არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ გადარჩება იეჰოვას დღეს?

ვინ გადარჩება იეჰოვას დღეს?

ვინ გადარჩება იეჰოვას დღეს?

„მოდის დღე, თონესავით ავარვარებული“ (მალაქია 3:19).

1. როგორ აღწერს მალაქია ამ ბოროტი სისტემის განადგურებას?

წინასწარმეტყველი მალაქია ღვთისგან იყო აღძრული, აღეწერა საშინელი მოვლენები, რომლებიც უახლოეს მომავალში მოხდება. ეს მოვლენები მსოფლიოში მცხოვრებ ყველა ადამიანზე მოახდენს ზეგავლენას. მალაქიას 3:19-ში ნაწინასწარმეტყველებია: „აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული და ყველა ამპარტავანი და ავისმოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე, ამბობს ცაბაოთ უფალი; ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს“. რამდენად საფუძვლიანი იქნება ამ ბოროტი სისტემის განადგურება? ეს ისეთივე ყოვლისმომცველი იქნება, როგორც ხის ძირფესვიანად მოსპობა ისე, რომ აღარასოდეს გაიზარდოს.

2. როგორ აღწერს დღეს ზოგი ბიბლიური მუხლი იეჰოვას?

2 შეიძლება იკითხოთ: რა დღის შესახებ წინასწარმეტყველებს მალაქია? ეს ის დღეა, რომელიც მოხსენიებულია ესაიას 13:9-ში, სადაც ვკითხულობთ: «აჰა, დადგა უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე — დღე სასტიკი, დღე რისხვისა და გაცეცხლებისა ქვეყნიერების იავარსაყოფად და ცოდვილთა წარსახოცად მისი პირისაგან». სოფონიას 1:15-ში კი ეს დღე შემდეგნაირად არის აღწერილი: „რისხვის დღეა ის დღე, ჭირისა და სიმწრის დღე, ნგრევისა და მოოხრების დღე, სიბნელისა და წყვდიადის დღე, ჯანღისა და ბურუსის დღე“.

„დიდი გასაჭირი“

3. რა არის „იეჰოვას დღე“?

3 მალაქიას წინასწარმეტყველების ძირითადი შესრულებისას „იეჰოვას დღე“ ასოცირდება „დიდ გასაჭირთან“. იესომ იწინასწარმეტყველა: „იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება“ (მათე 24:21). დაფიქრდით, რა გასაჭირშია მსოფლიო, განსაკუთრებით 1914 წლიდან (მათე 24:7—12). მეორე მსოფლიო ომმა 50 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა! მიუხედავად ამისა, „დიდი გასაჭირი“ დაჩრდილავს ასეთ მოვლენებს. ეს დიდი გასაჭირი ანუ იეჰოვას დღე არმაგედონით დამთავრდება, რომელიც ამ ბოროტი სისტემის უკანასკნელ დღეებს დაასრულებს (2 ტიმოთე 3:1—5, 13; გამოცხადება 7:14; 16:14, 16).

4. რა მოხდება იეჰოვას დღის განმავლობაში?

4 იეჰოვას ამ დღის განმავლობაში, სატანის წუთისოფელი და ყველა მისი მომხრე განადგურდება. პირველ რიგში, ცრუ რელიგიას მოეღება ბოლო, შემდეგ კი იეჰოვას მსჯავრი თავს დაატყდება სატანის ეკონომიკურ და პოლიტიკურ სისტემებს (გამოცხადება 17:12—14; 19:17, 18). ეზეკიელმა იწინასწარმეტყველა: „თავიანთ ვერცხლს გარეთ გადაყრიან და ოქრო სიბინძურედ იქცევა; ოქრო-ვერცხლი ვერ იხსნის მათ უფლის რისხვის დღეს“ (ეზეკიელი 7:19). ამ დღის შესახებ სოფონიას 1:14 ამბობს: „ახლოს არის უფლის დიდი დღე, ახლოს არის და მოვა ძალიან მალე“. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რასაც ბიბლია იეჰოვას დღის შესახებ გვამცნობს, ღვთის სამართლიანი მოთხოვნების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ.

5. რა ელით იეჰოვას სახელის მოშიშართ?

5 იეჰოვას დღეს სატანის წუთისოფლის ხვედრის შესახებ წინასწარმეტყველების შემდეგ მალაქიას 3:20 იეჰოვას სიტყვებს გვამცნობს: „ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა და კურნება იქნება მის ფრთებზე; თქვენც გამოხვალთ და აკუნტრუშდებით ბაგის ხბოებივით“. „მზე სიმართლისა“ იესო ქრისტეა. ის სულიერი ‘ნათელია წუთისოფლისა’ (იოანე 8:12). იესო განმკურნავ სინათლეს ასხივებს, რომელიც სულიერად დღესვე გვკურნავს, ხოლო ფიზიკურად კი ახალ ქვეყნიერებაში სრულიად განგვკურნავს. იეჰოვა ამბობს, რომ განკურნებულები ‘გამოვლენ და აკუნტრუშდებიან ბაგის ხბოებივით’, რომლებსაც გათავისუფლება ახარებთ.

6. გამარჯვების რა ზეიმს აღნიშნავენ იეჰოვას მსახურები?

6 რა შეიძლება ითქვას იეჰოვას მოთხოვნების უგულებელმყოფელებზე? მალაქიას 3:21 გვაუწყებს: „გათელავთ [ღვთის მსახურებო] ბოროტეულთ, რადგან უნდა გაცამტვერდნენ ისინი თქვენს ტერფებქვეშ იმ დღეს, რომელსაც მე ვამზადებ, ამბობს ცაბაოთ უფალი“. ღვთის თაყვანისმცემელი ადამიანები არ მიიღებენ მონაწილეობას სატანის წუთისოფლის განადგურებაში. ისინი ფიგურალურად ‘გათელავენ ბოროტეულთ’ იმით, რომ მონაწილეობას მიიღებენ გამარჯვების ზეიმში, რომელიც იეჰოვას დღეს მოჰყვება. ფარაონისა და მისი ლაშქრის მეწამულ ზღვაში განადგურებასაც ხომ დიდი ზეიმი მოჰყვა (გამოსვლა 15:1—21). დიდ გასაჭირში სატანისა და მისი წუთისოფლის ჩამოშორებასაც გამარჯვების ზეიმი მოჰყვება. იეჰოვას დღეს გადარჩენილი ერთგულები სიხარულით იყიჟინებენ: „გავიხაროთ მისმიერი ხსნით!“ (ესაია 25:9). რა სასიხარულო იქნება იეჰოვას უზენაესობის გამართლების, დედამიწის გაწმენდისა და მშვიდობიან საცხოვრებელ ადგილად გადაქცევის ხილვა!

ქრისტიანული სამყარო ჰბაძავს ისრაელს

7, 8. აღწერეთ მალაქიას დროინდელი ისრაელის სულიერი მდგომარეობა.

7 იეჰოვას კეთილგანწყობას იმსახურებენ მხოლოდ ისინი, ვინც, სხვებისგან განსხვავებით, ემსახურებიან მას. ასევე იყო ძველად, როდესაც მალაქიამ ეს წინასწარმეტყველება დაწერა. ძვ. წ. 537 წელს, ბაბილონის 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ, ისრაელი ერი აღორძინდა. მაგრამ ასი წლის შემდეგ ისრაელში კვლავ გავრცელდა განდგომილება და ბოროტება. უმეტესობა შეურაცხყოფდა იეჰოვას სახელს, უგულებელყოფდნენ მის სამართლიან კანონებს, ბილწავდნენ ტაძარს ბრმა, კოჭლი და სნეული პირუტყვის შესაწირავად მიყვანით და ეყრებოდნენ თავიანთ სიყრმის ცოლებს.

8 ამიტომაც, იეჰოვამ უთხრა მათ: „მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწმე ჯადოქართა და მემრუშეთა წინააღმდეგ, ცრუმოფიცართა, მოჯამაგირეთა და ქვრივ-ობლების მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ... რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები“ (მალაქია 3:5, 6). მიუხედავად ამისა, იეჰოვა იწვევდა ნებისმიერს, ვინც მიატოვებდა უკეთურ გზებს: „მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ“ (მალაქია 3:7).

9. როგორ შესრულდა მალაქიას წინასწარმეტყველება პირველად?

9 ეს სიტყვები ჩვ. წ. პირველ საუკუნეშიც შესრულდა. იუდაელთა მხოლოდ მცირე ნაწილი ემსახურებოდა იეჰოვას და ისინი სულითცხებულ ქრისტიანთა იმ ახალი „ერის“ წევრები გახდნენ, რომელშიც არაიუდაელებიც შევიდნენ. მაგრამ ისრაელთა უმეტესობამ უარყო ქრისტე. ამიტომ, იესომ ისრაელი ერის შესახებ თქვა: „აჰა, გრჩებათ ოხრად თქვენი სახლი“ (მათე 23:38; 1 კორინთელთა 16:22). ახ. წ. 70 წელს, როგორც მალაქიას 3:19-ში იყო ნაწინასწარმეტყველები, ხორციელ ისრაელს ‘თონესავით ავარვარებული დღე’ დაუდგა. იერუსალიმი თავის ტაძართან ერთად განადგურდა და მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა შიმშილით, ძალაუფლებისთვის ბრძოლებსა თუ რომაელთა ჯარების თავდასხმებისას. მაგრამ იეჰოვას მსახურებმა თავი დააღწიეს ამ უბედურებას (მარკოზი 13:14—20).

10. რით ჰგავს ხალხი და სამღვდელოება პირველი საუკუნის ისრაელს?

10 კაცობრიობა, განსაკუთრებით კი ქრისტიანული სამყარო, პირველი საუკუნის ისრაელ ერს ჰგავს. ქრისტიანულ სამყაროში, როგორც წინამძღოლებს, ისე ხალხს მთლიანობაში, თავიანთი რელიგიური მოძღვრებები ურჩევნიათ ღვთის ჭეშმარიტებას, რომელსაც იესო ასწავლიდა. განსაკუთრებით კი სამღვდელოებას მიუძღვის ბრალი. ისინი არ იყენებენ იეჰოვას სახელს და ბიბლიის თარგმანებიდანაც იღებენ; შეურაცხყოფენ იეჰოვას არაბიბლიური, წარმართული სწავლებებით, როგორიცაა ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლში ტანჯვა, სამება, სულის უკვდავება და ევოლუცია. ისინი, მალაქიას თანამედროვე მღვდლებივით, არ უძღვნიან იეჰოვას დამსახურებულ ქება-დიდებას.

11. როგორ აჩვენებენ მსოფლიო რელიგიები, თუ სინამდვილეში ვის ემსახურებიან?

11 მას შემდეგ, რაც 1914 წელს უკანასკნელი დღეები დაიწყო, ამ წუთისოფლის რელიგიებმა, პირველ რიგში კი ეგრეთ წოდებულმა ქრისტიანობამ, ცხადყვეს, თუ ვის ემსახურებოდნენ სინამდვილეში. ორივე მსოფლიო ომის განმავლობაში ისინი მოუწოდებდნენ თავიანთ მრევლს, მონაწილეობა მიეღოთ ერთაშორის ომებში, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანამორწმუნის მოკვლასაც კი გულისხმობდა. ღვთის სიტყვა ნათლად და გასაგებად განმარტავს, ვინ ემორჩილება იეჰოვას და ვინ არა: „ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც კი არ იქმს სიმართლეს, იგი არ არის ღვთისაგან, და ისიც, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს. რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი. ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა“ (1 იოანე 3:10—12).

შესრულებული წინასწარმეტყველება

12, 13. რომელ წინასწარმეტყველებას ასრულებენ ღვთის მსახურები დღეს?

12 პირველი მსოფლიო ომის ბოლოს, 1918 წელს, იეჰოვას მსახურებს შეეძლოთ დაენახათ, თუ როგორ ამხილა ღმერთმა ქრისტიანული სამყარო და ყველა სხვა ცრუ რელიგია. იმ დროიდან მოყოლებული, გულმართალი ადამიანების ყურს შემდეგი მოწოდება ესმის: „გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ მიიღო მისი წყლულებისაგან. ვინაიდან მისმა ცოდვებმა ცას უწია და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი“ (გამოცხადება 18:4, 5). ისინი, ვისაც იეჰოვასთვის მსახურება სურდათ, ცრუ რელიგიის ყოველგვარი გადმონაშთისგან განწმინდა და უკვე დამყარებული სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება დაიწყეს, საქმიანობა, რომელიც ამ ბოროტი სისტემის განადგურებამდე უნდა დასრულდეს (მათე 24:14).

13 ამგვარად, შესრულდა მალაქიას 3:23-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, სადაც იეჰოვა ამბობს: „აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე“. ეს წინასწარმეტყველება პირველად ელია წინასწარმეტყველით წარმოდგენილი იოანე ნათლისმცემლის მსახურებაზე შესრულდა. იოანე ელიას მსგავსად მსახურობდა, როდესაც იმ იუდეველებს ნათლავდა, რომლებიც რჯულის შეთანხმების წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებს ინანიებდნენ. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, იოანე მესიის წინამორბედი იყო. მაგრამ იოანეს მსახურება მალაქიას წინასწარმეტყველების მხოლოდ მცირე შესრულება იყო. იოანეზე, როგორც მეორე ელიაზე, საუბრისას იესომ ცხადყო, რომ მომავალი „ელიასთვის“ განკუთვნილი საქმე კვლავაც უნდა შესრულებულიყო (მათე 17:11, 12).

14. რა მნიშვნელოვანი საქმიანობა უნდა დასრულდეს ამ სისტემის განადგურებამდე?

14 მალაქიას წინასწარმეტყველებამ ცხადყო, რომ ელიას ეს მნიშვნელოვანი საქმე იეჰოვას „დიდ და საშინელ დღემდე“ უნდა შესრულებულიყო. ეს დღე ყოვლადძლიერი ღვთის დიად დღეს — მოახლოებული ომით, არმაგედონით — დასრულდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ბოროტი სისტემის აღსასრულამდე და ღვთის ზეციერი სამეფოს ათასწლიან მმართველობამდე, რომელსაც იესო ქრისტე ხელმძღვანელობს, ელიას მსახურების მსგავსი საქმიანობა შესრულდება. წინასწარმეტყველების სიტყვების შესაბამისად, ვიდრე იეჰოვა ამ ბოროტ სისტემას გაანადგურებს, თანამედროვე ელიას კლასი, რომელსაც მხარს უჭერს მიწიერი იმედის მქონე მილიონობით თანაქრისტიანი, გულმოდგინედ მსახურობს წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად, ღვთის სახელის განსადიდებლად და ბიბლიური ჭეშმარიტების ცხვრისმაგვარი ადამიანებისთვის სასწავლებლად.

იეჰოვა აკურთხებს თავის მსახურებს

15. როგორ გაიხსენებს იეჰოვა თავის მსახურებს?

15 იეჰოვა აკურთხებს მათ, ვინც მას ემსახურება. მალაქიას 3:16 ამბობს: „როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლისმოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის“. აბელის დროიდან მოყოლებული, ღმერთი ასე ვთქვათ, წიგნში იწერს მათ სახელებს, რომლებსაც გაიხსენებს ანუ მარადიულ სიცოცხლეს მისცემს. იეჰოვა მათ ეუბნება: „მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა, გამომცადეთ ამით... თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აუწყველად“ (მალაქია 3:10).

16, 17. როგორ აკურთხა იეჰოვამ თავისი ხალხი და მათი მსახურება?

16 იეჰოვამ ნამდვილად აკურთხა თავისი მსახურები. როგორ? ჯერ ერთი, თავისი განზრახვების სულ უფრო ნათელი გაგებით (იგავნი 4:18; დანიელი 12:10). მეორეც, სამქადაგებლო საქმიანობის საოცარი შედეგებით. მრავალი გულწრფელი ადამიანი გვიერთდება ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში და ყველანი მოხსენიებული არიან, როგორც «უამრავი ხალხი... ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან... [რომლებიც] იძახდნენ დიდი ხმით და ამბობდნენ: „ხსნა ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომარეს, და კრავს!“» (გამოცხადება 7:9, 10). ამ უამრავი ხალხის გამოჩენა ნამდვილი სასწაული იყო და ახლა იეჰოვას ექვს მილიონზე მეტი აქტიური მსახური მთელ დედამიწაზე 93000-ზე მეტ კრებაშია გაერთიანებული.

17 იეჰოვას კურთხევას იმაშიც ვხედავთ, რომ იეჰოვას მოწმეებმა ისტორიაში ყველაზე მეტად გავრცელებული ბიბლიური ლიტერატურა გამოსცეს. დღესდღეობით, ყოველთვიურად ჟურნალების, „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის, 90 მილიონი ეგზემპლარი იბეჭდება. „საგუშაგო კოშკი“ გამოდის 144 ენაზე, „გამოიღვიძეთ!“ კი — 87-ზე. 1968 წელს ბიბლიის შესასწავლად გამოცემული წიგნის, „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტების“, ტირაჟმა 117 ენაზე 107 მილიონს გადააჭარბა. 1982 წელს გამოქვეყნდა წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ და დაიბეჭდა 81 მილიონზე მეტი ეგზემპლარი 131 ენაზე. ხოლო წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“ 1995 წლიდან დაიბეჭდა 85 მილიონზე მეტი ეგზემპლარი 154 ენაზე. 1996 წელს გამოშვებული ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ითარგმნა 244 ენაზე და დღემდე დაბეჭდილია 150 მილიონი ცალი.

18. რატომ ვხარობთ სულიერი კეთილდღეობით წინააღმდეგობის მიუხედავად?

18 ასეთი სულიერი კეთილდღეობით მაინც ვხარობთ სატანის ქვეყნიერების ძლიერი და ხანგრძლივი წინააღმდეგობის მიუხედავად. ამით დასტურდება ესაიას 54:17-ის ჭეშმარიტება: „ყოველი იარაღი, შენს წინააღმდეგ გამოჭედილი, გაცუდდება და ყოველ ენას, შენს წინააღმდეგ აღმდგარს სამსჯავროზე, გაამტყუნებ. ესაა წილხვედრი უფლის მორჩილთა და მათი გამართლება ჩემგნით, ამბობს უფალი“. რა გამამხნევებელია იეჰოვას მსახურთათვის იმის ცოდნა, რომ მალაქიას 3:17-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება უფრო დიდი მნიშვნელობით სრულდება მათზე: „ჩემი იქნებიან ისინი, ამბობს უფალი, იმ დღისთვის, როცა უნჯად გავამზადებ მათ“.

იეჰოვასადმი სიხარულით მსახურება

19. რით განსხვავდებიან იეჰოვას მსახურები იმათგან, ვინც მას არ ემსახურება?

19 განსხვავება იეჰოვას ერთგულ მსახურებსა და სატანის ქვეყნიერებას შორის დღითი დღე სულ უფრო ნათელი ხდება. მალაქიას 3:18-ში ნაწინასწარმეტყველებია: „კვლავ განარჩევთ მართალსა და ბოროტეულს, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს“. ერთ-ერთი ასეთი განსხვავება ის არის, რომ იეჰოვას ხალხი დიდი სიხარულით ემსახურება მას. სხვა მიზეზებთან ერთად, ამ სიხარულს არაჩვეულებრივი მომავლის იმედიც იწვევს. ისინი სრულიად ენდობიან იეჰოვას, რომელიც ამბობს: „რადგან, აჰა, შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას, აღარ გაიხსენება წინანდელნი და ფიქრადაც არავის მოუვა. მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე“ (ესაია 65:17, 18; ფსალმუნი 36:10, 11, 29; გამოცხადება 21:4, 5).

20. რატომ ვართ ბედნიერი ხალხი?

20 ჩვენ გვწამს იეჰოვას აღთქმის, რომ მისი ხალხი გადარჩება უფლის დიდ დღეს და ახალ ქვეყნიერებას დაიმკვიდრებს (სოფონია 2:3; გამოცხადება 7:13, 14). მიუხედავად იმისა, რომ ზოგი შეიძლება ასაკის, ავადმყოფობისა და უბედური შემთხვევის გამო გარდაიცვალოს, იეჰოვა პირობას გვაძლევს, რომ გაიხსენებს და აღადგენს მათ მარადიული სიცოცხლის პერსპექტივით (იოანე 5:28, 29; ტიტე 1:2). თუმცა, იეჰოვას მოახლოებული დღის წინ ყველა ჩვენ-ჩვენ პრობლემებსა თუ სიძნელეებს ვაწყდებით, ყოველგვარი მიზეზი გვაქვს, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე ბედნიერი ხალხი ვიყოთ.

როგორ უპასუხებთ?

• რა არის „იეჰოვას დღე“?

• რით ჰგავს მსოფლიო რელიგიები ძველ ისრაელს?

• რა წინასწარმეტყველებები სრულდება იეჰოვას მსახურებზე?

• როგორ აკურთხა იეჰოვამ თავისი ხალხი?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 21 გვერდზე]

პირველი საუკუნის იერუსალიმი ‘ავარვარებულ თონეს’ დაემსგავსა.

[სურათები 23 გვერდზე]

იეჰოვა ყოველივეთი ამარაგებს თავის მსახურებს.

[სურათები 24 გვერდზე]

დიდებული იმედის გამო, იეჰოვას მსახურები მართლაც რომ ბედნიერები არიან.