ფილიპინებში მოწმეები ესაიას 42:11, 12-ში მოცემული სულისკვეთების შესაბამისად მოქმედებდნენ: „იზეიმონ კლდეთა მცხოვრებლებმა, მთათა მწვერვალიდან იყიჟინონ! მიაგონ უფალს პატივი და მისი სადიდებელი ზღვისპირელთა შორის გამოაცხადონ!“.

იქაურ მთებში მცხოვრები ხალხისთვის მთელი შემართებით ქადაგება 50 წელზე მეტი ხნის წინათ დაიწყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამ საქმიანობას ბიძგი მისიონერებმა მისცეს. მრავალმა ადგილობრივმა მკვიდრმა მიიღო ბიბლიური ჭეშმარიტება, რის შემდეგაც უკვე თავად დაიწყეს მთების მიყრუებულ სოფლებში ჭეშმარიტების გავრცელება. შედეგები შესანიშნავი იყო. მაგალითად, ჩრდილოეთ ლუსონის მთიანეთის ცენტრალურ კორდილიერში სასიხარულო ცნობის 6000-ზე მეტი მქადაგებელია. მათი უმეტესობა ადგილობრივი მკვიდრია და იბალოი, იფუგაო ან კალინგა ენაზე ლაპარაკობს.

მაგრამ მთებში ჯერ კიდევ არის ისეთი სოფლები, სადაც მისვლა ძალიან რთულია. მიუხედავად ამისა, იქაური ხალხი მივიწყებული არ დარჩენილა. როგორ მოხდა ზოგ მათგანში ჭეშმარიტების თესლის ჩათესვა და როგორი იყო მათი რეაქცია?

ტრადიციას ჭეშმარიტი რწმენა ცვლის

კუნძულ ლუსონის ჩრდილოეთ ნაწილში, მთიან რეგიონში მდებარეობს პროვინცია აბრა, რომელიც ტინგებით არის დასახლებული. ეს სახელი წარმოქმნილია მალაიური სიტყვა „ტინგისგან“, რაც „მთას“ ნიშნავს. მართლაც რომ შესაფერისი სახელია! ეს ხალხი თავიანთ თავსა და ენას იტნეგსაც უწოდებს. სწამთ ღმერთი კაბუნიანი და ცრურწმენა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდ ზეგავლენას ახდენს. მაგალითად, ადამიანისთვის, რომელიც სადმე წასვლას აპირებს, ცხვირის დაცემინება ცუდის მომასწავებლად ითვლება. მან ორიოდე საათი უნდა მოიცადოს, რომ ცუდმა გავლენამ გადაიაროს.

1572 წელს მათთან ესპანელები ჩავიდნენ და თან კათოლიციზმი ჩაიტანეს, მაგრამ ტინგელებისთვის ჭეშმარიტი ქრისტიანობა არ უსწავლებიათ. ვინც კათოლიკე ხდებოდა, არც თავის კაბუნიანისადმი რწმენას ივიწყებდა და ადგილობრივ ჩვეულებებსაც ერთგულობდა. ბიბლიის შესახებ ჭეშმარიტმა შემეცნებამ პირველად ამ ადამიანებამდე XX საუკუნის 30-იან წლებში მიაღწია; მაშინ დაიწყეს ფილიპინების მთებში იეჰოვას მოწმეებმა სამეფოს შესახებ ქადაგება. მას შემდეგ მრავალმა კეთილი გულის მქონე ტინგელმა დაიწყო „მთათა მწვერვალიდან“ იეჰოვას განდიდება.

მაგალითად, ლინგბაუანი ადრე ტომის პატივდებული ბელადი იყო და ტინგური კულტურის დიდი დამცველი გახლდათ. „ტინგურ ტრადიციებს არ ვღალატობდი. თუ ვინმეს მოკლავდნენ, მისი დაკრძალვის შემდეგ საცეკვაო რიტუალს ვასრულებდით და გონგზე ვუკრავდით. აგრეთვე ცხოველური შესაწირავიც მოგვქონდა. გვწამდა კაბუნიანის და არაფერი ვიცოდით ბიბლიის ღმერთის შესახებ“, — გვიყვება ლინგბაუანი. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ეგრეთ წოდებული კათოლიკეები იყვნენ, მათი საქმე ასე გახლდათ.

ერთხელაც, იქ იეჰოვას მოწმეები მივიდნენ. შეხვდნენ ლინგბაუანს და ბიბლიის წაკითხვა ურჩიეს. ეს ყოფილი ბელადი იხსენებს: „ბიბლიამ დამარწმუნა, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია“. შემდეგ მოწმეებმა მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. შედეგად, ლინგბაუანმა ჭეშმარიტი ღვთისთვის მსახურება გადაწყვიტა. შეიცვალა ადრინდელი ცხოვრების წესი და ტომის ბელადობასაც თავი ანება, რამაც ადგილობრივი მღვდელი და ყოფილი მეგობრები ძალიან გაანაწყენა. მაგრამ ლინგბაუანისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონია, რადგან უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, ბიბლიური ჭეშმარიტების შესაბამისად ეცხოვრა. ახლა კი ის კრების უხუცესად მსახურობს.

შვიდი დღე და ექვსი ღამე

ახლა აბრის ზოგ ნაწილში სასიხარულო ცნობა საკმაოდ ხშირად გაისმის, მაგრამ არის ისეთი მიყრუებული ადგილები, სადაც ეს ცნობა მხოლოდ დროდადრო აღწევს. არც ისე დიდი ხნის წინათ მოწმეებმა იზრუნეს იმაზე, რომ ერთ-ერთ ასეთ ადგილას საფუძვლიანად ექადაგათ. 35 კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა საქადაგოდ წასვლა გადაწყვიტა ტინეგში (აბრა), სადაც ადრე რეგულარულად არავინ ქადაგებდა და ბოლოს მოწმეები მხოლოდ 27 წლის წინათ იყვნენ.

მოწმეები იქ ფეხით წავიდნენ და მოგზაურობამ შვიდ დღეს გასტანა. წარმოიდგინეთ კიდული ხიდებისა და ღრმა მდინარეების გადალახვა, მთაგრეხილებზე მძიმე, სურსათით დატვირთული ბარგით სიარული და ეს ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ სასიხარულო ცნობა გაეგოთ მათ, ვისაც ის იშვიათად სმენოდათ! მოგზაურობის ექვსი ღამიდან ოთხის განმავლობაში მოწმეებს მთის სუფთა ჰაერზე ეძინათ.

ფიზიკურად ამტან მოწმეებს გარკვეული რაოდენობით საკვები კი მიჰქონდათ თან, მაგრამ მთელი ამ მოგზაურობისთვის სამყოფი საკვების ტარება შეუძლებელი იყო. და მაინც, ამას სირთულე არ შეუქმნია, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა დიდი სიამოვნებით ცვლიდა საკვებს ბიბლიურ პუბლიკაციებზე. მოწმეები უხვად იღებდნენ შინაური ცხოველების ხორცსა თუ მიწის მოსავალს, თევზსა თუ ირმის ხორცს. თუმცა იყო გარკვეული არასასიამოვნო მომენტებიც, ჯგუფმა აღნიშნა: „გაღებული მსხვერპლის სანაცვლოდ უდიდეს სიხარულს ვიღებდით“.

ამ შვიდი დღის განმავლობაში მოწმეები ათ სოფელს ეწვივნენ, სადაც 60 წიგნი, 186 ჟურნალი, 50 ბროშურა და მრავალი ტრაქტატი გაავრცელეს. 74 ჯგუფს აჩვენეს, თუ როგორ ტარდება ბიბლიის შესწავლა. ქალაქ ტინეგში ადგილობრივი ოფიციალური პირებისა და გამოჩენილი მოქალაქეების თხოვნით ჩაატარეს კრების შეხვედრა, რომელსაც 78 ადამიანი ესწრებოდა. დამსწრეთა უმეტესობა მასწავლებლები და პოლიციელები იყვნენ. იმედია, მრავალი ტინგელი შეუერთდება მთათა მწვერვალებიდან ‘მოყიჟინეთა’ და იეჰოვას განმადიდებელთა რიგებს.

ოქროზე ძვირფასი

ფილიპინების სამხრეთ ნაწილში მდებარე ზოგ კუნძულზე ესპანელებმა ოქრო იპოვეს. ამიტომაც ამ ადგილს მინდორო ეწოდა, რაც ესპანური გამოთქმის „მინა დე ორო“-ს შემოკლებული ფორმაა და „ოქროს საბადოს“ ნიშნავს. მაგრამ დღეს იმ კუნძულებზე ოქროზე ძვირფას რამეს პოულობენ — ადამიანებს, რომლებსაც ჭეშმარიტი ღმერთის, იეჰოვასათვის მსახურება სურთ.

დაახლოებით 125000 მანგიანელებად წოდებული ადგილობრივი მკვიდრი შიდა მინდოროს შორეულ ტყეებში ბინადრობს. ისინი უბრალოდ, უმეტესწილად გარე სამყაროსგან მოწყვეტილად ცხოვრობენ; აქვთ საკუთარი ენა. უმეტესობა ანიმისტი ან პოლითეისტია და ზებუნებრივი ძალების სწამთ.

დროდადრო საკვებისა და სხვა ყოველდღიურად საჭირო ნივთების შესაძენად მანგიანელები სანაპიროზე ჩადიან, რათა სამუშაო იშოვონ. გამონაკლისი არც მანგიანელთა ერთ-ერთი ტომის, ბატანგანის, წარმომადგენელი პაელინგი გახლდათ. ის თავის ხალხთან ერთად ერთ მიყრუებულ მთიანეთის ტყეში გაიზარდა; იზიარებდა იმავე რწმენას, რასაც სხვა ბატანგანელები და იცავდა იმავე ჩვეულებებს, რასაც სხვები. იქ ჩვეულებრივ სამოსს მხოლოდ თეძოზე შემოხვეული ნაჭერი შეადგენდა. კარგი მოსავლის მისაღებად ბატანგანიელთა ტრადიციის თანახმად, მორწმუნეებს ქათამი უნდა დაეკლათ და სანამ ლოცულობდნენ, მისი სისხლი წვეთ-წვეთობით წყალს უნდა შერეოდა.

პაელინგი უკვე აღარ არის ამ ტრადიციის მიმდევარი. რატომ? იმიტომ რომ, როდესაც ბარში ჩავიდა, ისეთი სამუშაო იპოვა, სადაც იეჰოვას მოწმეთა ოჯახებთან უწევდა მუშაობდა. ერთხელ ერთმა ასეთმა ოჯახმა ისარგებლა შემთხვევით და პაელინგს ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ ლაპარაკი დაუწყო. მასზე იმოქმედა ამ ინფორმაციამ და ნამდვილად დააფასა კაცობრიობისა და დედამიწის მიმართ იეჰოვას განზრახვის შესახებ ცნობა. მოწმეებმა პაელინგს ხელი შეუწყეს, რომ დაწყებით სკოლაში შესულიყო და მასთან ბიბლიის შესწავლაც დაიწყეს. პაელინგი 24 წლის ასაკში მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. 30 წლის ასაკში უკვე მეორე წელი იყო, რაც საშუალო სკოლაში დადიოდა და სკოლა მის სამქადაგებლო ტერიტორიად იქცა. ახლა მას როლანდოს ეძახიან (ეს სახელი ბარშია გავრცელებული).

ახლა, თუ როლანდოს შეხვდებით, წინ კარგად ჩაცმული, მომღიმარი მამაკაცი წარმოგიდგებათ, რომელიც სრული დროით მქადაგებელია. ის მინდოროს ერთ-ერთ კრებაში თანაშემწედ მსახურობს. არც ისე დიდი ხნის წინათ როლანდო მთებში დაბრუნდა, მაგრამ არა იმისთვის, რომ ბატანგანიელებს თავიანთი ტრადიციების შესრულებაში შეერთებოდა, არამედ იმისათვის, რომ მათთვის ბიბლიური ჭეშმარიტება გაეზიარებინა.

ისინი დიდად იყვნენ მოწადინებული, რომ სამეფო დარბაზი ჰქონოდათ

პროვინცია ბუკიდნონი (ამ სახელის მნიშვნელობა სებუურ ენაზე „მთის ხალხს“ ნიშნავს) კუნძულ მინდანაოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ის მდიდარია მთებით, კანიონებით, მდინარეთა ხეობებითა და პლატოებით. ნოყიერ ნიადაგზე ანანასის, სიმინდის, ყავის, ბრინჯისა და ბანანის უხვი მოსავალი მოდის. მაღალმთიან რეგიონებში ტალაანდიგისა და ჰიგაონონის ტომები სახლობენ. მათაც სჭირდებათ იეჰოვას შესახებ შემეცნების მიღება. არც ისე დიდი ხნის წინათ ქალაქ ტალაკაგის მახლობლად ამის შესაძლებლობა შეიქმნა და ეს ძალზე საინტერესო სახით მოხდა.

მოწმეები მთებში ავიდნენ, სადაც გრილი კლიმატი, მაგრამ თბილი მასპინძლები დახვდნენ. ადგილობრივ მოსახლეობას თუ დავუჯერებთ, მათ სწამთ ყოვლისშემძლე ღმერთის, მამის, მაგრამ მისი სახელი არ იციან. ისინი დროს უმეტესწილად ტყეში ატარებენ; ამიტომაც მაშინ იეჰოვას მოწმეებს პირველად შეხვდნენ. მოწმეებმა უთხრეს, თუ რა ჰქვია ღმერთს და მოუყვნენ ღვთის სამეფოსთან დაკავშირებული ბრწყინვალე იმედის შესახებ. მოსმენილმა ადგილობრივი მკვიდრნი ძალიან აღაფრთოვანა. ამიტომ მოწმეებმა მათი კვლავ მონახულება გადაწყვიტეს.

მართლაც, პირველ სტუმრობას რამდენიმე შემდგომი სტუმრობა მოჰყვა. შედეგად, ადგილობრივმა მკვიდრებმა იეჰოვას მოწმეთა „სახლის“ ასაშენებლად მიწის ნაკვეთი გამოყვეს. მოწმეებმა სიამოვნებით მიიღეს ეს საჩუქარი. მიწის აღნიშნული ნაკვეთი იმ არემარეში ყველაზე მაღალ მთაზე მდებარეობდა და გზას გადაჰყურებდა. ხისგან, ბამბუკისა და პალმის ტოტებისგან იქ ნაგებობა წამომართეს. ამ სამუშაოს შესრულებას სამი თვე და ათი დღე დასჭირდა. ყველაზე გამოსაჩენ ადგილას, შენობის წინა ფასადზე, გამოაკრეს წარწერა: „იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზი“. წარმოიდგინეთ, სამეფო დარბაზი ააშენეს მანამდე, სანამ კრება ჩამოყალიბდებოდა!

მშენებლობის დასრულების შემდეგ სრული დროით მსახური კრების უხუცესი და ერთი თანაშემწე იქ გადასახლდნენ. მეზობელ ტერიტორიებზე მცხოვრებ სხვა მოწმეებთან ერთად ისინიც იღწვოდნენ იმისათვის, რომ კრება დაეფუძნებინათ. 1998 წლის აგვისტოში მათი მიზანი განხორციელდა. ერთი პატარა კრება ახლა მაქსიმალურად იყენებს სამეფო დარბაზს და მთებში მცხოვრებ ხალხს ბიბლიური ჭეშმარიტების შესწავლაში ეხმარება.

მართლაც, იეჰოვამ დიდებულად გამოიყენა თავისი თავგამოდებული მსახურები ფილიპინებში სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების გასავრცელებლად ისეთ ძნელად მისადგომ ადგილებშიც კი, როგორიცაა იქაური მთები. გვახსენდება ესაიას 52:7-ში ჩაწერილი სიტყვები: „რა საამურია მთებზე მახარობლის ნაბიჯები“.

[რუკები 11 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

აბრა

მინდორო

ბუკიდნონი

[საავტორო უფლება]

Globe: Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.

[სურათები 10 გვერდზე]

მთებში ქადაგებისთვის საათობით ფეხით სიარული და დასერილ-დაღარული მიდამოების გადალახვაა საჭირო.

[სურათი 10 გვერდზე]

ნათლობა მთის მდინარეში.