არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ინვალიდობა ყველგან და ყველა ასაკის ადამიანებში გვხვდება

ინვალიდობა ყველგან და ყველა ასაკის ადამიანებში გვხვდება

ინვალიდობა ყველგან და ყველა ასაკის ადამიანებში გვხვდება

ერთი აფრიკელი, სახელად კრისტიანი, ჯარისკაცებმა ძალით წაიყვანეს და აიძულებდნენ, ჯარში ემსახურა, მაგრამ ქრისტიანი ბიბლიის განსწავლული სინდისის წინააღმდეგ არ წავიდა. მაშინ ჯარისკაცებმა ის ბანაკში წაათრიეს და ოთხი დღის განმავლობაში სცემდნენ, შემდეგ ფეხში დაჭრეს. კრისტიანმა საავადმყოფომდე კი მიაღწია, მაგრამ მუხლს ქვემოთ ფეხის მოკვეთა გარდაუვალი აღმოჩნდა. აფრიკის სხვა ქვეყანაში შეიარაღებული მეამბოხეები პატარა ბავშვებსაც კი კვეთენ კიდურებს. აგრეთვე კამბოჯიდან ბალკანეთამდე, ავღანეთიდან ანგოლამდე ნაღმები დღემდე ასახიჩრებს და აინვალიდებს განურჩევლად ყველას, ახალგაზრდასა თუ ხანდაზმულს.

აგრეთვე ადამიანები ინვალიდდებიან უბედური შემთხვევებისა და დაავადებების, მაგალითად, დიაბეტის, შედეგად. გარემოში არსებულმა მავნე ნივთიერებებმაც შეიძლება დაინვალიდება გამოიწვიოს. მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ერთ ქალაქთან მიმდებარე ტერიტორიებზე მრავალი ბავშვი დაიბადა ისე, რომ მარჯვენა ხელი მხოლოდ იდაყვამდე ჰქონდათ განვითარებული. იდაყვს ქვემოთ კი მხოლოდ პატარა წანაზარდიღა უჩანდათ. ფაქტები ცხადყოფს, რომ აღინიშნა გენეტიკური დარღვევა, რაც გარემოს ქიმიური დაბინძურებით იყო განპირობებული. სხვა მრავალ ადამიანს კიდურები კი აქვს, მაგრამ დამბლისა თუ სხვა დაავადების გამო მაინც ინვალიდები არიან. მართლაც, ინვალიდობა ყველგან და ყველა ასაკის ადამიანებში გვხვდება.

ინვალიდობა, რა მიზეზითაც უნდა იყოს გამოწვეული, საშინელებაა. ჯუნიორმა 20 წლის ასაკში დაკარგა მარცხენა ფეხი მუხლს ქვემოთ. მოგვიანებით მან თქვა: „ემოციურად საშინელ დღეში ვიყავი. ვღრიალებდი და ვერ ვეგუებოდი იმ აზრს, რომ მორჩა, ფეხი აღარ მქონდა. არ ვიცოდი, რა მექნა. თავგზა აბნეული მქონდა“. მაგრამ, დროთა განმავლობაში, ჯუნიორის აზროვნება რადიკალურად შეიცვალა. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ისეთი ცოდნა მიიღო, რომელიც არა მარტო თავის მდგომარეობასთან გამკლავებაში დაეხმარა, არამედ აქვე, დედამიწაზე, ნათელი მომავლის შესახებ ბრწყინვალე იმედიც გაუჩინა. თუ თქვენც ინვალიდი ხართ, ხომ არ ისურვებდით ამ იმედის გაზიარებას?

თუ დიახ, გთხოვთ, წაიკითხოთ მომდევნო სტატია. გირჩევთ, ბიბლიაში მონახოთ ყველა მითითებული მუხლი, რათა თავადვე დარწმუნდეთ, რა აქვს გამზადებული შემოქმედს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მის განზრახვებს სწავლობენ და ამ განზრახვების შესაბამისად ცხოვრებას იწყებენ.