არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხანდახან გონივრულია, გავიქცეთ

ხანდახან გონივრულია, გავიქცეთ

ხანდახან გონივრულია, გავიქცეთ

დღეს წუთისოფელი მოჩვენებითი გაბედულების, მტრული განწყობილების გამოვლენის ან ცდუნების აყოლის სულით არის გაჟღენთილი. ადამიანს, რომელიც გარკვეულ სიტუაციაში თავს გაქცევით შველის, ჩვეულებრივ, სუსტ ან ლაჩარ პიროვნებად მიიჩნევენ. ის შეიძლება დაცინვის ობიექტიც კი გახდეს.

მაგრამ ბიბლია ცხადყოფს, რომ გარკვეულ სიტუაციებში გაქცევა გონივრულიცაა და ვაჟკაცობის გამოვლენაც. ამის დამადასტურებელია საქადაგოდ გაგზავნამდე იესო ქრისტეს მიერ თავისი მოწაფეებისთვის ნათქვამი სიტყვები: „როცა ერთ ქალაქში დევნას დაგიწყებენ, მეორისაკენ გაიქეცით“ (მათე 10:23). დიახ, იესოს მოწაფეები თავიანთ მდევნელებს უნდა გაჰქცეოდნენ. სხვების ძალით მოსაქცევად ისინი ჯვაროსნულ ლაშქრობებს არ მართავდნენ. იესოს მოწაფეები ხომ მშვიდობის ცნობის მახარებლები იყვნენ (მათე 10:11—14; საქმეები 10:34—37). ამგვარად, ნაცვლად იმისა, რომ განრისხებულიყვნენ, ქრისტიანები გარბოდნენ, რათა პროვოკაციის წყაროს გაშორებოდნენ. ასე მოქმედებით მათ როგორც სუფთა სინდისი, ისე იეჰოვასთან ძვირფასი ურთიერთობა შეინარჩუნეს (2 კორინთელთა 4:1, 2).

ამის საპირისპირო მაგალითის პოვნა შესაძლებელია ბიბლიის ერთ-ერთ წიგნში „იგავნი სოლომონისა“. იქ მოთხრობილია ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ, რომელიც, ნაცვლად იმისა, რომ ცდუნებას გაქცეოდა, „როგორც დასაკლავი ხარი“ ისე გაჰყვა მეძავს უკან. როგორი იყო შედეგი? კატასტროფული, რადგან ცდუნებას აყოლა საკუთარი სულის ფასად დაუჯდებოდა (იგავნი 7:5—8, 21—23).

რა შეიძლება ითქვას თქვენ შესახებ? რას იზამდით სქესობრივი უზნეობის ან სხვა პოტენციურად საშიში მდგომარეობის პირისპირ რომ აღმოჩენილიყავით? ღვთის სიტყვის თანახმად, მართებული იქნებოდა, გაქცეულიყავით, რათა საშიშ ზონას, რაც შეიძლება სწრაფად, გასცლოდით (იგავნი 4:14, 15; 1 კორინთელთა 6:18; 2 ტიმოთე 2:22).